„მოგზაურობა უცხო კაცისა კავკასიაში“
გარდა ავტორის შენიშვნებისა, როგორც მგზავრისა, წიგნი შეიცავს მოკლე ისტორიას საქართველოსას, ჩვენის მწერლობის განხილვას და ჩვენს პოლიტიკურ მდგომარეობას. წიგნი საკმაოდ მოზრდილია და მდიდრულადაც არის დაბეჭდილი. შიგ ჩართულია სურათბი ტფილისისა, სიღნაღისა, დარიალის გასავლელ გზისა, კავკავისა და სხვა ადგილებისა. დახატულია ჩვენებური მოჭიდავე, ფეხშიშველა, გულ-გახსნილი, დამკლავებული და დოინჯ-შემოყრილი. სურათი გაგონებთ მოჭიდავე ესებუას. არის სურათი ქართველ კაცისა, რომელსაც ქართულად აცვია. როგორც ჩვენის გაზეთიდამ გეხსომებათ, ამ წიგნში დახატულნი არიან აგრეთვე ზოგი ისტორიულიმოღვაწენი ჩვენის ქვეყნისა, მაგალითად წმ. ნინო, თამარ დედოფალი და მეფე ერეკლე. თანამედროვე მოღვაწეთაგანაც ჩაურთვია სამი სურათი - ყოვლად უსამღვდელო გაბრიელ ეპისკოპოზისა, ბ-ნ ილია ჭავჭავაძისა და ბ-ნ ივანე მაჩაბლისა.
მკითხველს არ გაუკვირდება, რომ მე ასე ვრცლად ჩამოვთვალე სურათები ამ წიგნისა. რას მიბრძანებთ, ბატონებო, ჩვენ ისე უყურადღებოდ ვართ მივიწყებულნი საკუთრივ ჩვენგანაცა და უცხოელთაგანაც, რომ მართლა რაღაც სასწაულად მისაჩნევია, როდესაც გვახსენებს ვინმე, ავად იქნება თუ კარგად. არც იმას გაიკვირვებთ, რომ გაცოდინოთ ავტორის სხვა-და-სხვა შენიშვნები ჩვენის ქვეყნისა და ხალხის შესახებ.
წიგნი ლამაზად არის დაწერილი და იმითი უფრო საყურადღებოა, რომ ბევრი რამ ავი თუ კარგი არის შენიშნული, რომელსაც გაუწურთვნელი მოგზაური ყურსაც არ ათხოვებდა. ამიტომაც ამ წიგნის წაკითხვა სასარგებლო იქნებოდა, რადგანაც ჩვენი მკითხველი დაინახავდა, რასა აქვს ფასი ჩვენს მხარეში ევროპელთათვის, რა მოსწონთ ჩვენი და რას გვიწუნებენ. ჩვენის თვით-ცნობისათვისაც ძალიან დიდი რამ არის ევროპელთა აზრის შეტყობა და გაგება.
[...]
აღმოსავლეთ საქართველოს აღწერას ტფილისით იწყებს ბ-ნი უორდროპი. ავტორის უნარი აღწერისა მართლა ღირს-საცნობია იმითი, რომ საკვირველად მოკლედ და სავსებით გიხატავთ თვალ წინ სურათს. მაშინ როდესაც ზოგი მწერალი დაიფანტებოდა რთულ საგნის აღწერაში, მთელს წიგნს დაგიწერდათ და მაინც საგანს თვალ წინ ვერ გაგიცოცხლებდათ, ამ დროს აი რა ცოტა სიტყვებსა ჰხარჯავს ბ-ნი უორდროპი, რომ აცოდინოს ინგლისის საზოგადოებას ჩვენი დედა-ქალაქი:
★ „ტფილისის ნახვა ერთსა და იმავე შთაბეჭდილებასა სტოვებს ყოველ უცხოელზე. მდებარეობა ამ ქალაქისა, მისი მიდამო, ყოველ ქუჩის საკუთარი, განსხვავებული ცხოვრება, მხიარულობა და სიმარტივე საზოგადო ცხოვრებისა, ყოველივე ესე ერთად ჰმოქმედობს მაყურებელზე საკვირველის ძლიერებით, და სასიამოვნოდა გრჩებათ ნახული.თუ მკითხველი მოინდომებს გონების თვალით გამომყვეს თან, მე დავანახვებ უფრო საინტერესო ადგილებს ტფილისისას, რომ ცოტათი მაინც წარმოიდგინოს ეს ადგილი. უწინარეს ყოვლისა გავიაროთ რამდენიმე ქუჩა მორთულისა და კოხტა სოლოლაკისა. მერე ავცოცდეთ მთიან ბილიკზე, რომელსაც მივყევართ ციხის ნანგრევებთან, და იქიდამ გადავხედოთ საუცხოვო სანახავს ქალაქისას. უკეთესი დრო საღამოა, თუ გინდათ უფრო მეტად ასიამოვნოთ თქვენი თვალი. მაინც ზაფხულობით არავისაც არ მოუვა აზრად, თუ არა საღამოს, სხვა დროს შეუდგეს ამ მძიმე გზას.
ციხის დანგრეულ კედლებიდამ თქვენს თვალ წინ გადაშლილა უთვალავი ბანები სახლებისა და გუმბათები ეკკლესიებისა და ამათ შორის მოსჩანს დახლაკნილი და მღვრივე მდინარე მტკვარი. იქვე თქვენს ქვემოდ მიკრულია ძველი ქალაქი, მთელი ლაბირინთი ვიწრო და მრუდე ქუჩებისა, რომელნიც თავ-თავქვე მიექანებიან გარეთუბნის მოედნიდამ მტკვრისაკენ.
აქა სდგას სიონის სობორო, სწორედ ამ ადგილას მდინარე თანდათან ვიწროდ მიდის, და ხალხსაც გამოუყენებია ეს სივიწროე იმითი, რომ ხიდი გადუდვია ზედ. ამ ხიდს აჰყევხართ მეტეხის სიმაგრეში, რომელიც დღეს საპყრობილედ არის გარდაქმნილი, და ქალაქის აზიურ ნაწილში, რომელსაც ავლაბარი ჰქვიან.
მარცხნივ რომ გააყოლოთ თვალი იმ ქედს, რომელზედაც ჩვენა ვდგევართ, დაინახავთ აყუდებულს მთას, სახელად მთაწმინდას. ამ მთის შუა ნაწილზე ზევით მოსჩანს სპეტაკი ეკკლესია წმ. დავითისა, რომლის უკანაც აღმართულია კედლის მსგავსად მაღალი, გახრიოკებული, შავი კლდიანი მთა. ეკკლესიისა და მტკვრის შუა მანძილი რომ აიღოთ და შუა გაჰყოთ, სწორეთ ამ ნახევარზე, გოლოვინის პროსპექტის დასაწყისში, გადაჭიმულა სასახლე მთავარ მართებელისა, თავისის მოზრდილის ბაღით. ბულვარსა და მტკვრის შუა გაშენებულია ქალაქის ბაღი ალექსანდრეს სახელობისა. ახლა თუ გაჰხედავთ მდინარის იქითა ნაპირს, ავლაბრის ზემოთკენ, მთაწმინდის პირდაპირ, თქვენ დაინახავთ სხვა-და-სხვა სამხედრო უწყების შენობებს, არსენალსა და კარვებს. იმის აქეთ, მდინარის პირ-პირ ჰხედავთ დიდს ამწვანებულს ნაწილს ქალაქისას, რომელიც აჭრელებულია მიხეილის ქუჩის ბაღებით. მიხეილის ქუჩას ბოლო მიუბჯენია უწარჩინებულ ბაღისათვის და ამ ბაღსა ჰქვიან მუშტაიდი.
შევაყოლოთ თვალი მთებამდის, მერე მოვტრიალდეთ, შევუშვიროთ ზურგი ქალაქსა და ახლა გადავიხედოთ ბოტანიკის ბაღისაკენ, რომელიც ჩასაფრებულა დაფარულს გამოქვაბულს კლდეში. საუცხოვო ადგილია სეირნობისა საღამობით. ბაღის იქით მოჩანს თათრის სასაფლაო“.
***
[ეს არის თვალის მოკვრა მთელის ტფილისისა საერთოდ და უნდა გამოსტყდეთ, რომ უკეთესს ადგილს ვერ ამოარჩევდით ქალაქის დასათვალირებლად. ციხიდამ მართლაც-და მთელი ტფილისი ისეა გადაშლილი თქვენის თვალის წინ, თითქო ხელის გულზე იყოსო.
რაკი ამ სახით ბ-ნი უორდროპი საზოგადო სურათს აჩვენებს მკითხველს, შემდეგ კერძოთ აღწერს, რაც-კი ყურადღების ღირსია უცხოელისათვის. გარეთუბნის მოედანი არის გული ტფილისის ვაჭრობისაო და, მართალია, მაგდენად მდიდარი არ არის, მაგრამ მაინც გაგონებთ პეტერბურგის „გოსტინი დვორსაო“. ამ მოედნიდამ გაჰყვება ჯერ სასახლე ქუჩას და არ დაჰვიწყებია არწრუნისეული ქარვასლა, სადაც დღეს ქართული თეატრია. ახალი საქალაქო თეატრიც დიდად მოსწონს თავისის შენობით და ამბობს, რომ ამ ტეატრის დამთავრება უფრო დაამშვენებს გოლოვინის პროსპექტსაო. უეჭველია, დაიკეტება ის ჭუჭყიანი დუქნები, სადაც ეხლა ლუდსა ჰყიდიან, და მაშინ ამ პროსპექტისთანა ლამაზი და მოხდენილი ქუჩა მთელ დედამიწის ზურგზე ბევრი აღარ იქნებაო, რადგან საუცხოვო რამ მდებარეობა აქვს და ამ მხრივ ადვილად შეედრება პრინცის ქუჩას ედინბურგისასაო.]
***
★ „მთაწმინდა, რომელიც შავად აღმართულია საკმაოდ მაღლა, ცისაკენ და შემკულია თეთრის ეკკლესიით, ტფილისისათვის იგივეა, რაც ციხის მთა ახალ ათინისათვის“.
***
[გარდა მდებარეობის აღწერისა, ბ-ნ უორდროპს სხვა-და-სხვა საცნობი თქმულება და ანეგდოტებიც მოჰყავს თავისს წიგნში. მაგალითად, აი რას ვკითხულობთ შესახებ მთაწმინდისა:]
★ „წმ. დავითის ეკკლესია უნდა ხუთშაბათობითა ჰნახოთ, რადგან ამ დღეს მუდამ წირვაა და ქალებით გაჭედილია საყდარი. სოლოლაკიდამ შეუდგებით ლაბორატორიის ქუჩას, რომელიც რჩეული ქუჩააა ტფილისში, და გახვალთ მთაწმინდის ქუჩაზე. ეს ქუჩა ძალიან აღმართია, ვერც კარგაა ნაფენი ქვით. დაადგებით მთაწმინდის ქუჩას და მიხვალთ მთიან გზასთან, რომელიც მიიკლაკნება მთა-მთა და მიჰყევხართ მამა დავითში.
მამა დავითი იყო სირიელი ბერი, რომელიც მეექვსე საუკუნეში მოვიდა საქართველოს და განდეგილი სცხოვრებდა ტყეში, რომლითაც მაშინ ეს მთა ყოფილა დაფარული. თქმულობა არის, რომ ამ მთის სიახლოვეს სცხოვრობდა ერთი გასათხოვარი ქალი მდიდრის კაცისაო. ამ ქალმა იგრძნო გუნებ-ნაქცეობა თავისი და იფიქრა, რომ უკეთესად გაიმართლებდა თავს, თუ წმინდა კაცს დააბრალებდა თავისს ცოდვასაო. მამა დავითმა, რასაკვირველია, უარ-ჰყო და საჯაროდ გამოიწვია ცილის-მწამებელი ქალი. თავისი სიმართლე წმინდა ბერმა იმითი დაამტკიცა, რომ ბავშვს მუცლიდამ დაასახელებინა ის კაცი, ვინც იყო იმისი მამა. შემდეგ ამისა, წმინდა დავითის ლოცვით, ეს ბავშვი ქვად იქცა და ქალმა მაშინვე წაიღო ეს ქვა იქიდამა. იქვე დავითმა სთხოვა ღმერთსა, რომ წყარო გამოსულიყო ცხოვრებისა და ნაყოფიერებისა. ეხლაცა ჰხედავთ თქვენ ამ წყაროს, და გათხოვილი ქალები ძალიან ეტანებიან იმის წყალსა.
მთაზე ასვლას ოცი წამი მძიმე სიარული მაინც მოუნდება და რაც გინდა დიდი მომხრე იყოთ მალტუზისა, არ დაიშლით და გაექანებით ამ წყაროსკენ, რომ მოიკლათ წყურვილი“.
***
[შემდეგ ნაამბობი აქვს ავტორს ჩვეულება, რომ მამა-დავითში ამსვლელს თან მიაქვს ან ქვა, ან აგური და რომ ამ გვარად შეუგროვებიათ მასალა ეკკლესიის ასაშენებლად. არც ის გამოჰპარვია ბ-ნ უორდროპს, რომ მლოცველი ქალები დაიჭერენ ხელში ბამბის ძაფს, სამჯერ შემოუვლიან და შემოავლებენ ეკკლესიას. მერე აიღებენ კენჭებს და მიაკვრენ კედელს. თუ ღმერთმა შეუსმინათ, კედელი დაიჭერს კენჭსა, თუ არა-და - არა. თუ მიეკრა კენჭი, გათავებული საქმეა - ქმრიანს ქალს შვილი ეყოლება და გასათხოვარი ქმარს იშოვნისო.]
***
[მთაწმინდაზე ავტოს ყურადღება მიუქცევია საფლავის ქვას, რომელსაცა აქვს შემდეგი წარწერა: „ალექსანდრ სერგეევიჩ გრიბოედოვი დაიბადა 4 იანვარს 1795 წელს, მოკლულ იქმნა თეირანში 30 იანვარს 1829 წ. ხსენება შენი და საქმენი შენნი არასოდეს არ დაავიწყდება რუსეთს, მაგრამ რად-ღა ვარ ცოცხალი მე, შენი დამკარგველი?“
ბ-ნი უორდროპი მცოდნეა რუსეთის ცხოვრებისა და ლიტერატურისა, რის გამოც დაწვრილებით გვიამბობს გრიბოედოვის ღვაწლსა და მისს თავ-გადასავალს, მისს ყოფნას საქართველოში და შერთვას ნინო ჭავჭავაძისას.]
★ „გრიბოედოვის სურვილი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ საქართველოში დაემარხნათ. ჭირისუფლებმაც ამოარჩიეს რომანტიული ადგილი მთაწმინდისა, რომელიც ასე მოსწონდა გრიბოედოვს, როცა ტფილისში იყო. მშვენიერმა ნინომ არ უღალატა თავისის ქმრის სახელს და გლოვობდა ოც-და-რვა წელი, ვიდრე თვით ამისი გვამიც არ აატარეს მთაწმინდის ბილიკზე და არ ჩაასვენეს ქმრის გვერდით“.
[ავტორს დიდად მოსწონს მთაწმინდა.]
[ტფილისის არც სხვა ადგილები დაუტოვებია ავტორს უყურადღებოდ, ლაპარაკობს რიყის თაობაზე, აბანოებზე და სხვები. მაგრამ ჩვენ შორს წავალთ, გინდაც რომ ყველაფერი, მისგან შენიშნული, მარტო მოკლედ მოვიყვანოთ...]