არც ყეენობა, არც მუშტის-კრივი... |

ვანო ხოჯაბეგოვი - ყეენობა
★ „ყველიერის დღესასწაულებმა ქალაქში წყნარად, მშვიდობიანად ჩაიარა: არც ძველებური ჩვეულებრივი მუშტის კრივი, არც ყეენობა; მხოლოთ საღამ-საღამოობით აქა-იქ ზურნის ხმას გაიგონებდით და ჯგუფ-ჯგუფათ შეგროებულ ხალხს დაინახავდით... ამას გარდა ამბობენ, რომ ჩუღურეთში, წასულ შაბათს, რაღაც პატარა ჩხუბი მომხდარა კიდევ ქალაქის ბიჭებსა და რუსის ყაზახებს შუა“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ.
***

„...ყველა განათლებულ ხალხებს, რომელთაც კი ისტორიულად უცხოვრიათ, [ამგვარი] დღესასწაულები და ჩვეულება აქვთ; ყველანი იგონებენ იმ დღეს, რომელსაც რაიმე მნიშვნელობა ჰქონია იმათ წარსულ ცხოვრებაში და თავისებურად დღესასწაულობენ.

მარტო წამიური და დროს-გასატარებელი მნიშვნელობა როდი აქვს ამ გვარ დღესასწაულებს ხალხის ცხოვრებაში: ახალ მოზარდი შთამომავლობა ჰხედავს და ტყობულობს ამ დღეს - თუ როგორ უბრძვიათ და როგორ დაუცვიათ თავის ქვეყანა - იმის ქვეყანა - წინაპართა და თვითონ იმასაც კეთილ-შობილური, სამშობლოს სიყვარულის გრძნობა ებადება გულში.

ხალხი ფილოსოფიურ და ისტორიულ ტრაქტატებს არ ჰკითხულობს: თავის წინაპართა ცხოვრების გასაცნობათ იმას ერთი საშუალება აქვს: თვალით სახილველი და ყურით საგრძნობელი დღესასწაული, მოგონება, ძეგლი, ჩვეულება და სხვა ამ გვარები.

წაართვით ხალხს ამისთანა დღესასწაულები და ძეგლები და ის მოწყვეტილი შეიქნება თავის წარსულ ცხოვრებასთან, განშორებული თავის წარსულ ისტორიასთან, - და ამისთანა ხალხს, დარწმუნებული იყავით, კეთილი მომავალი, გონიერი წინსვლა შემდეგი ცხოვრებისა არ მოელის, რადგან ხალხის აწმყო წარსულთან მჭიდროთ არის დაკავშირებული და მომავალი - აწმყოზე და წარსულზე.

თუ ამ მხრით შევხედავთ ჩვენს აწინდელს ცხოვრებას, თუ მოვიგონებთ, რომ ამ ჟამად ჩვენი წარსული ვითარებისა და ცხოვრების მოსაგონებლად თითქმის არაფერი არა გვრჩება.

რაც ძველი რამ ჩვეულება, დღესასწაული, ქეიფი, დროს გატარება და სხვა ყოველი, რაც ჩვენ ამ ძველ ცხოვრებასთან გვაკავშირებდა, რაც ჩვენ წინაპართ საქმეებს გვაგონებდა, ყველა ესეები გვავიწყდება, ყველა ესენი ჩვენ თითქო გვინდა გადავაგდოთ, - და ამათ ნაცვლად ახალი კი ვერაფერი ვერ შემოგვაქვს და მაგრე ადვილად ვერც შემოვიტანთ.
ყეენობის მაგივრად მასკარადები გაჩნდა! მუშტი კრივის ნაცვლად მწვანე მაუდზე კარტით ბრძოლა! ჯირითის, ბურთაობის მაგივრად ტანცი! 
და ყველა ეს რომ სახალხო დროს გატარებაც არ არის: ეს მარტო ესრედ წოდებულ განათლებულებისა და შეძლებულებისათვის გაუჩენიათ.

ხალხს კი თავის დროების-გასატარებლად, საქეიფო ადგილად და სამხიარულოთ მარტო სამიკიტნოები და ხატობა დარჩენია!

ვანო ხოჯაბეგოვი - კრივი
ცრუ-განათლებულნი ამბობენ მხოლოდ, რომ ჩვენებური ყეენობა, ჯირითი, ბურთაობა და თუნდაც მუშტის-კრივი ბარბაროსული და გაუნათლებელი ხალხის ჩვეულება და დროის გატარებააო. 

იქ, საცა ხალხი თავის წარსული ცხოვრების რომელსამე სამაგალითო ეპიზოდს იგონებს (როგორც ყეენობის დროს), იქ, საცა ხალხი ვარჯიშობს, იწვრთნის თავის სხეულს, (როგორც მაგალითად ჯირითის, ბურთაობის, ჭიდაობის დროს) იქ ბარბაროსობა არ არის.

ამგვარ ჩვეულებებში იხატება ყოველი ხალხის, ნაციის განსხვავებული თვისება, ნაციონალური ხასიათები. ფრანცუზს ყველაფერში ფრანცუზობა უნდა ეტყობოდეს, ინგლისელს - ინგლისობა, რუსს - რუსობა, ქართველს - ქართველობა.

ვინც ამ კანონის გადასვლას მოინდომებს, ის ძალას ატანს ბუნებას, და ბუნების კანონის დარღვევა დაუსჯელად არავის არ ჩაუვლის...“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ. 

გიორგი ჭეიშვილი