მკითხაობა - „ვიჭაკი“ |

„მაისში, ამაღლებამდე რამდენიმე დღით ადრე, ვარდსიმონამ თავისი ახალგაზრდა ქალბატონი მშობლების დაუკითხავად მეზობლებთან გადაიყვანა. იმ დღეს გასათხოვარ გოგონებს ვიჭაკის წყლით თავიანთი მომავალი ბედი უნდა გამოეცნოთ.
- ეხლა ის დროა, ვიჭაკის წყლის მომტანი დავასახელოთ.
გოგოებმა დიდი ამბით ამოირჩიეს თავიანთ შორის ვიჭაკის წყლის შემგროვებელი. მას შვიდ სხვადასხვა წყაროზე უნდა ჩაესხა წყალი საგანგებო ჭურჭელში და უკან ისე უნდა მოეტანა, რომ წვეთი არ დაექცია“, - [ნიკოლოზ გაბაონი - „აივნიანი ქალაქი“]

***

★ „ვიჭაკი - 1. ანუ ჯანგულამ. ეს ჯანგულუმიც იმ ცრუმორწმუნეობათაგანია, როგორც მკითხაობა, ლაზარეობა და სხვა... მაისის გასულს ყოველს უბანში (მდაბიო ხალხში) დედაკაცები მოგროვდებოდნენ სადმე სახლში ან ეზოში, მოიტანენ თავის ბედის გამოსაცდელად: ბეჭდებს, დანას, ნაჭერს, საყურეებს, სათითეებს და სხვ. მიაბარებენ ერთ დედაკაცს, რომელიც თავადათ ითვლება. 

28 მაისს განთიადისას რამდენიმე დედაკაცი მინდორში დაჰკრეფენ ნაირ-ნაირ ყვავილებს, მოიტანენ სახლში, ჩაჰყრიან ერთ ქილაში და, ვისაც რა ნიშანი მოუტანია, შიგ ჩაუძახებენ. მეორე დღეს წყაროდან ან მტკვრიდან მოიტანენ უმძრახად წყალს (არავის არ უნდა გასცენ ხმა და არც კოკა დადგან დედამიწაზე). ამ წყალს ჩაასხამენ ქილაში. იმავე საღამოს ქილას ბანზე აიტანენ და სამ დღეს იქ დასტოვებენ.

მეოთხე დღეს ჩამოიტანენ, დასდგამენ ტახტზე. ორ პატარა კუპაჭია გოგოს თვალებს აუკრამენ ცხვირსახოცითა და გვერდით ამოუყენებენ ამ ქილას. ამ ყმაწვილებს სათითაოდ ნიშნებს ამოაღებინებენ და თან ჯანგულების წიგნს კითხულობენ სიმღერით (ეს წიგნი დაწერილია ძველად სომხურ ენაზე ბ-ნ ატერპატენის მიერ). ნივთის ამოღება და სიმღერა ერთად სწარმოებს, რადგან სიმღერის სიტყვები ეკუთვნიან ხოლმე იმ ნივთის პატრონს, რომლის ნივთიც ამოვა“, - [იოსებ გრიშაშვილი - „ქალაქური ლექსიკონი“]

***

„ამაღლების წინა დრეს თბილისელი ქალები მიდიოდნენ ავლაბარში ხოჯევანის სასაფლაოზე. მიზანი ვიჭაკი - მკითხაობა იყო. 

ვიჭაკისთვის სასაფლაოს იმიტომ ირჩევდნენ, თითქოს მიცვალებულთა სულიც ეხმარებოდათ მომავლის სწორ გაგებაში, ახსნაში. ვიჭაკიც სწორედ ახსნას, გამოცნობას, მკითხაობას ნიშნავს.

ვიჭაკი ანიმისტური რიტუალუ იყო.

ვიჭაკით მკითხაობა ძალზე მარტივად ტარდებოდა. მკითხაობაში მონაწილე მავანი და მავანი ქალიშვილი სისხამ დილით დგებოდა (მზის ამოსვლისთვის უნდა დაესწრო) და უჩუმრად გადიოდა სახლიდან, უჩუმრადვე უნდა შემოევლო მას შვიდი სხვადასხვა წყარო (ონკანი, ჭა და ა.შ.) და ჭურჭელი წყლით აევსო. ეს იყო სამკითხაო, ვიჭაკისათვის საჭირო წყალი. ვიჭაკში მონაწილე სხვა ქალები - გოგონები - წყლიან ჭურჭელს ფერადი ნაჭრებით რთავდნენ და ყოველი მათგანი შიგ რაიმე ნივთს აგდებდა: ბეჭედს, საყურეს, სამაჯურს, სათითეს, კენჭს და სხვ. როცა ყველაფერი მომზადდებოდა, მაშინ შეეძლო წყლის შემგროვებელს ხმის ამოღება, დალაპარაკება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი ადრე დაილაპარაკებდა, სამკითხაო წყალი კარგავდა თავის „ყოვლისშემძლეობას“ და მკითხაობაც იშლებოდა. მოტანილი წყალი უნდა გადაეღვარათ და ისევ ის ქალიშვილი წასულიყო ახალი წლის მოსატანად.

თვით მკითხაობა საღამოს ჟამს, ნასადილევს, სამხარზე იწყებოდა. წყლიანი ჭურჭლიდან ნივთებით უნდა ამოეღო საგანგებოდ მოყვანილ პატარა გოგონას, რომელიც თავისი მშობლებისათვის პირველი შვილი იქნებოდა. ვიჭაკის დროს ვინმეს თურქულ ენაზე უნდა ემღერა, ამიტომ მკითხაობისას იწვევდნენ თურქული ენის მცოდნეს, რომელიც ნამღერ სტროფებს თარგმნიდა.

ვიჭაკში მონაწილენი სხდებოდნენ წრიულად. თითოეული ნამღერი სტროფის შემდეგ გოგონა ხელს ყოფდა წყლიან ჭურჭელში და იქიდან რაიმე ნივთს იღებდა. სიმღერისათვის ყველას უნდა ეგდო ყური, ვინაიდან მასში ლაპარაკი იყო ბედნიერებაზე, სიცოცხლეზე, სიყვარულზე, სატრფოს დაბრუნებაზე, სურვილის შესრულებაზე, გათხოვებაზე, სიკვდილზე, ახლობლის დაკარგვაზე და ა.შ.

მკითხაობა - ვიჭაკი მთავრდებოდა ვახშმით, რომელსაც მასპინძელი მართავდა. იმართებოდა ტაშ-ფანდური და დაირაზე ცეკვა-თამაში“, - [თეიმურაზ ბერიძე - „ძველი თბილისის სურათები“]

გიორგი ჭეიშვილი