1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა ტფილისში |

1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა ტფილისში
„6 მაისს დიდმა ნიაღვარმა გერმანელ-სასაფლაოდამ მოტაცებული 27 რქიანი საქონელი გამორიყა დიდუბის მინდორზე“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.

„ფოტოგრაფმა ერმაკოვმა წყალდიდობას გადაიღო სურათები იმ ადგილებისა, რომლებიც 13 მაისს მტკვარმა წალეკა. ეს სურათები გამოფენილია ზოგიერთს მაღაზიებში სასახლის ქუჩაზედ“, - გაზეთი „ივერია“, 1893 წ.

***

აგერ ერთს კვირაზედ მეტია, რაც ტფილისში წვიმა მოდის; 10 მაისიდგან-კი 13 მაისამდე თითქმის სრულიად არ გადუღია. ეტყობა, წვიმა მოდიოდა აგრედვე მთელ მტკვრის ხეობაზედ, გორისა, ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში. ამ წვიმების გამო მტკვარმა ძლიერ იმატა, თითქმის 2 საჟენის სიმაღლეზედ აიწია, წალეკა მტკვრის დაბალი ნაპირები და ძლიერ დააზარალა ამ ადგილების მცხოვრებნი.

ვერის ხიდის ზემოდგან მტკვარმა მოიტაცა, რაც-კი ტივები იყო, და წაიღო. სწორედ საზარელი იყო მტკვარი ვერის ხიდთან, რიყეზედ და ავლაბრის ხიდებთან. ვერის ხიდის ზემოდგან ერთი ბაღი სრულიად გაოხრდა. ძლიერ დაზარალდა ვეტცელის ლუდის ქარხანა.

წყალ-დიდობა დაიწყო ღამის 12 საათზედ და დილის 11 საათამდე თანდათან ემატებოდა მტკვარს.

ადიდდა თუ არა წყალი, ეს ამბავი შეატყობინეს ბ-ნს პოლიცმეისტერს, რომელიც იმ წამსვე რიყეზედ გაჩნდა. აქვე შეგროვილნი იყვნენ: ჯარები, პოლიცია და ცეცხლის მქრობელი რაზმი. მაშინვე დააღვიძეს რიყის მცხოვრებნი და უბრძნეს თავიანთ სახლებიდგან გამოსულიყვნენ. მალე მოვიდა ჟანდარმების ჯარი და წამსვე დესიმანოვის მოედანზედ გამართა ხიდი.

წყალს თანდათან ემატებოდა და დილით წალეკა დესიმონოვის მოედანი, რიყის ვიწრო ქუჩები და დიდი ქუჩაც - ორ ალაგას რიყის ქუჩაზედ წყალი 4 არშინამდე იყო, დესიმონოვის მოედანზედ - 6 არშინამდე. ქუჩებზედ სიარული შეუძლებელი შეიქმნა. ვერც ეტლით გაივლიდა კაცი, ვერც კონკით და ვერც ცხენით. მაღაზიებში, საწყობებში და დუქნებში საქონელი სრულიად დასველდა, ზოგი წყალმა წაიღო. რიყის მცხოვრებთა ავეჯი სულ ერთიანად წაიღო მტკვარმა. წაიღო დიდძალი თივა, სახლების სახურავები და სადაც-კი ხის შენობა იყო.

დესიმონოვისა და წალეკილ ქუჩებში ორ-სართულიან სახლების ზემო სართულის მცხოვრებნი ხუთშაბათს მთელს დღეს მშიერნი იყვნენ. პურს ნავებით აწოდებდნენ. მრავალს ერთ სართულიანს სახლს წყალმა საძირკველი გამოაცალა და ჩამოანგრია. სრულიად შეუძლებელია ჯერ-ჯერობით სთქვას კაცმა, რამდენი სახლი ჩამოიქცა, რამდენი საქონელი დაიღუპა.

რიყის გარდა სხვა ადგილებიც ძლიერ დააზარალა მტკვარმა. ვერაზედ ორი ბაღი ერთიანად წალეკა. ვერაზედვე ხუთი სახლი წალეკა. სატივედგან წყალმა 25 ტივი წაიღო, 8 ათას მანეთზედ მეტად ღირებული. აქვე ერთი ვიღაც კაცი დაირჩო. მტკვრის მარცხენა ნაპირზედ წალეკა „ვაზის“ ბაღის ერთი ნაწილი. წაიღო სტოლები, სკამები, დიდძალი სასმელი. ბაღის პატრონს ბაქრაძეს 6 000 მანათამდე ზარალი მოუვიდა. საზაფხულო თეატრთან წყალმა მოგლიჯა საზაფხულო აბანოს მთელი შენობა. იქვე ვართანოვის სახლს მოჰგლიჯა აივანი. ნაბერეჟნი ქუჩაზედ სულ ერთიანად წალეკა, რაც ხუროების ქარხნები იყო. მრავალი ხე-ტყე წყალმა წაიღო.

1893 წლის 13 მაისის წყალდიდობა ტფილისში
მადათოვის კუნძულის ჩრდილოეთის ნაწილი ერთიანად ჩამოაქცია მტკვარმა. ქალაქის გამგეობამ გუშინ წინ მოშალა და წაიღო ამ კუნძულზედ გამართული სადეზინფექციო კამერა. ორბელიანის ქუჩაზედ წყალმა აავსო მტკვრის ნაპირზედ აშენებულ სახლების ქვემო და შუა საერთულები. ყასუმოვის კუნძულიდგან სულ არ გადარჩა 20-30 ოთხ-კუთხი საჟენი. დანარჩენი ადგილი სულ წყალმა ჩამოაქცია. 

პაპკოვის წისქვილიდამ წყლმა დიდძალი ბამბა წაიღო. მტკვრის მარცხენა ნაპირზედ გამართულ წისქვილებიდგან მტკვარმა წაიღო დიდძალი ფქვილი და ხორბალი. შადინოვისა და ზობალოვის ქარვასლებში (ავლაბრის ხიდთან) წყალი შევარდა და დიდძალი საქონელი გააოხრა.

ადიდებულმა წყალმა სატივოზედ მოჰგლიჯა ტივი, რომელსაც ოთხი მეტივე აბამდნენ; მეტივეებმა ვეღარ მოასწრეს გადმოხტომა და მტკვარმა ჩამოატარა ისინი ტივიანათ. თუმცა ჰყვიროდნენ, გვიშველეთო, მაგრამ ვერავინ უშველა. ავლაბრის ხიდ ქვეშ ტივი დაშლა წყალმა და მეტივეებიც დაარჩო; გარდა ამისა მტკვარმა მოჰგლიჯა ვერის ხიდს ქვეშ ვიღაც ხუროს სახლი და მთლად წალეკა; მადათოვის კუნძულიდგანაც მოჰგლიჯა საქალაქო მუშების ფარდული და წალეკა; წალეკულია აგრეთვე ორთაჭალა თავის ხიდით.

ორთაჭალაში მებაღეებმა დაიჭირეს ოთხი ორმოც ვედრიანი ბოჭკა სავსე ღვინით. პატრონი არ აღმოჩენილა.

გუშინწინდელმა წყალმა ბევრი სარდაფები აავსო წყლით და ბევრს შენობას გამოაცალა საძირკველი. სხვათა შორის, ზუბალაშვილის ქარვასლასაც, რომელიც არის ავლაბრის ზემო ხიდის პირში, გამოაცალა მთლად საძირკველი და გუშინ საღამოს 5 საათზედ ქარვასლის ნახევარი, დასავლეთის მხარე, ჩაწვა მტკვარში; დანარჩენი კედლებიც მორღვეულია და ყოველ წუთს ელიან იმის დანგრევასაცა. მე-8 ნაწილის პოლიციამ ეს ადრევე შეატყო ქარვასლას და გამოცხადა მდგმურებს, მაგრამ რადგან ამ ქარვასლაში საქონელის საწყობი იყო და დიდძალი საქონელი ეწყო, პატრონმა დროზედ ვერ დასცალეს და ეხლა-კი თავში იცემენ. ამბობენ, ერთს თევზის საწყობის პატრონს ათასის თუმნის ზარალი მოუვიდაო.

აი, რა ზარალი მოიტანა კიდევ მტკვრის ადიდებამ: სახელმწიფო თეატრის ახლო აივანი ჩამოუქცევია ვართანოვის სახლს, წაიღო საბანაო და საღამოს 9 საათზედ სულ დააქცია ზემოხსენებული სახლი ვართანოვისა. ამას გარდა დაანგრია თ. ივანე მუხრანსკის მიერ ახლად აგებული კედელი კუკიის პატარა ხიდ ქვემოდ.

ავლაბრისა და მეტეხის ხიდებზედ ჯარი იდგა და ხალხს არ უშვებდა ხიდზედ გაეარათ, რომ უბედურება არ მომხდარიყო. ორთაჭალის ბაღებიც ძლიერ დაზარალდა.

რიყეზედ ჩამოიქცა სახლი პოლკოვნიკის ალხაზოვისა. ამ სახლში მცხოვრებნი ძლივს გადაარჩინეს. მთელ რიყეზედ ქვემო სახლების ქვემო სართულიდგან ხალხი ზოგი გამოიყვანეს და ზოგიც ზემო სართულებში ავიდა. სახლის ავეჯის გადარჩენას აღარავინ დაეძებდა, ოღონდ ხალხი გადაერჩინათ. დილით მთელი რიყე წყალმა დაჰფარა. ზარ-დაცემული ხალხი იდგა სახლების სახურავებზედ და აივანზედ.

13 მაისის წინა ღამეს რიყეზედ მოვიდნენ ტფილისის გუბერნატორი და პოლიცმეისტერი, ქუჩებში ნავებით დადიოდნენ და ხალხს ურჩევდნენ, სახლს თავი დაანებეთ, ეცადეთ, თქვენ მაინც გადარჩეთო. ბევრი უარს ამბობდა ამაზედ: საცა სახლი და სარჩო-საბადებელი გვეღუპება, ჩვენც იქ დავიღუპნეთო.

მტკვარი თანდათან დიდდებოდა. ზოგიერთ ქუჩებში საშინელი ნიაღვარი მოდიოდა, მდინარეს ოდენა ერთმა ნიაღვარმა სულ ერთიანად წალეკა ზემელის ქარხანა, ვარანცოვის ხიდთან. დილით აუარებელი ხალხი შეგროვდა მტკვრის ორსავე ნაპირებზედ, მიხეილის ხიდთანა და იმ ადგილას, საცა ბორანი იყო. მიხეილის ხიდზედ ჟანდარმები იდგნენ და ხალხს არ უშვებდნენ.

წყალი ავლაბრის ხიდს უწევდა. ავლაბრის მორევი სწორედ საშიში სანახავი იყო. ქარვასლებში დიდ-ძალი შაქარი დასველდა. ვერის ხიდთან წყალმა მიაღწია ყორღანოვის წყლის მილამდე. რაც აქ შენობები იყო, ერთიანად წალეკა. წყალ-დიდობამ ძლიერ დააზარალა ავჭალის წყლის მილიც.

ადიდებული მტკვარი მოდიოდა ნაბერეჟნი ქუჩაზედ და სემიონოვის ვიწრო ქუჩამდე მიაღწია. ამბობენ რიყეზედ ბევრი წვრილი საქონელი დაიღუპაო. ხოლო ცხენები, ძროხები და სხვა სხვილი საქონელი დაიღუპაო. ხოლო ცხენები, ძროხები და სხვა სხვილი საქონელი პოლიციამ წინა ღამესვე წაიყვანა რიყიდგან.

ჯერ-ჯერობით არავინ იცის რიყეზედ კაცთაგანი დაირჩო ვინმე, თუ არა.

ტფილისის მეექვსე ნაწილში, საზამთროს მოედანზედ, წალეკა ქალაქისა და მუსულმანთა ფარდულები ხოლერიან ავადმყოფთათვის. [1892 წელს ტფილისში ქოლერა იყო გავრცელებული]

ორთაჭალის ხიდი დილის 4 საათზედ მოგლიჯა. ასე რომ ვერც იქიდგან გამოვა ხალხი და ვერც აქედგან გადავა. რაც ბარში ავეჯი რამ ჰქონდათ, ვეღარას ფრით ვერ გადურჩება წყალსა. ორთაჭალის ბაღები და შენობები სულ ერთიანად წყლით იყო დაფარული, ზოგიერთ ადგილებში 3 საჟენის სიმაღლეზედაა წყალი. ცხენები და სახედრები, რომლებითაც ორთაჭალის ბაღიდგან ხილი და მწვანილი მოჰქონდათ, მტკვარმა სულ დაღუპა.
ზოგი მებაღე, ვინც ბაღიდგან გამოსვლა ვერ მოასწრო, მაღლა ხის წვერზედ ავიდა და ისე გადარჩა წყალში დარჩობას. 
ჰფიქრობენ, რომ აქ დაიღუპა ვინმეო. 

მტკვრის მარცხენა მხარეს, ავლაბარში წაილეკა ქვემო ჭალის ბაღები და ბოსტნები.

ნიკოლოზისა და ავჭალის ქუჩაზე საშინელი ნიაღვარი მოვარდა; წყალი ბევრს სახლის სარდაფში ჩავიდა.

ტფილისის პირველ ნაწილში ნიაღვარმა წალეკა სახლები ხერხეულიძისა, ელ. ბერშენკოსი, სვიმონოვისა, ორბელიანისა, ჟურულისა და კიდევ რამდენიმე სხვა...

ზარალი დიდძალი უნდა იყოს. განსაკუთრებით ძლიერ დაზარალდა რიყე და ორთაჭალა.

ასეთი დიდი წყალდიდობა ტფილისში არა ყოფილა 1881 წელის აქეთ.

გუშინ მტკვარმა 2 საჟენამდე იკლო კიდეც.

[წყარო - გაზეთი „ივერია“, 1893 წელი]

გიორგი ჭეიშვილი