[„დამოუკიდებელი საქართველო“, ჟურნალი „ეშმაკის მათრახი“, 1920 წ.]
★ მეტად ძნელი გამოდგა „მატუშკა როსიას“ მშობიარობა როგორც გამოჩენილი აკუშორები ამტკიცებდნენ. ასე ხანგრძლივი ფეხმძიმეობა და გაუთავებელი ტანჯვა მშობიარე ქალისა სააკუშერო პრაქტიკაში არავის უნახავს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ ვერც დედა აიტანდა ამ საშინელ მშობიარობას და შვილიც მკვდარი დაიბადებოდა.
მაგრამ მოხდა სასწაული და დახელოვნებულ ბებია ქალების, დოსტაქრებისა და ექიმების დახმარებით „მატუშკა როსია“ მორჩა. მას ეყოლა ტყუპი ვაჟი, სრულიად ჯანსაღი და მკვირცხლი ყმაწვილები. დედა, როგორც ყველა ცრუმორწმუნესა და გაუნათლებელ ადამიანს სჩვევია, მეტად დააღონა ტყუპი ბავშვის ყოლამ: მას დანახვაც კი არ უნდოდა თავის ახლ შობილებისა და ყალბი სირცხვილის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა.
დედობრივი გრძნობა დაჩრდილა ცრუმორწმუნეობამ. მან შეიძულა თავისი ორი პირმშო, ხელი აიღო მათზე, აღარ ინდომა ძუძუს წოვება და, მიუხედავად მრავალ ხვეწნა-ვედრებისა, უბრძანა გადიას, ბავშვები დაეხოცა.
გადიამ მოსაკვდინებლად ვერ გაიმეტა უპატრონო ბალღები, შეებრალა ისინი, ჩასვა პატარა კალათებში და მდინარეში ჩაუშვა.
სინდისის ქენჯნის ბრალი იყო, თუ სხვა რამ ანგარებიანი მიზეზის გამო, „მატუშკა როსიამ“ თავისი პატარები მოიკითხა და უბრძანა გადიას, დაებრუნებინა ისინი.
- გვიანღა გახლავთ, ბატონო, უპასუხა გადიამ: აკი მოგახსენეთ, ინანებთ მეთქი! მე ხომ თქვენს ბრძანებას ვერ გადავცდებოდი, დავხოცე ბავშვები და ეხლა როგორღა უნდა გაგიცოცხლო?
ახალშობილ ტყუპებს კი ამ დროს ნელის ლივლივით მიაქანებდა მდინარის ტალღები...
12 იანვარს მისტერ ოლივერ უორდროპი ჩვეულებისამებრ მამლის ყივილამდე ადგა და უპირველეს ყოვლისა საბანაოთ განემზადა. აი, ჩაეშვა კიდეც აუზში და ის იყო უნდა ნებიერათ გაშოთილიყო საამოდ განელებულ წყალში, რომ უეცრივ აუზის კრანში წყალს რაღაც საგანი გამოჰყვა და შიგ აუზში მოადინა ტყაპანი.
ბ. უორდროპმა ჯერ ყურადღება არ მიაქცია ამ გარემოებას, მან კარგათ იცოდა კიდეც თბილისის წყალსადენის ამბავი და გაიფიქრა, მკვდარი კატა იქნებაო. მაგრამ როდესაც გაიხედა კრანისკენ, მოლივლივე კალათი შენიშნა...
განცვიფრებულმა ოლ. უორდროპმა დაავლო ხელი კალათს და ინგლისელისათვის უჩვევის მღელვარებით აჰხადა მას თავი. კალათიდან თავი ამოჰყო მშვენიერმა ყრმამ და სალამი მისცა მას.
მისტერ უორდროპმა ფრთხილად შეახვია საოცარი ყრმა და დაუყოვნებლივ მიჰგვარა ნოე ჟორდანიას.
- ოცდაათი წელიწადია ველოდი ამას და აი, ვეღირსე, ბატონო ნოე! ახლა თქვენთვის მომირთმევია და აღზარდეთ ისე, როგორც თქვენა და ამ მშვენიერ ბავშვს შეგეფერებოდესთო, - უთხრა მან ნოეს.
- აწ განუტევე მშვიდობით მონასა შენსა, უფალო, რამეთუ თვალთა ჩემთა იხილეს ყრმა ეგე ძვირფასი - წარმოსთქვა ნოემ და მიიქვა მკლავთა ბავშვი.
მთელი საქართველო სიხარულისა და აღტაცების ტალღებში ბანაობდა. ზეიმებსა და ნადიმებს ბოლო არ უჩანდა. მიზეზი, რა თქმა უნდა, ის მშვენიერი ყრმა იყო, უორდროპმა რომ მიართვა ნოე ჟორდანიას.
- ამ პატარა სასმისით მე გეახლებით აი, ამ ბავშვის სადღეგრძელოს! - ამბობდა თამადა ერთ-ერთ ამ გვარ ნადიმზე...
ყმაწვილი მშვენიერ კვარცხლბეკზე იჯდა და ყურადღებით უცქეროდა მოქეიფეთა საქციელს.
როდესაც განთიადმა მოაღწია და ყველას ჩაეძინა სუფრაზე, ყრმამ დრო იხელთა და დიდების მიბაძვით „პატარა“ სასმისში ისკუპა. იგი ჯერაც კიდევ ღვინოში ფართხალობს, მისტერ უორდროპი გულის ფანცქალით ადევნებს თვალ-ყურს მას და არ იცის, გადაურჩება ბავშვი დახრჩობას, თუ ვერა?