აღდგომა ძველ დროს | სააღდგომო საუბარი


„ჯერ ისევ გამოჩენილი სტრაბონი ამბობდა, რომ ქართველებს მშვენიერი შენობები აქვთო. მართალიც არის. აქა-იქ დარჩენილს და შენახულს ძველს ტაძრებს რომ დააკვირდეთ, ადვილად შენიშნავთ, რომ ჩვენთა წინაპართა ჰქონიათ შნო, გემო, ლაზათი.

ერთი მოგზაური ამბობს: საქართველოს ზოგიერთი ტაძარი ისე მშვენიერი და ტურფაა, რომ არც რომი და არც ათინა არ დაიწუნებდაო...

ჩვენი დედა-ქალაქიც ყოველთვის მშვენიერი ყოფილა. მეათე საუკუნის მეისტორიე, სომეხი უხტანესი, აღტაცებაშია, როცა ტფილისს იხსენიებს, - ეს სატახტო ქალაქი მეტად საუხოვოა, მშვენიერებააო.
სპარსელებს ხომ პირველადვე ისე ძრიელ მოსწონდათ ტფილისი, ისე უყვარდათ ეს კეკლუცად მორთული ქალაქი, რომ სამეფო ქალაქს უწოდებდნენ, - ეს ქალაქი ისეთი ტურფააო, რომ სწორედ მეფეების საკადრისიაო.
მაგრამ თქვენ, იქნება, აზიელებს არ დაუჯეროთ და ევროპიელ მოგზაურების მოწმობა მოიწადინოთ. მაშ მიჰმართეთ შარდენს, დელაპორტს. გადაათვალიერეთ იმათი მოგზაურობა: ერთიც და მეორეც განცვიფრებაში არის ჩვენის ქალაქის სიტურფისა და სიმშვენიერისაგან. დელაპორტს რომ დავუჯეროთ, მაშინდელი ტფილისი საფრანგეთის ბევრს დიდს ქალაქს დაშორებითა სჯობდა, მაგრამ ყველაზედ მშვენიერი მაშინდელს ტფილისში მეფის სასახლე იყო.

სწორედ იმ ალაგას, სადაც ეხლა სახელოსნო სკოლის პირდაპირ ორ-სართულიანი საეკკლესიო სახლია, ძველ დროს მეჩითი იდგა. იმ მეჩითში ლოცულობდნენ განგებ გათათრებული ქართველი მეფეები, რომელთაც მხოლოდ გარეგნობით სწამდათ მაჰმადიანობა და სულით და გულით-კი მამა-პაპის სარწმუნოება უყვარდათ.

მეჩითის გასწვრივ, ქუჩის მეორე მხარეზედ, დიდი შენობა იყო, ნაღარა-ხანა, სადაც მეფის სამხედრო მემუსიკეთა ხორო იმყოფებოდა. მეჩითსა და ნაღარახანას აერთებდა მშვენიერი კამარა, ალაყაფის კარების მზგავსად. კამარას ღამე ჰკეტავდნენ ხოლმე. გასცდებოდით თუ არა კამარას, სამეფო მოედანი იწყებოდა. მოედანი საკმაოდ მოზრდილი იყო, ხელის გულსავით სწორე, სუფთად ქვით მოკირწყლული და დაგებული. აქ, ამ მოედანზედ წვრთნიდნენ ცხენოსანს ჯარსა, აქ, მეფის დასწრებით, მოხდებოდა ხოლმე სავარჯიშო აღლუმი. ათასი ცხენოსანი მხედარი თავისუფლად დაეტეოდა და მოთავსდებოდა მოედანზდ.

მოედნის ცოტა იქით, აღმოსავლეთისაკენ, მტკვრის პირად, გამოჭიმული იყო მეფის სასახლე, რომელიც 1638 წ. როსტომ მეფემ ააშენა. ამ სასახლის უკანასკნელი მდგმური ბრძანდებოდა

ივერიის ნუგეშ-დიდება;
თვისის დროისა გამშვენებული,
მამაცთა შორის საკვირველება,
პატარა კახი, მეფე ირაკლი...

შემდეგ, როცა აღა-მაჰმად-ხანმა ტფილისი გააოხრა, მეფის მშვენიერი სასახლეც მიწასთან გაასწორა, მტვრად აქცია. ეხლა წარსულის მოყვარული ძლივს-ღა იპოვნის სასახლის საძირკველის თითო-ოროლა ნატამალსა.

სასახლის წინ, მოედანზედ, მარმარილოს შადრევანი ამოდიოდა. შადრევნის სვეტზედ ორი მარმარილოს ლომი  იყო ამართული და ეს ლომები პირიდგან წყალს ისროდნენ. შადრევნისათვის წყაროს წყალი იყო მილებით გამოყვანილი წავკისიდგან. ამ წყლით ირწყვებოდა სასახლის წალკოტი. სასახლე იქ იდგა, სადაც ეხლა ეგზარხოსის სახლია. სასახლე სამ სართულიანი იყო. ძირს სართულს საყინულედ და სარდაფებად ჰხმარობდნენ, მეორე სართული სალაროს შეადგენდა. სალაროში ინახებოდა რაც-კი რამ ძვირფასი ნივთები და ავეჯეულება ჰქონდა მეფეს და იმის სახლეულობას.

მეფე ირაკლის მეტად უყვარდა მდიდრულად ცხოვრება და როგორც რუსეთის ელჩი იაზიკოვი ამბობს, ყველაფერში ნადირ-შაჰსა ჰბაძავდა...

რასაკვირველია, სალაროც სავსე იყო ძვირფასის ნივთებითა. მშვენივრად და საამოდ იყო მორთული თვით სალაროც: მაღალი ჩუქურთმიანი თაღები, დიდრონი და ფართო ფანჯრები, თითქო პატარა ოთახია გამოკვეთილი კლდეშიო, და კედლები ფერადის ქვით და მინით მორთული... ეს ფანჯრები, რომელთაც წინ გამწკრივებული ჰქონდათ სხვა-და-სხვა ხეხილი, გადასცქეროდნენ მტკვრის არე-მარეს...

მესამე სართული, რომელშიაც ოც-და-თორმეტი ოთხი ითვლებოდა, მეფისა და მეფის სახლობის სადგურს შეადგენდა. ის დარბაზი, სადაც სტუმრებს მიიღებდნენ ხოლმე, დიდის ხელოვნებით იყო მორთული: ჭერი მოქარგული იყო საროთი (მოზაიკითა), დიდრონი სვეტები, დედა-ბოძნი მხატვრობითა და ოქროს ვარაყიანის სურათებით აკვირვებდნენ მნახველსა. აქეთ-იქით, ორსავე გვერდით, სასახლეს მიდგმული ჰქონდა ფრთედი (ფლიგელი) და თითო ფრთედში ოც-ოცი ოთახი ითვლებოდა მეფისა და დედოფლის ამალისათვის.

დაუმატეთ ამას მშვენიერი ბაღი, საფრთოსნე, სადაც ყველა გვარი ფრინველი მოიპოვებოდა და ბევრი სხვა რამე, აი თუნდა კოპწია ოთახი ქორ-მიმინოს შესანახავად, მწევარ-მეძებრების სახლი, და თქვენ ცოტად მაინც წარმოიდგენთ იმ სურათს, რომლის სიმშვენიერეს ჩემი კალამი ვერ მისწვდება.

გამოვიდა წირვა, კამარა ღიაა; სამეფო მოედანზედ ჯარია გამწკრივებული; ნაღარის ხმა მოისმის; მეფე და დედოფალი სასახლისაკენ მიეშურებიან, მათ მოწიწებით, მაგრამ სიმხიარულით მისდევენ დიდებულნი. სად? რად? - სასახლეში „პირის ასახსნელად!..“ 

აღდგომა დღეს წირვა ადრე გამოვიდოდა ხოლმე: 

„ადრე ნათლებისად წირვა და შემდგომად წირვისა მცირედითა სანოვაგითა ხორცთათა აღიხსნიდიან პირთა მეფე და დიდებულნი“...

პირიც აიხსნეს. მერე? - ყველანი მიესწრაფებოდნენ ასპარეზისაკენ... საჯირითოდ, საბურთაოდ. თქვენც გამომყევით მკითხველო, და გაჩვენებთ ასპარეზსა, შემდეგ ყაბახად წოდებულს.

იასე მეფის სასახლის ზემოდ, იქ, სადაც ეხლა ალექსანდრეს სასეირნო ბაღია, წინად ასპარეზი იყო. მერე ასპარეზს სახელი გამოუცვალეს, ყაბახი დაარქვეს. ძველ დროს ყაბახს დიდი ადგილი ეჭირა, სამასი ადლი სიგრძე ჰქონდა და ორას ორმოცი სიგანე. ამოდენა ალაგი ყაბახისათვის იმიტომ იყო საჭირო, რომ აქ იმართებოდა ხოლმე აგრეთვე დიდი სამხედრო ვარჯიშობა და დოღი. ყაბახის თავსა და ბოლოს, ერთი-ერთმანეთის გასწვრივ, ორი მაღალი თალარი იდგა (თალარი პირამიდისაებრ მოყვანილი სვეტია, ქვითკირის ბოძი). თალარის თავზე იდო ოქროს, ან ვერცხლის თასი, ანუ, როგორც თეიმურაზ მეფე ბრძანებს: „ყაბახზედ ოქროს ვაშლს შესმენ, ძვირფასის იყოს, კარგიო...“
რასაკვირველია, მეფეც ყაბახზედ ბრძანდებოდა, - „გამოვიდის მეფე და ყოველნი წარჩინებულნი და მცირებულნი ასპარეზსა ზედა“. ხალხიც იქ იყო მოგროვებული. საუცხოვოდ მოკაზმული ვაჟკაცობა, თითქო იერიშის მისატანად დამზადებული, საამოდ გაეფინებოდა ასპარეზზედ. 

მოგეხსენებათ, რომ ცხენოსნობა ქართველის ვაჟკაცის საქმეა. მეყაბახესაც გაწვრთნილი ტაიჭი უნდა ჰყოლოდა, კარგად დაკაზმული, და თითონაც ხომ მორთული უნდა ყოფილიყო.

ცხენს ისხდნენ კარგსა, დაკაზმულს
ბუშტით და ყუთაზითაო,
ვაჟკაცთა ეცვასთ კურტაკი (მეომრის საჩინო სამოსელია)
ბრტყელისა ზორტებითაო.

აგერ დაკაზმულნი ტაიჭნი აღარ ითმენენ, გული ერჯით, თავში იწევენ. „ჭაბუკ-მხედარნიც, ვით ალვა რგულნი, ცხენზედ უძრავად“ ნაღარის ხმას ელოდებიან. ჰკრეს ნაღარას... აი სწორედ ეხლა მოსხლტა შავარდენებურ ვაჟკაცთა გუნდი:

დაუწყონ სროლა ყაბახსა
მათ ცხენის ჭენებითაო.

ძველს დროს ყაბახსა ყოდალს ესროდნენ ხოლმე [ყოდალი ერთ გვარი ისარია - სამფრთოსანი, უპირ-ფართო და წვერ მრგვალი. ამიტომაც თვითეულს მეყაბახეს რამდენიმე ყოდალა ერჭო წელში:

მკლავზედ მშვილდი შემოიცვას,
წელს ყოდალა გაირჯოსა,
ცხენი შესძრას პირველ მშვილდსა,
მერმე ყოდალს ხელი მიჰყოს,
კილოს მაგრა დაზიდოსა...

რასაკვირველია, გამარჯობა იმისი იყო, ვინც ყოდალსა და ან ჯირითს მოარტყავდა ოქროს ვაშლს ანუ თასსა. მაგრამ ყაბახობა ერთსა და იმავე დროს სროლის ვარჯიშობაც იყო და ტაიჭთა დოღიც, ცხენების ჭენებაც. ამიტომ ვინც ყველაზედ მალე მივიდოდა ყაბახთან, ისიც გამარჯვებულებში ითვლებოდა; თუ ეს გამარჯვებული ოქროს ვაშლსაც მოარტყავდა, მაშინ ხომ უფრო საქებელი იქნებოდა. როგორც თეიმურაზ მეორის სიტყვებიდგანა სჩანს, „მისვლა“ სჯობდა „მორტყმას“:

ასრე უთქვამთ:
მისვლა ჰჯობსო
უფრო ჩამოგდებისაგან.
თუ ორივ ჰსჭრის,
ხომ ისი სჯობს -
უფრო იქოს ბევრისაგან“...

სანამდე ყაბახზედ თასს არ მოარტყავდნენ, ჭენებისა და სროლის გათავება არ შეიძლებოდა:

სანამდის არ ჩამოაგდონ,
არ მოეშვნენ სროლისაგან...

როგორც მოვიხსენიეთ, თითონ მეფეც ყაბახზედ ბრძანდებოდა ხოლმე. ჩვენს დიდებულ მეფეებს, განთქმულ ვაჟკაცებს, ვაჟკაცური შექცევაც მეტად უყვარდათ. ყაბახი, ერთის მხრით, სამხედრო სკოლასაც შეადგენდა, აქ იწვრთნებოდა ახალგაზდობა. მეფენი ხელს უწყობდნენ, ახალისებდნენ ამ „ქორ-შავარდენთა“ გუნდსა... მეფე აჯილდოვებდა გამარჯვებულს -

ვინც ჩამოაგდებს ოქროს ვაშლს,
მიართმევს მეფეს წინადა,
ფიცხლავ ჩააცმევს ხალათსა
თავიდამ ფერხამდინადა...

როცა სროლა გათავდებოდა, დაიწყებდნენ ბურთაობას. მობურთალნიც ორად გაიყოფებოდნენ ხოლმე: ერთი მხარე პირველ თალარისაკენ დასდგებოდა, მეორე - იმის პირდაპირ. თითო მხარეზედ თორმეტი კაცი იდგა. ერთი-ერთმანეთზედ მეტ-ნაკლებობა რომ არ მომხდარიყო, წილითა და შედარებით ამოარჩევდნენ მობურთალთა:

ცხენს კაცსა შეადარებენ
წილისა მოღბითადა;
ორად გაჰყოფენ თვითოს მხარს,
თორმეტს იქმონენ კაცებსა...

იმ ადგილებს, სადაც ბურთი უნდა მიეტანათ ჩოგანის ცემითა, მაყე ერქვა. მაყეებს ზეგ გარდაშლილი ჰქონდა ფერადი ფარჩა და იქვე იდგა შარბათი -

ზედ გარდაშლიან ფერადსა
იქით და აქათ მაყებსა;
მათთვის სასმელად შარბათსა
თულუხით დაჰსდგმენ სვსებსა...

გამარჯვებას შეადგენდა ბურთის გატანა მაყესთან. გამარჯვებულს მხარეს კაცის თავზედ ფარჩა ეძლეოდა. გამარჯვებას დიდი სიხარული მოსდევდა:

ცხენს აჭენებდნენ, იძახდნენ -
მჯობი ვარ ამხანაგისა,
ჩვენ შევიქმნებით წითლისა
ფარჩით შემხვევი ჩოგნისა...

იყო ერთ გვარი ბურთაობაც, რომელსაც რადრაბაგანს ეძახდნენ -

ბევრს-კი არა,
სამს-ოთხს კარგსა
მობურთალსა შეადრიან,
ოთხისათვის სათამაშოდ,
ბურთი მიწას გააგდიან...

ამ რადრაბაგანს დიდი სიმარდე და სიმარჯვე უნდოდა: გაგორებული ბურთი ცხენოსანს მსწრაფლად უნდა აეღო ჩოგნით და ცხენის თამაშობით მაღლა შეესროლა; როცა ბურთი ძირს დაეცემოდა და თავის თავად მაღლა შეხტებოდა, ხელ-ფიცხად უნდა შემოეკრა და მაღლა გაეტყორცნა...

ბურთაობაც გათავდა.

მეფე და დიდებულნი დაბრუნდნენ სასახლეში. დაიწყო ნადიმობა, „პურობანი დიდნი“. მეფეებს უყვარდათ ნადიმობა. რატომაც არა?! - რაც-კი რამე კარგი სანოვაგეა, საქართველოში მოიპოვება. ტყუილად-კი არ ამბობს დელაპორტი, ეს მსოფლიო მოგზაური, რომ არსად არ შეიძლება კაცმა ისეთის სიამოვნებით იცხოვროს, სვას და სჭამოს, როგორც საქართველოშიო, აქაურის სანოვაგისთანა გემრიელი სხვაგან არსად მოიპოვებაო... მაგრამ აი იმის საკუთრი სიტყვებიცა:
„საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ცოტაოდენის ხარჯით ძალიან სასიამოვნოდ ატარებენ ცხოვრებას. ამ ქვეყანაში დიდ-ძალი პური მოდის, მწვანილეული და ხილი. პური და ხორცი ძალიან გემრიელი იცის, მეტადრე ნადირის ხორცი. კასპიის ზღვასა და მდინარე მტკვარში, რომელიც მთელს საქართველოს ჩაუდის თავიდგან-ბოლომდე, ბლომად იჭერენ ზღვისა და მდინარის თევზეულობას. ღორის ხორციც აქ ძრიელ გემრიელია. გარეული ღორი ბევრი იცის და ამის ხორცი უფრო გემრიელია შინაურ ღორის ხორცზედ. ღვინო ხომ მეტად კარგია და ქვეყანაზედ ისეთი ხალხი არ არის, რომელიც ქართველებზედ მეტ ღვინოსა სვამდეს“.
მოდი და ნუ იქეიფებ, ნადიმობას ნუ გასწევ ამ ღვთისაგან კურთხეულ და დალოცვილ ქვეყანაში!.. მაშ ეხლა ჩვენც, ჩემო მკითხველო, საუბარს თავი დავანებოთ და ნადიმობას შევუდგეთ“.

[ნ. ურბნელი, გაზეთი „ივერია“, 1888 წ.]

გიორგი ჭეიშვილი