ახალი წელი ტფილისში |


★ „შობის დღესასწაულები გათავდა და ახლა ახალს წელს მოველით. ძველი წელიწადი გაილია, მიიწურა და საცაა ჩაჰბარდება წარსულსა, დაერთვის ისტორიას. დღეს იმის მზადებაშიღა უნდა ვიყოთ, რომ ახალს წელიწადს მივეგებოთ, ღირსეულად დავხვდეთ და ღირსეულადვე განვლოთ ამ ახალის წლის დღენი. თუ რამ დავაშავეთ 1886 წლის განმავლობაში, ის უნდა გავასწოროთ სამერმისოდ, რაც დაგვრჩა გასაკეთებელი, იმის დასრულებას უნდა შევუდგეთ. 

ვინატროთ, ჩვეულებისამებრ, რომ ახალი წელიწადი უფრო საკეთილო და საბედნიერო იყოს ჩვენთვის. ღმერთმა ჰქმნას, რომ ახალს წელს ბევრი კეთილი და ბედნიერება მოეტანოს ქვეყნისათვის. 

[...] 

ვიდრე ახალ-წელიწადი დადგებოდეს, ხმელი ხილი და გოზინაყი მომზადდებოდეს, ჩვენ ისევ ჩვენის ცხოვრების მატიანეს მივმართავთ და აღვნიშნავთ, სად რა ამბავია, სად რა ხდება, რა კეთდება და ან რა ფუჭდება. 

ტფილისში, ჯერ ისევ დღესასწაულების დაწყებამდე, ძალიან გახშირდა ქურდობა და ყოველ-გვარი ავ-კაცობა. დღე ისე არ გავიდოდა, რომ ორგანა და სამგან მაინც არ მომხდარიყო რაიმე ბოროტ-მოქმედება. ჯიბგირები და სხვა-და- სხვა გვარი უბინაო და უსახლ-კარო ხალხი, რომელთაც არავითარი შრომა და ჯაფა არ ეხერხება და ქეიფი და ლხინი კი ძრიელ უყვარს დღესასწაულებში, დატრიალდნენ თავისებურად, დაიწყეს ქურდობა, ტეხა სახლებისა, პარვა ტანისამოსისა და ამ გვარად ნაშოვნის ფულით ემზადებოდნენ დროების გატარებას დღესასწაულებში [1886 წ.]“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი I [1886-1890 წწ.]

***

★ „ტფილისში წლის პირველი დიდი დღესასწაული, რომელსაც ერთნაირად სცემდა პატივს ყველა, ახალი წელი იყო, ვინაიდან ეს დღესასწაული იყო სიკეთის, ბარაქის და იმედის მომცემი.

ახალი წლის დადგომამდე, რამდენიმე დღით ადრე, ოჯახის დიასახლისი იწყებდა სახლის საგულდაგულოდ დალაგება-დასუფთავებას - იხვეტებოდა ოთახები, იბერტყებოდა ფერად-ფერადი ნოხები და ფარდაგები; მზადდებოდა ნაირ-ნაირი პირის ჩასაკოკლოზინებელი ტკბილეული და ნამცხვარი, და რაც მთავარია, გოზინაყი.

***

★ „26 დეკემბერს აისორთა სამრევლო სკოლაში ბავშვებს „შობის ხე“ გაუმართეს ამ სკოლის მზრუნველთა, რომელთაც ბავშვებისათვის სხვა და სხვა საჩუქრებიც შეეძინათ „შობის ხეზედ“ დასარიგებლად; საჩუქრებს შეადგენდნენ: წინდები, საბლუზეები, სამოსწავლებო ნივთები და სხ. 

ბავშვები ძალიან გახარებულნი იყვნენ ამითი და მწყობრად და ტკბილად გალობდნენ ქ-ნ მ. ნადირაშვილის ლოტბარობით ქართულსა და რუსულს საგალობლებსა. „შენ ხარ ვენახი“ სკოლის მზრუნველებმა ორჯერ გაამეორებინეს. 

კარგი იქნებოდა სხვა სკოლებსაც მიებაძნათ და თავისი პაწია ბავშვები გაეხარებინათ [1894 წ.]“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

ახალი წლის წინადღეს, 31 დეკემბერს, არ იყო ოჯახი, რომელიც გოზინაყისთვის წვრილად არ ჭრიდა ნიგოზს, ანდა ნუშს. დაჭრილ ნიგოზს ჯერ ცეცხლზე მოხალავდნენ, შემდეგ კი ადუღებულ თაფლთან ერთად მოხარშავდნენ. ცხელი ნიგვზის ფაფას ცივი წყლით დასველებულ, საგანგებოდ დამზადებულ ფიცარზე, ანდა სინზე მოასხამდნენ და გააბრტყელებდნენ. გაციების შემდეგ, გოზინაყს ჭრიდნენ სამკუთხედის ანდა რომბის ფორმის პატარ-პატარა ნაჭრებად.

***


★ „ტფილისის ფოსტა-ტელეგრაფის უფროსი აცხადებს, რომ რადგანაც ახალის წლისათვის მისალოცი დეპეშები ძალიან ბევრი იგზავნება ხოლმე და დროზე ვეღარ ასწრებენ მათს გაგზავნასა, ამიტომ დეპეშის გაგზავნის მსურველთ ადრევე, ე. ი. დღეიდამვე, უნდა წარმოადგინონ დეპეშები ზედ-წარწერით „მისალოცი“, რომელი სიტყვაც გამგზავნელს ანგარიშში არ ჩაეთვლებაო.

ყველა მისალოცი დეპეშები მიღების დღიდგანვე გაიგზავნება, ხოლო თვით ადრესატებს ახალის წლის დღეს დაურიგდებათო [1895 წ.]“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

ქართველები, გოზინაყთან ერთად, ამზადებდნენ ანთროპომორზული ფორმის ადამიანის გამოსახულების მქონე ნამცხვარს - ბასილას, რომელიც ქრისტიანულმა რელიგიამ წმინდა ვასილ დიდს დაუკავშირა. ცხვებოდა აგრეთვე სხვადასხვა ფორმის ნამცხვარი, რომელთაც ბედნიერების მოტანის ფუნქცია ჰქონდათ დაკისრებული.

ბედნიერების მომტან ნამცხვარს აყრიდნენ ქიშმიშს. ცხობის პროცესში, ცომი კარგად უნდა გაფუებულიყო და აწეულიყო. ცომის დაცემა ცუდის მომასწავებელი იყო.

ახალი წლის დადგომის წინ, ძველ თბილისში, ისეთი თოფების სროლა და ყიჟინა ატყდებოდა ხოლმე, რომ, თუ არა სადღესასწაულოდ განათებული ქალაქი, კაცს მტრის შემოსევა ეგონებოდა.

***

 „გუშინ, 28 დეკემბერს, ტფილისის სახელმწიფო თეატრში ქალაქის ხარჯით დაარსებულ სასწავლებლის მოსწავლეთათვის დღესასწაული იყო გამართული. დღესასწაული დაიწყო დილის 12 საათზედ. დაესწრო 2150-მდე ბავშვი და მათი მასწავლებლები. 

... ცალკე დარბაზში შობის ხე იყო გამართული და ბავშვებს ტკბილეულობა დაურიგეს. დღესასწაულმა საუცხოოდ ჩაიარა და ბავშვებმა დიდად ისიამოვნეს [1900 წ.]“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

***

ძველი ქართული რეკლამა, 1897 წ.
„საჩუქრები და ფეშქაშები საშობაოდ და საახალწლოდ იყიდება პანცერისა და გლუხოვსკის საწყობში | მშვენიერი და მსუბუქი საკერავი მანქანები დიასახლისებისა და გასათხოვარ ქალებისათვის | ყიდვა შეიძლება შეღავათიანის პირობებით.“
***

ახალი წლის დადგომისას, ოჯახის დიასახლისი ტაბლაზე დადგამდა მურაბით, გოზინაყით, ნამცხვრებითა და ხილით სავსე სინს და ტაბლას გარშემო წმინდა სანთლებს დაუნთებდა.

გათენებისას, ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და ნაკოდალი (შეშის ნაჭერი), ანდა მუგუზალი შემოჰქონდა. შემდეგ მუგუზალს ბუხართან ან კერიასთან მიიტანდა და ძირს დარტყმით უამრავ ნაპერწკალს გააყრევინებდა, თან გაიძახოდა: ამდენი ოქრო, ხორბალი, პური და ა.შ. იღებდა ჯიბიდან ხორბალს და ოთახის ყოველ კუთხეში აბნევდა, რათა ოჯახს ბარაქა და ხორაგი არ მოკლებოდა. თაფლში ამოვლებულ პურს აჭმევდა ოჯახის თითოეულ წევრს, ასე ტკბილად დამიბერდითო.

ახალი წლის ცერემონიალში, დიდი ადგილი ეკავა ოჯახის მეკვლეს, რომლის „ფეხზეც" იყო დამოკიდებული ოჯახის ბედნიერება თუ უბედურება. როგორც წესი, ოჯახი წინასწარ ირჩევდა სასურველ მეკვლეს. მეკვლე არჩეულ ოჯახში ადრე უნდა მისულიყო, რომ მისთვის სხვას არ დაესწრო. ზღურბლზე გადააბიჯებდა თუ არა, უნდა წარმოეთქვა:

შემოვდგი ფეხი.
გწყალობდეთ ღმერთი,
ფეხი ჩემი
კვალი ანგელოზისა.

შემდეგ გადაკოცნიდა ოჯახის თითოეულ წევრს, ტკბილის მიწოდებით „დააბერებდა" და ა.შ. მთელი დღე ქალაქში დუდუკის, ზურნის და არღნის ხმა ისმოდა. აი, როგორ ილოცებოდა მეკვლე ერთი ხალხური ლექსის მიხედვით:

ხელში ორ ჭიქას ავიღებ,
ვილოცებოდე ღვინითა,
ყველა კარგად დაესწარით
მრავალ ახალ წელს დილითა.
ნათლიმამა თან მოგდევდეს,
თაფლი მოჰქონდეს ქილითა,
ხურჯინი სავსე მოჰქონდეს
ჩურჩხელითა და ხილითა.
დილითვე არაყს მიირთმევთ,
ხილსაც მოგართმევთ სინითა,
ეს ჭიქა დიდი ყოფილა,
მეც ხომ ვითვრები ღვინითა,
როცა ძაან დავითვრები,
გვიან ავდგები დილითა.
თქვენი კოდები ყოფილა
სავსე წმინდა ფქვილითა;
თქვენი ქვევრები ყოფილა
სავსე წითელი ღვინითა...

ახალ წელს ქალების ოჯახიდან გასვლა აკრძალული იყო. ისინი შინ უნდა მსხდარიყვნენ და სტუმრები მიეღოთ“, - [თეიმურაზ ბერიძე - „ძველი თბილისის სურათები“]

***

ძველი ქართული რეკლამა, 1901 წ.
★ „ტფილისი, 1-ლი იანვარი, 1901 წელი 

დასრულდა წელიწადი, დასრულდა საუკუნე მე-XIX. 

თუ უიმისოდ თითოეულის ცალკე წელიწადის განახლებას რაღაც განსაკუთრებულს მნიშვნელობას ვაწერთ ხოლმე და ვგონებთ კიდეც, რომ მასთან ერთად სულით, ხორცით, აზრით, რწმენით ჩვენც ვიცვლებით, ახლა, როცა საუკუნე დაილია და ახალში ფეხი გადავდგით, ეს წარმოდგენა ასკეცად ძლიერი უნდა იყოს და არც მოვტყუვდებით, რასაკვირველია, თუ სახეში ვიქონიებთ ასის წლის წინად მცხოვრებს ჩვენს წინაპრებს... 

ყველას ჩვენგანს მოაგონდება უთუოდ არა ერთხელ გაგონილი სიტყვები: „რა იქნება მე-XX საუკუნეშიო?“ და მასთან ერთად ისიც, თუ ამ უბრალო კითხვას რამდენად მომაჯადოებლად უმოქმედნია. 

საუკუნე წელიწადი როდია: იგი, მართლაც, ადვილად შესძლებს დედა-მიწის ზურგზედ ყოველივე ძირეულად შესცვალოს, რაც-კი ცვალებადობის კანონს, ადამიანის გონებასა და ხელს ემორჩილება... [1901 წ.]“, - „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი III [1896-1900 წწ.]

გიორგი ჭეიშვილი