შავი ორშაბათი, ყეენობა, ნამცეცობა... |

ყეენობა, 1896 წ.
★ „დიდ მარხვის პირველ ორშაბათს ყოველთვის ტფილისი წარმოადგენს არა ჩვეულებრივს სანახაობას, ეს ყეენობის დღეა. დიდი ხანია ქალაქს არ უნახავს წლევანდელისთანა გაჩაღებული ყეენობა ქალაქის ქუჩებში. 

დილით ადრიდგან ორ საათამდე სხვა-და-სხვა უბნის ყეენები დადიოდნენ დიდ ქუჩებში და ბაზრებში, მისდევდა მრავალი ამალა და ხალხი. ყეენები იყვნენ შემდეგის უბნებისა: კუკიისა, ავლაბრისა, სოლოლაკისა, ხარფუხისა და შუა-ქალაქისა. ყველაზე უკეთესი კუკიისა იყო, მეორე სოლოლაკისა და ავლაბრისა. კუკიის ყეენის ამალა ასე იყო, წინ მოდიოდნენ ხელ-ჯოხიანები, მებაირაღები, თეთრ-წითელის ბაირაღებით და ალმებით, მათ უკან ზურნა-ნაღარა, პირველად ცხენზე იჯდა ევროპიულ სამხედრო ტანისამოსით ჩაცმული მსუქანი აპელატებით. ეს მხედარი ხმალ-ამოღებული მიუძღოდა ყეენსა. ამას შემდეგ თვით ყეენი სახედარზე თუ ჯორზე იჯდა პირ-გამურული, ტყავ-გადმობრუნებული; ხელში ბაირაღი ეჭირა ვაშლ-გარჭობილი. მას უკან მეფე-დედოფალი, ქართულის ფოჩებიან გვირგვინებით, ფერად-ფერად ფარჩებში და სათეატრო ტანისამოსით მორთულები. მათ მოსდევდნენ სამასკარადო ტანისამოსით მორთულები. გარს ამათ მარჯვნივ და მარცხნივ ეხვივნენ ხელ-ჯოხიანები, ჯოხებით და მებაირაღები ბაირაღებით, რომელნიც ყეენის სალამ ფულს აგროვებდნენ. 

ამ ამალას ხალხი დიდძალი დასდევდა. ყველაზე მომეტებული ხალხი ავლაბრის და სოლოლაკის ყეენებს დასდევდა, რადგანაც უმეტესის მასკარადულის და სათეატრო მოწყობილებით იყვნენ მოკაზმულნი. ეტყობა რომ თეატრს და ცირკს თავისი გავლენა ჰქონია მორთულ-მოკაზმულობაზე. ყეენები თუმცა ერთმანერთის უბნებშიაც დადიოდნენ, ძველანდებურად ჩხუბს არ მართავდნენ“, - გაზეთი „ივერია“, 1886 წ. 📕 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

მოსე თოიძე - ყეენობა
[სამშაბათი, 8 მარტი, გაზეთი „ივერია“, 1888 წ.]

„ვინც ყოფილა გუშინდელს დღეს ტფილისში, კარგად ეცოდინება, როგორა დღესასწაულობს ამ დღეს მთელი ტფილისი. ტფილისის ოთხივ მხრიდგან ზურნის ხმა გაისმის ისე, რომ კაცის სმენა ვერ გაარჩევს, სად და რომელ ადგილას უკვრენ ზურნასაო.

საკვირველი დღეა ეს პირველი დღე დიდ-მარხვისა. ამ დღეს შავ-ორშაბათსაც ეძახიან, ყეენობასაც და ნამცეცობასაც. პირველი ორი სახელწოდება საისტორიოა და ამიტომ პატივ-საცემია, მესამე-კი ღორ-მუცელების და გემოთ-მოყვარეთა მოგონილი. 
ამ ცოდვიანებს ძალიან მიუჩვევიათ ხორცი სილაღეს და ამ დღესაც არ უპირობენ სულს სამსახურს. ერთი მამა-პაპურად ჩაითვრებიან და ერისა და ბერის წინაშეც ისა აქვსთ გასამართლებელ საბუთად, რომ ნამცეცობააო.
შავ-ორშაბათს და ყეენობას-კი საისტორიო მნიშვნელობა აქვს. ამ დღეს ქართველების მოთმინებას ბოლო მოჰღებია, მტარვალის ჩაგვრა და უღელი ვეღარ აუტანიათ და უსამართლო დევნას მთელი საქართველო მტრის საწინააღმდეგოდ ფეხზედ დაუყენებია. XVII საუკუნეში, სწორედ ამ დღეს, ხალხი მიჰსევია შაჰ-აბასის ერთს წარმომადგენელს, ქვეყნის მტერისთვის ჯერ მური წაუგლესიათ პირზედ, მერე ვირზედ უკუღმა შეუსვამთ, კუდი ელში დაუჭერინებიათ, ამ სახით მთელი ტფილისი შემოუტარებიათ და ბოლოს მტკვარში გადაუგდიათ.
ისტორიის ამ შესანიშნავ ამბავს უვლია, უვლია მთელი ორი საუკუნე ად ია დღეს, ორასის წლის შემდეგ, ხალხი იმავ შავ-ორშაბათს უქმობს, წყევლა-კრულვით და კეტების ჰაერში ტრიალით იხსენიებს იმ შავსა და ბნელს დღეს საქართველოსათვის. 
ისეა ხალხის ძვალ-რბილში გამჯდარი ეს ჩვეულება, რომ ტფილისის თითოეულ უბანს ყოველ წელიწადს თავის უბნის ყეენი გამოჰყავს. ამოირჩევენ ხოლმე ადრევე მთელს უბანში ერთს კაცს და იმას მიანდობენ ყეენის მოვალეობის ასრულებას და იმანაც, მეტი ღონე არა აქვს, უნდა იკისროს ეს მინდობილი საქმე, თუ მთელის უბნის მტრად გახდომა არ უნდა, თუმცა მეტად არა-სასიამოვნო თანამდებობა-კია.
აგერ გათენდა დიდ-მარხვის პირველი დღე. ტფილისის ყველა უბანში ზურნა აჭიჭინდა. შორიდგან ცხენოსანი და ქვეითი ხალხი გამოჩნდა. ხალხს წინ მოუძღვებიან ხელ-ჯოხიანები. ხელ-ჯოხიანებს უკან მოსდევს ტაკიმასხარა ყეენისა, იმას მოსდევს მეფე-დედოფალი ცხენებით; მეფე-დედოფალს ქართული ტოტებიანი გვირგვინი ადგია თავზედ. მეფე-დედოფალს თან ახლავს თავისი ამალა და ამალას ყეენი მოჰყვება. ყეენი, როგორცა ვსთქვით, ვირზედ, ან ცხენზედა ჰზის და ხელებში დიდი დავთარი უკავია; ამ დავთარში სწერს, ვისაც ხარჯს ახდევინებს. ყეენის დიდ-ყურა რაშს გარს ხელ-ჯოხიანები არტყიან და გამვლელ-გამომვლელს გზას უღობავენ, რომ რამდენიმე შაური გადაახდევინონ ყეენის სასარგებლოდ.

ერთის უბნის ყეენს ნება არა აქვს მეორე უბანში გადავიდეს, თორემ თუ ორი ყეენი შეხვდა ერთმანერთს, უეჭველად კეტებით ბრძოლა მოუხდებათ. რა-კი ყეენს მთელს უბანს მოატარებენ, ყველგან მოჰკრეფენ ხარჯს, ბინდისას წაიყვანენ და მტკვარში გადისვრიან, ისეთს ადგილას-კი, რასაკვირველია, რომ არ დაირჩოს. ამის შემდეგ-კი მოგროვილს ფულებით მშვენიერს ლხინსა ჰმართავენ და ყეენისაგან დახსნას და იმის სიკვდილს უქმობენ.

რასაკვირველია, ორას წელიწადში ბევრში უცვლია ფერი ყეენობას. მაგალითებრ, ზოგიერთის უბნის ყეენები სამსახურიდგან გამოგდებულ „პიანიცა კაპიტნების“ მუნდირებში არიან ჩაცმულები; ზოგს მურის მაგიერ ხელთქმნილი ნიღაბი აქვს სახეზე ჩამოფარებული; თვითონ ყეენს გადმობრუნებულს ტყაპუჭს აცმევენ და სხვანი.

გუშინ ერთი ყეენი აქლემზე შეესვათ და თავზე შაქრის ქაღალდის ფაფახი დაეხურათ. ურმის თვლებზე კიდევ ლუგანის ქარხნის ზარაზანი ედოთ; პოვოსკაში კამბეჩები ჰყვანდათ შებმული. წინ მიუძღვოდნენ შებორკილებული ტუსაღები, რომელთაც გარს შუბიანი ჯარის-კაციები მისდევდნენ.

ქალაქის გამგეობის წინ კიდევ ყეენადა ჰყავდათ ჯვრიანი პოლკოვნიკი და ხარჯსა ჰკრეფდა ვიღაც ვიც-მუნდირიანი კაცი.

ერთს რომელიღაც უბანს ევროპის პოლიტიკური გამწვავებული მდგომარეობა აუღია და კამბეჩებით შებმულ პოვოსკაზე შეუსხამს გენერალი ბულანჟე და თავადი ბისმარკი ერთად, თითქო იმის თქმა უნდოდა, რომ გერმანია და საფრანგეთი შეერთდებიანო...“

გიორგი ჭეიშვილი