[ცნობილმა გერმანელმა მწერალმა და მეცნიერემა ფრიდრიხ ბოდენშტედტმა (1819-1892) რამდენიმე წელი დაჰყო აღმოსავლეთში. საკუთარი მოგზაურობის შესახებ მან წიგნიც დაწერა, რომელშიც მაშინდელი საქართველოსა და თბილისის საინტერესო სურათებს აღწერს.]
ძველთაგანვე სახელგანთქმულია წმინდა მამადავითი თავისი სასწაულებრივი ძალით.
ქალს, რომელიც ეკლესიას გარშემო სამჯერ შემოუვლის და მერე გარეთა კედელზე ქვას გააჩერებს ისე, რომ არც დაჰკიდებს და არც მიაკრავს, - გულის საწადელი შეუსრულდებაო, ამბობენ, თუ ეს საწადელი რაიმე ცოდვილი საქმი არ არის შერყვნილიო.
ასე, თუ ქალიშვილს რომელიმე კაცის მიმართ გული სპეტაკი გრძნობით უძგერს ან თუ ქალი შვილის გაჩენაზე ოცნებობს, წმინდა დავითი მათს თხოვნას უსათუოდ შეიწყნარებს, თუ რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არა აქვს, რომ ღვთის წინაშე მათ ზურგი აქციოს.
ასე მოგვითხრობს ლეგენდა მრავალი ქალიშვილის ამბავს, ეკლესიის წმინდა ძალის რწმენა რომ ჰქონიათ და მართლაც უპოვნიათ ღირსეული საქმრო, აგრეთვე ქალებზე, რომელთაც ნატვრა ასრულებიათ, ბავშვი გასჩენიათ.
მეტადრე ხუთშაბათობით, დიდი წმინდანის დაბადების ან გასვენების დღეს იჩენს ხოლმე თავს მისი სასწაული მთელი სიცხადით. ეს იქიდან ჩანს, რომ ამ დღეებში კედელზე ყველაზე მეტი რაოდენობით ნახავთ ქვებს, ისე გაჩერებულს, რომ არც საზოგავია გამოყენებული და არც სხვა რამ სამაგრი.
ეს ქვები რომ უწმინდურთა ხელში არ მოხვდეს, ეკლესიის მსახურნი გულმოდგინედ აგროვებენ და აძლევენ მორწმუნეებს, თან სანაცვლოდ იღებენ მცირე გასამრჯელოს, რაც ერთობ უმნიშვნელო ჩანს წმიდა დავითის ლოცვა-კურთხევასთან შედარებით.
ამრიგად, ხუთშაბათობით კოხტად გამოწყობილი ქალები მამადავითისაკენ სალოცავად მიემართებოდნენ ხოლმე. ვინც აქ მშვენებით სრულყოფილ ტანსარო ქართველთა ასულებს ხედავდა, ამ ხორცშესხმულსა და გაფურჩქნილ მშვენიერებას, და არ სწამდა დედამიწაზე სასწაულები, მისთვის უმჯობესი იქნებოდა მოხუცი ზანგი ქალი აჰკიდებოდა და დიდუბის ხრამში გადაშვებულიყო, ყველაზე უფრო ღრმა ადგილას!
თვითონ მირზა შაფი, უწიგნური და ურწმუნო განჯელი ბრძენი ადიდებდა წმინდა დავითს, მკვდარიც კი რომ უღვიძებდა ამდენ მოხდენილ ქალს სიცოცხლისადმი მისწრაფებასა და ცხოველ იმედს.
- სად, ქვეყნის რომელ მხარეში, - შესძახებდა ხშირად აღტაცებული, აივანზე ან სახლის სახურავზე რომ ვიჯექით, სიბრძნის ჩიბუხს აბოლებდა და ჩემთან ერთად სიყვარულით შესცქეროდა სალოცავად მიმავალ სათნო ასულებს;
- სად, ქვეყნის რომელ მხარეში ნახავთ ასეთ მშვენიერ წვივებს? ან სად დასეირნობს მშვენიერება ასეთი შიშველი ფეხებით, როგორც აქ, თბილისში?
მართლაც, ძველი, სათნო ჩვეულება იყო, - უმეტესად ლამაზი ფეხების მქონე ასულებს რომ ასეთი კეთილსინდისიერებით შეუნარჩუნებიათ, მიმლოცველობის დასაწყისშივე რომ წინდებსა და ფეხსაცმელებს იხდიან და წმინდა დავითის ეკლესიაში კდემით მიეშურებიან.
პატარა კოხტა ფეხები სრულ კონტრასტსა ქმნიან აბრეშუმის შიდა ლურჯ სამოსელთან, გარედან კიდევ სარაფანი ეცვათ, მეტწილად ხამი ქსოვილისა. თავს გვირგვინის ფორმის თავსარქმელი უმშვენებით, უკან კიდევ დაგრეხილ კაებზე ან ნაწნავებზე გრძელი რიდე ჩამოუფარებიათ.
ბევრი უბირთაგანი კიდევ ჩადრს ატარებს, ქათქათა მოსასხამს, მთელ სხეულს რომ უფარავს, მშვენიერი ისე მოხდენილად იჭერენ ამ ჩადრსაც, რომ მთელი ტანი ჩამოსხმული გეგონებათ.
მიმლოცველთა გზა კაპელისაკენ ისე ირიბად ადის, გეგონებათ მშვენიერების სარტყელი შემოურტყამთო წმინდა მთისათვის.
თბილისელი ქალების მოხდენილ ტანის აღნაგობას რომ წუთით მოხიბლულ თვალს მოსწყვეტდით, დაბლა გადაშლილ უმშვენიერეს ადგილებს შეადარებდით.
დაბლა გადაშლილა ქალაქი თავისი სასახლეებით, გუმბათებით, კოშკებითა და ნახევრად მიწური ქოხებით, ჩრდილით, მდიდარი საუცხოო ბაღებით, ერთიანად რომ დახუნძლულა ბროწეულით, თუთის ხეებით, ვაზით, კომშითა თუ შინდით.
შორს მწვანეში გველივით მიმალული მიიგრაგნება მდინარე მტკვარი, შუაზე რომ ჩაუვლის საქართველოს დედაქალაქს, მაღლა ჩვენს თავზე კი ლურჯ გუმბათად გვადგას საქართველოს ლაჟვარდოვანი ცა...
მამადავითს მივყვებით აღმა, ყურადღებით ვაკვირდებით ჩვენს გარშემო ბაქნებივით ერთიმეორეზე აგებულ ქოხებს, პატარა, შეუხედავ, უხეში ქვისაგან აგებულ სახლებს, მათი უფანჯრობითა და უბრალოებით გაოცებულნი ვკითხულობთ: ეს ის ნიჟარები ხომ არაა, რომლებშიაც ქართველთა შვილნი თავიანთ მშვენიერ მარგალიტებს ინახავენ?
ასეთ სახლებში შუქი ჩადის მაღლიდან, საგანგებო ჭრილში, რაც სახურავში საკვამურად აქვს გაკეთებული, და ცუდ ამინდში, როცა ეს ჭრილი უნდა დაიხუროს, სახლში წყვდიადი ისადგურებს.
ერთ ასეთ სახლში რომ ჩავედი, ძაღლების ყეფაში საფეხურებს ჩავყევი და ვიწრო ქუჩით ისევ პატარა მოედანზე გავედი, სადაც ჩემს წინ გიმნაზიის შენობა აღიმართა, მაშინ მომაგონდა, რომ ამ საოცარ სახლებს შორის ევროპული ყაიდის ცხოვრებაც არის.
გიმნაზია ერთი კოლოსალური, სრულიად ევროპული გემოვნებით აგებული შენობაა, სადაც მთიანეთის ერთგულ ქვეშევრდომებს ევროპულ განათლებას აძლევენ. ჩვენგან მარჯვნივ კიდევ აღმართულია კავკასიის მთავარმმართებლის დიდებული სასახლე, რომლის გარშემოც აზიური ფუფუნებით მოვლილი ევროპული ბაღია გაშენებული.
ორიოდე ნაბიჯიც და გავდივარ ერევნის მოედანზე, თბილისის სამყაროს შუაგულში. აქ ერთიმეორეს უწვდიან ხელს ევროპა და აზია.
სრულიად ახლებურად აშენებული, რუსთა სამყოფელი დიდი სახლების გვერდით ჩამწკრივებულია ბრტყესახურავიანი, დაბალი, დერეფნებით გარემოცული სახლები, მეტწილად სომეხთა, ერთგვარი გადასასვლელი ქართველთა ქვის სახლებისკენ, აგრეთვე სპარსელთა და თათართა სანახევროდ მიწურული სახლებისაკენ.
ჩადრით დაფარულ ქართველ ქალთან ერთად მიდის რუსის მოხელის ცოლი, არარატელი ველური ქურთის გვერდით დგას დონის კაზაკი, რუხსერთუკიანი რუსი მოხელის გვერდით ნახავთ ჩამოძონძილ მუშას, იმერელს, ოსსა თუ ლეკს.
ბაზარი გავიარეთ, ნელა მივყვებით ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებს, სადაც ხმლისა და თოფის ოსტატები, მჭედლები, მკერავები - მოკლედ ყველა ხელობის ოსტატები ღია დაზგებთან მუშაობენ. აქ შეგიძლიათ იაფად შეიძინოთ განთქმული კავკასიური ხანჯლები, ხმლები, საპირისწამლე, ქამრები, პირსახოცები, ჩოხა-ახალუხი, ასალი.
ამ მუდამ გამოცოცხლებულ ქუჩებს მივყავართ სომხის ბაზრამდე, იქიდან კი ზემოთ გადაშლილია თბილისის უდიდესი ბაზარი ქარავანსარაი, ხამურიანი ადგილი, რაც თავისი დუქნებით, მაღაზიებით, გალერეებით და თარიღებით ერთ ცალკე ქალაქს შეადგენს და მდიდრული ნაგებობებით აღმოსავლეტის ერთ საუცხოო შენობათა რიგსა ქმნის. აქ იშოვება აღმოსავლეთის უძვირფასესი ნაწარმი: შალი, აბრეშუმის ქსოვილები, ხალიჩები და რაც გნებავთ; დილიდან საღამომდე არის ერთი გნიასი და ვაჭრობა, ენათა უჩვეულო სიჭრელე, სახეთა და სამოსელთა ნაირფეროვნება, რომლის მსგავსს გერმანიის ქალაქებში დიდი ბაზრობის დროსაც ვერსად ნახავთ.
მამაკაცთა შორის ვხედავთ მაღალ, მშვენიერ, ჯანმაგარ სახეთა მთელს ჯგუფებს, ქალთა დიდი ნაწილი კი, ბაზარსა და ქარავანსარაიში რომ ვნახეთ, საპირისპირო რამ იყო მამადავითზე მისალოცავად მიმავალ ქალებთან შედარებით. ეს იმიტომ, რომ ბაზარში მხოლოდ მოხუცი ქალები დადიან უმთავრესად (საქართველოში ქალს ხანშესულად თვლიან, თუ ოცდაათს გადასცილდა!), და რამდენადაც ქართველი ქალი მომხიბლავია ახალგაზრდობაში, იმდენად მოტეხილი და ულამაზო ჩანს სიბერეში. ეს სწრაფი ცვლა საგრძნობ განსხვავებას ქმნის ევროპასთან, სადაც მოვლილი და განათლებული ქალები, თუნდაც საძაგელი სახეც ჰქონდეთ, მაინც უფრო შენახული და კეთილსახიერნი ჩანან...
ხიდზე გადავდივართ, ავლაბრის ერთ უბანში გერმანელებით დასახლებულ ადგილს წავაწყდით. ესაა გერმანელთა კოლონია თბილისში, აქ ცხოვრობენ ჩამოსახლებული შვაბები. ერთბაშად ახალ სამყაროში აღმოვჩნდით...
აი, ეს ფართო მხარბეჭიანი, მუშტმაგარი ნეკარელი არგონავტები, ჰელესპონტი რომ გადმოუცურავთ, ბოსფორი გამოუვლიათ, შავი ზღვა, ფაზისი გადმოულახავთ, კოლხეთის ტყეები გადმოვულიათ და მტკვრის ნოყიერ ნაპირზე დასახლებულან, ბაღ-ვენახებში. ჩვენ მცირე ხნით ვრჩებით აქ, დღის სიარულით დაქანცულები... დაბლა ვიხრებით, რომ დაბალ კარს თავი არ მივარტყათ, ისე შევდივართ ზალცმანთან, სახლში რომ საბილიარდე აქვს გამართული.
წინ პატარა ბიჭი გვეგებება, ფრანგულ სასტუმროს მსახურივით.
- ღმერთმა გაკურთხოს, ძველო მსახურო! როგორ ბრძანდება ბატონი ზალცმანი?
- შინ არ გახლავთ.
- მაშ დაუძახე ფრაუ ზალცმანს და მოგვიტანე ღვინო, კახური „დაისი“.
ასე ვუწოდებდით სისხლივით წითელ კახურ ღვინოს, ერთ საზეიმო შეხვედრაზე მოვნათლეთ ასე, რადგანაც ყოველ შეხედვაზე რაღაც შიშით გვავსებდა, ჩამავალი მზის შეხედვაზე რომ გვეუფლება ხოლმე.
ფრაუ ზალცმანი, სახლის უფროსის მეუღლე, ღმერთს რომ შვილებით დაულოცნია, ეტყობა, დიასახლისის ჩვეულებისამებრ ხელს სუფთად იბანს, თეთრი წინსაფარით იწმენდს და ისე გვართმევს მეგობრული თავაზიანობით.
სხვა ღირსებებთან ერთად ფრაუ ზალცმანს ესეც აღმოაჩნდა: თბილისში ერთ საუკეთესო კვერცხიან ხაჭაპურებს აცხობს. მარტო ადგილობრივ კი არა, მთელ კავკასიაში მცხოვრებ გერმანელთა შორის ჰქონია ამით მოხვეჭილი სახელი. თვითონაც დიდ გულმოდგინებას იჩენს, რომ მისი ხელოვნება ქვეყნად არ დაიჩრდილოს.
ცისფერ ოთახში იშლება ლურჯსუფრაგადაფარებული მაგიდა. იაფ კახურს მოსდევს ძვირი შამპანური, რადგან თბილისში ასეთი ჩვეულებაა: სუფრა ევროპული წესით დაგვირგვინდეს...
გვიან დავბრუნდით ზალცმანის „ზანდიდან“. მთვარე კვერცხიანი ხაჭაპურივით ციმციმებდა, ვარსკვლავები - მოელვარე ჭიქებივით.
ერთი ღრუბლის ქულაც არ აყენებდა ჩრდილს შუქმოელვარე ლურჯ ცას და ჰაერში ისე თბილოდა, თითქოს მზის სხივებით განათებულ საქართველოს მთვარეს მზის ცეცხლიც მოჰკიდებოდა.
ქუჩებში კაცის ჭაჭანება აღარ იყო, ბაზარი და სახელოსნოები დაეკეტათ. მხოლოდ ათასში ერთხელ თუ შეგხვდებოდა ბარბაცით მომავალი მთვრალი ჯარისკაცი, ან თეთრი ქათქათა ჩადრით დაბურული რომელიმე ქართველი ქალი.
დავტოვეთ ქუჩის მარცხნივ მდებარე უბანი, გოგირდის აბანოები, რომელთაც უმადლის თბილისი თავის აშენებასა და სახელს და ერევნის მოედნისაკენ წავედით.
აქა-იქ სახურავებზე ვხედავდით მხიარულ ქალთა სახეებს, მთვარის სხივებზე ჭრელ-ჭრელი სამოსით მორთულნი რაღაც ფერიების შთაბეჭდილებას რომ ტოვებდნენ.
ჩანგურის ხმა გაისმა ამ ღამეში, მშვენიერი ქართველი ქალები საფერხულო სიმღერას მღეროდნენ.
მაგრამ მომხიბლავ სახეთა შორის დიდი ხნით დარჩენა არ გვინდოდა, რადგან სადაც კი ქართველი ქალები თვალს შეგვავლებდნენ, რომ ვუცქერდით, მყისვე ქრებოდნენ, თვალს გვარიდებდნენ.
***
★ სოლოლაკის მთა, ქალაქის ერთი უმშვენიერესი ადგილი, თავის მკერდზე ატარებს განთქმული ძველი სიმაგრის ნარიყალას ნანგრევებს, რომელიც გრძელი კედლით უერთდება მისებრ დაქცეული შაჰის ტახტის ციხეს და მთელი ეს დანგრეული ანსამბლი მოგვაგონებს იმ შავბნელ დროს, როდესაც საქართველო სპარსეთის პირქუში შაჰის უღელქვეშ გმინავდა.
სოლოლაკის მთიდან ჩანს დიდებული სანახები, მამადავითის მთასთან ერთად რომ წარმტაც სურათად იშლება. იქით კი, შორს დიდუბის დაბლობია, მტკვარსა და სოღანლუღის მთებს შორის გაწოლილი მშვენიერი ბაღნარი, თბილისის მშვენება. ყველაზე უწინარეს კი თვალს იტაცებს მაღალი გალავნით შემოზღდული, კიბის საფეხურების მსგავსად გადაშლილი დიდი სამეფო ბაღი, უხვი მცენარეულით დაბურული და ჯადოსნური მშვენიერებით გამორჩეული.
***
★ დილის ექვსი თუ შვიდი საათი იქნებოდა. თბილისის ქუჩებში უკვე გამოცოცხლება დაიწყო, მაღაზიები და სახელოსნოები თანდათან იღებოდა.
რამდენიმე მეეტლემ ხმამაღლა დაიყვირა თავისი „ხაბარდა!“ – „გზა მოგვეცით!“ სამოსელში გულმოდგინედ გამოხვეული ქალები მიჰყავდათ აბანოებში. ერტგან გზა გადაგვიღობა ერთმა მაღალმა, გამხდარმა იმერელმა, წყლით სავსე ტიკებით დატვირთულ ორ პირუტყვს რომ მიერეკებოდა. ბოლოს, როგორც იქნა, ნარიყალას სიმაგრეს მივაღწიეთ და როცა გზის შესამოკლებლად ბანქების ფორმის ერთიმეორეზე დადგმულ სახლებს შორის მივცოცავდით, რამდენსამე სახურავზე ვნახეთ ჯერაც მძინარე მოქალაქეები, სხვა სახურავებიდან კი ლოგინი უკვე ალაგებული ჰქონდათ.
***
თბილისი გვიან ზაფხულში |
სექტემბრის დასაწყისადმე სიცხე ჩრდილში ოცდახუთ გრადუსს არ ჩამოსცილებია. ეს სხვაგან სადმე სრულიად იოლად ასატანი ტემპერატურაა, მაგრამ თბილისში, სადაც გარშემო მთებია და ნიავი იშვიათად ჩამოიქროლებს, მერე ისიც ღამე თითქმის არავითარ შეღავათს არ იძლევა, ისე აუტანელია, რომ ოთახში ძილი თითქმის შეუძლებელი ხდება, და ვისაც სად შეუძლია, იქ იძინებს: ბანზე, აივანზე, ან დერეფანში.
მაისში დაწყებული და მთელი ოთხი თვით გაგრძელებული სულისშემხუთავი სიცხე ყოველწლიურად იმდენ ადამიანს იტაცებს, თითქოს რაღაც ჭირი მძვინვარებდეს. მეტადრე რუსებსა და უცხოელებს უჭირთ, ევროპულ სახლებსი რომ ცხოვრობენ. ადგილობრივ მკვიდრთა უმრავლესობა კი ცხოვრობს სანახევროდ მიწურ სახლებში, სამხრეთ იტალიისა და საბერძნეთის სახლებს რომ მოგვაგონებენ. სახურავის მაგიერ ორ ფუტამდე სისქის მიწისა და თიხის შრე აწევთ. ასეთ სახლებში გრილა მცენარეულით დაბურული ეზო და სახლი კარგად ინახავს სინესტესა და სიგრილეს. მერე სიცხეში თიხისავე იატაკს ხშირად წყალს მოასხურებენ ხოლმე. საერთოდ, თბილისელთა სახლები ჩვენებურ გრილ სარდაფებს მოგვაგონებენ, ზამთარში რომ თბილა და ზაფხულში გრილა.
***
თბილისი ზამთარში. სალონი და ხალხის ცხოვრება |
ზამთარია. ღამით რამდენიმე გრადუსი ყინვა იყო. ბარდნის. ფიფქი თოვლის ფენა უკვე ფეხს ფარავს და ისევ თოვს. პირქუში ცა ღრუბლებით დაბურულა და ქედს უჩინარქმნის. ძლივს ჩანს შორეთში აღმართული თბილისის მთის სიმაგრე, თავისი ზვიადი სიმაღლიდან რომ ისე კუშტად გამოიყურება, თითქოს სურდეს თავისი თოფლის საბურველით დაფაროს წარსულის სისხლიანი მოგონებანი, ძნელბედობის საუკუნეებს რომ დაუტოვებიათ. არ შვენის ზამთრის საფარველი, არც მის წარმტაც გარემოს შეეფერება ზამთრის თეთრი სამოსელი.
აქ სიცივე ორმაგად უფრო საგრძნობია და არასასიამოვნო, ვიდრე ჩრდილოეთის სუსხიან ქვეყნებში, რადგან მის წინააღმდეგ წინასწარი სამზადისი არ ხდება. ამის მიუხედავად, ყოველ დილით, ჰაერი რომ თბებოდა, ისევ სიცივეს ვნატრობდი ხოლმე, რადგან როგორც კი მზე ამოდის და ღრუბელთა საფარველს გახლეჩს, მყისვე მთელი თბილისი ტალახის ზღვად იქცევა ხოლმე ასეთ დღეებში.
სახურავებიდან გადმოყრილი თოვლი დიდრონ ბორცვებად დგება ვიწრო და მრუდე ქუჩებში. მერე მზე გამოიხედავს, აქლემები ფეხით შედგებიან, თოვლის ზვინებს მიწას შეურევენ, და ფეხით მოსიარულე ტალახში ეფლობა, ჯანმაგარ ცხენებსაც კი უჭირთ ეტლის ტარება.
მაგრამ ეს კიდევ უმშვენიერესი დროა ზამთრისა, სულ ერთ-ორ კვირას გრძელდება და ყოველ შემთხვევაში დილა-საღამოს მაინც გავა კაცი კარში, როდესაც ყინვა დააჭერს და ტალახს გაამაგრებს ხოლმე.
ნამდვილი ტალახის სეზონი მაშინ იწყება, როცა თოვლის ცვენა და ღამის ყინვები იწყება.
ქალაქის ის ნაწილები, რომელთაც გარშემო აზიდული მთები იცავენ, თბილია და უქარო, მაგრამ იქ, სადაც მთები გაყოფილან, ჩრდილოეთი კავკასიიდან საშინელი სუსხიანი ქარი მოჰქრის, თითქმის განუწყვეტლივ ღმუის, ზუზუნებს, ტავრისა და ერევნის მოედნებზე გავლას აძნელებს.
გამდნარი თოვლი და ხშირი გადაუღებელი წვიმის წყალი ღრმად ჯდება მიწაში, ორი-სამი ფუტის სიღრმის ტალახი დგება და ალაგ-ალაგ ღრმულებში ჩამდგარი წყალი გაუვალ გუბეებად იქცევა ხოლმე მოუკირწყლავ ქუჩებში. ასეთ დროს - წყლის განმავლობაში რომ ერთ-ორ თვეს გრძელდება - ქალაქში მოგზაურობას კარგი გაბედვა უნდა, თუ თუნდაც ცხენი, სახედარი ან ეტლი გამოიყენოთ, მაინც ტალახის აბაზანების მიღების საფრთხეში იქნებით.
ასეთ პირობებში რომ ღარიბთა კლასის - ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობის სამოსისა და ბინის საკმაოდ სისუფთავეზე ლაპარაკიც ზედმეტია, ამას, ვგონებ, დიდი მტკიცებაც არ უნდა.
იმ ქართველთა გარდა, რომელთაც თავიანთი ცხოვრება სრულიად ახალი ევროპული ყაიდისათვის მიუსადაგებიათ, თვით მაღალ წოდებაშიც კი იშვიათად შეინიშნება სისუფთავისთვის ის გამორჩეული ზრუნვა, რასაც ამ სიტყვის ჩვენებური გაგება მოითხოვს.
ცნობების სხვადასხვაობის გამო ძნელად დასადგენი რიცხვი თბილისის მოსახლეობისა დაახლოებით 35 000 სულს შეადგენს. უმრავლესობა ქართველებია, მერე სომხები, რუსები, გერმანელები, სპარსელები. კიდევ უფრო მცირეა თათართა, ებრაელთა, ბოშათა, ქურთების, ლეკების, ოსების, მეგრელთა, იმერელთა, გურულთა, თუშების რაოდენობა. ერევნის მოედანსა და მახლობელ ქუჩებზე ცხოვრობს რამდენიმე ფრანგი და შვეიცარიელი მეშაქარლამე თუ დალაქი, წარჩინებულთა მსახურნი.
ეს თბილისის წარჩინებულთა წოდება შედგება რუსი მოხელეებისა და მაღალი რანგის ოფიცრობისა და უპირატესად დიდგვაროვან ქართველ დავადიშვილთაგან, როგორიცაა ერისთავები, თუმანიშვილები, ჭავჭავაძეები, ყორღანოვები, ანდრონიკოვები, ორბელიანები და სხვ. აგრეთვე ქართველთა სამეფო გვარის წარმომადგენლები, მეფისწულების და მეფის ასულთა შთამომავალნი (მკითხველისათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ქართველთა გვარებს რუსული დაბოლოება „ოვ“ დაერთო და თვით სამეგრელოს მთავრის გვარს ხშირად ასეთივე დაბოლოება ეძლევა: დადიანოვი).
თბილისის სალონთა ცხოვრება თითქმის არაფრით არ განირჩევა ევროპის დიდი ქალაქების სალონების ცხოვრებისგან. მეტადრე საზეიმო დღეებში, ბალებზე და მთავარმართებლის სასახლეში გამართულ დღეობებზე სამოსის ისეთი ნაირფეროვნებაა და ისეთი ფუფუნება, რომლის მსგავსი კონსტანტინეპოლსა და პარიზის სალონებში არსად მინახავს.
მთავარსარდლის სასახლეში გამართულ ბალზე ორი ათასამდე პირია დაპატიჟებული. ამასთან, ქართველი მანდილოსნები ისეთი დიდმშვენიერებით ციმციმებენ, რომ პირდაპირ მთელი თავიანთი შეძლება ბრილიანტების, ფარჩა-ატლასისა და ათასგვარი ძვირფასეულის სახით გამოუმზეურებიათო, იტყვის მნახველი. ისეთ ქალებსაც ვიცნობდი, მთელი მეზობლების სამკაულებს რომ იკეთებდნენ, რათა ბალზე რაც შეიძლება უფრო მომხიბლავი იერი ჰქონოდათ.
უფრო ვიწრო ადგილობრივ წრეებში აზიური ელემენტები შედარებით სუსტად იგრძნობოდა. მიღებული იყო ფრანგული ენა და შავი ფრაკი, ან კიდევ ძვირფასი ფორმის სამოსელი. წარჩინებულ მანდილოსანთა ჩაცმულობაც მკაცრი პარიზული მოთხოვნილების შესაბამის სახეს იღებდა. ზოგიერთი ქართველი თავადის ასული, მაგალითად ნინო და ეკატერინე ჭავჭავაძეები, ნაწილობრივ პეტერბურგში მიღებული განათლების, ნაწილობრივ კიდევ საზღვარგარეთ მოგზაურობის წყალობით, იმდენად არიან გაევროპელებული ზნითა და ჩაცმულობით, რომ მხოლოდ თავიანთი აღმოსავლური მშვენიერებით შეიძლება მათი გამორჩევა.
ნინო ჭავჭავაძე, გრიბოედოვის ქვრივი, 1844 წელს გავიცანი და მაშინაც თბილისის ერთი უშესანიშნავესი მშვენიერება იყო. ქართველი თავადის ეს ტუფრფა ასული სრულიად ახალგაზრდა მისთხოვდა რუსეთის ელჩს სპარსეთში, გრიბოედოვს, რუსეთის ერთ უდიდეს პოეტს - კომედიოგრაფს, 1829 წელს თეირანში სპარსელთა ბრბოს მიერ ვერაგულად მოკლულს.
საერთოდ, თბილისის სალონებში, ისევე როგორც პარიზის, ვენის, ბერლინის სალონებში, აზიურს ვეღარაფერს ვერ იპოვნიდით, მე საგანგებოდ ვცდილობდი მენახა რაიმე აზიური, როგორც კი საამისო შემთხვევა მომეცემოდა.
აზიელთა სამეფოში სალონური ცხოვრება, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, არ არსებობს, რადგან ქალები სასტიკად ჰყავთ გამოთიშული მამაკაცთაგან, მხოლოდ ქორწილში, ნათლობასი და სხვა მსგავს შემთხვევებში თუ ნახავთ, უცხოელისთვის კი ქალების ასეთი კიდეგანობა, მხოლოდ არაკია.
ევროპული სტილის თბილისურ სალონებში მაინც იყრიდა თავს მრავალი აზიელი, მეტადრე ოფიციალურ წვეულებებში...
დარბაზის შუაგულში მოცეკვავეთა გუნდები ირევიან, გარშემო კი კედლების გასწვრივ ჩამწკრივებულან ამაყი სტუმრები, ვერცხლის ქამრებზე მოციმციმე ხანჯლები შეურტყამთ, თითქოს საომრად გამზადებულანო.
აგერ, ტანმაღალი ჩერქეზთა მთავარი, დროებით რომ რუსების მხარეზე გადმოსულა, რათა პირველსავე შემთხვევაში ისევ გაიქცეს და გადაუდგეს მოსისხლე მტერს, შავი ფრიგიული ქუდი ამშვენებს, სპარსელი მუშტაიდის (ქურუმთუფროსის) ლურჯი კაბა ჩაუცვამს და ისეთი საზეიმო იერი აქვს, თითქოს მორწმუნეებს სალოცავად უნდა მოუწოდოსო.
მაღალი, მზედაკრული, გამხმარი, ძოწისფერი სამოსით მორთული მამაკაცი თურქმენთა მთავარია, ახლახან მოუხარა ქედი მოსკოვის დიდ ფადიშაჰს და ახლა დამაბრმავებელი დიდმშვენიერებით დარეტიანებულმა აღარ იცის, საით მიაპყროს თავისი განცვიფრებული თვალთა ხედვა, გარშემო კი ძვირფას თვალთა ციალით დახტიან მომხიბლავი ფერიები, ცეკვავენ, როკავენ, ხელსა ჰხვევენ მამაკაცებს და მთავარს ჰგონია, რომ მთელი სახლი მათი ჰარამხანაა, ხოლო ყოველი სტუმარი - მათი საყვარელი.
მხარბეჭგანიერი, თვალდაჭყეტილი, წითელწვერა, ვერცხლსი ქამარ-ხანჯლიანი მამაკაცი დაღესტნის თათართა ხანია. თითის წვერები ლურჯად შეუღებია, ხელი გრძელ ხანჯალზე უდევს და ფიქრობს: ალაჰი დიდია, საკვირველია მისი გზები, ჩემს ნაბიჯს წინამძღოლობს მშვენიერების სამყოფელში, სადაც მორთულ-მოკაზმული ქარაფშუტა ლამაზმანები უჩადროდ და უსირცხვილოდ უმზერენ უცხო მამაკაცებს, თითქოს თავიანთი საკუთარი ქმრების დარდი არა ჰქონდეთო!
ტანსარო ახალგაზრდა კაცი, სახით ამაყი და შავთვალებიანი, დარბაზის შუაგულში თავისი ქვეყნის წეს-ჩვევების საწინააღმდეგოდ ორბელიანის ქალთან რომ ცეკვავს მშვენიერ ეროვნულ ცეკვას, - ლეკურს, - ეს დანიელია, იელისოუს სულთანი.
მთელი ქალთა სამყარო მოხიბლული შესცქერის მსვენიერ ჭაბუკს, მის მსუბუქ მოძრაობას მოწონების ღიმილით აჯილდოებს ყველა. მორწმუნე მუსულმანები კი პირქუშად შესცქერიან - ეს ერთადერთი ცეკვა ამ ჭაბუკს ტახტის ფასად დაუჯდება!
დაპირებული ვიყავი, იელისოუში უნდა მენახა, გზად კი გავიგე, რომ მის ხალხს სისხლიანი აბანო გაუმართავს, რუსები განუდევნია და თვითონ დანიელს თავი შეუფარებია შამილისათვის, რომლის პირველი ნაიბიც ახლა იყო.
ჩემი „კავკასიური ომების ისტორიაში“ მკითხველი იპოვნის უფრო ვრცელ ცნობებს ამ ამბებზე.
ახლა კი მთავარსარდლის დარბაზებიდან დაბლა დავეშვათ და ვნახოთ, როგორ ატარებს დროს ხალხი ქუჩებში. მშრომელებისათვის ხომ თბილისში არ არის არავითარი ცალკე გამოყოფილი დროის სატარებელი ადგილი, ამიტომ ხალხი ქუჩებში ერთობა.
აქ ვერ იპოვნით ვერც ისეთ ყავახანებს, კონსტანტინოპოლსა და სმირნაში რომ ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ. დუქნებია და პატარებია, მედუქნის, ორიოდე სტუმრისა და რამდნეიმე დოქის გარდა არაფერი ეტევა.
(დოქის-მეთქი, რადგან საქართველოში ღვინო კასრებში კი არა აქვთ, არამედ მოკუპრულ ტიკებში, და დოქებით დაატარებენ. ეს დოქი ეტრუსკულ ჭურჭელს მოგვაგონებს და დიდი ზომისაა, კასრისოდენა. მეტადრე კახეთში, ნამდვილი ღვინის ქვეყანაში, უზარმაზარ ქვევრებს მიწაში მარხავენ. გერმანელები მაინც არ ღალატობენ თავიანთი ქვეყნის წესს და ღვინოს აქაც კასრებში ინახავენ).
ხალხის მთავარი გასართობებია: ჯირითი (ცნობილი ტურნირი), მუშტი კრივი, თოკით თამაში, ცეკვა და ნადირობა.
ჯირითი და მუშტი-კრივი, რომელშიც მხარბეჭგანიერი და ტანადი ქართველი მამაკაცები არაჩვეულებრივ ღონესა და სიმარდეს იჩენდნენ, ჩემი თბილისში ყოფნის დროს რუსეთის მთავრობამ ერთხანს აკრძალა, ალბათ იმის გამო, რომ ბევრი მოკრივე და მოჯირითე ზიანდებოდა, სწორედ იმავე საფუძველზე, რამაც ერთ დროს ჩვენში, გერმანიაში ტურნირი აკრძალულ გასართობად აქცია.
პირველი ორი საბრძოლო გასართობი იმართებოდა მუდამ გაშლილ ველზე, ქალაქის ჭიშრკების წინ, მთელი ქალაქის ბრძოლისუნარიანი მამაკაცებისა და წარჩინებულთა დასწრებით, ზღვა ხალხის თვალწინ.
თოკით თამაში, პირიქით, უბრალო ხალხის, ქუჩის გასართობი იყო.
მოთამაშეები მოიერიშეებად და თავდამცველებად ნაწილდებოდნენ.
ყოველი დამცველთაგანი ფართოდ გაშლილ ფეხებს შორის დაიდებდა მსხვილსა და სამიოდე წყრთა სიგრძის თოკს, რომლის ძალითა თუ მოხერხებით წართმევას ცდილობდა მოწინააღმდეგე.
თოკის მცველი ისე გაშმაგებით იცავს თავის საუნჯეს, რომ თავდამსხმელი მრავალ წიხლსა და ქიმუნჯს იღებდა, ვიდრე ნადავლის წართმევას მოახერხებდა.
სამაგიეროდ წართმევის უფლება ეძლეოდა ამავე თოკით მისი პატრონისათვის ზუგი აეჭრელებინა, ისიც სრულიად შეუბრალებლად, საერთო სიცილ-ხარხარში.
თუ ყველა თოკს წაართმევენ, თამაში თავიდან იწყება, ოღონდ ახლა დამცველები მოიერიშეებად იქცევიან, მოიერიშეები კი - დამცველებად.
ევროპელი გულდამშვიდებული ვერ უყურებს ამ წყვეტებასა და შოლტვას.
ჯირითში, მუშტი-კრივსა და თოკით თამაშში ქართველებს სრულიად ავიწყდებათ მათი მოჩვენებითი სიზანტე. ყველაფერში ცეცხლი და სიცოცხლეა. ვიწრო, მაღალყელიანი წვეტიანი ფეხსაცმელები ელვასავით ტრიალებენ და მიუბაძავი სისწრაფით იცვლიან ადგილს. დიდი, მუქი თვალები ისრებივით ტყორცნიან მზერას ყოველ მხარეს. განსაცვიფრებელი მოქნილობით წვება და აღიმართება მოხდენილი და მსუბუქი ტანი ვაჟკაცებისა, სახელოებდაკაპიწებული და საცემად გაწვდილი ხელები უმშვენიერესი მოძრაობით თვალს იტაცებენ.
ვინც საღამოობით ავლაბარში ან გერმანელებით დასახლებული ახალი თბილისისკენ გაისეირნებს, ხშირად ნახავს ქართველთა სასიყვარულო ცეკვას, ბერძნული ქოროების მსგავსს.
მამაკაცების გუნდი ფართო წრეში დგება. ყოველი მამაკაცი მეზობლის მხარზე დებს ხელებს და ასე ტრიალებენ წრეში, თან მღერიან, გარშემო მყოფნი კი შეწყობილად უკრავენ ტაშს და ხშირი შეძახილებით აქეზებენ.
ამ დროს შესრულებული სიმღერები უმთვრესად ძველი ხალხური ლექსებია და ბევრად უფრო ძვირფასი, ვიდრე პოეტების მიერ შექმნილი ხელოვნური პოეზია.
ერთი კოხტა ჭაბუკი თავის მეგობრებს მოუთხრობდა, თუ როგორ დაბრუნდა შინ საღამოს ერთი ქეიფიდან, სადაც სრული ცხრა საათი სვამდნენ და მღეროდნენ. რისთვის სვამდნენ ასე დიდხანს? სულელური კითხვაა! მოქეიფეებს ხომ ამისთვის არაფერი არ გადაუხდიათ, მიწვეული იყვნენ, მასპინძლის ქალს ვაჟიშვილი შეეძინა, და ეს დიდი სიხარული იყო, რადგან მანამდე მხოლოდ ქალიშვილები ჰყავდათ. ათი თუნგი ღვინო დაილია, ორმოცდაათი ბოთლი.
კოხტა ჭაბუკი რომ თავის საყვარელ სატრფოსთან მივიდა, წაბარბაცდა და დაეცა. ქალი სახურავზე დადგა და კიცხვა დაუწყო, რადგან ახლო-მახლო არავინ ჩანდა. ჭაბუკმა მიუგო:
- მთვრალი ვარ, გოგო! მთვრალი სიყვარულით!
- არა, ღვინომ დაგცა და გაგაფუჭა, შე ლოთო!
- მაშ ფეხზე დამაყენე ისევ სიყვარულით! იცი, რა სიხარული იყო მასპინძლის სახლში? ქალს ვაჟიშვილი შეეძინა. მხოლოდ ქალები ჰყავდათ! თუ ასეთ რამეზე გამიჯავრდები, ღმერთი შენ გაგიჯავრდება და ასეთ წყალობას მოგაკლებს!
აქ ქალიშვილმა გაიცინა, სახურავიდან ერთი ბალიში გადმოაგდო და გაქრა. რისთვის არის საჭირო ბალიში? რომ კაცმა თავი დასდოს და დაიძინოს. რისთვის გადმოაგდო? იმისათვის, რომ მისი თავისათვის მეტად დიდი იყო. მეორე თავს ითხოვდა. ორი თავი ერთ ბალიშზე კი ნიშნავს ქმარსა და ცოლს!
დასასრულ უნდა შევნიშნოთ, რომ ქართველთა, ისევე როგორც სომეხთა ცხოვრებაში ცუდ ნიშნად ითვლება, ცოლ-ქმარს რომ პირველად გოგო შეეძინებატ, და თუ მეორეც ქალი მოჰყვა, ეს ხომ ნამდვილი უბედურებაა! ქართველი ქალი ხალხში თავს იოლად ვერ გამოყოფს, თუ მხოლოდ ქალების დედაა. მაგრამ თუ ვაჟი დაიბადა, ნამდვილი ზეიმი იმართება ბავშვისა და დედის პატივსაცემად.
***
★ ადრეც მითქვამს ,რომ ქართული სუფრა ძველთაგანვე განდიდებულია მომღერალთა და საზანდრების (საზის დამკვრელთა) მიერ. ამ მოხეტიალე მუსიკოსებს ხშირად შეხვდებით ქუჩებში, საზოგადოებრივ ადგილებში, მეტადრე ბაზრებში, და ყველგან ურიცხვი ხალხი ეხვევათ გარშემო.
სიმღერებს, რომელთაც ეს მუსიკოსები მღერიან, ჩვეულებრივ თვითონვე თხზავენ, ისევე როგორც ჩვენს დიდ ბაზრობაზე მოარული მომღერლები. ამ სიმღერებს შორის მრავალი მარგალიტია. ქართველებს აქვთ უნარი და გემოვნება, რომ ეს მარგალიტები ყოველდღიური უმნიშვნელო გაშაირებისაგან გამოარჩიონ და ხსოვნაში შეინახონ. რაკი ლირიკული პოეზია აღწერას არ ექვემდებარება, მხოლოდ ცოცხალი ნიმუშებით უნდა დაფასდეს, ამიტომ აქ ვიმოწმებ ერთ საუკეთესო ქართულ ხალხურ სიმღერას (დიმიტრი თუმანიშვილის „ახალ აღნაგო“, იგივე ლექსი, პუშკინს რომ უთარგმნეს):
ახალ აღნაგო სულო და
ედემში აღმოსულო და,
ჩემს ეტლზე დანერგულო და, -
სიცოცხლეს შენგან მოველი,
უკვდავება ხარ ცხოველი!
ორის კვირისა მთვარეო,
ნათელ ბრწყინვალე არეო,
ანგელოზ მიწყინ ფარეო, -
სიცოცხლეს შენგან მოველი,
უკვდავება ხარ ცხოველი!..
თბილისში ჩემი ყოფნის დროს დიდი სომხური ბაზრის კუთხეში ყოველდღიურად ვხედავდი ერთ ბრმა ქართველ საზანდარს, იჯდა და მღეროდა, ხან მარტო, ხან მოხიბლული მსმენელებით გარემოცული, მღეროდა აკანკალებული ხმით თავის სევდიან სიმღერებს. ძირს გაშლილი იყო ცხვირსახოცი, რომელზედაც გულკეთილი მსმენელები წვრილ ფულს ყრიდნენ. ეს იყო მოხუცის ერთადერთი საარსებო წყარო. ხსოვნაში ჩამრჩა ამ ბრმა, ღატაკი ბერიკაცის სახე, თავისივე ლექსების იმპროვიზაციით რომ ირჩენდა თავს...
***
ამბავი ვორონცოვისა - მეფის ნაცვალი კავკასიაში |
იშვიათად, ალბათ არც არასოდეს უნახავს თბილისს ასეთი საზეიმო განწყობილება, ხალხის ასეთი მოზღვავება, ასეთი საკვირველი ფუფუნება, როგორიც იხილა ახალი მთავარმმართებლისა და მისი მეუღლის ჩამოსვლაზე.
საუცხოო ამინდი ხელს უწყობდა საზეიმო შეხვედრას. მშრალი, მზიანი დღე იყო.
ყველა შეძლებულმა ოჯახმა ძვირფასეული გამოჰფინა, ყველა ბაზარი ხალიჩებით დაამშვენეს, ყველა ქუჩა ყვავილებით დაფარეს. ზოგიერთი შადრევანი სისხლივით წითელი ღვინით აავსეს, რაც მეტადრე საღამოს განათებაზე ჯადოსნურ ფერთა ლივლივით თვალს იტაცებდა.
ყველაზე უფრო თვალწარმტაცი მაინც იყო სანახაობა ქალაქის მთავარ ქუჩაზე, სადაც სარდალი შემოვიდა. მხოლოდ რომში გამართულ კარნავალზე მინახავს ასეთი რამ. ყოველი სახლსი ფანჯრიდან, ყოველი კარიდან და აივნიდან იცქირებოდა უთვალავი მორთულ-მოკაზმული ქალი, კაცი და ბავშვი. ყოველი სახლი ცოცხალ სურათთა კვარცხლბეკად იქცა, ყოველი ფანჯარა - მშვენიერ სურათთა ჩარჩოდ.
საღამოს ერთხელ კიდევ შევავლოთ თვალი საზეიმოდ განათებულ თბილისს და მერე დავემშვიდობოთ ქართველთა დედაქალაქს.
მთელი თბილისი ერთიან ცეცხლის ზღვას ჰგავდა. ყველა მთა ქალაქის გარშემო თითქოს ცეცხლისმფრქვეველ ვულკანად ქცეულიყო. მიწა თბილად სუნთქავდა. ყველა მოედანზე ბენგალური ცეცხლი გიზგიზებდა. ყველა სახურავზე ჩირაღდანი ენთო. ქალაქის ქუჩებს ყოველი მიმართულებით ანათებდა უთვალავი ლამპა, და მათ შორის მსუბუქი ფეხებით დასრიალებდა მრავალი კოხტად გამოწყობილი თბილისელი ქალიშვილი, ვერცხლის იარაღსა და სამკაულებს აციმციმებდა რჩეულ მთიელ ვაჟკაცთა გუნდი.
თვით ათას ერთი ღამის უმშვენიერესი ზღაპარი ვერ შეედრებოდა ამ სინამდვილეს...