ბაზაზხანა |

მოსე თოიძე - ბაზაზხანა
[ორ-ანი, გაზეთი „ივერია“, 1887 წ. ]

★ „პატარა დახურული ბაზაზხანა ვინ არ იცის; ამ საკვირველს ბაზარში თითქმის ყველა გლეხიც-კი ყოფილა, არამც თუ ქალაქელი. ჯვარის-მამის ეკკლესიის ქვემოდ ქუჩა ჩადის, ამ ქუჩის ზემო თავში ჯვარის-მამის ლავაშებს აცხობენ და კუბოებს აკეთებენ, ამათ ქვემოდ-კი სულ ბაზაზები არიან; ამ ბაზაზების დუქნებს გვერდზედ კიდევ პატარა შესახვევია, სადაც თელეთელებს რძე-მაწონი ჩამოაქვთ და მექოშეები და მექალამნეები სხედან. 

დილის ათი-თერთმეტი საათაი და თითქმის მთელი ბაზაზხანა გაჩაღებულია, მუშტრის დროა. ამ დროს ვაი იმას, ვინც ამ ქუჩაზედ გაივლის, უეჭველად რომელიმე ბაზაზის შეგირდი ჩამოეკიდება კალთებზე, ვაჟკაცი იყოს თუ მანდილოსანი სულ ერთია, და თავის ოსტატის დუქანში შეათრევს.

გეურქა (ზემო დუქანში). დედიჯან, რას ინაზები, იყიდე რაღა, ხეირი მოგვეცი. სამუთაქე ჩითი არ გინდა? აჰა, ესეც სამუთაქე ჩითი; რომელიც გულით მოგეწონოს, ის ამოირჩიე. ჩვენის მეტსა ბაზაზხანაში მუთაქის ჩითი არავისა აქვს. აბა, პირჯვარი დაიწერე, დედიჯან; ჰა, თქვი, ზოლი ჩითი გინდა, თუ ფოთლიანი. გუშინ მივიღე სამი პარტია ერთად. აი ეს ნარინჯის გული კარგია, დედიჯან; ვა, შვილები არ დამეხოცება, ღმერთმა შვილები გაგიზარდოს, ტყუილს არ ვამბობდე... მივქარო, თუ შენში გროში მოვიგო, დედი! აბა, რამდენი გავზომო? ეს ერთი... ორი... სამი...

მიღდისა (ცოტა ქვემოდ). ძმობილო, ნუღარ დაჭოჭმანდები. გეტყობა ჭკვიანი ბიჭი ხარ, იმერელი უნდა იყო. დალოცვილო, გეუბნები, კარგი მიტკალია-მეთქი. საპერანგეებად არ გინდა, წაიღე რარა, მანამ სიკეთის გუნებაზედა ვარ; მასკვან მოხვალ, ამ ფასად აღარ მოგცემ. ჯერ ერთი, ძმობილო, შეხედე, რა სხვილი მიტკალია და; მეორე - თახახიანია, ისეთს წამალშია გავლებული, რომ კბენარი არ მოგეკარება, მაშა. ამის პერანგი სულ ცოტა ორ წელიწადს გაგიძლებს, ტრიკოსავით არის; სიყმეს გეფიცები, არა ვტყუოდე. იყიდე, ძმობილო, თორემ იტყვიან ფხუკიაო. (გამოდის იმერელი და მთელს ბაზაზხანაში გაისმის ზარივით: იმერელო, უუუ! ღომი აქა გვაქვს, მოდი, ძმობილო, დოშსაც გიშოვნით?!)

პატარა ბიჭი (ტალმაში ხელს წაავლებს ვიღაცა დედაკაცს). აქ მოდი, დედიჯან, ქალბატონო, ყველაფერს მოგართმევთ: ჩითი, მიტკალი, დარაია, ბამბაზიონი, მადარფაკი, ყალამქარი, ქიშმირი, ყუთნი, ალფაკა, ტერნო, მოვი, ალიში... სულ ახალ-ახალი მოტანილი, ზაგრანიცური.

დედაკაცი. დაიცა, შვილო, კალთები ნუ ჩამომაგლიჯე, არა მინდა-რა.

მერე პატარა ბიჭი (ამავე დედა-კაცს გადაეღობება წინ). დედი, აი ჩვენი დუქანი, შენ ხომ სულ ჩვენგანა ვაჭრობ. გუშინაც შენმა დამ, დედიჯან, საბნის პირები წაიღო ჩვენგან.

დედაკაცი. ვინ დამა, ქა! მე და არა მყავს, შვილო.

პატარა ბიჭი. რა ვიცი, შენი ნათესავი-კია და, იქნება მძახალი იყოს, მული, დედამთილი. რა გაქვს, დედი, საყიდელი, ჩვენ დუქანში ჩიტის რძე იშოვება. ვა, თუ არა გინდა-რა კურთხეულო, ინდაურისავით რას დახეტიალებ; წადი შინ დაჯექი, ღოლო-შეჭამანდი მოხარშე.

პოღოსა (მეორე მხარეს). ვა, დალოცვილო, რას გარბიხარ, სხვის საქონელს ოქროები ასხია? მოდი ერთი მოვრიგდეთ ძმურად, კნიაზჯან! აბა უყურე რა საქონელია, ნახე და ვა, ნახე ერთი-მეთქი. ამისთანას სხვაგან იშოვნი? ეს ზაგრანიცია, სხვაგან მოსკოვს მოგცემენ. ამისმა მზემ (გულზე ხელს დაირტყავს), ამისთანა ვერ იშოვნო. კაი კაცი, რომ მოგატყუო, არ მინდა მეორედ გამარჯობა მითხრა? შენს გამარჯობას, შენმა მზემ, მილიონად არ გავყიდი, კნიაზჯან. ჰა, შევახვიო? სამი მანათი ვერ გაგიბედნია რაღა, ისევ მე უნდა გიხათრო. რა ვქნა, გიხათრებ; ხომ იცი, ხათრისაგან კაცი დაღუპულია. თოთხმეტი აბაზი, ეხლა? ვერც ეხლა მოვედით მე და შენ დამში, კნიაზჯან? ვა, კრიჭა რას შეგიკრავს, შე მამა ცხონებულო, ხმა ამოიღე და! შენ შენი ფასი თქვი - ერთი შაური მაძლიე, მოძალადე ვინა გყავს. კიდევ მე უნდა დაგყვე, რაღა. ცამეტ აბაზ უზალთუნი, ეხლა? ესეც იაფად, შენი ხათრისთვის; სუფ-ნიშანი გამიწყრეს, სხვას მივცე ამ ფასად, მაგრამ შენ ჩვენი ხარ, კნიაზჯან, შინაური, შენზედ დაკარგული არ არის! შეუხვიე, ბიჭო!.. ვა, კიდევ არა რიგდები? აი, სიკეთე ეგ არის და. მაშ თორმეტ აბაზზე მეტს არ იძლევი, რაღა! მერე რომ მოხვიდე და მეხვეწო, ჩემი ბრალი არ იყოს.

(ქუჩაზე). კნიაზ, მიდიხარ? ახში არ იშლი, რაღა! კნიაზ, ინანებ, წინანაურს გეფიცები, ინანებ! აქ მოიხედე, კნიაზჯან, დალოცვილო, შენი სიტყვა კაკალია, ნუ მაზარალებ და მოდი ცამეტ აბაზად წაიღე, ფეშქაშია; ესეც შენი სიტყვა, შუაში აბაზი თამაშობს რაღა.

ბეგლარა (სულ ქვემოდ). ჰა, რა მინდაო, ბიჭო! სუდარა? აქ მობძანდი, დედი, აქ არის, მკვდრებისთვის სულ ჩემგანა ხარჯავენ. ასეთი სუდარა მოგცე, ხუთი წელიწადი წვიმა-ტალახმა და ჭიამ, - იმ ჭიამ, ჩვენც რო დაგვიზაკუსკებს, დედიჯან, - ვერა დააკლოს-რა. რამდენი სუდარა გინდა, დედი? თქვი, ნუ მაბანდებ. ვა, დალოცვილო, ვაჭრობ კიდეცა; სუდარას ერთი ფასი აქვს, დედიჯან; ქვეყანა გადაბრუნდება, სუდარას ფასი არ გამოეცვლება. რამდენი მამკვდარა, აბა წადი ჰკითხე. ვინ მოკვდა, დედი? ვა, მართლა! კაცო, ორი კვირა არ იქნება, ბაზაზხანაში ჩამოიარა ექვსი თვე ფეხზედ არ წამომდგარაო? რა ვიცი, მე კი ესე მახსოვს და, იქნება ვისმე მივამგზავსე. ძალიან კაი კაცი იყო, ღმერთმა სულით განანათლოს, დედი (ცრემლებს იწმენდავს).

წაიღე, დედი, წაიღე, ის იმისთანა კაცი იყო, რომ არ მოგატყუებ. ჰო, აი კუბოებსაც ჩემს გვერდით აკეთებენ, დედი, ჯვარის-მამის პურიც ბევრია, ქელეხისათვის მოგინდება. ჰა, კარგი იყიდე, მკვდარი გაცივდა. დალოცვილო, ახლა წიწაკის მურაბა ნუ გახდები და. გინდა შენი მკვდრები იჯარით ავიღო, დედი, ვივაჭრო, ხეირი არა მინდა, მადლის გულისათვის; ცხონებულს მინდა სიკეთე ვუყო... საიქიოს გადამიხდის...“

გიორგი ჭეიშვილი