#უცხოელი მოგზაურები ტფილისზე - არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი |

არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი
[ბარონ სუტნერის [ზუტნერის] შენიშვნები ჩვენს ცხოვრებაზე, გაზეთი „დროება“, 1884 წ.]

[ავსტრიელი მწერალი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი და მისი მეუღლე ბერტა ფონ ზუტნერი [ქალიშვილობის გვარი - კინსკი], ასევე მწერალი და შემდგომ საქვეყნოდ ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი [1905 წ.] თითქმის ცხრა წლის განმავლობაში [1876-1886] ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში...]

***

„ეს რამდენიმე წელიწადია, რაც ჩვენში სცხოვრობს ერთი ავსტრიელი, რომლის სახელიც ხშირად იყო ნახსენები ჩვენს გაზეთში და რომლის წერილებსაც „ვეფხვის-ტყაოსანზედ“ „დროების“ მკითხველები, უეჭველია, წაიკითხავდნენ.

ეს ლიტერატორი დრო გამოშვებით ჰბეჭდავს თავის ფელეტონებს ვენის ერთს გავლენიანს გაზეთს „Presse“-ში, რომელიც სამინისტროს ორგანოდ ითვლება. ერთი ამ ფელეტონთაგანი (#332) ეხლა წინ გვიდევს და იქნება საყურადღებო იყოს მისი წაკითხვა ჩვენის მკითხველებისათვის, რადგან ავტორი სხვა-და-სხვა კომპლიმენტებ შორის ბევრს მწარე სიმართლესაც გვეუბნება.

ავტორი ფელეტონს იწყებს იმით, რომ ეხლანდელი თბილისი გარეგანის მხრივ სრულებით აღარ მოგვაგონებს ოც-და-მეათე წლებში აწერილს თბილისსაო. ქართველ თავად-აზნაურობას აღარ აქვს იმდენი შეძლება, რომ მოსამსახურეების გროვა და ცხენების ჯოგი იყოლიოს და ქორ-მეძებრებით ინადიროს ხოლმეო.

აწინდელი ქართველი საზოგადოება, განაგრძობს იგი, ძალიან მცირეთი-ღა განსხვავდება ევროპიულ საზოგადოებისაგან; როგორც ქალაქის საუკეთესო ნაწილს ევროპიული სახე დაედო, ისე თვითონ მცხოვრებნი გაევროპიელდენ. შევიდეთ, თუნდ დასარწმუნებლად ერთ-ერთს სალონში, სადაც საუკეთესო ქართველი საზოგადოებაა თავ-მოყრილი:

აქ მეფობს ფრაკი და მუნდირი. ძვირად თუ შეხვდებით ნაციონალურ ტანისამოსს და ეს სასიამოვნო ამბავი არ არის: მართლაც, ქართველს უხდება მისი მშვენიერი და მოხდენილი ტანისამოსი, მაგრამ იმდენადვე უშნოდ გამოჩანს იგი შავს მერცხლის ბოლოს მიმგზავსებულ ფრაკში. ეს უგემური ტანისამოსი ჩვენის საუკუნესი სრულად არ უხდება აქაურ ტიპს და ისე ეუცხოება კაცს თვალში, როგორც გეუცხოებოდათ, ოლოთერნისათვის რომ კვაკერის სერთუკი ჩაეცმიათ.

📷 ალექსანდრე როინაშვილი - ქართველი ქალბატონები დაირით
ქალებიც გაბმულან მოდის მახეში, მაგრამ კაცებზედ უკეთესს მდგომარეობაში არიან. ქალს ყველგან ის ნიჭი აქვს, რომ მისდამი მიცემული ღირსება თვალ-წინ წამოგიყენოთ და აქაც ამ ნიჭს იჩენს იგი; დიაღ, განსაკუთრებით აქ, რადგან ქართველ ქალებს იმდენი გემოვნება აქვთ, რომ უბრალო ტანსაცმელსა რჩევობენ ზიზილ-პიპილებით მორთულს და ამ გვარად თითქმის ყოველს მათგანს დარბაისლობა ეტყობა.

მხოლოდ ზოგიერთებსა ჰქონიათ იმდენი ზნეობრივი ძალა, რომ ფრანცუზულ მოდებისათვის არ მიეხედათ და თავიანთ მამა-პაპური ტანისამოსი დაეცვათ უცხო ქვეყნელი ტანისამოსის მიერ დაჩაგვრისაგან. მაგრამ მათი რიცხვი ისედაც მცირეა და თან-და-თან უფრო-და-უფრო მცირდება. 

ევროპიულს შეკრებილებაზედ ამ გვარად ჩაცმულს ქალს რომ ჰხედავთ, ასე გგონიათ კედელზედ დახატული სურათი მოცინარის და ყოველთვის ახალგაზდა ბებიის ბებიისა გაცოცხლებულა და თავის მხიარულ შვილის-შვილის-შვილებში ჩარეულაო... 

მერე მართლა კი მხიარულობენ ამ შეკრებილებებში? - რასაკვირველია, მხიარულობენ ისე, როგორც მხიარულობენ ამისთანა საღამოებზედ ვენაში და პეტერბურგში: სმენ ჩაის, ლაპარაკობენ ფრანცუზულად, რუსულად, ხანდისხან ნემეცურადაც, მაგრამ ქართულად კი ნაკლებ.
მშვენიერსა და სურათებით სავსე ენას რუსთაველისას ეხლანდელი ჩამომავლობა აღარა სწყალობს...
მასუკან ავტორი ლაპარაკობს იმ შთაბეჭდილებაზედ, რომელიც მას გამოუტანია ერთის საღამოდამ და განაგრძობს: ახლა შევიდეთ მეორე ყრილობაზედ დასასწრებლად ერთს მოქალაქის სახლში, სადაც შედარებით შესანიშნავს საქმეზედ იქნება ლაპარაკი, სახელდობრ რუსთაველის გამოჩენილის პოემის „ვეფხვის ტყაოსნის“ მდიდრულ გამოცემაზედ სურათებით. 

***

„ამას წინად ჩვენ გავიგონეთ საჩივარი ერთის პირისაგან, რომ აგერ მთელი თთვეა „ვეფხვის-ტყაოსნის“ ყიდვა მინდა და ვერსად ვიშოვეო. მართლაც რომ ძნელად საშოვარი-ღაა ეს წიგნი. კარგი იქმნებოდა ამ გარემოებისთვისაც მიექციათ ყურადღება და ჩქარ-ჩქარა გამოეცათ ხოლმე იმისთანა წიგნები მაინც, რომელთაც ხალხში გასავალი აქვსთ და იყიდებიან. 

თუ ვინმე იმას ერიდება, რომ ხალხი ქართველიშვილისგან დაწყებულს სურათებიანს „ვეფხვის-ტყაოსანს“ მოელისო, უსაფუძვლო ხიდია. სურათებიანი „ვეფხვის-ტყაოსანი“ ეღირება არა ნაკლებ 10-ისა, ანუ 12 მანეთისა და მდაბიო ხალხს სად შეეძლება ამისთანა ფასი გაიღოს წიგნზედ. მისთვის საჭიროა 40-50 კაპეიკიანი ვეფხვის ტყაოსანი, ესე იგი, ისეთი, როგორიც 1883 წელს გამოსცა ქუთაისში წულუკიძემ. 

„წერა-კითხვის გამავრცელებელს საზოგადოებას“ განზრახვა ჰქონდა ამ თხზულების პატარა წიგნად გამოცემა, მაგრამ ჯერ არაფერი ამბავი ისმის“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

ერთის, თავის ქვეყნის ნამდვილის შვილის ბ. ქართველიშვილის მეოხებით აიწყო ეს საქმე და შესრულებაც მალე ეღირსება, რადგან მან ამ საგნისათვის უხვად, ათას თუმნამდე, ფული გადასდო.

ბაასი გაიმართა ფრიად პატივცემულ პოეტის თავად ილია ჭავჭავაძის თავს-მჯდომარეობით და დიდხანს არ გასტანა. უმთავრესს მუხლებზედ მალე შეთანხმდნენ და ეხლა ამ საქმის მოთავემ, ბ. ქართველიშვილმა, მიგვიწვია „მსუბუქ სამხარზედ“, რომელიც სრულს ვახშმად გადაიქცა. მხოლოდ ეხლა იჩინა თავი ძველმა ქართულმა ჩვეულებამ: ენა ყველას ადვილად გაეხსნა და ლაპარაკი ისე გაჩაღდა, როგორც ცეცხლის ალი მხიარულს ბუხარში.


ტოლუმბაში სვინდისიანად ასრულებდა თვის მოვალეობას და ყველა იქ მყოფის სადღეგრძელოს გულიანადა სვამდა და ზედ პატარა ოხუნჯურ სიტყვასაც აყოლებდა... მაგრამ ამასთანავე იგი ფრთხილად უნდა ყოფილიყო, რადგან წესი სმის დროს ქართველებში ისე სასტიკად უნდა იქმნას დაცული, როგორც დაცულია ნემეცების სტუდენტებში. თუ ვისმეს ნაკლი შეამჩნიეს, ნახევარ ულუფაზედ-კი არ დააყენებენ, რაც უფრო სამართლიანი იქნებოდა, არამედ ერთი ასად მეტს ასმევენ ჯარიმად. ამას თუ დავუმატებთ, რომ ყველას სადღეგრძელო უნდა დაიცალოს, ადვილად წარმოსადგენია, თუ ამ სმას რა ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს.

მაგრამ დილის ორი საათია და დროა, წავიდეთ.

ღამე მშვენიერია; ძვირად თუ სადმე ნახავთ ისეთს ბრწყინვალე ვარსკვლავებს, როგორც იმ ცის კუნჭულებზედ, რომელიც კავკასიას დაჰყურებს. თითქოს ისინი არ ეპუებიან ბადრ მთვარეს, რომელიც თავის მკრთალს სხივებს დაბლა ისვრის და მტკვრის ზვირთებში აკამკამებს. წყნარად მიდის ძველი „კიროსი“ [მტკვარი] შემოდგომის უკანასკნელ წვიმებისაგან მოდიდებული და თავის ძლიერ ტალღებში მოაქვს ქვიშ და ჩამონარეცხი თვისის ნაპირებისა.

წყლის სანაპიროდამ, სადაც ჩვენა ვდგევართ, მოჩანს ტერასებრივი ნაშენობა თბილისისა; სახლები ერთი-ერთმანეთზედ ამაღლებულან და სალს კლდეებს მიკჰვრიან; აქ-იქ შავი წერტილები მოსჩანს, თითქო ნახატზედ მელანი დაუღვრიათო; ზოგან დედამიწაზედ გაირბენს ჩრდილი ღრუბლებისა, რომელნიც მთვარისა და დედამიწის შუა დასცურავენ; აი კიდევ ბრწყინვალე ადგილები, გუმბათები ეკლესიებისა, გარშემო მდებარე შენობების თავს-დამცქერნი; მათი ჯვრები, მთვარისაგან გაბრწყინვალებულნი ნათლად მოჩანან ბნელს ალაგზედ. სწორედ თავისებური ხასიათი ატყვია ამ მძინარე ქალაქს...
ვინ იცის, რამდენს ამბებით მდიდარს საუკუნეს გადაუვლია მის თავზედ იმ დღიდამ, როდესაც „მგელ-ლომმა“ [გურგ-ასლანმა] გადასწყვიტა აქ ქალაქის აშენება სრულიად ახალს დრომდე, როდესაც სპარსელები და ოსმალები მთებზედ გადმოდიოდნენ, ჰხოცავდნენ, ჰცარცვავდნენ და ცეცხლს უკიდებდნენ. 

განა ეს ისევ ის ხალხია, რომელიც ხმლით ხელში მიდიოდა დასაძინებლად და ელოდა, რომ მტრის კიჟინა ტკბილს სიზმრებს დაუფრთხობდა? ეხლა იმათ დამშვიდებულებს სძინავთ, უზრუნველად, იქნება მეტისმეტად უზრუნველადაც, რადგან არა ჰფიქრობენ მასზედ, მეორე დღე რას უმზადებს. ეს არის უმთავრესი თვისება ეხლანდელებისა. უზრუნველობა თითქმის სიმსუბუქემდე მიდის. იმასაც კი არ ამბობენ: „ჩვენს შემდეგ ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო“, არა, - „თუნდ ხვალვე ქვა-ქვაზედაც ნუ იქნებაო“...
მაგრამ, ამასთანავე ეს ხალხი სტუმრის მოყვარულია, ზდილობიანი, სულდიდი, სიმპატიური, ნიჭით სავსე და სრულიად თავხედობას მოშორებული.
ბევრნი მათგანნი, ისტორიულის გვარის ჩამომავლობისანი, რადგან უკეთესი საქმე არ ჩავარდნიათ ხელში, ემსახურებიან სახელმწიფოს: ჯარში მიდიან, ფოსტაში მსახურობენ, აქციზის ფულსა ჰკრეფენ, რომ შემდეგში მაინც მამათაგან გარდმოცემული სახელი საზოგადოებაში ხელ-ახლავ დაიმსახურონ. ესეთი სიადვილით უარჰყოფა ბრწყინვალე ცხოვრებისა და უთაკილობა უფრო პატივსა ჰმატებს მათს სახელს, ვიდრე იმათ, რომელნიც თავიანთ მამაპაპეულ ქონებას სმაში და ქაღალდის თამაშობაში ჰფლანგვენ, ღამეებს უძილოდ ატარებენ და დღე ძილში; არ ჰზრუნავენ არც ცოლზედ, არც შვილებზედ და წარმოდგენილი აქვთ, რომ ასეთის „დიდებულის“ ცხოვრებით იცვენ სახელსა და დიდებას თავიანთ მამაპაპათა. მაგრამ მათ მამაპაპათ შეეძლოთ ესეთი ცხოვრება და საყვედურსაც ადვილად აიცილებდნენ თავიდან: ამის ნებას აძლევდა მათ დიდი ყმა და მამული, დიდი შემოსავალი, განუწყვეტელი ომები... მაგრამ ეხლა ყოველ ამას ფერი აქვს შეცვლილი...

ეხლა სძინავს თბილისს, რომ შემდეგის დღის შრომისათვის ახალი ძალ-ღონე შემოიკრიფოს; უწინ კი ამ დროსვე სასახლის მზგავსი შენობები გაჩაღებულნი იყვნენ და თავისებური ხმა ზურნისა გაისმოდა ღამის სიჩუმეში; ოქროთ-ქსოვილი სამოსელი ბრწყინავდა სპარსულ ფარნების სინათლეზედ და ჯიხვები, მხიარული საუბრის დროს, მორიგად გარს უვლიდნენ სუფრას...

ეხლა კი ყველგან სიჩუმეა...

მაგრამ არა, აი, ჩვენს ახლო მოისმის მუსიკის ხმა. მივუახლოვდეთ. დუქანში, ღმერთო ჩემო, ჩვენი ნაცნობი ორგანი, რომელიც აქაურ ხალხს ასე შეჰყვარებია, უკრავს ტრავიატას ხმას: addio del passato, მერე პოლკას ტაქტზედ! იქ მყოფნი ტაშს აყოლებენ და ერთი მათგანი ამ უცნაურ მუსიკაზედ, ლეკურს უვლის. ეს არის უმდაბლესი წოდებათაგანი და „ახლანდებურ-აზიურად“ ატარებს დროს...

მართლა რომ addio del passato! თითქმის ხმამაღლა წარმოვსთქვი ამ ელეგიურს მდგომარეობაში, - აი, კიდევ ახალი ვალსი...

ოჰ, დიდებულო თამარ! ნეტა დასთმო შენი რვაასის წლის ძილი და დაჰხედო შენს ეხლანდელს შვილებს...“

გიორგი ჭეიშვილი