„დახე ჩვენი ქალაქი, რა რიგად გამოცვლილა“ |


[ნაწყვეტი თ. რაფიელ ერისთავის ვოდევილიდან - „ბიძიასთან გამოხუმრება“, ჟურნალი „ივერია“, 1880 წ.]

 „დახე ჩვენი ქალაქი, რა რიგად გამოცვლილა,
ვერავის ვცნობ, არც მცნობენ, კინტოებით გავსილა.
ეს კი ვნახე მე თვითონ, - აბა რა სათქმელია,
ძველს ქალაქში ტალახი, ისევ ძველის-ძველია!..

სირაჯები, ბაყლები, დიდკაცები შაქნილან,
დიდკაცებს კი რომ ვხედავ, სირაჯებათ გაქნილან!..

სასწავლებელი მახსომს აქ ტირაცუებისა,
გვერდთ უდგანან ვირები ახლა რაჭველებისა!..

ვერსად შავხვდი ქუჩაში თავად-აზნაურებსა,
სხვა რჯულის ხალხს ბევრს ვხედავ, რაღაც უცნაურებსა.

ჩვენი დედა ქალაქი, რა რიგათ გამოცვლილა?..
და გრიქულა დალაქიც მეპარიკე შექნილა!..

თაღლითაანთ გეუა, ჩახლანებს რომ ჰკალამდა,
დღეს კალასკაში იჯდა!.. თავს აღარ იმალავდა!..

გარეთ უბანს შავხედე, სადღა არის ქოხმახი?!.
პალატები დაუდგამთ, უცნაური ახმახი;

ვნახე, ყველა დიდკაცობს, ვისაც ედგა თაბახი, 
ფაეტონით შამომხვდა კარაპეტა დაბაღი!..

მე რაღა ვარ? თავადი? - ცარიელი ტრაბახი!..

დაბლა გადავიხედე, სადღა არის ყაბახი?
სადღაა საჯირითო, სავარჯიშო ცხენისა, - 
იქ ბაღი ჩანს ლამაზი, აქაური თემისა;
შიმ ჩამდგარა ლემენცი, სულ ყვავილებსა ჰსუნავს, 
ღვინის მაგიერათა, წყალს გთავაზობს შუშხუნას!..

ხალხი მიდის და მოდის სულ ბუზივით ირევა,
იმათი ცქერით კაცი ჭკვიდან გადაირევა!..

ქალებს დასთრევთ კუდები, თითო გუთნის გაშლაზე,
წინ ჯიბე, უკან ჯიბე, კიდენ ჯიბე ბაშლაყზე!..
ვერც-ერთს ვერ დაუნახე ამ პატარძლებს თვალები,
ყველას წამოუდვია გადიას სათვალები!..

თან დასდევენ კაცები, ზოგ-ზოგს ხელ გაყრილები, 
იქნება ქმრებზედ იყვნენ მწყრალათ და გულ-გრილები!

მე რა მრჯის გამვლელ კაცსა, ის ქნან, რაცა სწადიანთ,
მაგრამ მიკვრის რომ ამდენს დადიან და დადიან!..
ერთმანეთი და მტვერი ფეხით გააქვთ-გამოაქვთ,
ლაყბობენ და ლაყბობენ, სალაყბო კი არა აქვთ!..

ქუჩებში აღარ ისმის ძველებურათ სიმღერა,
ნეტავ ეს რაღამ მოსპო, რა ცოდვილმა გვიმტერა?..

დახე ჩვენი ქალაქი, რა რიგათ გამოცვლილა,
დარბაისლების ნაცვლათ, ჯიბგირებით ამსილა!..“

გიორგი ჭეიშვილი