[პეტრე მირიანაშვილი, გაზეთი „ივერია“, 1900 წ.]
დიახ, ტფილისს, რადგანაც იგი თავადი იყო და არის საქართველოს ქალაქთათვის, უცემდა და უცემს მაჯა ჩვენი ერის დღეგრძელობის და სულიერი წარმატებისა და ჯერ, ღვთის მადლით, ენა არ ჩასწყვეტია და არც ჩაიწყვეტს.
ეჭვი არ არის ეს ქალაქი ჩვენმა სოფელმა დაჰბადა, მაგრამ სოფლით და ხან და ხან უცხოეთიდგანაც შესული სხვა-და-სხვა ელემენტი იქ ერთმანეთში აირია და დადუღდა ერთ ყოვლადობად, რომელსაც ქალაქი, ქალაქური ეწოდა.
ძველ რომსაც ასეთივე ბედი ეწია, მაგრამ მასთანვე იმდენად წაღმართი, რომ მისის დაფუძნების დრო წელთა აღრიცხვის ხანად შეიქნა. შესაძლოა ტფილისსს რომისათვის მიებაძოს, მაგრამ ამითი საქმე თუ არ გაუკეთებია, არ წაუხდენია. დღეს კი მისი ქალაქობა და თავადობა, რომელიც მაღალ ღვაწლთა შარავანდედით ჰბრწყინავს, მრავალ გზის მოწმე ჩვენის დაცემისა და აღდგომის, დაგვისახავს ენის ღატაკად და ვთხოვთ სოფელსა, მოდი ქალაქს ქართული ასწავლეო - მერე ეს როგორ მოხდა? ისე, რომ ქალაქის ცხოვრებისა და ენის შესწავლაზე თავიდგანვე გული ავიყარეთ, რადგანაც მის დიდძალ შემავალ თუმცა ჩვენთან შეთვისტომებულ და შესისხლხორცებულ ნაწილს შეადგენს სომხობა. მაგრამ ჩვენ ამას არ უნდა ვუფრთხოდეთ და თავი განზე დავიჭიროთ გულ-ხელ დაკრებით; პირიქით, ვიდრე ეს ხალხი ჩვენ მიწა წყალზედ სდგას და ჩვენთან არის ეკონომიურად დაკავშირებული, ჩვენად უნდა ვთვლიდეთ და შევისწავლიდეთ, როგორც საკუთარ ძმებსა და ვცდილობდეთ ზნეობრივ და გონებრივ გავლენას მის უფროს ერთ ნაწილზედ, რომელიც ცხოვრებას ჯერ კიდევ საღის გონებით უყურებს. დიახ, უნდა შევისწავლოთ, მაგრამ დიდი შეცდომა იქნება, რომ გიორგი ერისთავის, ანტონოვისა და სხვა ჩვენ დრამატურგთა მიერ გამოყვანილის გმირების მონოლოგები და დიალოგები მივიღოთ იმის საზოგადო ენად.
ჩამოთვლილ მწერალთათვის საჭირო იყო კომიკური ელემენტი და კიდეც ჰპოვებდნენ მას დაბალის ვაჭრების ზნე-ჩვეულებასა და ლაპარაკში, თუმცა, უნდა გამოვტყდეთ, ამ ზნეს უფრო კარიკატურად ჰხატავენ და ენასაც ამის კვალობაზედ განგებ უმახინჯებდნენ, თორემ საზოგადოდ ქალაქელი სომხობა და მასთან ქართველობაც კიდე ლაპარაკობს ისეთს ქართულს, რომ გულ დასმით დამკვირვებელი არა ერთ ძვირფას სიტყვასა და სიტყვის საქცევს უპოვის.
თქმა არ უნდა, ქალაქი, ფრთხილისა და ხელოვანის მუშაკის მომლოდინე, ჩვენის ენის საუნჯეს მრავალ ობოლ მარგალიტს შესძენს, მხოლოდ მეტის მეტად საჭიროა ფეხი მოიკიდოს ჩვენს მწერლობაში მისმა მოხდენილმა და შნოიანმა საუბრის კილომ, რომელიც ღირსია ამ პატივისა, როგორც ჩვენის მოქალაქობრივის ცხოვრების სათავეში მდგომი, თუ ეს პატივი არ ვაღირსეთ, ქალაქი ვერ ითავადებს.“