#უცხოელი მოგზაურები ტფილისზე - ბარონი დე ბაი |

ბარონი დე ბაი
[ფრანგი მეცნიერი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო, ბარონი დე ბაი, რომელმაც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში რამდენჯერმე იმოგზაურა საქართველოში. სამეცნიერო მივლინების ანგარიშებს იგი მოხსენების სახით კითხულობდა პარიზის გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ხოლო შემდეგ ცალკე წიგნების სახით გამოსცემდა, რომლებსაც თან ერთვოდა ავტორის მიერ გადაღებული ფოტოები. წინამდებარე გამოცემაში გაერთიანებულია მოგზაურის მიერ პარიზში სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ნაშრომები: „საქართველოში“, „თბილისი“, „იმერეთში“ და „აფხაზეთში“.]

***

„7 ივნისს ცნობილს მოგზაურსა და არქეოლოგს ბარონ დე-ბაის პარიჟში წაუკითხნია ლექცია ტფილისისა, იქ მცხოვრებთა და ისტორიულ ნაშთების შესახებ“, - გაზეთი „ივერია“, 1900 წ.

★ პოეტი ან მხატვარი უნდა იყო, რომ წარმოსახო ის სურათი, ან უმღერო იმ სანახაობას, როგორსაც თბილისი წარმოადგენს.

სამწუხაროა, რომ მე არც ერთი ვარ და არც მეორე, არამედ ვარ უბრალო მოგზაური, მესამედ მოჯადოებული ამ ქალაქის ორიგინალობით და მსურს, რომ თქვენც გაგაცნოთ, გაგიზიაროთ ის შთაბეჭდილებანი, რომლებიც აქ შევიგრძენი. თვალწარმატაცია აღმოსავლეთის თითქმის ყველა ქალაქი, იქნება ეს თავისი თვითმყოფადი ელფერით თუ იმ ცხოვრებით, რომელიც მის კედლებში ჩქეფს.

თითქოს მოკაშკაშე მზისაგან სესხულობენ თავიანთ იერსახესა და ბრწყინვალებას საუკუნეების მანძილზე მიძინებული ცივილიზაციის ძეგლები.

აღმოსავლურ ძილში მთვლემარე თბილისი არის ერთ-ერთი ანტიკურ დედოფალთაგანი, რომელიც მოულოდნელად, თითქოს ძალდატანებით, მოდერნიზმის მოჭარბების შედეგად მიემართება დაისიდან – პროგრესისკენ.

ჯადოსნურ ღრუბლებში მოჩანს ცუდად აღწერილი მისი წარსული, რომლის მიღმა უცნობი ამბავი ლეგენდარული ისტორიის სახეს იძენს, ხოლო ცნობილი – მომხიბვლელი პოეზიისას.

თვით თბილისის წარმოშობაც ხომ ლეგენდაა.

[...]

თავისი დაარსების პერიოდში საქართველოს დედაქალაქი სამ უბნად იყოფოდა: საკუთრივ „თბილისი” ეწოდებოდა იმ ნაწილს, რომელიც გარს ერტყა მინერალურ წყლებს, შემდეგ „კალა”, ციხესიმაგრე, რომლის ნანგრევებიც ჯერ კიდევ მოჩანს და მტკვრის მარცხენა ნაპირს უერთდება. მტკვრის ორივე მხარეს, ერთმანეთის პირისპირ მდებარეობდა ქართველ მეფეთა უძველესი საცხოვრებელი და მუსლიმან მებატონეთა ციხესიმაგრე.

მცხოვრებთა განსახლება რამდენადმე წარმოგვიჩენს თბილისის ისტორიას, მუსლიმურ ციხესიმაგრეში ყოველთვის სპარსელები და თურქები ცხოვრობდნენ, მუსლიმანები, დღესაც კი, ან ნანგრევების გარშემო არიან დასახლებულნი. ქალაქის ამ ნაწილში აბანოებია განლაგებული. მან შეინარჩუნა თავისი სახელი „სეიდ აბადი”, რაც ნიშნავს სეიდების, ე. ი. მუჰამედის შთამომავლების, საცხოვრებელს. იმ უბანს, სადაც ბაზარი მდებარეობს, ეწოდებოდა „ქალაქი”. ახლაც სომხებით დასახლებული ეს ადგილი სომხური ბაზრის სახელწოდებას ატარებს.

მტკვრის მარცხენა ნაპირზე გაშენებული მესამე ნაწილი დასახლებული იყო ქართველებითა და სომხებით. ეს არის ძველი „ისანი”, თანამედროვე ავლაბარი. ავლაბრის ხიდამდე ჯერ კიდევ ბაზრიდანვე მოჩანს მეტეხის ტაძარი, რომელიც თავზე ამაყად ადგას ციცაბო კლდეს, სამწუხაროდ, თბილისში მცხოვრები საქართველოს პირველი მეფეების უძველესი სასახლისგან მხოლოდ ესღა დარჩა.

[...]

გამვლელი უყურებს ქუჩებში ტანსაცმელისა და ეთნოგრაფიული ტიპების მრავალფეროვნებას. ესმის სხვადასხვა ენაზე საუბარი და ასეთი განსხვავებული ძეგლების ნახვისას, საკუთარ თავს ეკითხება, თუ რა ელემენტებმა განაპირობა თბილისის მოსახლეობის შექმნა. ეს ქალაქი ორმაგად ქართული იყო: როგორც სამეფოს დედაქალაქი და მეფეთა რეზიდენცია. ქართველი მოსახლეობისაგან შედგებოდა მოსამსახურე პირები, გარნიზონი, მოხელეები, ხელოსნები და სხვა... მაგრამ ამ ელემენტებმა ვერ შეძლეს მოსახლეობის უმრავლესობის შექმნა. საქართველოს სისუსტე თავადაზნაურობასა და გლეხთა შორის შუამავალი ფენის ნაკლებობაში მდგომარეობდა. ქართველებს, მებრძოლებსა თუ მიწათმოქმედებს, მხოლოდ ქალაქში კი არა, თავიანთ სოფლებსა და ციხესიმაგრეებშიც უნდა ეცხოვრათ. მათ მიწა უნდა დაემუშავებინათ და დაეცვათ ქვეყანა დაუსრულებელი შემოსევებისაგან, ეს მრავალი წლის წინ მოსულმა სომხებმა შეავსეს.

სწორედ ამით აიხსნება, რომ საქართველოში ქალაქები მეტწილად სომხებითაა დასახლებული. ტურნეფორის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა 1704 წლიდან შედგებოდა 14 000-მდე სომხის, 3 000-მდე მაჰმადიანის, 2 000-მდე ქართველისა და 500 კათოლიკესაგან. აკადემიკოსი გულდენშტედტი, რომელიც 1772 წელს ეკატერინემ თბილისში გაგზავნა, თავის მოხსენებაში ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის ნახევარს სომხები, ხოლო მეორე ნახევარს ქართველები და თათრები შეადგენენო. ბურჟუებისა და გილდიის წარმომადგენლების, ხელოსნების ძირითადი ნაწილი აგრეთვე სომხები იყვნენ, მაგრამ საქართველოს ისტორიის შექმნაში ისინი არავითარ მონაწილეობას არ იღებდნენ.

[…]


ანჩისხატის ტაძარში მოდიოდნენ და ახლაც მოდიან აღდგომის შემდგომ პირველ კვირა დღეს სადღესასწაულოდ მორთული ახალგაზრდა გასათხოვარი ქალიშვილები. ახალგაზრდა გოგონას თბილისშიც კი ჩვეულებრივ ასე ეუბნებიან: „შენ მზადა ხარ ანჩისხატისათვის, საჭიროა, რომ ანჩის ხატში გამოჩნდე”. ეს სიტყვა ქათინაურად ითვლება.

ამით იმის თქმა სურთ, რომ ეს გოგონა მოხიბლავს ანჩისხატის დღესასწაულზე მოსულ ხალხს, იგივე ფრაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც დაცინვა. როცა უნდათ დაამცირონ ახალგაზრდა გოგონა, რომელიც შინაურების წრეში ბევრს იპრანჭება, ასე ამბობენ: “აქ კი ძალიან კარგია, მაგრამ ასეთივე იქნება „ანჩისხატში?!”

[...]

თუ მზერას მიაპყრობთ მთას, რომელიც ევროპული ქალაქის მშვენებას წარმოადგენს, მის მოქუფრულ სიღრმეში დაინახავთ თეთრად მოქათქათე წმინდა დავითის ეკლესიას. თითქოს რაღაც იდუმალ ძალას უჭირავს იგი დაქანებული კლდის პირას. ეს ტაძარი დიდი თაყვანისცემით სარგებლობს. ოცდაათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც იგი ააშენეს. თითოეულ მლოცველს მოჰქონდა ერთი ან ორი აგური. მრავალი ქალი მოდის აქ, რათა ღმერთმა მათ მიანიჭოს დედად გახდომის ბედნიერი წუთი.

[...]

შაბათ საღამოს თუ მოისურვებთ თქვენი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებას, ფეხით გაიარეთ ქალაქის ქვაფენილებზე, რომლებიც წვეტიანი რიყის ქვებისაგან არის გაკეთებული. თქვენ წააწყდებით მოშავო ფერის ქვებისგან გაკეთებულ კიბეს, რომლის ქვემოთაც დგას მლოცველთა ეტლები. მათ იმის გამო, რომ უფრო სწრაფად და უშიშრად მოსულიყვნენ ამ ადგილას, თავიდან აიცილეს სამლოცველოსაკენ მიმავალი ცუდი გზა.

იმ დროის განმავლობაში, ვიდრე ისინი ადიან კიბის გაცვეთილ საფეხურებზე, მათ აყრუებთ სამლოცველოს ზარების ხმა, თუმცა მათი რეკვა ვერ ახშობს მათხოვართა ხმებს. უსინათლონი მღერიან გულისგამგმირავ სპარსულ მელოდიას და მათ კვნესა-ოხვრაში ტკივილი და სიხარული ხმაურით ენაცვლება ერთმანეთს. მათი ხელები ეხლართება თარის სიმებს. მათი ბაგე იკუმშება, რათა გამოსცეს მომთხოვნი და საბრალო ხმა, მათი ფართოდ გახელილი თვალები გაშტერებული და უძრავია ნაცრისფერი, გაუმტარი სამოსელის ქვეშ. კიბე გრძელდება ერთმანეთთან მჭიდროდ მდგარ სახლებს შორის, რომელთა ბანიანი სახურავები უსწორმასწოროდ არის ერთმანეთზე მიწყობილი აღმოსავლურ ყაიდაზე გამოთლილ ხის უწესრიგობაში; მერცხლის ბუდესავით დაკიდებული აივნებით, ერთმანეთისაგან განსხვავებული ფანჯრებით, მოხატული ლარნაკებით, გამოფენილი ჭრელი და მრავალფეროვანი ხალიჩებით.

ეს არის აღმოსავლეთი თავისი უსუფთაობითა და მშვენიერებით. კონტრასტივით მოჩანს არა აქაურ, არამედ პარიზის უკანასკნელ მოდაზე ჩაცმულ სომეხ ქალთა პროცესია. ვუყურებდი ამ სპექტაკლს და ჩემს თავს ვეკითხებოდი, – რას ნიშნავდა ეს ლამაზი ჩაცმულობა – აღმოსავლეთის გამარჯვებას თუ დასავლეთის დეკადანსს!

მიწყნარდა ზარების ხმა და მათხოვართა ხმები სიშორეში ჩაიკარგა, ლიტურგიულმა სიმღერებმა შეაღო ბეთლემის ეკლესიის კარი, რომელიც სანთლების შუქზე ნათდება, სპარსული ხონჩა აწვდის მნათეს მუგუზლებს საცეცხლურისათვის. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივი ოქროსფრად ანათებს ოდესღაც ქართულ, ხოლო ამჟამად უკვე სომხურ მონასტერს. სამრეკლოს შენარჩუნებული აქვს ძველებური იერსახე. სპარსული წახნაგოვანი კარი გადის ფართო აივანზე, საიდანაც შეიძლება მთელი ქალაქის დანახვა. საოცრად ლამაზია იგი შებინდებისას. თვალს ვაყოლებთ მტრედების გუნდის ფრენას და ვხედავთ ძველი სახლების ქაოსიდან წამომართულ აგურის გუმბათს, რომელიც აგვირგვინებს ოთხკუთხა მონუმენტს. პლატონ იოსელიანის მიერ იგი განხილულია როგორც ათეგა, ე. ი. ცეცხლთაყვანისმცემელთა მონასტერი.

[...]

თუ კლდეში გამოჭრილი ბილიკით უნაყოფო მთას აუყვებით, მიაღწევთ მწვერვალს, რომელიც სპარსული ციხესიმაგრის შთამბეჭდავი ნანგრევებით მთავრდება და საოცრად გაკვირვებული რჩებით ოდნავ გადახრილი კიდევ ერთი მონასტრის ხილვით. მას გარს აკრავს საუცხოო ბოტანიკური ბაღი, რომელიც ჩანჩქერამდე ჩადის. ეს ბაღი მხოლოდ თავისი განსაკუთრებული მდებარეობით კი არა, გაფორმების გემოვნებითაც არის მომხიბვლელი შეფოთლილი ხეების სიღრმეში მოჩანს დანგრეული კედლები, გაშლილი კოშკები, ერთ-ერთი იმათთაგანი მოწმე იყო 1795 წელს აღა-მაჰმად ხანის მიერ ქალაქის აოხრების დროს მომხდარი ტრაგიკული ეპიზოდისა.

[...]

თბილისის მრავალრიცხოვანი მაჰმადიანები ყველანი შიიტები არ არიან, მათ შორის სუნიტებსაც ვხვდებით: როგორც ერთი, ისე მეორე შტო ირანის უდიდესი გავლენის ქვეშ მოექცა. სუნიტების სულიერ მამას ამიერკავკასიის მუფტის სახელწოდება აქვს. თითოეული ამ ორი სექტიდან ფლობს თავის მეჩეთს.

მბრძანებელი თათრები – უბრალოდ რუსების ხელქვეითები გახდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათი როლი ძალიან დასუსტდა, ისინი რუსებზე მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ. მე ვფიქრობ, რომ ამ მოსაზრებით იმპერიის მთავრობას შეუძლია თავის სასარგებლოდ გამოიყენოს ეს ხალხი, რადგანაც ამ მაჰმადიანებში პირდაპირობა იგრძნობა.

თუ მოსახლეობის ამ მნიშვნელოვანი ნაწილის ერთგულებას მოიპოვებენ, ნაკლებად ცივილიზებული თათრების გამოყენება შეიძლება სხვა ადგილობრივ მცხოვრებლებთან დასაპირისპირებლად, რომელთა მიზანია, რომ უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

რუსები? შემეკითხებით – თქვენ, რადგანაც თბილისი პოლიტიკურად რომ ვთქვათ, ბოლოს და ბოლოს რუსული ქალაქია. სწორედ ამ ქალაქში, ბრწყინვალე სასახლეში აქვს რეზიდენცია ქვეყნის გამგებელს – კავკასიის ადმინისტრაციის უმაღლეს მეთაურს. ამჟამად ამ ფუნქციებს ასრულებს მისი უბრწყინვალესობა თავადი გრიგოლ გოლიცინი; ამას გარდა, იგი არის კავკასიის სამხედრო ძალებისა და ყუბანისა და თერგის კაზაკების სარდალი.

1876 წლისათვის თბილისის მოსახლეობის 104,000 მცხოვრებიდან 30,813 რუსი იყო. მასში შედიოდა გარნიზონის 10,615 ჯარისკაცი. სამხედრო პირების გარდა იყვნენ აგრეთვე ჩინოვნიკებიც.

თუ თქვენ ჩაჯდებით ერთ-ერთ იმ მორთულ ეტლში, რომელსაც პომპეზური სახელი „ფაეტონი” ეწოდება, თქვენი მეეტლე უსათუოდ იქნება ერთი იმ სხვაგვარად მოაზროვნე რუსთაგანი, რომელსაც „მოლოკანი” ჰქვია. ძალიან შორს წაგვიყვანდა დეტალურად მოყოლა ამ სექტის წარმოშობისა, რომელიც XVII საუკუნის მეორე ნახევარში ჩამოშორდა დუხობორების სექტას. იგი წარმოიშვა ტამბოვის გუბერნიაში, გაფართოვდა და დაახლოებით ორმოცდაათი წლის შემდეგ მოლოკნები ხელისუფლებამ გადაასახლა კავკასიაში (მათი სარწმუნოების დოქტრინაში ადვილია პროტესტანტიზმის გავლენის შემჩნევა). სახელი – მოლოკანი, რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან „მოლოკო” (რძე), მათ ეწოდა ტამბოვის საეკლესიო კონსტიტუციისაგან, რადგანაც ისინი რძეს სვამენ მარხვის დროს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვითონ მოლოკნები თავიანთ თავს სულით და შეგნებით ქრისტიანებად თვლიან და თავიანთი სახელის წარმოშობას სხვაგვარად ხსნიან, რომლის მიხედვითაც მათი დოქტრინა არის სიტყვა – რძე, რის შესახებაც წერია წმინდა სახარებაში.

თბილისი 1801 წლამდე, ე. ი. სანამ იგი რუსეთის მფლობელობაში შევიდოდა, იყო პატარა ქალაქი გარშემორტყმული ბაღებითა და კედლებით, რომელთა მისასვლელები უსაფრთხო არ იყო იმ ლეკი ყაჩაღების მიზეზით, რომლებიც იქ გამვლელებს უდარაჯებდნენ. ეს გამაგრებული ზღუდეები რუსეთის ადმინისტრაციამ დაანგრია 1816-სა და 1826 წლებს შორის, განსაკუთრებით კი გამოჩენილი გენერლის ერმოლოვის მმართველობის დროს, რომელმაც ბევრი გააკეთა თბილისის გამშვენიერებისთვის. რუსეთმა თბილისი თანამედროვე, ლამაზი ქალაქების რანგში აიყვანა, მოაცილა მას ძალიან ვიწრო საზღვრები, შემატა ახალი უბნები, სკოლები, ბიბლიოთეკები, სხვადასხვა სახის დაწესებულებები, დაბოლოს, ორი მუზეუმი. ერთი, დაარსებული ალექსანდრე III-ის მეფობის დროს, წარმოადგენს გამარჯვების ტაძარს, იგი აღსავსეა რუსეთის მიერ კავკასიის დაპყრობის ბრწყინვალე მოგონებებით, მეორეა 1867 წელს დაარსებული მეცნიერების ტაძარი, სადაც თავმოყრილია კავკასიის ბუნებისმეტყველების ისტორიის ამსახველი მრავალი დოკუმენტი, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალა.

[...]

რაც შეეხება სხვა თანამედროვე შენობებს, მე თქვენ ყველას არ ჩამოგითვლით, დავასახელებ მხოლოდ სამხედრო კათედრალურ ტაძარს, რომელსაც საყვედურობენ, რომ გარედან მეჩეთის შესახედაობა აქვს. მიუხედავად მისი ცოტა მძიმე შტრიხებისა, იგი მაინც სიდიადის შთაბეჭდილებას ახდენს.

მე აღვნიშნავ აგრეთვე სამეფო თეატრს, რომელიც აღმოსავლური გემოვნებით არის აშენებული, მისი პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ შრიოთერს, ხოლო შენობა აგებულია არქიტექტორ სიმონსონის მიერ. ის დაჯდა 800 000 მანეთი.

მაგრამ ახლა დავტოვოთ ახალი უბნები და გავუდგეთ მშვენიერ, ძველი თბილისისკენ მიმავალ გზას. მივემართებით ერევნის მოედნისაკენ, რომელიც ქალაქის გულს წარმოადგენს და სადაც თავმოყრილია ერთმანეთში არეული აზიური და ევროპული ელემენტები. აი, აქ შეგიძლიათ თვალნათლივ დაინახოთ ერთსა და იმავე სკამზე მჯდომი აზია და ევროპა, ქარვასლის პირდაპირ აღმართულია სათათბირო, ე. ი ქალაქის დუმა, მარჯვნივ მე ვხედავ გაზეთ “კავკაზის” აბრას.

[...]

გავიდეთ მოედანზე, სადაც ერთმანეთს ერწყმის ამდენი სხვადასხვა ტიპი. აი, სომხებისა და ქართველების დუქანი, მაჰმადიანების მსგავსად, ისინიც ზეპირად ანგარიშობენ. სომხებმა, თავიანთი მუდმივი მოქმედებით, გულმოდგინე და ჯიუტი შრომით, საქმისადმი განსაკუთრებული ნიჭიერებით შეძლეს მოეპოვებინათ არსებულ ეტაპზე ძლიერება, რომლის მთავარი ფაქტორი სიმდიდრეა.

უსამართლობა იქნება არ ვაღიაროთ მათი უნარიანობა და შეუპოვრობა. ურთიერთთავდებობა, კომერციის ნიჭი, რომელიც უზრუნველყოფს მათ დღითიდღე მზარდ უპირატესობას.

თავიანთი წარსულით ისინი მომზადებულნი აღმოჩნდნენ დღევანდელი მატერიალური ცხოვრების მოთხოვნილებისადმი. გუშინდელი საქმის კაცები, დღესაც ასეთები არიან, მათი უპირატესობა უშიშრობაა, რომლითაც ისინი უზრუნველყო რუსეთის მთავრობამ.

ქართველები კი ასეთები არ არიან. მათ უცებ გაიარეს ფეოდალური წყობა, შუა საუკუნეებიდან XIX საუკუნის ჩათვლით. ამ ხალხის ისტორიული ცხოვრება ხანგრძლივი ბრძოლა იყო, სადაც ბრწყინავდა მათი გმირობა, დიდი სიყვარული იარაღისადმი. მათი გულუხვობა, მათი ხასიათის სიდიადე ნაკლებად ეხამება თანამედროვე ცხოვრების წვრილმან ანგარებას. ისინი გამოირჩევიან გრძნობათა დიდი აღზევებით, თავიანთი ღირსების შეგნებით. ქართველები კი არ ვაჭრობენ თავიანთი მეგობრობით, არამედ უანგაროდ გასცემენ მას. ძალიან შორს წაგვიყვანდა არმიის ვეტერანი ქართველების ჩამოთვლა, რომელთა ბრწყინვალე სახელები ოქროს ასოებითა და სისხლით არის ჩაწერილი რუსეთის მიერ აღმოსავლეთში წარმოებულ ომების ისტორიაში. თბილისის ქუჩებში ხშირად შეხვდებით ამ მოხუც გმირებს.

[...]

ქართველებმა ჯერ კიდევ ვერ მოიხდინეს ის ტანსაცმელი, რომელსაც პიჯაკი ჰქვია და რომლისადმი მისწრაფებაც მრავალი ქვეყნის ხალხს გაუჩნდა. ისინი ატარებენ ელეგანტურ და მომხიბლავ ჩოხას. საფიქრებელია, რომ ეს უკვე დიდი ხნის განმავლობაშია მათთვის დამახასიათებელი ეროვნული ჩაცმულობა. დაახლოებით XV საუკუნემდე თავადების ტანსაცმელი ბიზანტიიდან იყო გადმოღებული, შემდეგ შეიმჩნევა სპარსული გავლენა. [...] ქართველების ჩაცმულობა ცოტათი შეიცვალა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის თანდათან უფრო ცილდება ჩვენს მოდას.

იმ ქართველების შესახედაობა, რომელთაც ქუჩაში შეხვდებით, სრულიადაც არ არის ერთნაირი. თუ მათი წარმოსადეგობა ყოველთვის კეთილშობილური და ამაყია, ტიპები სხვადასხვანაირი გვხვდება: კახელებს უფრო მრგვალი სახეები აქვთ, იმერლებს უფრო მოგრძო. მე ზოგიერთი ქართველის სახეზე ბერძნული შტრიხებიც კი შევამჩნიე.

თუ თქვენ იმერელს შეხვდებით, მას უსათუოდ იცნობთ იმ არტისტული მანერით, რომლითაც ის ყაბალახს ატარებს. თითოეული თავისი გემოვნებით იხურავს მას ისე, როგორც უფრო უხდება, და ეს მრავალფეროვნება ერთმანეთზე უფრო მომხიბლავია, ყაბალახი სოფლებში მოქსოვილი ნაჭრებისაგან იკერება და მას უმეტესად კავკასიაში ატარებენ, აქედან გავრცელდა მისი ხმარება რუსეთშიც.

ყაბალახების ფერი, ჩოხა-ახალუხის ფერის შესაბამისად იცვლება. თბილისის ქუჩებში თქვენ შეხვდებით თათრებს, რომელთაგან ერთნი ყიდიან ყაბალახებს, მეორენი ფირუზის თვლებს. ამ სპარსულ ქვას თქვენ შეამჩნევთ როგორც მამაკაცის, ასევე ქალის თითებზე.

მოკლედ, თბილისის ქუჩები დამთვალიერებლისთვის ცოცხალ სურათს წარმოადგენს.

[...]

ერევნის მოედანზე, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით, სკვერში აღმართულია პოეტ პუშკინის ძეგლი, სკულპტორ ჰოდოროვიჩის ნამუშევარი, იგი დადგეს 1892 წლის მაისში, მისი კავკასიიდან თბილისში 1829 წლის მოგზაურობის აღსანიშნავად. ამ უკვდავმა გენიამ კავკასიაში ჰპოვა ისეთივე ამაღლებული აღმაფრენა, როგორიცაა ის მაღალი მწვერვალები, რომლებიც ღრუბლებში იკარგება.

ამ პიროვნების წარდგენის შემდეგ, გავემართოთ ცნობილი აბანოებისაკენ და თან წავიღოთ პუშკინის ქმნილებანი, გადავშალოთ ისინი და სიტყვა მივცეთ ამ შეუდარებელ მწერალს:

„აბანოს შესასვლელთან მე ვხვდები მოხუც სპარსელს, იგი მეპატრონეა. ის აღებს კარს, მე შევდივარ ვრცელ ოთახში და რას ვხედავ? ორმოცდაათზე მეტი ქალი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ნახევრად ან უფრო ნაკლებად ჩაცმული, სხედან კედლის გასწვრივ. ზოგიერთი იცვამს, ზოგი იხდის ტანსაცმელს, მე ვჩერდები, – წავედით, ამბობს მეპატრონე, დღეს სამშაბათია, ქალების დღე. არა უშავს! კაცების გამოჩენამ არავითარი ეფექტი არ გამოიწვია, ქალები განაგრძნობდნენ სიცილს და ერთმანეთს შორის ბაასს. არავინ აჩქარებულა, რომ დაეფარა ტანი ტანსაცმლით. არავის არ შეუჩერებია გახდა. ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს შეუმჩნეველი ვიყავი“.

როგორც კონტრასტი, აქვე მინდა დავუმატო, რომ მე არ შემხვედრია იმაზე მეტად გულმიუსვლელი მოხუცი ქალები, როგორც ქართველებია, ისინი ნამდვილ ჯადოქრებს ჰგვანან.

დავტოვოთ ვესტიბიული და შევიდეთ აბანოში. იქ არის ქვით მოპირკეთებული აუზი, რომელიც სავსეა თბილი გოგირდის წყლით. არც რუსეთსა და არც თურქეთში არ შევხვედრივარ თბილისზე უფრო მდიდრულ აბანოებს. მეპატრონე თათარი მექისის მფარველობის ქვეშ მტოვებს. უნდა ვაღიარო, რომ მას ცხვირი არ ჰქონდა, მაგრამ ეს სრულიადაც არ უშლიდა ხელს ყოფილიყო თავისი ხელობის სრული ბატონ-პატრონი. ჰასანმა, ასე ერქვა მას, დამაწვინა თბილ და ქვით მოფენილ იატაკზე და შეუდგა ჩემი სხეულის ნაწილების მტვრევას, ჩემი კიდურების ამოწევას. მართალია, იგი მირტყამდა მთელი ძალით. უმნიშვნელო ტკივილიც კი არ მიგრძვნია, პირიქით, რაღაც საუცხოო შვება დამეუფლა. ამის შემდეგ მან დიდხანს მხეხა ხელთათმანით. გადამავლო გრილი წყალი და ხელახლა მწმინდა საპნით სავსე პატარა ქისით. მე არ შემიძლია აღვწერო ამ შეგრძნების სიტკბო, საპნის ცხელ ქაფში ისე ხარ ჩაფლული, როგორც ნამიან ჰაერში. შემდეგ მან ჩამაწვინა აუზში და ამით დამთავრდა ცერემონია.

დავხუროთ პუშკინის წიგნი და გამოვიდეთ აბანოებიდან. ჩვენ ბაზრის შუაგულში ვართ. ბაზარში გამოირჩევიან ახალგაზრდა კაცები, თავზე დადგმული ხილის მოწნული კალათებით: ესენი „კინტოები” არიან. კინტო თბილისის დამახასიათებელი ტიპია. მას რაღაც საერთო აქვს პარიზის გავროშთან თავისი დამცინავი მახვილგონიერებითა და ორშაბათ დღეს დასვენების ჩვევით, ესენი არიან მოხეტიალე ვაჭრები, რომლებიც მხოლოდ პროდუქტს ყიდიან.

როდესაც ისინი ცოტაოდენ ფულს იშოვიან, იკრიბებიან, რათა მოილხინონ, დალიონ და იმღერონ; ეპატიჟებიან ყველა გამვლელს, რომ მათ ჭიქები მიუჭახუნონ; ყვებიან, რომ ერთხელ ერთ მდიდარ სომეხს ქუჩაში შეხვედრია მეთევზე და შეუთავაზებია მისგან ეყიდა მშვენიერი კალმახი.

„რა ღირს?” შეეკითხა იგი. – „სამი მანეთი!”, „ეს საშინლად ძვირია”, – უპასუხია სომეხს. ამ დროს კინტო მიახლოებია მეთევზეს და გულუხვად მიუცია შეთავაზებული 3 მანეთი. სომეხს გაკვირვებია: „შენ რა, ასეთი მდიდარი ხარ?” – “სრულებითაც არა, მაგრამ მე ვხარჯავ რაც გამაჩნია,” – „და როდესაც აღარაფერი გექნება რაღას იზამ?” – „იმას, რასაც შენ,” უპასუხია კინტოს გონებამახვილურად. კინტოები ძალიან გულუხვები არიან. რასაც ათანაბრებს მხოლოდ მათივე რეალური სიღარიბე.

საქართველოში, სახლებში, ისევე როგორც ბაზარში, თვალნათლივ იგრძნობა სპარსული გავლენა. ეს შეიმჩნევა მუსიკალურ ინსტრუმენტებში, სიმღერის მანერაში, საჭმლის დამზადებაში, სახლის მოწყობაში და რადგანაც ჩვენ სავაჭრო უბანში ვიმყოფებით, აღვნიშნავ, რომ ხელოსნების კორპორაციის ორგანიზაცია გადმოღებულია სპარსული სისტემიდან. მას ეწოდება „ამქარი”, სპარსული სიტყვებიდან „am” – თან, და „Kar” – მუშაობა. ე. ი. ერთად მუშაობა. გაერთიანების უფროსს „უსტაბაში” ჰქვია. „ousta” – მასწავლებელი და „bach” თავი. ამ შეფის მოადგილესაც აგრეთვე სპარსული სახელი ქვია „აკსაჰალ”. „ak” – თეთრი, „Sakhal” – წვერი. ეს ნიშნავს ხანშიშესულ, პატივცემულ კაცს. მოლარე “ხაზინადარია”, კიდევ ერთი სპარსული სახელი. თითოეულ ხელობის კორპორაციას ქრისტიანი პატრონი ჰყავს, რომელსაც მიმართავენ უძველესი სპარსული სიტყვით „pуа”, რაც შეფს ნიშნავს. როგორ შეიძლება გაუკვირდეთ ეს სპარსული გავლენა, თუ გაიხსენებენ, რომ შაჰი მრავალი საუკუნის, განსაკუთრებით კი ბოლო სამი საუკუნის განმავლობაში ენათესავებოდა ქართველი თავადების ოჯახებს, ქართული ეკლესია ზოგჯერ მფარველებსაც კი პოულობდა შაჰის კარზე. მფარველთა შორის ბევრ მათგანს პირად მცველად კეთილშობილი ქართველი ჰყავდა. საქართველოს ზოგიერთი მეფის კარზე ოფიციალურ ენად სპარსული ითვლებოდა. მომაქვს ნაწყვეტი ვახუშტი ბატონიშვილის ქართული ქრონიკებიდან. ეს ქართველი ისტორიკოსია და არ შეიძლება მისი მიკერძოებულობაში დადანაშაულება: „კახეთის მცხოვრებლები, რომლებიც სპარსელებმა ძალით წაიყვანეს, დროთა განმავლობაში მათგან იღებდნენ მაგალითს ჭამასა და სმაში. მათსავით ეძლეოდნენ მოთენთილობას, მათსავით იცვამდნენ ტანსაცმელს, ვარდებოდნენ ფარისევლობაში. ამრიგად, მათ ნელ-ნელა მიატოვეს ქართული ჩვევები და სპარსული ადათ-ჩვეულებანი შემოიღეს, რასაც განსაკუთრებით ქონდა ადგილი XVI საუკუნეში”.

დავუბრუნდეთ ბაზრის ფარდულებს, იქით, სპარსულ ყაიდაზე აცხობენ პურს, რომელსაც ლავაში ჰქვია; იქ ნაირფერ პირამიდებადაა ხილი დახვავებული; აქ ჩვენებური ძველი ფეხსაცმლის, წვერმახვილი ბაშმაკის მსგავს ფეხსაცმელებს კერავენ. იქ ცხვრის ტყავებია დაგროვილი. აქ ღვინის ტიკები ელიან მომხმარებლებს, იქვე მომხიბლავ მორთულობას ქმნიან გამოფენილი ხალიჩები. აი, ფარდულები, სადაც ახალციხელი თათრები ვერცხლს ფილიგრამებად გარდაქმნიან, რომელიც ჩვენს თვალწინ ნაზი მაქმანივით იშლება. მე თქვენ აგრეთვე წარმოგიდგენთ ლეკებს, რომლებიც გამოირჩევიან მომინანქრების ხელოვნებითა და ხანჯლების ოქროთი დაფერვით. იარაღის კეთება და ვაჭრობა, რომელიც დიდ როლს თამაშობს საერთოდ კავკასიაში და განსაკუთრებით კი თბილისში, ძირითადად ყაზიყუმელი დაღესტნელების ხელშია.

იარაღის თაროები ყოველთვის იზიდავს უცხოელების ყურადღებას და ძალიან ხშირად, ენდობიან რა მათ შესახედაობას, ისინი ყიდულობენ ან ახალ, ან ყალბ იარაღს. ამ მხრივ თბილისი გამოირჩევა ფალსიფიკატორებით. რადგანაც ამაზე ვლაპარაკობთ, დავუმატოთ, რომ იარაღი კავკასიელების მეგობარია, მათ აქვთ სპარსული და თურქული იარაღი, განსაკუთრებით დიდ პატივს სცემენ აღმოსავლურ ძველებურ ხანჯლებს.

ახლა გაგაცნობთ ქართულ სიმღერას, რომელიც თითქოს დრტვინვაა გასაყიდად გამოტანილი სავაჭრო იარაღისა.

„ჩემო ხანჯალო! მე, პატრონი შენი, გყიდი და აი, მყიდველიც უკვე მოინახა; ო, ჩემო პატრონო! რატომ მყიდი? რა ნაკლი იპოვე ჩემში? მე არ ვიყავი, რომ მოვკალი ის, ვისაც შენი სიკვდილი უნდოდა?”

მე თქვენ უკვე მოგახსენეთ, რომ აღმოსავლურ ხანჯლებს ძალიან დიდ პატივს სცემენ და ცდილობენ მათ შეძენას. ზოგჯერ წააწყდებიან ხოლმე ჯვაროსნული ეპოქის იარაღსაც. ქართულად ხმალს „ფრანგულს” უწოდებენ.

[...]

როგორ არ იქნება იარაღი ქართველებისთვის აღფრთოვანებისა და სიყვარულის საგანი, როდესაც მთელი მათი ცხოვრება მტრისგან ხანგრძლივი თავდაცვა იყო. ისინი დღესაც, როდესაც ერთმანეთს ესალმებიან, ხმარობენ სიტყვა გამარჯობას, რაც ნიშნავს „იყავი გამარჯვებული”.


ბარონი დე ბაი საქართველოში, ფრანგულიდან თარგმნა ლეილა მაღრაძემ

გიორგი ჭეიშვილი