ბაზრის სცენები | რაფიელ ერისთავი


 I. (თამამშოვის ქარვასლასთან შეშათ დადებული ურმები სდგას გასასყიდათ; პატრონებიც გვერდით უდგანან).

ვაჭარი (ერთს სოფლის კაცს). ბიჭო, მაგ შეშას ჰყიდი?

გლეხი. მა რა...

ვაჭარი. მერე, როგორ აძლევ?

გლეხი (ამაყათ). თვრამეტ მანათად.

ვაჭარი. ერთს ურემს გევაჭრები, სამს ხომ არა...

გლეხი. მეც ერთის ფასს მოგახსენებ.

ვაჭარი (გაოცებით). ვა! გძინავს?!. გაიღვიძე, და!..

გლეხი (ჩაიცინებს და ხმას არ იღებს). 

ვაჭარი. შენვე რო გეცინება, ალბათ ყალბათ ლაპარაკობ.

გლეხი. რა ვქნათ, შენი ჭირიმე, მაზანდა ასეა, გადის და ვყიდით... ბეზირგანი [ოჯახის ბურჯი, მხოლოდ არა გამრჯელი, - მბრძანებელი, ზედამხედველი.] კაცი ბრძანდებით, თქვენც უბოძეთ...

ვაჭარი (წყენით). შენც ნაკლებ მიე და ნაკლებ გავა...

გლეხი. ნეტავი დედის ჩემის ყოშებსა!.. თუ გნებავს ეს არის, თუ არა და შენთვის მიბძანდი.

ვაჭარი (გლეხს). გიჟე?!. თითო ღერი მანეთათა?..

გლეხი. მე რა ვიცი მანათათ მოვა, თუ აბაზათ...

ვაჭარი. ტუტუცო, დათვალე და შაიტყობ...

გლეხი. დათვლილიცა მაქვს, შვილოსა, გაზომილიცა და აწონილიცა...

ვაჭარი. ჰო...ო...ო, ვაცხონე მამაშენი!.. მაშ წავიდეთ ყანთარზედ [ყაითარი (ყანთარი) - რკალი, რომელზედაც ორი სათლია (ვედრო) გადაკიდებული წყლის მოსატანად. ოწინარი], ფუთში აბაზი მოგცე.

გლეხი. ფუთობით შეშა ვის გაუგონია? - ლებუა ხო არ არის? თუ გინდა ეს არის, - ნაკლებ არ იქნება...

ვაჭარი (გულ მოსული). ტო, ახმახ! თვრამეტი მანათის დარიჩინი რომ ვიყიდო, ერთი ურემი გამოვა!.. გირვანქა ორ აბაზათ არი.

გლეხი (ვაჭარს). ვერა ჰხედავ, აღავ, რომ სულ თეთრი რცხილა არის?.. მერე როგორი დადებულია!..

ვაჭარი. თეთრია, თუ შავია, ხომ შეშაა?.. ზაფრანა ხომ არ არის?

გლეხი (ჩაფიქრდება; მერე ვაჭარს). თუ გინდა, აღავ, რა გაეწყობა, თექვსმეტ მანეთად მიირთვი.

ვაჭარი (გულ მოსული). ყურუმსაღო, ერთი მაღლაც აიხედე, და!.. ღმერთი აღარ არის?..

გლეხი (გაჯავრებით). ყურუმსაღიცა ხარ და არამზადაც!.. იქით გაიარე, თორემ, ასეთ სახრეებს გითავაზებ, რომ შენცა თქვა, რა დამემართაო!..

ვაჭარი (გაფიცხებული, მაღლა ლაპარაკით). ვა!.. ვერა ხედავთ, რა ბრიაბრუთა მხდის?! (გლეხს) მითავაზებ, განა ალა-ალა არის?.. არ იცი მე გილდიაში ვარ?..

გლეხი. ეხლაც ხომ თათრობა აღარ არის, შვილოსა!.. მე შენი გელდი-გელდისა არა ვიცი რა... თქვენ რატო აღარ იცით ღმერთი, რომ ოთხ აბაზათ მარილი იყო და ახლა თორმეტ აბაზათ ჰყიდით?.. ჩვენ, შვილოსა, ხემწიფეს ვემსახურებით, ქვეყანასა, ჯარსა, ჯამაათსა, ცოლშვილსა, მიწის პატრონსა... ახლა ლესნიჩიო, ახლა კიდენ რაღაც თითო ბღავანი გვყვანდა, სულ ჭირმა გაგვიწყვიტა და შენ კი იძახი ღმერთი აღარ იციო!.. აბა ჩემს ხელებს შაჰხედე? - მეჭეჭებითა მაქვს სავსე... ოთხი დღეა, ამ სიცივეში, ე ურემს ვეჯაჯგურები, აი!.. შენ კი იძახი: „ასე და ისეო“...

ვაჭარი (მოსცილდება და მიდის ბუტბუტით). ყურუმსაღი!.. გილდის კუპეწს რეებს მეუბნება!.. მებრალება, თორემ წავათრევდი სუდში...

***

გიგო გაბაშვილი - შაითან ბაზარი
★ II. (სცენა წარმოადგენს დუქანს, რომელშიაც ჰყიდიან: ჩაი-შაქარს, სასმელებს, ზოგიერთგვარს საჭმელებს და წვრილმალს.)

მყიდველი (ვაჭარს). შაქარი როგორ არის ფუთი?

ვაჭარი. ცხრა და ორი აბაზი, კნიაზჯან.

მყიდველი. რას ამბობ?!. ვის გაუგონია ასე ძვირათ?.. ეხლახან არ იყო, შვიდ და ერთ აბაზათ?..

ვაჭარი. დიახ, კნიაზ, მაგრამ კავკავის ქირა თერთმეტი აბაზი გახდა... ახლა კიდევ „ვოინობა“... [რუსეთ-ოსმალეთის ომი 1877-1878 წწ.] ნეტავი კაპეიკი მოვიგო და მეტი არ მინდა.

მყიდველი. კალბასი როგორღაა, გირვანქა?

ვაჭარი. ექვსი შაური, კნიაზის ჭირიმე!..

მყიდველი. შე ოჯახ აშენებულო, ეგ ხომ ადგილობრივი არი?.. მაგას ხომ ქირა არა აქვს?

ვაჭარი. ვაჰ, კნიაზჯან, რა ხამივით ლაპარაკობ... უხარჯოთ რა არის ვაჭრობაში? მერე კიდენ წელს ღორის საჭმელი არ მოვიდა, სიმინდი ყინვამ წაახდინა, ახლა „ვოინობა“...

მყიდველი. ე... ე... ე... შვილოს! თქვენ სულყველას „ვოინობას“ აბრალებთ... მაშ ღვინოს როგორღა ჰყიდი ბოთლს?

ვაჭარი. ღვინოს?.. ოჰ რა ღვინოს მოგართმევ!.. სპირტია, სპირტი!.. ბოთლში გამოგართმევ რვა აბაზს.

მყიდველი. ბოთლში, თუ თუნგში?.. გაგიჟდი?.. ეგ რაღამ დააძვირა?

ვაჭარი. გოლვამ, კნიაზ... „ვოინობა“...

მყიდველი. კიდევ! „ვოინობა!’ რას ჩააცივდი ვოინობას?..

ვაჭარი. შენი კაი ხათრისთვის ექვს აბაზ უზალთუნათ მოგართმევ.

მყიდველი. უზალთუნი რაღა ჩანჩალაა?..

ვაჭარი. ჩანჩალა კი არა, კნიაზ, ფულია... უზალთუნი და უზალთუნი - აბაზია, აბაზებიდგან - მანათი გახდება, მანათებიდამ - თუმანი - და წავა!..

მყიდველი. არა, ჩემო მამაო!.. თქვენთან ვაჭრობა აღარ შეიძლება!.. გაჭირდა ცხოვრებაც და სიცოცხლეც... (მიდის.)

***

 III. (გაზაფხულია. ბაყლების დუქნის წინ პატარა ზარი ჰკიდია; იქ მედუქნის შაგირდს სხვა-და-სხვა ნაირი მწვანილი უწყვია; თვითონ პიტნა დაუჭერია ხელში და მაღლის ხმით გასძახის;)

ბიჭო! ბიჭო!.. ეი!.. ერთი შახედეთ-და!.. ვა, ვა, რა პიტნა!.. იფ, ამ პიტნასა.. პიტნა, ბიჭო!.. პიტნა მოსულა, პიტნა!.. ქორფა პიტნა, სუნელი პიტნა, სამოთხის პიტნა!.. პა, პა, პა, პა, პა, პა!.. ოჰ, შენი გამჩენის ჭირი კი მე!.. რა პიტნაა, რა პიტნა!.. შაჰხედეთ-და!.. ბიჭო!.. ვიშ, ამ პიტნასა!.. ბიჭო!.. ვიშ ამ პიტნასა!..

ტარხუნა?.. ტარხუნა კი არ გინახავთ?!. ბიჭო!.. ერთი შახე - რა ამბავია-და!.. ტარხუნაა, ბიჭო, ტარხუნა!.. ვახაკ!.. აი, ლაზათ!.. აი, სუფრის შნო!.. ვიშ!.. (ზარს ჩამოჰკრავს).

***

 (ზაფხულია. იმავე დუქნის წინ, იგივე;)

... ბიჭო, ბიჭო!.. ეს რა მოსულა?!. თეთრი თუთა, ალაჯა თუთა, ცივ-ცივი თუთა!.. მარგალიტია, მარგალიტი!.. იფ!.. თუთა, რა თუთა!.. თუთა კი არა, ყინვარის შაქარია!.. ყანდია, ყანდი!.. ბიჭო!.. (ზარს ჩამოჰკრავს.) პა, პა, პა, პა, პა, პა! ვიშ, ამ თუთასა!.. ვიშ!..

***

 (ზაფხულია. იმავე დუქნის წინ, იგივე;)

... ოჰო, ჰო, ჰო, ჰო, ჰო!.. რა კიტრია, რა კიტრი!.. შუშა-შუშა!.. კიტრეული!.. პა, პა, პა, პა! ბიჭო!.. ერთი შაჰხედე ამ კიტრებს-და! (იღებს ერთს კიტრს ხელში). აი, ქორფა!.. ატლიფონსკია, ბიჭო!
ბალი?!. თეთრი ბალი!.. გოგრა ბალი!.. შპანსკია, შპანსკი!.. შახედე-და!..

აი, ჭერამ-ჭურამი!.. გარგარი, ყაისი, აღჯანაბადი, ქაღაზიბიდამი!.. ვიშ!.. დაწინწკლული, დაჩითული!.. შაქარია, შაქარი!..

ვა, ვა!.. (უწონის მყიდველს და ზარს აწკარუნებს).

გათავდა, ბიჭო!.. გაიყიდა! გასაღდა! დაიტაცეს!.. ჰაი, თუ შასჭამს კნიაზი!.. ვიშ!..

[გაზეთი „დროება“, 1878 წ.] 

გიორგი ჭეიშვილი