[გაზეთი „დროება“, 1881 წ.]
ორმოც-და-თვრამეტში ვიპოვე მამიჩემის წიგნებში ერთი რვეული, რომლიდამაც გადმოვწერე შემდეგი:
„გრემის ქალაქსა შინა იზრდებოდნენ ყმაწვილები, სადაცა იყო დიდი პალატი. იმათა ჰყვანდათ ათინიდამ ოთხი ბერი, ყოველთ სიბრძნით განთვითარებულნი. სწავლობდა სამასი ყმაწვილი. ამ სამას ყმაწვილში აღიზარდა რუსთაველი და ორბელიშვილი. რუსთაველი მოიყვანა თავისმა ბიძამ თორმეტის წლისა, ორბელიშვილი - თერთმეტისა.
ერთმა ბერმა საკუთრათ დაუწყო ზრდა ორბელიშვილს, რუსთაველს და ორიც იმათთან იყო სხვა ყმაწვილი.
ამათ შეისწავლეს ყოველი სიბრძნე. თექვსმეტის წლისა იყო გადაიყვანეს იყალთოს ხვთაების პალატში.
თვით იმავე ბერმა წაიყვანა ეს ოთხი ყმაწვილი ათინაში.
ოც-და-ორის წლისა დაბრუნდა გამოჩენილი სწავლით. არა ნაკლებ იყო რუსთაველზედ ორბელისშვილი სიბრძნით და სწავლით, გულოვნებით და მშვენიერებით სჯობნიდა ორბელისშვილი.“
ამაზე მეტი იმ რვეულში ვერა ეპოვნა-რა, ან რა წელს მოხდა იმათი ათინაში წაყვანა, და როგორც ახსოვს ქ-ნს ეკატერინას დედას (ელენეს, ათანასის ქვრივს) პლატონ იოსელიანის წიგნი მოსვლოდა იმათ მამას ათანასეს, რომელშიაც ეთხოვნა ის რვეული, როგორც სასარგებლო წიგნი საქართველოს ისტორიისათვის, და შემოეთველა, რომ ბატონისილს გაუგზავნის დააბეჭდინებს და აღარ დაიკარგებაო.
ამ თხოვნისაებრ მაშინათვე გაეგზავნა ეს რვეული პლატონისათვის, და მას შემდეგ რა იქნა ვის ხელში ჩავარდა ის წიგნი, კაცმა არ იცის“.