ვერის ხიდის კურთხევა | 1885 წ.


„თებერვლის სამს უნდა ეკურთხებინათ ვერის ხიდი, მაგრამ ეს ცერემონია გადადვეს ამ თვის ათისათვის, რადგანაც ვერის ქუჩიდგან ხიდზე ჩამავალი ადგილი სულ ვერ მოუსწორებიათ.

კოხტა და ლამაზი რამ არის ეს ხიდი, თუმცა უნდა გამოვტყდეთ, რომ ვიწრო სიგანე ბევრს შნოს უკარგავს მას; მაგრამ რაც უფრო შესანიშნავია თბილისელთათვის - ეს ხიდის არე-მარეა, მეტადრე მარჯვენა ნაპირი.

აღმართიდან ხიდზე ჩასავალი კაცს თვალწინ უშლის მშვენიერ სურათებს, მთელი კუკია, დიდუბე და ჩუღურეთი თითქო ხელის-გულზე ჰქონდეს ადამიანს...“, - გაზეთი „დროება“, 6 თებერვალი, 1885 წ. 

***

„კვირას, თებერვლის 10-ს, დილით, დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, აკურთხეს ვერის ხიდი. აუარებელი ხალხი დაესწრო ამ კურთხევაზედ, თუმცა ცერემონია დიდი არა ყოფილა-რა. 

კურთხევის წინად მღ. ელიევმა წაიკითხა ცოტა მოგრძო სიტყვა, „ხიდის მნიშვნელობაზედ განათლებისათვის“ და შემდეგ პარაკლისი გადაიხადა.

პარაკლისის შემდეგ ქალაქის თავმა გასჭრა ხიდის-ყურზედ გაბმული ლენტი და ხალხმა თავისუფლად სიარული დაიწყო.

პირველი ეკიპაჟი, რომელმაც ამ ხიდზედ გაიარა, იყო მთავარ-მმართებლის თანაშემწის გრ. შერემეტიევისა. ამ დღეს ეკიპაჟებს ნება ჰქონდათ უფასოდ სიარულისა და მეორე დღიდამ კი თითო შაური გამოერთმევათ. ქალაქის გამგეობას იმედი აქვს, რომ წელიწადში 12.000 მანათი შემოვა ამ ხიდიდამ.

კურთხევის შემდეგ რამდენიმე პირნი იყვნენ საუზმეზედ მიწვეულნი ხიდის ორივ ყურის პატრონებისაგან“, - გაზეთი „დროება“, 12 თებერვალი, 1885 წ. 

***

„ჩვენ გვითხრეს, რომ ახლად გაკეთებულს ვერის ხიდზედ გამოუკიდნიათ წესი ქირის აღებისა მარტო რუსულსა და სომხურს ენაზედ; ქართულად კი დავიწყებიათ (!) გამოცხადებაო. ნუ თუ ეს მართალია?!“, - გაზეთი „დროება“, 14 თებერვალი, 1885 წ.

***

„ახალ ვერის ხიდის ჩასავალს გვერდზედ მეტის მეტი ღრმა და დაქანებული ხევი აქვს. მართალია, ამ ხევის პირზედ ქვის ბოზებია დასმული და მავთული გაბმული, მაგრამ ბოძები ისე შორი-შორს სხედს, რომ ბავშვებს ადვილად შეუძლიანთ ამ ხევში გადაცვივნა.

აუცილებლად საჭიროა ამ საგანს მიაქციონ ყურადღება და მავთულის ალაგას ბადე ან მესერი გააკეთონ, თორემ შეიძლება არა ერთი უბედურება მოხდეს, მეტადრე მაშინ, როცა გაზაფხული დადგება და ამ ხიდზედ მრავალი ხალხი დაიწყებს სეირნობას“, - გაზეთი „დროება“, 15 თებერვალი, 1885 წ. 

***

„მართალი არ გამოდგა ის ამბავი, რომელიც გუშინ წინ ჩვენს მკითხველებს ვაცნობეთ შესახებ ვერის ხიდზედ ქირის აღების წესის გამოკიდებისა. ეს წესი სამივ ენაზედ არის დაბეჭდილი: ჯერ რუსულს, მერე სომხურს და ბოლოს ქართულზე.

შეცდომა იმიტომ მოსვლოდათ ამ ამბის გადმოცემით, რომ ცალი მხარე ქაღალდისა ამოკეცილია და ქართული განცხადება სრულიად არა სჩანს.

ვწუხვართ, რომ ესეთი შეცდომა მოგვივიდა, მაგრამ არ შეიძლება ჩვენი გაკვირვება არ გამოვაცხადოთ, რომ თუ უეჭველად ამოკეცა იყო საჭირო, რაღა ქართული ზედ წარწერა ამოიკეცა!!!“, - გაზეთი „დროება“, 16 თებერვალი, 1885 წ. 

***

„ჩვენ კიდე იმ ხიდზე ვართ, სადაც ქართულმა წარწერამ უცაბედად თავი დაიმალა. მოგეხსენებათ, რომ ვერის ხიდით მომავალ ფაეტონებზე [სხვათა შორის] ბაჟია დაწესებული - 5 კაპ. 

ფაეტონი რომ საბაჟოს მიადგება, უნდა შეჩერდეს და უცადოს სანამ მებაჟე ხურდას მისცემდეს, რადგან ხშირად წვრილი ფული არ ექმნება მეფაეტონეს. ფაეტონში იცდის შიგ მჯდომიც, თუნდ ძალიანაც ეშურებოდეს მას და ან ცუდი ამინდი აწუხებდეს.

და ყველა ამის თავიდამ აცილება ადვილად მოხერხდება თუ კი ჩვენი ქალაქის გამგეობა სიზარმაცეს არ გამოიჩენს. ქუთაისში, მაგალითად, სადაც ბაჟია ხიდზე, ქალაქის გამგეობამ მოაჭრევინა უბრალო ჟესტის მარკები, რომელნიც მეფაეტონებს წინ-და-წინვე შესყიდული აქვთ, აძლევენ მებაჟეს ამ მარკებს და შეუჩერებლივ განაგრძობენ გზას.

ასეთი წესი არც ვერის ხიდს აწყენდა და მაზედ მოგზაურთაც ფაეტონით მოუხდებოდა“, - გაზეთი „დროება“, 6 მარტი, 1885 წ.

***


„ცხენის რკინის-გზის კამპანია შეუდგა კიდეც ვერის ხიდზედ რელსების დაწყობას და იმედია რომ შემოდგომამდე, და იქნება უფრო ადრეც, ამ ხიდზედ ვაგონები დაიწყებენ სიარულს. 

აგრეთვე ასწორებენ და ქვასაც ჰფენენ იმ ადგილს, რომელიც ამავე ხიდის-ყურთანა სძევს და რომელზედაც სავაჭრო მოედანი უნდა გაიმართოს სოფლის ნაწარმოებთათვის“, - გაზეთი „დროება“, 22 მაისი, 1885 წ.

***

★ „ვერის ახალ ხიდის ყურზე ფარდულია გამართული ცხენის-რკინის გზით მოსიარულეთათვის ავდრის დროს თავ-შესაფარებლად, მაგრამ საღამოობით არც ამ ფარდულში და არც ახლო-მახლო არც ერთი ფარანი არ ანთია და ქალებს სრულიად ვერ შეუფარებიათ თავი ამ ბნელ ფარდულში“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ.

გიორგი ჭეიშვილი