ყეენობა | გიორგი წერეთელი

მოსე თოიძე - ყეენობა
[გიორგი წერეთელი, გაზეთი „კვალი“, 1893 წ.]

 „ყოველს ერს, რომელიც დიდი ხნიდან გამოსულა ისტორიულს ასპარეზზედ, შეუქმნია თავისებური წეს-წყობილება, ჩვეულება, ხასიათი. ზოგი ამ ჩვეულებათაგანი საზოგადოა და შორეულის ნათესაობის მაჩვენებელი, ზოგი კი სულ განკერძოვებულია, ეკუთვნის მხოლოდ ერთის რომლისამე ერის განკერძოვებულს ისტორიულს და პოლიტიკურს ცხოვრებას, გამოხატავს მხოლოდ იმ ერთად ერთის ერის განსხვავებულს ისტორიულს სახეს. ამისთვის ეს განკერძოვებული ჩვეულება ძალიან ძვირფასია არამც თუ თვით ერისათვის, არამედ ყოველის კაცისათვის, ვინც კი შესდგომია იმ ერის წარსულისა და აწმყოს ყოფა-ცხოვრების გამოკვლევას. ეს განკერძოვებული ჩვეულება სარკესავით წარმოგვიდგენს თვით ერის ვინაობასაც.

საქართველოში ყეენობა სწორედ ასეთს გვარს ჩვეულებას ეკუთვნის. ვერც ერთი მეცნიერი, რომელსაც საქართველოს ისტორიის შესწავლა და გამოკვლევა ჰსურს, გვერდს ვერ აუვლის ასეთს ჩვეულებას.

საკვირველია, რომ არც ერთს ისტორიულს ერში არ არის ყეენობის მზგავსი თამაში, ჩვეულებად გადაქცეული. ეს მხოლოდ საქართველოს ერის წარსულზედ არის აღმოცენილი, მისის წარსულის ჭირისა და ლხინის მომგონებელია, მისის გავლილის ისტორიულის ბრძოლის სურათია. თვით ყეენობაში იხატება, თუ რა გაჭირვება გამოუვლია საქართველოს ერს, ან რა ზნეობრივი თვისებით და ქველ-მოქმედებით დაგვირგვინებულა მისი ისტორიული სვე-ბედი.

ჩვენს ახლანდელს შთამოებას მივიწყებული აქვს ყეენობის თამაშობა და მისი აზრიც. ვინ წარმოიდგენს ახლა, რომ ეს ჩვეულება, რომელსაც ყოველს წელს ადგენდნენ და დიდის ამბით დახვდებოდნენ ხოლმე, ისეთი სკოლა იყო, რომ ერი თავის საუკეთესო დანიშნულებას იგონებდა და იზრდებოდა წარსულის განცხოველებით. ამიტომაც ჩვენ გვინდა ხვალინდელს დღეს, როცა ეს ყეენობა უნდა ასრულდეს, მოვაგონოთ მოწინავე დასს ამ ძველის ჩვეულების სურათი და შევატყობინოთ მისი საიდუმლო აზრი და მნიშვნელობა. ის, რაც ხვალ მოხდება, სრულებით არ ემზგავსება მას, რასაც ძველად წარმოადგენდნენ.

ბებუთაშვილი აგვიწერს ერთს ყეენობას, რომელიც ერმოლოვის დროს მომხდარა.

მაშინ, ის იყო, სოლოლაკის მხარე შენდებოდა. მთავარ-მართებლის გარშემო იბადებოდა ახალი ქალაქის უბანი ევროპულ ხუროთ-მოძღვრების გეგმაზედ. დადგა ყველიერის უკანასკნელი დღეები. მთელი ტფილისის ქალაქი: ავლაბარი, ნარიყალა და ჩუღურეთი ყეენობის სათამაშოდ ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებს და მჭედლებს ბევრი სამუშაო ჰქონდათ აღებული. ისინი ამზადებდნენ ხის ხმლებს და ხანჯლებს, საცერე რგოლებს და შურდულებს.

მთელი ქალაქი გაყოფილი იყო ორ უბნად: ერთი იყო ისანი და მეორე - ნარიყალი. ნარიყალს ემხრობოდნენ ვერის მხრის მცხოვრებნი. ახალი სოლოლაკის უბანიც ამათკენ იყო. ისნის მხარეს შეადგენდა ავლაბარი, ჩუღურეთი და გარეთუბანი, ანუ კუკიის მხარე.

ნარიყალის მცხოვრებლებისკენ იყვნენ მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი და ერისთავი. ისნის მხარეზედ იყვნენ კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი, ჯორჯაძე და სხვ. ერმოლოვს ნარიყალელების მხარე ეჭირა.

ყეენი უნდა გამოსულიყო ისნელებიდან და შემოსეოდა ქალაქს, დაეპყრა დილით მთელი ქალაქი და გზების ჯვარედინზე ჩაეყენებინა თავის მოხელეები, ჯარის უფროსები, რომ გამვლე-გამომვლელისათვის ხარჯი გამოერთმიათ. 
თვით ყეენი შავად შემურული თავის მეუღლით უნდა წამოსულიყო და დაედგა ტახტი სეიდაბადის მაღლობზე, სადაც დღეს ბოტანიკურს ბაღთან ძველი ციხის ნანგრევია. 
ყეენს თავის ამალას გარდა ჯარიც თან ჰყავდა მომზადებული და ქალაქში სხვა-და-სხვა უბანში უნდა დაეყენებინა.

ამ დროს ნარიყალის მოხმრენი საიდუმლოდ ამზადებდნენ თავიანთ ჯარებს, რომელნიც ჩასაფრებულნი უნდა ყოფილიყვნენ სოლოლაკის ხევში.

დადგა დიდი ორშაბათი, პირველი დღე დიდ-მარხვისა. ტფილისის ქალაქის დუქნები დაიკეტა და მცხოვრებნი ნახევარი ყეენისკენ იყვნენ, ნახევარი კი სოლოლაკის ხევში დაიმალა. ყეენმა დაიდგა ტახტი სეიდაბადის მაღლობზედ. მისნი მოხელენი იჭერდნენ გამვლელ-გამომვლელს და მიჰყავდათ ყეენთან თაყვანის საცემლად. ამ სახით განაგრძო ყეენმა თავისი უფლება მთელს ტფილისის ქალაქზე შუადღემდის.

ნაშუადღევს ყეენს მოახსენეს, რომ ქვეყანა აჯანყდაო, ერი განუდგა მას და ქართველების ჯარი სოლოლაკის მაღლობზე გადმოდგაო. მაშინვე ყეენი გაემზადა საომრად. თვითონ იგი და მისი მეუღლე შესხდნენ სახედრებზედ და შეუტიეს განდგომილებს. მოხდა შეტაკება მთაწმიდის სერზე. ისინი შეებრძოლენ ნარიყალს; შეიქნა ჯერ შურდულებით ქვის სროლა, მერე კი ხელ-და-ხელ ჩაერიენ კრივში. ზოგი მუშტით იბრძოდა, ზოგი ხის ხმლებით. ბევრს ცხვირი გაუტყდა, ბევრს თავი, ბოლოს მაინც ნარიყალელებმა დაიფრინეს ყეენის გუნდი, რომელიც აქეთ-იქით გაიფანტა.

თვითონ ყეენი თავის მეუღლით ჩავარდა საქართველოს ჯარის ხელში. ქართველებმა შესვეს ყეენი და მისი მეუღლე პირ-უკუღმა სახედრებზე, ჩაიყვანეს მტკვრის პირად და იქ ორივენი: ყეენი და მისი მეუღლე ჩააგდეს მტკვარში. ასე გათავდა ყეენობა.

იმ დღეს არც პოლიციას, არც მთავრობას არ დაუშლია ხალხისათვის ეს თამაში. მთელი მაღალი წოდება საქართველოსი თვით ერმოლოვის ნება დართვით, ქალაქის ხალხთან ერთად, იბრძოდა ყეენობის თამაშში: წარმოადგინეს მტრისგან ქვეყნის დაპყრობა, მერე ქვეყნის განდგომილება და ბოლოს ყეენის ხელიდან ქვეყნის დახსნა.

ამას შემდეგ მთელი ერი კვირა მხოლოდ იმაზედ იყო ლაპარაკი თავად-აზნაურობაში, ვაჭრობაში და გლეხობაში, თუ ვინ უფრო მარჯვედ კრივობდა, ვინ უფრო ყოჩაღად ესროდა ქვას შურდულითა, ან ვინ უფრო მხნედ ხმარობდა ხის ხმალ-ხანჯალს.
ტფილისის მოხუცებულნი, ქალნი და ყმაწვილნი სახლების ბანიდან უცქეროდენ ამ თამაშს და ამხნევებდნენ ზოგი თვალებით, ზოგი კივილითაც თავიანთ ნათესავებს და მეგობრებს. 
ეს ყეენობის თამაში იმ დროს და იმაზედ ადრეც მთელ საქართველოში საუკეთესო დროს გატარებად მისჩნევიათ.

დიდ-ორშაბათობით, როგორც ტფილისის ქალაქში, ისე ყოველ სოფელში და ყოველ დაბაში წარმოადგენდნენ ხოლმე ამ ყეენობის თამაშსა.

1852 წელს მე თვითონ მახსოვს, რომ ქუთაისში მოხდა საგანგებო ყეენობა. მთელი ქალაქი, ორად გაყოფილი, ებრძოდა ერთმანეთს სამი დღე. ბევრი დაშავდა კრივში.

ასეთს დროს გატარებას დიდ-ორშაბათობით ვერავინ ვერ უკრძალავდა ქართველებს. ამ თავის საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოიხატავდა თვალწინ წარსულს ისტორიულს სურათს. რაში მდგომარეობდა ეს სურათი?.. იმაში, რომ საქართველოს ერი ვერცერთს უცხო სჯულის ხალხს ხანგრძლივად ვერ დაუპყრია. ხშირად შემოსულან ძველ დროში სხვა-და-სხვა ქვეყნის ყეენები, მაგრამ იმათი ბატონობა დღეგრძელი არ ყოფილა. ბოლოს მაინც საქართველოს ერი ამდგარა საბრძოლველად და განთავისუფლებულა მტარვალისაგან. აი, ნამდვილი შინაარსი ყეენობის თამაშობისა.

ამ თამაშობას ჩვენში მთავარ-მართებლის ბარიათინსკის დრომდის თავისუფლად და დაუშლელად ასრულებდნენ. ვერც პოლიცია, ვერც უმაღლესი მთავრობა ვერ აუკრძალავდა ხალხს ამ თამაშის ასრულებას, რადგან პატივი უნდა ეცათ ხალხის საყვარელ ჩვეულებისათვის.

ბევრნი ამტკიცებენ, ვითომც ეს თამაშობა ქართველებს მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოეღოთ, როცა გიორგი სააკაძემ და თეიმურაზ მეფემ გასწყვიტეს სპარსეთის ჯარი და გაანთავისუფლეს თავიანთი ქვეყანა შაჰ-აბაზის მტარვალობისაგან. მაგრამ ეს არავითარი ისტორიული საბუთით არ მტკიცდება. უფრო დასაჯერია, რომ ეს ყეენობა გადაკეთებული იყოს ძველებურის სამხედრო ვარჯიშობის თამაშობიდან პირველ მახმადიანთა მხედართ-მთავრის მურვან-ყრუს შემოსევის დროს, მეშვიდე საუკუნეში, ქრისტეს შემდეგ. 

მართლაც უფრო საგულისხმოა ამისთანა აზრი, რადგან მურვან-ყრუ შემოვარდა საქართველოში ორასი ათასი კაცით, გადავლო ლიხის მთა და ააოხრა არგვეთი.

აქ ერთს აღმართ-დაღმართს კაცხურის ხეობაში დღემდის ჰქვიან ყეენაური. იმას სიგრძე ექნება სამ ვერსტ ნახევარი და იქაურ ხალხში დღემდის ამბად არის დარჩენილი, რომ მურვან-ყრუს ჯარის წინა რაზმი როცა სოფელს ღვითორში გამოჩნდა, უკანა რაზმი კიდევ კაცხის ბეგზე იდგაო. აი, ამის გამო დაერქვაო იმ კაცხურის ხეობას ყეენაური.

ისტორიით ვიცით, რომ მურვან-ყრუს გამოუდგა უკან საქართველოს მეფეთა: მირსა და არჩილს და გადავლო ჯარით ლიხის მთა. არგვეთის გმირებმა: დავითმა და კონსტანტინემ ვერ შეაჩერეს ქრისტიანობის მტერი. ბოლოს მურვან-ყრუმ დასცა ბანაკი ბანძის ველზე მდინარეთა შორის ცხენის-წყლისა და აბაშისა. იმ ღამეს მოვიდა თურმე მთებში საშინელი წვიმა, აბაშა და ცხენის წყალი გადიდდენ, გადმოვარდნენ ბანძის ველზე, წალექეს მურვან-ყრუს ბანაკი და მთელი მისი ცხენოსანი ჯარი დაარჩვეს. მას აქეთ დაერქვაო იმ მდინარეს ცხენის წყალი ამბობს ზეპირ გადმოცემა. [თუმცა ეს ზეპირ-გადმოცემა მეცნიერებს ეჭვ ქვეშ აქვთ, რადგან, იმათი აზრით, მურვან-ყრუს შემოსევამდე, შვიდასის წლის წინად, სტრაბონს ნახმარი აქვს ეს სიტყვა ელლინურად „ჰიპპუს“, რომელიც ქართულად „ცხენის წყლად“ ითარგმნება. ჩემის აზრით, „ჰიპპუს“ გადაკეთებულია სიტყვისაგან „გუბის“, ესე იგი „გუბის წყალი“. ელლინებს ყოველ უცხო ენის დასაბამათ მიაჩნდათ თავისი ენა და უცხო მიმგზავსებულ ენის სიტყვებს ელლინურის ენის მნიშვნელობით თარგმნიდნენ და სწერდნენ კიდეც. გ.წ.]

თვით ყეენისა და მისი მეუღლის მტკვარში ჩაგდება, ჩემის აზრით, ამ შემთხვევას უნდა გავგონებდეს და გვიხატავდეს.

აქედან მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ყეენობის თამაში ნამდვილი ქარტული წარმოდგენაა ერისაგან შეთხზული და ეროვნულს გრძნობაზედ და გამოხატულებაზედ არის დამყარებული. მისი შინაარსი მთელს საქართველოს ისტორიას შეიცავს, ესე იგი გაუწყვეტელს ბრძოლას გარეშე მტერთან და ქვეყნის მტარვალებთან, რომელთაც ნიადაგ სდომებიათ ამ ქვეყნის დაპყრობა, მაგრამ ხანგრძლივად ვერავის ვერ შესძლებია საქართველოს ხელში ჩაგდება. ადრე თუ გვიან მოსულა დრო და ერს „განუხეთქია აპეურნი მათნი და განუგდია უღელი მათი“.

გიორგი ჭეიშვილი