გრიგოლ რობაქიძე თვის დაუმთავრებელ რომანში „ფალესტრა“, წერდა:
მხატვარი იური სერგეევიჩ სუდეიკინ რესტორანს ხატავდა, რომელსაც ქართველმა პოეტებმა „ქიმერიონი“ დაარქვეს. (სუდეიკინმა მართლაც აავსო რესტორანი ქიმერებით).
მხატვარ საველიი აბრამოვიჩ სორინს ქართველ ყელმოღერებულ თავადის ასულების პროფილები ტილოზე გადმოჰქონდა: „ლამაზი - მეტად ლამაზი“ ხაზებით.
ტფილისი გახდა პოეტების ქალაქი, კაფე „ინტერნაციონალში“ იგი კიდეც გამოაცხადეს პოეტების ქალაქად.
კიდევ მეტი:
გაიძახოდნენ - პოეზია მარტო ტფილისშიაო.
პაოლო იაშვილი სწორედ ამ ხანებში თავს დაეცა ტფილისს, როგორც არტურ რემბო პარიზს.
მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა მან, რომ ტფილისის აღება ბოჰემით და ლექსით უფრო ძნელია, ვიდრე პარიზის.
ტიციან ტაბიძე ორპირის ჭაობში და მალარიაში ლაფორგის მთვარის სიყვითლეს ხედავდა და ლექსებში მასავით უყეფდა ამ ყბად-აღებულ მნათობს. მას ისიც ეგონა, რომ ორპირის ყანჩი ლოტრეამონის „მალდარორივით“ დაიწყებდა დითირამბულ მონოლოგებს, გრიგოლ რობაქიძეს ამ დროს მხოლოდ ორი რამე აწვალებდა: აპოკალიფსი და დიონისო.
ამავე დროს ამზადებდა იგი „ორღობის ეშაფოტს“ და „პატმოსის რიტმებს“.
ქვეყანა მართლაც იქცეოდა - და მხოლოდ ტფილისი იყო ერთად ერთი ქალაქი, რომელიც ამ „ქცევას“ პოეტური მღერით ხვდებოდა (უდარდელობით ხომ არ აიხსნება, აღმოსავლურით თუ ქართულით?).