ვანო ხოჯაბეგოვი - შაჰსეი-ვაჰსეი |
★ „აშურას დროს [აშურა - წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის - იმამ ჰუსეინისადმი მიძღვნილი გლოვის დღეა. იმამ ჰუსეინი VII საუკუნეში, 680 წელს, ქარბალაში ბრძოლის დროს 72 მხლებელთან ერთად მოკლეს] არც ერთი შიიტი არ ვაჭრობდა, საკლავს არ კლავდა.
ქალები ქუჩაში დადიოდნენ თმაგაწეწილნი, დაგლეჯილი ტანსაცმლით, გლოვის ნიშნად სახეზე ესვათ მური, სახეს იხოკავდნენ და იკაწრავდნენ.
სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილენი, თვითგვემის ნიშნად, ტანზე იცემდნენ ხმლებსა და ჯაჭვებს, თვითგვემას ერთვოდა შემზარავი შეძახილები „შაჰსეი - ვაჰსეი“, (შაჰ ჰუსეინ, ვაჰ ჰუსეინ). ვინც აშურას დროს სასიკვდილოდ დაშავდებოდა, წმიდანად ითვლებოდა“, - ვახტანგ ბერიძე - „მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი“
***
[გაზეთი „დროება“, 1881 წ.]
★ „გავლილ კვირის პარასკევს, 20 ამ თვეს [ნოემბერი], შეითან ბაზარს იქით, საცა ვარანცოვის ქუჩა იწყება, ხალათოვის ქარვასლის წინ, ძალიან სანახავი იყო.
ქუჩაში დიდ ძალი თათარი ხალხი იდგა და ბალკონები და ბანები სავსე იყო. ხალათოვის ქარვასლის ეზოში ყიზილბაშის თათრები ხდილობდნენ შაჰსეი-ვაჰსეის დღესასწაულსა.
გაშიშვლებულებს წელამდე ეჭირათ ხმალ-ხანჯალი და იცემდნენ თავ-პირში და გულზე, ჩამოსდიოდათ წურწურით სისხლი და თან გაფითრებით იძახდნენ „შაჰ-სეი! ვაჰ-სეი“.
ეს სიტყვები ალიის მაჰმადიანების წმინდანების სახელებია, რომელაც წამება მიიღეს.
ყიზილბაშებში ძალიან იციან ამ ცერემონიის გადახდა, თვით ბაქოშიაც ქუჩაში დადის და ამისი პროცესია.
აქ, ქალაქში სიარული აკრძალული აქვთ. ამიტომ ქარვასლიდამ დასისხლიანებულები ღონე მიხდილები იქვე პირდაპირ წოვიანობის აბანოში შედიოდნენ.“
***
[გაზეთი „ივერია“, 1886 წ.]
სპარსეთში ამ დღესასწაულის დროს დიდი ამბავია ხოლმე. აქაური სპარსელებიც არ ჩამორჩებიან ხოლმე უკან თავიანთ თანამოძმეთ და გულ-მოდგინედ იხანჯლავენ თავსა და პირს.
27 სექტემბერს სპარსელნი შიიტები შეკრებილიყვნენ ყარფუხის ერთ-ერთს ბაღში და იქ დიდის ამბით ედღესასწაულნათ - „შაჰსეი-ვაჰსეიობა“.
გაზ. „კავკაზის“ რეპორტიორი ამბობს, რომ ჩვენ ვნახეთ, ამ ბაღიდამ გამოსულნი სპარსელნიო, რომელთაც შავი ახალუხები ეცვათ და გასისხლიანებული თეთრი ფეშტამალები ჰქონდათ შემოკრულიო. ამ სპარსელთ თავ-პირი სულ დასისხლიანებული ჰქონდათ ხანჯლებითაო.
სპარსელნი მიდიოდნენ სიჩქარით წყლისკენ და იქ იბანდნენ გასისხლიანებულს თავ-პირსაო.
ამ ფანატიკოსთა შორის ერთი ყმაწვილიც იყო, ასე 10-12 წლისაო. ამ ყმაწვილს სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, მაგრამ სრულიად არ ეტყობოდა, რომ ტკივილს რასმე ჰგრძნობსო.“