ჯუჯა და ქონდრის კაცების წარმოდგენა ტფილისში |


„გუშინ-წინ, 2 სექტემბერს [1890 წ.], ტფილისის სათავად-აზნაურო ბანკის თეატრში პირველი წარმოდგენა გაჰმართეს მალოროსიელმა ჯუჯა და ქონდრის კაცებმა. მთელი დასი სულ ოთხის ადამიანისაგან შესდგება, და-ძმებისაგან: 

თეოფანი მომღერალი და ლექსების მკითხველია, 23 წლისა და სიმაღლით 22 გოჯია; ნეონილა მომღერალი და მოცეკვავე ქალია, 20 წლისა, სიმაღლით 24 გოჯია; მარიამი - მომღერალი სახალხო ლექსებისა და მოცეკვავე, 18 წლისა, 19 გოჯის სიმაღლისა; მიხეილი - კომიკოსი, დუეტისტი და მოცეკვავე, 16 წლისა, 18 გოჯის სიმაღლისა.

ოთხივენი გვარად კოსტეცკები არიან. წარმოადგინეს ერთ-მოქმედებიანი ხუმრობა ვოდევილი „ნადირი მონადირეს წინ ეხეჩებოდაო“ და დივერტისმენტი მცირე ბალეტითურთ.

აიხადა ფარდა და სცენაზედ გამოვიდა პაწია კაცუნა, ერთის ციდა-მტკაველის ოდენა, ისეთი ნამცეცა, რომ უფრო ბავშვს ჰგავდა. ამას მოჰყვა მეორე, მესამე და მეოთხეც. ვოდევილმა ცხოვლად ჩაიარა, კარგის ანსამბლით, ამ პაწია არტისტებმა ბევრს დიდრონ არტისტზედ უკეთ იცოდნენ თავ-თავისი სათამაშო.

ვოდევილს მოჰყვა დივერტისმენტი - მალოროსიული საერო ლექსები. არტისტები მღერიან და ლაპარაკობენ კარგა გარკვევით, თუმცა-კი კილო ლაპარაკისა უფრო ბავშვური აქვთ, ჩქარი, სწრაფი, ასე რომ შორიდგან ადამიანი ზოგიერთს მათს ნათქვამს კარგად ვერ არჩევს.

ამითი დასრულდა მეორე განყოფილება და დაიწყო მესამე, განყოფილება ცეკვა-როკვისა, ბალეტისა. იცეკვეს „მაზურკა“ ოპერიდგან „Жизнь за Царя“, საერო სათამაშო „ვენგერკა“ და „ვენგრიული პოლკა“ ოპერა „ღამურადგან“.

საზოგადოება აღტაცებაში მოვიდა და ტაშის კვრასა და ვაშას ძახილს დასასრული არა ჰქონდა. პაწია არტისტები თავის პაწაწა ფეხებით ჩვენს ოპერის მოცეკვავეებზედ ნაკლებ არა სცეკვავენ.

საზოგადოება იმდენად გაოცებული იყო მათის მოფიქრებულის თამაშობით და სიპატარავით, რომ ზოგნი ამბობდნენ კიდეც, ესენი ბავშვები არიან, კარგად გაწვრთნილნი და ნასწავლნი და არა ჯუჯა და ქონდრის კაცებიო. ზოგიერთს ამ აზრის დასამტკიცებლად ის საბუთიც-კი მოჰყავდა, რომ თმა რატომ არ ამოსვლიათ სახეზეო?

განსაკუთრებით მოსაწონნი არიან ერთი და-ძმანი, მიხეილი, 18 გოჯიანი და მარიამი, 19 გოჯიანი. ორივეს დიდი ნიჭი ეტყობათ სცენისა, დიდი ცოდნა, დიდი უნარი. მიხეილი ისე ლამაზადა და ხელოვნად სცეკვავს, მაგალითებრ, ტრეპაკას, რომ სწორედ სასიამოვნო საყურებელია.

თეატრში საკმაო ხალხი დაესწრო, თითქმის სავსე იყო და საზოგადოება ნასიამოვნებიც დაიშალა. მეორე წარმოდგენა ამ ჯუჯა და ქონდრის კაცებისა დღეისთვის არის დანიშნული.“

[მანოელიძე, გაზეთი „ივერია“, 1890 წ.]


***
„ამ შაბათს გოდფრუას ცირკში, როგორც გვითხრეს, შესანიშნავი წარმოდგენა იქნება - ისტორული პანტომიმისა „ხანდრილიონის“. ამ წარმოდგენაში სულ ოთხი-ხუთი წლის ყმაწვილები მიიღებენ მონაწილეობას; ამბობენ, რომ 80 ყმაწვილამდი იქნება წარმოდგენაში მონაწილეობის მიმღებნიო; სცენაზე წარმოდგენილი იქნებიანო ნაპოლეონი, ბისმარკი და სხვ. ისტორიული პირებიო.
 წარმოდგენის დაწყებამდი სცენაზე გაივლის ლილიპუტის (ჯუჯების) ჯარი და სხვ.“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ.
***
 „ამ დღეებში [დეკემბერი] ტფილისში ვარშავიდგან ჩამოვიდნენ ქონდრის კაცები ცოლ-ქმარი, თავისის შვილებით, რომლებიც ამ დღეებში წარმოდგენებს გაჰმართავენ“, - გაზეთი „ივერია“, 1894 წ. 
მსგავსი ტიპის წარმოდგენის ხილვის შესაძლებლობა ტფილისელებს 1895 წელსაც უნდა ჰქონოდა, როდესაც „გოლოვინის პროსპექტზე, მირიმანოვის სახლში, ჩვენი დროისათვის ორის უდიდესი საკვირველების გამოფენა“ გაიმართა:

ძველი ქართული რეკლამა, 1895 წ.
★ გოლოვინის პროსპექტი, სახლი მირიმანოვისა
გამოფენა ჩვენის დროისათვის ორის უდიდესი საკვირველებისა
1) ქონდრის კაცები
ყველაზე უპატარესნი ცოლ-ქმარნი დედამიწის ზურგზედ:
მარკიზ ვოლგე, შობიდგან 38 წლისა, სიმაღლით 28 დიუმი, სიმძიმით 9 ½ კილ.
მარკიზა ლუიზა, შობიდგან 28 წლისა, სიმაღლით 29 დიუმი, სიმძიმით 10 ½ კილ.
2) ცოცხალნი ბუნებრივად შეხორცებულნი ინდოეთელნი ტყუპნი-დანი
რადიკა და დოოდიკა
ჩვენის დროისათვის ყველაზედ უდიდესი საკვირველება ბუნებისა
გამოფენა დაიწყება კვირას, 1 იანვრიდგან და ღია იქნება ყოველ დღე, დილის 11 საათიდგან საღამოს 10 საათამდის.

გაზეთი „დროება“, 1880 წ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ქალაქის მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის „უჩვეულო“ სანახაობებით იყო განებივრებული, მათ შორის:

★ გოლოვინის პროსპექტზე, ჩითახოვის სახლებში აჩვენებენ ჯერ ტფილისში უნახველს კერეხუნდიდგან ჩამოსულს უშველებელის ტანის 18 წლის კაცს.
 ამ უზარ-მაზარის ადამიანის სიმაღლე 3 არშინი და 5 ½ ვერშოკი აქვს, სისქე 141 სანტიმეტრი, 11 ფუთს იწონს, თავის სიმრგვალე 67 სანტიმენტრი აქვს, ტანის სივრცე ხელების ბოლოებს შუა 245 სანტიმენტრი.
 დარბაზი ღიაა ყოველ-დღე დილის 10-4 საათამდე, საღამოს 6-10 საათამდე.
 ფასი ღირს 50 კაპ., ყმაწვილები და ჯარის კაცნი იხდიან ნახევარს – 25 კაპეიკს.
 სპირიდო სურმელი.
[1886 .]
 უკანასკნელი დღეები! ქ. ტფილისში, მიხაილოვის ხიდთან, მირზოევის სახლში (#48), რამდენისამე დღის განმავლობაში აჩვენებენ არა-ჩვეულებრივს სანახავს:
 ძალიან იშვიათი და მეტად საინტერესო ინდოელი ქალი მისს პასტრელი, თეთრისა და შვის კანის; შესანიშნავი ნიმუში ბუნებისა და გრძნეული და მბრძანებელი გველებისა (Boa Constrictoer-ისა, რომელიც სიგძით ხუთი ადლია, და Phvton Anaconda-სი, რომელიც სიგრძით შვიდ-ნახევარი ადლია და წონით ორ ფუთ ნახევარი).
 ბილეთების ფასი: პირველის რიგისა 40 კაპ., მეორისა - 20 კაპ.
 დირექტორი მოლე ჰყიდულობს ახალგაზრდა ცოცხალ დათვებს.
[1888 .]
 კვირიდამ, 22 იანვრიდამ, მცირე ხნის განმავლობაში შეიძლება ჰნახოთ: შესანიშნავი დიდის ტანის დედაკაცი, ამერიკელი გამომცნობელი
 გოლოვინის პროსპექტზედ, მირზოევის სახლებში დილის 12 საათიდამ საღამოს 10 საათამდე.[1889 .]

ძველი ქართული რეკლამა, 1891 წ.
 კვირას, 17 ნოემბერს, ტფილისის სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკის თეატრში
სპირიტულსა და სამედიუმო წარმოდგენას გაჰმართავს მისის იმპერატორებითის უმაღლესობის დიდის მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძის კარის არტისტი, წევრი ბერლინის საფიზიკო კაბინეთისა, ჩვენის დროის პრესტიდიჟატორი, ნ. ა. კაზლოვი.
 „გუშინ-წინ, კვირას, სათავად-აზნაურო საადგილ-მამულო ბანკის თეატრში ბ-ნმა ნ.ა. კაზლოვმა გაჰმართა სპირიტული და სათვალმაქცო წარმოდგენა. ამ წარმოდგენა იმდენი ხალხი დაესწრო, რომ მთელი თეატრი აივსო და ბილეთები გაუყიდავი სულ აღარ დარჩა. ბ-ნი კაზლოვი დიდად ოსტატი და დახელოვნებული თვალთმაქცი აღმოჩნდა. თვალთმაქცი თავისის წარმოდგენის დასასრულს საზოგადოებას დაჰპირდა, რომ ამ სამიოდ-ოთხიოდ დღეში ერთს წარმოდგენას კიდევ გავმართავ ახალის პროგრამითაო“, - გაზეთი „ივერია“, 1891 წ.

ძველი ქართული რეკლამა, 1897 წ.
 ტიროლთა დასი სებასტიან აუერის ლოტბარობით ქალაქ ზალცბურღიდან ყოველდღე უკრავს სხვა-და-სხვა მუსიკალურ ხმებს „ზამთრის ბაღში“ ტფილისი, სასახლის ქუჩა, სათავად-აზნაურო ქარვასლაში.
ძველი ქართული რეკლამა, 1897 წ.
 ქ. ტფილისი, გოლოვინის პროსპექტი, სახლი რეიტერისა, #11. მოკლე ხნით მოვედი და საზოგადოებას ვუჩვენებ აფრიკაში დაჭერილ ცოცხალ სირაქლემას, 4 არშინის სიმაღლეს. სჭამს ქერსა, ქატოსა, რკინას, ძვალს. ყოველ-დრე ხუთმეტი გირვანქა საჭმელი უნდება. ექვსის გირვანქის სიმძიმე კვერცხსა სდებს. შეიძლება ყოველ-დღე დილის 10 საათიდან, ხოლო უქმეებში – დილის 11 საათიდან ღამის 10 საათამდე. შესვლის ფასი 10 კაპ. პატივისცემით დავშთები ფ. ლისიხიმაროსი.
ძველი ქართული რეკლამა, 1901 წ.
 ქართველ თავად-აზნაურთა თეატრში
 ორშაბათს, 2 აპრილს, გამართული იქნება მხოლოდ ერთი სადღესასწაულო წარმოდგენა შესანიშნავის ამერიკელ ელეკტრ-მაგნოგრაფისა წარმოდგენილი იქნება პირველად ხარების ბრძოლა უგრძელესი და შესანიშნავი სცენა „ზოლუშკა“, მხიბლავი ზღაპარ-ფეერია 20 სურათად, მოგზაურობა მთვარეზე, ცეცხლის გაჩენა ნიუ-იორკში, გიპნოტიზერის სეანსი და მრ. სხვა.
 ბილეთები ისყიდება თეატრის კასსაში დაკლებულის ფასებით. დასაწყისი საღ. 8 ½ საათზე.
ძველი ქართული რეკლამა, 1903 წ.

გიორგი ჭეიშვილი