[ჰერბერტ კოქსონი, აღმოსავლური ხალიჩების ძიებაში: მათი ქსოვა და გრძელი გზა ევროპისკენ. ლონდონი, 1884 წ.
ინგლისურიდან თარგმნა ნათია მეჩითიშვილმა
რედაქტორი - გიორგი სორდია
***
★ „თბილისის მხარეს ბევრი ქოხი დავლანდეთ. უცნაური ის იყო, რომ ისინი მორებზე დაუშენებიათ და ამგვარად პირდაპირ მდინარესთან დაუკავშირებიათ. ასეთი ქოხები აქაურობისათვის დამახასიათებელ საცხოვრებელს წარმოადგენს. გზად ზანტად მიმავალი, აქლემების საოცარი ქარავანი შემოგვხვდა.
ვნახეთ ასევე ცხენოსანთა ჯგუფი, სადაც ქალები მხედარ მამაკაცებს არაფრით ჩამოუვარდებოდნენ და ამორძალებივით მიაგელვებდნენ ცხენებს.
თბილისამდე არმისულებმა, მაღლობ მთებზე გამოქვაბულები დავლანდეთ, სადაც, როგორც გვითხრეს, განდეგილები ცხოვრობდნენ.
15 საათიანი მგზავრობის შემდეგ თბილისს ჩავაღწიეთ და რა დასამალია, დიდი სიამოვნებით მოვისვენეთ სასტუმროში. თბილისი საქართველოს დედაქალაქია, ერთ-ერთი უძველესი სამთავრო მსოფლიოში, სადაც ჯერ კიდევ შეხვდებით თავადებს, რომლებიც მეფე დავითის შთამომავლობაზეც კი სდებენ თავს. თუმცა კეთილშობილური შთამომავლობა სულაც არ ნიშნავს სიმდიდრეს. ბევრი მემამულე ხელმოკლედ ცხოვრობს და მათი მოსამსახურედ დაქირავება თვეში სულ რამოდენიმე ფუნტის საფასურადაა შესაძლებელი. ქალაქი ყველაზე ლამაზად ბოტანიკური ბაღიდან მოჩანს, რომელიც სარკინიგზო ხაზის აღმოსავლეთ მაღლობებზეა გაშენებული.
ქალაქს მდინარე მტკვარი კვეთს, რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება. აქა-იქ გამწვანება შეიმჩნევა, ისე კი მთლიანობაში თბილისის შემოგარენი ხრიოკი ადგილია და ამ მაღალ, უნაყოფი მაღლობებს თუ დავუკვირდებით, კაცს ეგონება, ამ ველურ ბუნებაში ეს ლამაზი ქალაქი ვიღაცას შემთხვევით დავარდნიაო.
ზაფხულში მაღლობებიდან სიოს ჩამოყოლილი თეთრი მტვერი ცხოვრებას თბილისში გაუსაძლის ხდის.
არქიტექტურას რაც შეეხება, ქალაქი აზიურისა და ევროპულის სიანტერესო ნაზავს წარმოადგენს. ჩემი საქმიანობა უმეტესწილად აზიურთანაა დაკავშირებული, ამიტომაც ამ მხარის უკეთ შესწავლის საშუალება მქონდა. ქალაქის აზიურ ნაწილში სახლები ტალახისა და ხისგანაა ნაკეთი. ბაზარში გამოლაგებულ დახლებს სპარსელები, სომხები და ქართველი ებრაელი ვაჭრები დასტრიალებენ გულუბრყვილო მუშტრის გამოჭერის იმედით. ვერცხლის რიგი ყველასთვის ნაცნობი ქუჩაა, სადაც სომეხ ვაჭრებს თავიანთი ხელთნაკეთი ვერცხლეული გამოუფენიათ გასაყიდად. აქ ნახავთ მაღალი ხარისხის, დიდი ოსტატობით დამუშავებულ მოვერცხლილ სარტყელებს, ხანჯლებს, დაშნებს და ქართული სამკაულის, იარაღისა თუ ანტიკვარი ნივთების ათასგვარ უჩვეულო და იშვიათ ნიმუშს.
ქალაქის ფერდობზე ჯერ კიდევ თურქების ბატონობის დროს აღუმართავთ ერთ-ერთი მთავარი ქართული ციხე-სიმაგრე. იგი მთელ თბილისს გადმოსცქერის ამაყად და მის მოპირდაპირედ მდებარე ბერძნულ მონასტერს [ავტორი სავარაუდოდ მეტეხის მონასტერს გულისხმობს (რედ.)] არაფრით ჩამოუვარდება, არც აღნაგობით, არც ცნობადობით. ორივე შთამბეჭდავი და თვალწარმტაცი შესახედაობისაა. თბილისი რუსეთის მმართველობის ქვეშ მყოფი ერთიანი კავკასიის გუბერნიის საშტაბო ქალაქად ითვლება. იგი ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიად იყოფა. პირველი რუსეთის ევროპულ ნაწილში მდებარეობს, მეორე კი აზიურში. კავკასიის გუბერნიას კიდევ ცალკე პროვინციებად ყოფენ, კერძოდ ყუბანი, აფხაზეთი, ქუთაისი, საქართველო, დაღესტანი, ყარსი, ერევანი, ელიზავეტოპოლი [ქალაქი განჯა თანამედროვე აზერბაიჯანში (რედ.)] და ბაქო. ამ მხარეში 200 000 კაციანი არმიაა გამაგრებული წესრიგის დამყარება-შენარჩუნების მიზნით.
თბილისის აღმოსავლური და ევროპული ნაწილი დიდ კონტრასტს ქმნის, თუმცა ამით ქალაქის მშვენიერებას არაფერი აკლდებოდა, პირიქით, თუ არ ემატება. ვიწრო, სპარსული ბაზრებიდან მგზავრი მოულოდნელად ქალაქის რუსულ ნაწილში აღმოჩნდება, სადაც უჩვეულოდ ფართე ქუჩებში ევროპული ყაიდის სახლებია აღმართული და მეეტლეები ფაეტონებით ელვისებური სისწრაფით დააქროლებენ კოხტა და გამოპრანჭულ მგზავრებს.
თბილისში მრავლადაა ე.წ განცხრომის ბაღები, რომელსაც აუცილებლად უნდა ესტუმროთ, თუ გსურთ საკუთარი თვალით იხილოთ ქართველი ქალის მშვენიერება. მე ბევრი მათგანი შემომხვდა ბათუმიდან მომავალ გზაზე, მაგრამ ისინი უკვე, რაღა დაგიმალოთ და, ასაკში შესულები იყვნენ და თავიანთი სილამაზეც წარსულში მოეტოვებინათ. ქართველი ქალის გარეგნობაში განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მათი მუქი, წყლიანი თვალები და მაცდური ტუჩ-კბილი, თუმცა მათ სილამაზეს ჩრდილს ჰფენს არწივისებური ცხვირი. უჩვეულო სილამაზისაა ქართველი ქალის სამოსი, რომლის განუყოფელ ნაწილს უცნაური ფატა შეადგენს. იგი უხვად მოქარგული გვირგვინისგან შედგება, საიდანაც ქალის მხრებს ნაზად ეფინება თეთრი, გამჭვირვალე საბურველი. ნახშირივით შავ თმას ორ ნაწნავად დაატარებენ.
თბილისი გოგირდის ბუნებრივი ცხელი წყაროებითაცაა ცნობილი. მიწიდან მოჩუხჩუხე სამკურნალო წყლის ტემპერატურა 79-124 გრადუსს შორის მერყეობს და როგორც ამბობენ უამრავ დაავადებას შველის. ქალაქში მრავლად ნახავთ მეჩეთსა და ეკლესიას, თუმცა ქალაქის მთავარ მშვენებას მისი კათედრალი წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია, რომ ქალაქის ერთ ნაწილში სომხებმა ბამბის წისქვილი ააშენეს. ქალაქის დიდი ნაწილი უკავია გერმანულ უბანს - კოლონიას, [გერმანელების ჩამოსახლება საქართველოში 1817 წლიდან იწყება, მათი დიდი ნაწილი ვიუტენბერგელი შვაბები იყვნენ. დასახლებები, ანუ კოლონიები შეიქმნა როგორც თბილისში, ასევე სამხრეთ საქართველოში. მათ შორის აღსანიშნავია ნოი-ტიფლისი (აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორია), კატარინენფელდი (ბოლნისი), მარიენფელდი (სართიჭალა), ელიზაბეტთალი (ასურეთი), და სხვა. (რედ.)] სადაც ტრადიციული გერმანული სამოსი და ადათ-წესები ჯერ კიდევ შემონახულია. ზაფხულობით ქუჩის ხეებს მასიურად რწყავენ, ამის გარეშე ქალაქში არსებული მტვრისა და წყლის ნაკლებობის გამო ისინი გახმებოდნენ. რუსეთში მიღებულია სახლში ღამის დარაჯის ყოლა. მათ თბილისშიც მრავლად ნახავთ. დარაჯებად ძირითადად თათრებს ქირაობენ, მათ სახლის წინ პირდაპირ ქუჩაში სძინავთ. ზოგისთვის ხის სკამი დაუდგამთ სახლის წინ და ეს უკვე ფუფუნებად ითვლება, უმრავლესობა ამის გარეშეც ყაბულსაა.
თბილისში სამი შედარებით კარგი სასტუმროა, აქედან ერთი დაკეტილი დაგვხვდა. სასტუმროს მეპატრონე, რომელშიც ჩვენ გავჩერდით ფრანგი იყო. მან მშვენივრად ისარგებლა არსებული მდგომარეობით და ფასები საგრძნობლად გაზარდა, რაც არც მანამდე უნდა ყოფილიყო მოკრძალებული. სასტუმროს წელმოწყვეტილი მომსახურე პერსონალიც მეპატრონის მაგალითს მიჰყვებოდა და ერთი პატარა ჩანთის აწევაშიც, რაშიც მათი მთელი ჯგუფი მონაწილეობდა უტიფრად ითხოვდა ფეხის ქირას.
თბილისის გულდასმით დათვალიერების შემდეგ ბაქოსკენ გავემართეთ. მქუხარე წვიმამ და ავდარმა გაგვაცილა.
თბილისიდან ბაქომდე მგზავრობა, მსუბუქად რომ ვთქვათ, უინტერესო იყო. თბილისის დატოვებისთანავე კავკასიასაც სტოვებს თავისი მიმზიდველობა და ეშხი, დიად მთებს უსახური ბორცვები ანაცვლებენ...“