#უცხოელი მოგზაურები ტფილისზე - ნიკოლოზ მურავიოვი |

ნიკოლოზ მურავიოვი
[მურავიოვის მოგზაურობიდგან „საქართველო და სომხეთი“]
[ნიკოლოზ მურავიოვი - კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდალი 1854-1856 წლებში]


***

 „ჩემის ტფილისში მისვლის პირველსავე დღეებში თითქმის გავიცან კიდეც ქალაქი და თუმცა ბევრს შესანიშნავს არას წარმოგვიდგენს, მაგრამ მე მაინც ვეცდები უყურადღებოდ არა გავუშვა-რა. 

ტფილისი, რომელიც უკანასკნელ აღა-მაჰმათ-ხანის შემოსევით განადგურებულ იქმნა, ბევრად გამოიცვალა რუსეთის მფლობელობის ქვეშ: ძველი ქალაქი, რომელიც გალავნის შიგნით არის მოქცეული, შედგება აქაურ მკვიდრთა სახლებიდგან, სავაჭრო ბაზრიდგან და რამდენისამე ქარვასლიდგან; ვიწრო მიხვეულ-მოხვეულ ბაზარს და ბნელ თაღებს ქარვასლისას გაკვირვებაში მოჰყავს აზიის ცხოვრების ჯერ უცნობი ევროპიელი.

დუქანში სხედან ხელოსნები, თავისუფლად ჰმუშაობენ და სრულაიდაც არ აქცევენ ყურადღებას ხალხის აჩქარებულ მიმოსვლას და დატვირთულ აქლემების და ცხენების გავლა გამოვლას.

ქალაქის გარეთ ბუნებით თბილი აბანოებია, რაც ტფილისის დიდს ღირსებას შეადგენს. იმათის წყალობით თვით ქალაქსაც ტფილისი ჰქვიან. ძველ ქალაქს გარეთ, სადაც წინეთ მეფის ზვრები და ქვაშვეთის წმ. გიორგის სასაფლაო იყო, დღითი დღე ახალი ქალაქი შენდება ევროპიულს გემოვნებაზედ.

თავად მთავარ-მართებლის სასახლე დიდხანს იდგა აქ მარტო, მაგრამ ეხლა მის გარშემო მრავალს ევროპიულს გემოვნებაზედ აგებულს სახლებსა და სწორე, სუფთა ქუჩებსა ჰნახავთ, მთაწმინდის ფერდობს ლამაზად ეფინება სახლები, საბაჟოსა და წყლისაკენაცა შენდება თან-და-თან და უფრო-კი ერევნის მოედანს ეხვევიან გარშემო.

მეფე გიორგი ეხლა ვეღარც-კი იცნობდა თავისს მტკვრის პირად მდგომარე სასახლეს, რომელშიაც ავადმყოფმა სამი წელიწადი გაატარა, რადგან მამა-პაპეული სასახლე ულმობელ მტერთაგან მტვრად იყო ნაქცევი. იმისს სახლში ეხლა არტილლერიის უფროსი სცხოვრობს. იქ-კი, სადაც ირაკლი მეორემდის მეფეების სასახლე იყო გადაჭიმული, გუბერნიის გამგეს სახლი არის აგებული.

ვერაფერს ცნობებს ვერ ვპოულობთ ამის შესახებ, რანაირად იყო მოწყობილი უკანასკნელ მეფეების დროს სასახლე ქართველთა მეფეებისა. მაჰმადიანმა როსტომ მეფემ, რომელმაც შაჰ-აბაზისგან გაოხრებულის ქალაქის კედლები განაახლა, მეფის სასახლე აღმოსავლეთის გემოვნებაზედ მოაწყო. შარდენი რომელიც ძვირფასის ქვებით ვაჭრობდა სპარსეთში და რომელიც ბერმა კაპუცინებმა მიიყვანეს როსტომის მემკვიდრის შაჰ-ნავაზის სასახლეში, შემდეგნაირად აგვიწერს მეფის სასახლეს:

„მეფის სასახლე, რასაკვირველია, საუკეთესო სამკაულს შეადგენს ქალაქისასაო, ამბობს იგი; იმის [დიდრონი ?] დარბაზები მტკვარს გადასცქერის ლამაზად და გარშემო მშვენიერი ბაღი არტყია. ბაღში ფრინველთათვის გაკეთებულ განყოფილებაში მრავალი საუკეთესო დაგეშილი მიმინოა. სასახლის წინ მოედანზედ, რომელიც ირგვლივ დუქნებით არის მოჭედილი, ათასამდის ცხენი დაეტევა. მისაღები დარბაზი, რომელიც წყლის მხრიდგან სრულიად ღიაა, სიგრძით 18 საჟენია, სიგანით-კი 7. ჭერი მორთულია ვითომ-და მოზაიკით და მრავალ წვრილ, 6-7 საჟენის სიმაღლე ოქროთი მოვარაყებულ ბოძზეა დაყრდნობილი; იატაკი ძვირფას ხალებითაა დაფენილი. სამი პატარა ბუხარი ათბობდა იმ დარბაზს, რომელშიაც შაჰ-ნავაზმა მინახულა მისსიონერების წყალობით“.

საყურადღებოა ამასთანავე მისი სიტყვები მისსიონერების შესახებ:

„მას შემდეგ, რაც ისინი რომიდგან საქართველოში გამოეგზავნათ, სულ ცამეტს წელიწადს გაევლო. მისსიონერები ექიმობის სახელით შემოსულიყვნენ, რისთვისაც დიდის [სახელით ?] მიეღოთ. შაჰ-ნავაზმა გორსა და ტფილისში მისცა სახლები და ნება დართო თავისუფლად აესრულებინათ თავიანთი წირვა-ლოცვა. მოსვლისთანავე მეფეს პაპისაგან გამოგზავნილი წერილი მიართვეს და თან [გადასცეს?] საჩუქარი იმას, დედოფალს, კათალიკოზს და სხვა წარჩინებულთ.

ამის შემდეგ მისიონერები ყოვლის საშუალებით სცდილობდნენ თავიანთის სარწმუნოების გავრცელებას, რის გამოც რამდენჯერმე იმათი საქართველოდგან განდევნა დააპირეს, მაგრამ მისსიონერები ხალხს ექიმობას უწევდნენ, რის გამოც ყოველი სურვილი მათის განდევნისა ამაოდ რჩებოდა.

საქართველოში-კი ექიმები და მკურნალები სრულიად არ არიან. შემდეგში პაპიმ ნება მისცა მისსიონერებს მკურნალობისთვის სასყიდელი ეღოთ; გულ-კეთილი ხალხიც ფქვილს, ღვინოს, საქონელს და პატარა ტყვეებს არ იშურებდა ხოლმე იმათთვის. ამას გარდა, იმათ სხვა ნებართვაც მიიღეს პაპისაგან: წირვის შესრულება უმედავითნოდ, ყოველგან და ყოველნაირ ტანისამოსში; ცოდვების პატივება, ცხენების და მსახურების შენახვა; ტყვეების ყოლა და ფულის სესხად გაცემა. ერთის სიტყვით, ძალიან დიდი თავისუფლება აქვთ მიცემული. (არ უნდა დავივიწყოთ, რომ შარდენი ამას ისეთ კაპუცინებზე ამბობს, რომელნიც რომში ფეხშიშველნი დაიარებიან)“.

„ყველა ამის მიუხედავად საქართველოში მათ სრულიად მცირე გავლენა აქვთ, რადგანაც ქართველნი უზრდელნი და შეუპოვარნი არიან; სარწმუნოების ასრულებას მარტო მარხულობაში ჰხედავენ და კაპუცინები ქრისტიანებად არ მიაჩნდათ, რადგანაც მათს მარხვაში ზოგიერთი განსხვავებაა, რის გამოც კაპუცინები მათ სასიამოვნოდ ძალაუნებურად ინახავენ ქართველების მარხვას და გარეგნობით თითქმის ქართველების ერთ მორწმუნენი ჰხდებიან“.

პირველ ხანს ტფილისის კაპუცინთა ეკკლესიაში ბლომად დაიარებოდა ხალხი: ახალი წირვა-ლოცვა, ხუთის ხმისა და ორის საკრავისაგან შემდგარი მგალობელთა გუნდი იზიდავდა ხალხს; ეხლა-კი სულ ხუთი-ექვსი ღატაკი-ღა დაიარება, ისიც იმიტომ, რომ ეკკლესია ჰკვებავს მათ. კაპუცინებმა სკოლაც დააარსეს, რომელშიაც რვამდე ღატაკთა შვილი დაიარებოდა, უფრო საჭმელ-სასმელისთვის, ვიდრე სწავლისთვის. ბერთა მისსიას აქ დიდი რამ სარგებლობისთვის კი არ ინახავს რომის ეკკლესია, არამედ სახელისათვისაო, მითხრეს მე მისსიონერებმა.

ამის შემდეგ რა უნდა სთქვას კაცმა ამისთანა გზა-დაბნეულ მისსიის შესახებ? ისევ მეფის სასახლეს მივუბრუნდეთ.

სამეფო სასახლე ირაკლისა და ვახტანგისა სამას ოთახიდგან შესდგებოდა. ეზოში ოთხი ეკკლესია იყო და, სამწუხაროდ, ერთი მეჩეთიც, როსტომ მეფისაგან აშენებული. სასახლის ახლო მოედანზედ ეხლაცა ის ადგილი, სადაც კარის ეკკლესია იყო, წმ. გიორგის სახელობაზედ აგებული და რომელშიც ყოველ დღე-სასწაულში იკრიბებოდა მთელი სახლობა მეფისა. მასთან მდგომი მეორე პატარა ეკკლესია დღემდისაც ისევ არის და უკანასკნელ მეფეების კარის ეკკლესიად ითვლებოდა. იმაში წმინდა გიორგის ძველი, ძვირფასი, შესანიშნავი ხატი ინახება. ეს ეკკლესია 1710 წ. იყო აშენებული ვახტანგ რჯულ-მდებელის ძმის სვიმონისაგან. მის ახლოს სცხოვრობდა უკანასკნელის მეფის შვილი დავითი. დროებით სასახლის კარ-მიდამო ქათალიკოსთა საცხოვრებელ ანჩისხატის ტაძრამდის არის. ქათალიკოზთა მუდმივი საცხოვრებელი მცხეთა იყო. მხოლოდ ქათალიკოზი დომენტი პირველად დასახლდა აქ, თ. ბაგრატიონ მუხრან-ბატონის სასახლის პირდა-პირ. იმის მიხედვით ქათალიკოზი ნიკოლოოზი და ორი უკანასკნელი ანტონიც აქა სცხოვრობდნენ.

მათ შორის შესანიშნავია ანტონი უფროსი, ანუ, როგორც ხალხი ეძახის, ანტონი დიდი, მაჰმადიანის მეფის იესსეს შვილი. ფრიად დიდმა მოსურნემ სამშობლოს განათლებისამ, მან სხვათა შორის წმიდანთა ცხოვრებანი დასწერა. მაგრამ მისსიონერებთან დაახლოვებამ, რომელთაგანაც სურდა გადმოეღო განათლება, სამღვდელოებას ეჭვი ააღებინა. შურიანმა თეიმურაზმა ისარგებლა ამითი, ანტონი დაითხოვა ქათალიკოზობისაგან და იმის მაგიერ მოიწვია კეთილმსახური მოხუცი იოსები, რომელიც პირველად უარობდა და არა სურდა მთელის საქართველოს ქათალიკოსობა. ამის შემდეგ ანტონი რუსეთში წავიდა, იქ უწმ. სინოდის წინაშე თავი გაიმართლა და სამწყსოდ ვლამირის ეპარქია მიიღო; აქვე მან შეიძინა დიდი საღვთის-მეტყველო ცოდნა და განავითარა ჭკუა-გონება.

მეფე ირაკლიმ მამის სიკვდილის შემდეგ გამოიწია ანტონი რუსეთიდგან და ისევ დაუბრუნა კათალიკოსის კათედრა. ამბობენ, რომ ანტონმა თავისის სიმართლის დასამტკიცებლად ეკკლესიაში წირვის დროს, რომელზედაც მეფე იმყოფებოდა, ხმა-მაღლა აღიარა სიმვოლო სარწმუნოებისა; მერე მივიდა მოძღვართან, დაუჩოქა, მოწიწებითა სთხოვა, რომ ჩემზედ ეჭვი ნურა გექნებათო და ნება მომეცით მირონს ვემთხვიოო. მაგრამ მოუდრეკელმა მოძღვარმა დიდი თავხედობა გამოიჩინა. არამც თუ ნება არ მისცა, პირიქით, ტუჩი იქით წაიღო. მოთმინებიდგან გამოყვანილმა ანტონმა, როგორც ქათალიკოსმა თითონ მას აღუკრძალა მღვდელ-მოქმედება და განდევნა ტფილისიდგან, მისი გვარი დღემდისაც დაულოცველად ითვლება.

ანჩის-ხატის ტაძრი, რომელიც ღვთის-მშობლის დაბადებასა უქმობს, აგებული იყო მე-VII საუკუნეში ადარნასე მეფის დროს კათალიკოს ბაბილასაგან. სახელი ანჩის-ხატი, ძველ ქალაქ ანჩიდგან მიუღია ამ ეკკლესიას, რომელიც ახალციხის საათაბაგოში მდებარეობს და სადაც დაფარულ იყო ხელ-უქმნელი სახე ქრისტესი, რომელიც ვითომ საბერძნეთიდგან იყო აქ მოტანილი. თურქთაგან ამ სააათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ესე სახე უფლისა გადმოტანილ იქმნა კათალიკოსთაგან თბილისში. ხელთ-უქმნელ ხატთან მიკარებისა გამო ფიცარზედ გადასული სახე ქრისტესი დროთა ზეგავლენით ცოტად წაშლილა. ხატი გარშემო ვერცხლით არის მოსევადებული და ზედ ქართული წარწერა აქვს.

საკვირველია და ამასთანავე გასაოცარიც, რომ ქართველთა დედა-ქალაქში სომეხთა ეკკლესიები ჰმეტობს მართლ-მადიდებელთა ეკკლესიებს. მათი რიცხვი კარის სამის ეკკლესიის გაუქმებით უფრო შემცირდა. მართლ-მადიდებელ ქართველთა დედა ქალაქში მე მგონი მათის სარწმუნოების ეკკლესიების რიცხვი უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე სხვა სარწმუნოებისა. ეხლა-კი ტფილისში სიონისა და ანჩისხატის ტაძრებისა, წმ. გიორგის კარის ეკლესიისა, ორიც ბერძენთა მეტოქისა, რომელთაგანაც ერთი სიონისაა და მეორე იერუსალიმის წმიდა ჯვარისა და ერთიც ლათინებისა, დანარჩენი სულ სომხებისა.

იერუსალიმის მეტოხი ააგო ვახტანგ გურგ-ასლანმა და სახელად გოლგოთა უწოდა. სამასი წელიწადი იქნება მას შემდეგ, რაც ეს მეტოქი შეწირულია კეთილ-მსახურ ქართველთ მეფეთაგან წმიდა საფლავისათვის, მე მგონი უფრო გიორგი IX-საგან, იერუსალიმში გალაშქრების შემდეგ.

სომეხთა ეკკლესიებში უფრო შესანიშნავია: ჯვარისა, რომელიც სასახლის მოედნის ახლოა და რომლის სალაროშიაც ანდრია პირველ წოდებულის თავი ინახება. მის ზემოდ მთის ფერდობში, რომელზედაც ციხეა გაშენებული, სდგას ძველი ეკკლესია ღვთისმშობლისა, მე XI საუკუნეში აგებული დავით აღმაშენებელისაგან, ტფილისის განთავისუფლების შემდეგ და, ესრედ წოდებული, თეთხაინისა, რომელიც ააგო კეთილმორწმუნე მეფე ვახტანგმა, პალესტინის მოსაგონებლად. ამ ეკკლესიის ქვემოდ ამ მოკლე ხანში სომეხთა დედა მონასტერი დაარსდა, ტაძრის გასწვრივ-კი დარჩნილია ბომონი, ნიშანი კერპთ-თაყვანის მცემლობისა. ბომონი ოთხ-კუთხია გუმბათით და აგურისაგან არის აშენებული. ამავე ფერდობს შესდევს ძველი ქალაქის კედელი, რომელიც კოშკებითაა გამაგრებული და კიბე-კიბე ჩამოდის ქალაქში.

ეს კედლები თვით ქალაქის დაარსებამდის იყო აშენებული და შემდეგში ვახტანგ-გურგ-ასლანს შეუკეთებ-შეუმაგრებია. იმისმა შვილმა ბაქარმა აქ წმ. ნიკოლოოზის სახელობაზედ ეკკლესია ააშენა. მაჰმადიან მეფე როსტომის დროს როგორც ციხე, აგრეთვე ეკკლესიასაც ხელახლად შეკეთებული იყო. იმპერატორმა ირაკლიმ იერიშით აიღო ეს ციხე მე-VII საუკუნეში. ეს იყო პირველი მისი გამარჯვება. არაბნიც ამავე ციხეში გამაგრდნენ ტფილისის დაპყრობის შემდეგ. სალჩუკთა შემოსევის დროს ალპ-ასლანმა, რომელმაც ააოხრა ტფილისი, ციხესაც არ დააკლო თავისი, რის გამოც დავით აღმაშენებელს, მათ განდევნის შემდეგ, იაფად არ დაუჯდა მისი განახლება. რამდენსამე ხანს ხოროსნის სულთანს ჯალალ-ედინს ეპყრო ეს ციხე, მაგრამ დედოფალი რუსუდანის დროს არც მონგოლებმა დააყარეს ხეირი, თუმცა მონგოლებმა ისევ მალე დაუბრუნეს ქართველებს ეს სიმაგრე, რადგან თითონ არა საჭიროობდნენ.

თემურლანგის შემოსევამაც კარგი მარცხი მოსცხო, ბაგრატ მეექვსე გულ-სურათი ყველაფერს გავიწყებთ. ტფილისელებს თავი მოაქვთ ამით და ყოველ ახლად მისულს აჩვენებენ ხოლმე ამ მშვენიერსს გადასახედს. ბაზრის ვიწერო ქუჩით აგატარებენ მთის ფერდობს და ამ გვარად ქალაქის კედელს მიგაყენებენ. თქვენ წინ პატარა კარი გაიღება და უეცრივ გადაგეშლებათ თვალთ წინ საუცხოვო სურათი, თქვენ ფეხქვეშ გადაჭიმულ ტფილისისა, მიხვეულ-მოხვეულ მდინარისა და კავკასიის თოვლიან ქედებისა, რომელნიც ძალიან შორს მოსჩანან.

ამავე ციხიდგან რომ ჩაეშვათ ქალაქში და მეტეხის ხიდით გახვიდეთ ტფილისის მეორე ნაწილს ავლაბარში, თქვენ თვალს წარმოუდგება ისევე მრავალგვარი სანახავი, სავსე ისტორიულის მოგონებანით. შეჰხედეთ ხიდის ქვეშ გაჩქარებით მომდინარე მტკვარს, რომელიც გაშმაგებით ასკდებ-ეხეთქება მეტეხის კედლებს და იმის პირდაპირ ამაღლებულ, ხეებით და სახლებით შემკობილს ნაპირს: გაზაფხულობით ეს მომხიბლავი სურათი ერთი ათასათ უკეთესდება. ჭანდრისა და ალვის ხეები მშვენივრად გამწკრივებულა ციხე-დარბაზის წინ, რომელთაც ციხე-დარბაზი, მიუვალ ტფილისის გვირგვინი, ამაყად გადმოჰყურებს.

გაიხედეთ ეხლა მეორე ხიდის ქვეშ, რომელსაც ერთი ციცაბო წყლის ნაპირისა მეორესათვის გადუბამს. იმის ქვეშაც ისვე გაშმაგებით მოშუის იგივე მდინარე, რომელიც მზად არის გადალახოს ყოველი შებრკოლება და ძირს დასცეს ხიდის აქეთ-იქითა ნაპირები. იმის ორსავ მხარეს გადაჭიმულა ტფილისი და ავლაბარი, გარეთ-უბანი და თვით ქალაქი; პირველი შემკობილია ეკკლესიებით, მეორეს-კი ჯერ ისევ ახლად გაშენებულობა ეტყობა და სავსეა აქლემებით, რომელნიც ყვირილით ჩაეშვებიან ხოლმე წყლის ქვიშიანს ნაპირზედ.


მაგრამ შორს, შორს, სადღაც უფრო სხვა სურათი გიზიდავთ, კავკასიის ქედი თითქოს ზეცას მიჰბჯენია და მათ შორის თოვლით შემოსილი ყაზბეგი მზეზედა ჰბრწყინავს. ქალაქის ხმაურობით სავსე ცხოვრებას თითქოს უხდება ეს სურათი, თითქოს ამშვენებს კიდეც.

მაგრამ ეს რაღა სამლოცველოა მეტეხის ახლოს, კედელს რომ მიჰკვრია, თითქოს სამალულია მიწის ხვრელისაო? - ეს სახსოვარია ძლევა-მოსილის კაცისა. აქ იტანჯა წმ. მოწამე აბო ქრისტესათვის, ხალიფების მთავარ მართებლისაგან; აქ ჰგვემეს იგი მახვილით, დასწვეს და მისი ფერფლი მტკვარში გადაჰყარეს.“

[ედილლი]
[გაზეთი „ივერია“, 1895 წ.]

გიორგი ჭეიშვილი