შვიდ-მაისობა ქართველებში, ანუ ქალების სამღთო |

[პ. ჭალელი, ს. სამთავისი, გაზეთი „დროება“, 1875 წ.] 

„აი ერთი იმ ჩვეულებათაგანი, რომელიც ცხადათ გვიხატავს ჩვენი ხალხის ცხოვრებასა და ბუნების ხასიათს!
პირველ მაისს, ზოგჯერ უფრო ადრეც, ქართველების ყველა წლოვანობის ტოლ-ტოლი ქალები - რვა წლიდგან ვიდრე ორმოცდა ათ წლამდე - შეიკრიბებიან ერთად და იწყებენ სოფელში კომლეულად სიარულს „ლაზარეზედ“, როგორც თვითონ უწოდებენ.
ამ სიარულის მიზეზი ის არის, რომ მაისში და ზოგჯერ აპრილში საქართველოში იშვიათი არ არის უწვიმობა, რომელიც აოხრებს ყანებს და საძოვარ ბალახს. ამ უბედურების ასაცილებლად ქალები დაიარებიან სოფლიდან-სოფლად და ევედრებიან ღმერთს, რომ წვიმა მოსცეს ქვეყანას.
დედაკაცები გააკეთებენ უბრალო ხის ჯვარს და ჩააცმევენ პატარა ბავშვის ძველ ტანისამოსს. ამ ჯვარს, რომელიც ყოველთვის გაწუწულია წყალში, ეძახიან საკუთრად „ლაზარეს“. ზოგჯერ ღვთის მშობლის ხატიც დააქვსთ თან.
სადაც კი ოჯახი დახვდებათ, მივლენ ყველანი, დადგებიან დერეფნის წინ ხროვათ და იმღერიან წყნარად ამ მშვენიერს, სწორეთ ქართველურს კილოზედ ლექსს:

ეს ლაზარე, ლაზარე!
ლაზარ მოადგა კარსა;
მიდგა მოდგა თაროსა,
დაემსგავსა მთვარესა!
ხელი ჩაყო ქილასა,
ერბო დასდო პინასა.
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა!
ახა, წმინდა ელია!
რასა მოგიწყენია?
თეთრი ფურის მხარბეჭი
შენთვის მოგვირთმევია!
შენ მოიყვან წვიმასა,
ჩვენ დაგიკლამთ ციკანსა!
აღარ გვინდა გორახი,
ღმერთო, მოგვე ტალახი!
ორღობეებსა ტალახი,
მინდორს კარგი ბალახი!
ეს ელია, ელია,
ღრუბელთ წინამძღვარია!
ღმერთო, შენ გადმოხედე
„საქრისტიანოსაო!“

მეტის მეტი სასიამოვნოა ამ ლექსის სიმღერის მოსმენა.

როდესაც ამ ლექსის სიმღერას გაათავებენ, ოჯახის მეპატრონე გამოუტანს ღვინოს, პურს და სხ. კუჭის დასაშოშმინებელს მასალებს.

ამ დროს ერთი ვინმე ოჯახისაგანი აიტანს ჩაფით წყალს ერდოზედ და უცებ გადმოუშვებს მომღერალს დედაკაცებს, რომელნიც გაიფანტებიან წივილ-კივილით!

- „უი, ქა! ქა! შენ გენაცვალე, ღმერთო! ერთი შენი მადლიანი წვიმითაც გაგვწუწე ესრე და როგორს სამღთოს მოგიხერხებთ, ნახავ!“

ოჯახის პატრონი გამოუტანს ფქვილს, რამდენიც ჰსურს, და ჩაუყრის ტომარაში, რომელიც საკუთრად ამისთვის დააქვს ერთს დაქირავებულს კაცს. დედაკაცები თითქმის ყოველთვის მთვრალები არიან სიარულის დროს.

ამნაირად ერთს კვირას დაიარებიან და ოცს, ოც-და-ათამდე სოფელს მოუვლიან ხოლმე ზოგჯერ. მოგროვილს ფქვილს გაჰყიდიან და სხვა ნაშოვნს ფულთან იყიდიან ცხვრებს, ციკანს, ორ-სამ კოკა ღვინოს, ბრინჯს (უშილაფლავოთ ხომ არ შეიძლება სამღთო) და სხვ. თუ რამდენს მოაგროვებენ ფქვილს დედაკაცები, ამას იმით მივხვდებით, რომ შარშან „შვიდ მაისობას“ თექვსმეტი კოდი (კოდი ოთხი ფუთი და ექვსი გირვანქაა) მოეგროვებიათ ს. ჭალის დედაკაცებს.

მაისის შვიდს გადაიხდიან სამღთოს. ამ დღეს მთელი სოფლის ღარიბი და ობოლი დაპატიჟებული არიან სამღთოში. სუდია- მამასახლისი თავისი ყვითელი ძეწკვით შებმულის ნიშნებით ასრულებენ დედაკაცების სამღთოს შემკულობას. მღვდლებსაც თეთრ აბაზებს გაუგზავნიან საწირავათ და ამით ასრულებენ სამღთოსადმი მზადებას.

დედაკაცები კაკლის ქვეშ გაშლილ ფარდაგს-ხალიჩებზედ ისხდნენ და ლაპარაკობდნენ ერთმანეთში ვინ იცის რაზედ. აქვე გაჩაღებულ ცეცხლზე შიშინობს მწვადები და ჩუხჩუხობენ ქვაბები.

ამ მწვანეზედ გაშალეს ლურჯი ჭრელი იარდლის სუფრები და აქეთ-იქიდამ აურიგ-ჩაურიგდნენ; მოსამსახურემ ჩამოატარა თუნგით წყალი და სპილენძის ტაშტი და ყველას ხელი დააბაინა. „მამაო ჩვენო“ ჰსთქვა დიაკონმა. აი მოემზადნენ პირის გაწკლაპუნებას, მაგრამ ამ დროს წამოდგა ერთი დედაკაცი, რომელიც ყველაზე მეტად დარიბასლობას ჩემულობდა, და დაიძახა:

- „ქალებო! მოდით და ერთი კიდევ ჩავკლაკნოთ ჩვენი „ლაზარე“ და ვსთხოვოთ გამჩენელს ღმერთს, რომ შეისმინოს ჩვენი ვედრება და მოსცეს ქვეყანას წვიმა, რომ არ დაიმშეს საქრისტიანო“.

ამ სიტყვებით აღძრული დედაკაცები წამოდგებიან და ყელ მოღერებით დაიწყებენ „ლაზარეს“ მღერას. ეხლა უფრო მეტის გრძნობით და ლაზათით იმღერიან, სანამ უწინ, როდესაც კარის-კარად დაიარებოდნენ: ბოზბაში [„ცხვრის ხორცი წვნით მოხარშული, დაჭრილი დუმაგარეული“, - იოსებ გრიშაშვილი, „ქალაქური ლექსიკონი“] და წითელი ნუნუა [ღვინო] ახალისებს ამ ჩვენს დედაკაცებს.

ამის შემდეგ ასტეხეს ჩამჩების და ქაფქირის რახა-რუხი; დედაკაცები დამშეულ მგლებივით მიესივნენ თავ-თავის კერძს. წითელი ღვინით სავსე საქაშე ჯერ უფ. სუდიას მიართვეს, რომელიც დინჯათ წამოდგა ფეხზედ და დაილოცა:

- „ღმერთო დიდებულო, შენა ჰსწყალობდე აქა მბრძანებლებსა, უსმინე რასაც გევედრებიან, შენი მადლისა და სახელის ჭირიმე!“

მერმე მიუბრუნდება დედა-კაცებს:

- „ღმერთმა მიცოცხლოს თქვენი თავი; გისმინოთ ღმერთმა! მადლობა მამიხსენებია პატივის-ცემისათვის; ღმერთმა მეც შემაძლებინოს სამაგიეროს გადახდა“.

ახლა კი ყველას ხელში გაუჩნდა ღვინით სავსე ჯამი და ასტყდა სასიამოვნო წრუტვა.

სანამ ყველა არ დაითრო, არავინ წამომდგარა; რამდენიც დრო გადიოდა, იმდენათ ეს ჩვენი მოლხინე დედაკაცები ალერსიანს ჭიკჭიკს თან და თან უმატებდნენ; ბოლოს ერთმა დარბაისელმა დედაკაცმა, რომელზედაც ღვინოს თითქო არა ვიარი გავლენა არ მოეხდინა, დაიძახა:

- „სუ ქა! თქვე გასაწყვეტებო! რა ღმერთი გაგიწყრათ, ამ შინდის წუამ როგორ დაგაგიჟათ? ერთი ვიმღეროთ!“

და დაიწყეს ზემოთ ხსენებულის ლექსის სიმღერა; მერმე იმღერეს მაყრული, სამგზავრო და ვინ იცის რა ღიღინები არა! „გამო მზეო, გამიგონეც“ კი არ დააგდეს უმღერლათ.

როდესაც კარგა-რიგიანად გამოიბრუჟნენ, ყველა ტორტმანით წამოდგა. ზოგი, ვისაც სავატი აღარ ჰქონდა, წავიდა და მწვანეზედ გაგორდა, ზოგი ღობის ძირში მიწვა და ვინ იცის, ზოგი სად.

შემდეგ გაჩნდა დაირა, დაჰკრეს და უნდა გეყურებინათ მათს ტაშის ტყაპა-ტყუბზე და როგორი ძველებური ბასტი ჩამოუარეს უფრო ბებერმა დედაკაცებმა!

როდესაც ყველა მოიღალა ტლიკვით და მუხლებიც აღარ უჯერებდნენ, - შეგროვდნენ ყველანი ერთად და „ლაზარეს“ სიმღერით გასწიეს მდინარისაკენ.

აი მივიდა ერთი, უფრო ფეხ მარდი დედაკაცი მდინარესთან. შევარდა წყალში, შემოჰკრა ხელი ხელს და ჩაიყურყუმალავა შიგ; მერმე წამოდგა, გაიჭიმა მკლავები და დაუძახა თავის საკბილოს:

- „მოდი, ქა! თორემ ეს არი!..“

მივარდებიან ერთმანეთს, იძიძგილავებენ ყვინჩილა მამლებივით და ბოლოს წაიქცევიან ორნივ წყალში...

აჰა, გათავდა ჭიდაობაც და გროვა-გროვათ წავიდ-წამოვიდნენ თავ-თავი უბნისაკენ.

აპრილის ნახევრიდამ შვიდ მაისამდის ღამის ნამიც არ ყოფილა, არამც თუ წვიმა. მაგრამ მეორე დღეს დილითვე - რვა მაისს თითქო მართლა „ლაზარემ“ გასჭრაო, დაიწყო ჭექვა-ქუხილი და ისრეთი რიგიანი წვიმა მოვიდა, რომ მართლა შენი მოწონებული. ერთს კვირას ეს წვიმა არ შეწყვეტილა და თავ-მოტუსული სიცხისგან ყანები ისევ დაამშვენა და ორ კვირაზედ მუხლს მისცემსო, ამბობენ.

სადაც მიიხედავდი, ყველგან რომელიმე დედა-კაცი იძახდა:

- „ვერ დავაქუხეთ, აი! ვენაცვალე ჩვენ ლაზარეს!“

გიორგი ჭეიშვილი