საქართველოს ღერბი |
[გაზეთი „საქართველო“, 1918 წ.]
★ „ღერბის - სახელმწიფოს ემბლემატიური ნიშნის საკითხი ბევრს უმნიშვნელო წვრილმანად მიაჩნია. ზოგნი კი ამ საკითხს ჯგუფურ, ან პარტიულ თვალსაზრისით არკვევენ და ეროვნულ-სახელმწიფოებრივ საგანს ჰხდიან კლასობრივ და სოციალურ პრობლემის ასახსნელ მასალად. ორივე შეხედულება, რასაკვირველია, უსაფუძვლოა, მეტი რომ არა ვთქვათ.
საერთაშორისო ურთიერთობებშიაც და კერძოდ ამა თუ იმ სახელმწიფოს შინაგან ცხოვრების მრავალ მხარეში ღერბს განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევენ და ღერბის სიმბოლიურ გამოხატულებაში ცდილობენ ამოიკითხონ სახელმწიფოს წყობილების და საერთო მიდრეკილების დედა-აზრი. მაგრამ რანაირადაც უნდა შეიცვალოს სახელმწიფოში მმართველობის წესები, როგორადაც უნდა განსხვავდებოდეს ახალი წესწყობილება ძველის რეჟიმისაგან, აშკარაა ის ჭეშმარიტება, რომ სახელმწიფო და ერი ისტორიულადაც და ფსიქოლოგიურადაც წარმოადგენენ განთვისებულს ერთეულს ყოველივე სხვა ამგვარი კატეგორიისაგან.
მაშასადამე, როგორი შინაარსიც უნდა იყოს სახელმწიფოს თანამედროვე წყობილების სახელმძღვანელო ლოზუნგები და სოციალ-პოლიტიკური გარდაწყვეტილებანი, სახელმწიფოს ისტორიული და ტრადიციული ნიშნობლივი თვისებანი შენარჩუნებასა და დაცვას მოითხოვენ, თუ ერი მოწადინებულია შეინახოს საკუთარი სახე და არ გაითქვიფოს და დასახიჩრდეს ეთნიურად.
ახლად აღმოცენებულ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ ერთეულისათვის სახელმწიფოს სიმბოლიური ნიშნების გამონახვა ცოტად თუ ბევრად თავისუფლად შეიძლება, თუმცა ამ შემთხვევაში ანგარიში უნდა გაეწიოს ხალხის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ტრადიციულ გრძნობებს. მაგრამ პირდაპირ წარმოუდგენელია, როდესაც იმ სახელმწიფოში, რომელმაც აღადგინა რაღაც ას-ოცი წლის განმავლობაში უკანონოდ და უსამართლოდ შეწყვეტილი თვისი პოლიტიკური სუვერენიტეტი, ცდილობენ სახელმწიფოს ნიშნების შეთხზვას.
ეროვნულ საბჭოს ხელოვნების კომისიამ ხუთი თუ ექვსი სხდომა მოანდომა საქართველოს ღერბის საკითხის გამორკვევას. ქართველი მეცნიერებისა, ისტორიკოსებისა და სპეციალისტების დახმარებით ხსენებულ კომისიამ ყოველის მხრივ შეისწავლა ეს საკითხი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს სახელმწიფო ღერბი არის თეთრი გიორგი გველეშაპის მძლეველი.
პროფესორმა ივანე ჯავახიშვილმა საუცხოვო ლექცია წაუკითხა ეროვნულ საბჭოს წევრებს საქართველოს სახელმწიფოს სიმბოლიურ გამოხატულებაზე. პროფესორი, ალბად, ჰგრძნობდა, რომ სოციალ-დემოკრატებს ყველაზე ძლიერ აფრთხობდა რელიგიური მხარე საკითხისა, ამიტომ ეჭვის დაუბადებლად განმარტა თეთრი გიორგის თაყვანისცემის მიზეზები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არაფერი აქვს საერთო საეკლესიო წმინდანთან, რომ, პირიქით, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა თეთრი გიორგის კულტის განმტკიცებას ქართველ ხალხში, როგორც წარმართობის ნაშთისას, მაგრამ ეკლესია ბოლოს იძულებული გახდა დაეთმო ხალხის შეურყეველ სურვილისათვის. სოციალ-დემოკრატებს პროფესორმა განუმარტა, რომ ადვილი მოსახერხებელია თეთრს გიორგის მოვაცილოთ სახის ირგვლივ შარავანდედი, ხოლო შუბზე ჯვარი და მაშინ სავსებით აღმოიფხვრება რელიგიური ჩანასახი საერთო სახელმწიფოებრივ ნიშანზე.
ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ ამის შემდგომ საბჭოს წევრებს განეფანტებოდათ ეჭვები საქართველოს ღერბის გამოსახულობაზე, მაგრამ სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციას, თანახმად მათის ბელადის ი. წერეთლის განცხადებისა, „უკვე მოფიქრებული ჰქონია ეს საკითხი და სხდომაზე გადაწყვეტილებაც გამოუტანია.“
ჩვენ არ შევჩერდებით სოციალ-დემოკრატების პროექტზე ღერბის შესახებ: მიჯაჭვული ამირანის საქართველოს სახელმწიფოებრივ სიმბოლოდ აღიარება კიდევ ერთხელ ზედმეტად გვიჩვენებს ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების მესვეურების გულის ნადებს.
ღერბის საკითხი გამოირკვა და განიზომა ყოველის მხრივ: მეცნიერულად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივად, ისტორიულად, ხელოვნურ-მხატვრულად. დამტკიცდა, რომ თანამედროვე საქართველოს დემოკრატიულ წესწყობილებას არ მოეპოვება საბუთები ისტორიული ღერბის უარსაყოფად. დამტკიცდა ისიც, რომ საქართველოს ისტორიული ღერბი უცხოთათვისაც ცნობილია, რომ ღერბის დეტალური აღწერილობა არის ევროპის მეცნიერთა ნაწარმოებში. დამტკიცდა აგრეთვე, რომ წარმავალ ცხოვრების უკუღმართობაზე სახელმწიფო ვერ დაეყრდნობა ერის მიზნების სიმბოლიურად გამოსახვაში, რომ სავალდებულოა სხვა უფრო, თუ გნებავთ სამარადისო კრიტერიუმი ერისა და სახელმწიფოს თვისება-მდგომარეობის განსახიერებისათვის, მაგრამ, სამწუხაროდ, დამტკიცდა ისიც, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია სახელმწიფო უფლებრივ საკითხთა გარდაწყვეტაში სარგებლობს ყოველივე საზომით, გარდა ეროვნულისა.
პარტიული დადგენილების გამოტანა ღერბის საკითხში ყოვლად შეუწყნარებელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პარტიული ვოტუმი ეწინააღმდეგება არამც-თუ მეცნიერებისა და ისტორიის დასკვნას, არამედ უბრალო საღ აზროვნებასაც.
„მიჯაჭვული ამირანი“-ს დამცველს უმთავრეს საბუთად საქართველოს დღევანდელი უბედურება და ყვავ-ყორანთა ჩხავილი მოჰყავდა, მაგრამ ვინ არ იცის, რომ უმწეო მდგომარეობის ფიგურალურად აღბეჭდვა ბედნიერებას ვერ მიგვაახლოვებს და, მეორეც, სად, რომელ ქვეყანაში ყოფილა, რომ თავისუფალ სახელმწიფოს მხოლოდ უბედურებაზე და გაჭირვებაზე ელაპარაკოს?!
მარტივი პადაგოგიური და პსიხოლოგიური მოსაზრებითაც შეუძლებელია, რომ მოქალაქეთ მხოლოდ ის უჩიჩინო, რომ იგი უბედურ და უმწეო სახელმწიფოს წევრია... უშინაარსობა და უძლურება სოციალ-დემოკრატების პროექტისა სავსებით გამოაშკარავდა. ცხადია აგრეთვე მისი მავნე მხარე ჩვენ სახელმწიფოსთვის საერთაშორისო თვალსაზრისით, მაგრამ სად არის გარანტია, რომ სოციალ-დემოკრატების წყალობით ეროვნული საბჭო არ დაიკანონებს სახელმწიფო ღერბის ნახატს, რომელშიაც ყველა ადვილად ამოიკითხავს: უბედური საქართველო!“