★ „დღევანდელი დიდუბის ტაძარი სრულიად არ მიემზგავსება იმ ტაძარს, რომელიც თამარ მეფის დროს იყო აგებული, თუ არ ვცდებით, მამა მისის გიორგი მესამისაგან. მანვე აღუგო აქ სასახლე და შვენიერი წალკოტი თავის ქალს, რომელიც იზრდებოდა იქვე, განსაკუთრებით მისთვის აგებულ სასახლეში საქართველოს ტახტის დასაჭერად.
მამა მისი აქ ხშირად აჩვენებდა თავის მემკვიდრეს სამხედრო ვარჯიშობას ჯარებისას. დიდუბის მინდორი საყაბაზეც ყოფილა მეთვრამეტე საუკუნემდის, ესე იგი, ერეკლე მეფემდის.
ძველი ეკლესია აგურით ყოფილა ნაშენი; მისი ნანგრევი განახლდა პავლე ეგზარხოსის დროსა რუსულ გეგმაზედ. ძველადგანვე დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესიაზე მრავალნი მლოცველნი დადიოდნენ, განსაკუთრებით უძეო დედა-კაცნი და მტკიცედ სწამდათ, რომ დიდუბის ღვთის მშობლის ეკლესია მიაგებდა მათ ნაყოფიერებას. დედოფალი ბურდუხან თამარ მეფის დედა რომ მძიმედ შეიქმნა, თურმე გიორგი მეფემ ღმერთს აღთქმა დაუდვა, რომ დედოფლის კეთილად მორჩენისათვის ღვთის-მშობლის სახელზედ დიდუბის ეკლესია უნდა აღვაგოვო. მართლაც, ეყოლა თუ არა შვილი, მეფემ აქ სასახლე და წალკოტი აღუგო თავის ქალს და თან აღთქმაც აღასრულა ღვთის წინაშე: აღაგო ტაძარი დედა ღვთისა, რომელსაც მიანდო თავისი პირმშო ქალწული.
თამარ მეფემ მეორედ ჯვარი დიდუბის ეკლესიაში დაიწერა. ვინ იცის, პირველი ნაპერწკალი სიყვარულისა, იქნება, ამ სასახლეშიაც მოხვდა მის გულს, იქნება იმიტომაც უფრო უყვარდა დიდუბის მიდამო. ის ხშირად სიამოვნებდა აქ ჯარის დახედვით. ომიანობის წინად იგი აქედან ისტუმრებდა თავის მხედრობას და პარაკლისს უხდიდა მას დიდუბის ტაძარში. გამარჯვებული ჯარი პირველად აქვე მობრუნდებოდა და მოართმევდა თამარ-მეფეს ნადავლს: ურიცხვს საქონელს, თვალ-მარგალიტს, ოქროსა და ვერცხლს, ნაშოვნს უცხო ქვეყნებში მტრის აკლებით.
როგორც ქართლის ცხოვრება მოგვითხრობს, როცა დავით სოსლანმა დიდებული შამქორის ომი გადაიხადა, ბუბაქარ ათაბაგის ჯარი მოსრა, სულთანს განჯა და ყარაბაღი წაართვა და ხალიფას დროშა ნადავლად წამოიღო, მაშინ გამარჯვებული მეფე დაბრუნებულა და დიდი ნაშოვარი მიურთმევია თამარ მეფისთვის.
„... და განეწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდის აქლემი ყოველი ტვირთითა, ცხენი ყოველი აკაზმულობითა; ეგრეთვე ყოველი იგი ამირანი თვისითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა, შემდგომითი შემდგომად გააწყვეს კარითგან ქალაქისად [ეტყობა დიდუბე ქალაქი ყოფილა] ვიდრე ხევამდე გლდანისა, ტყვე ყოველი კაცი, ხელმწიფე, აზნაურთა მონამდის - თორმეტი ათასი, ავაზა ორმოცი, ცხენი ოცი ათასი, ჯორი შვიდი ათასი, ყოველი კიდებული. სხვათა სიმდიდრეთა და საჭურჭლეთა, ოქროთა და ლართა ვინმცა უძლო აღრიცხვად: განიყვანეს თამარ და შეწირნეს და ათაყვანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი, თვითცა თაყვანი სცეს და მიულოცეს მეფობა ბედნიერი ღვთისა მიერ...“.
ამ უკანასკნელს დროს დიდუბის ეკლესია შეიქნა ჩვენ ქართველებისათვის ნეტარ სახსენებლად და საყვარელ ალაგად, რადგან იქ განისვენებენ ნაშთნი ქართველთა წარჩინებულთა მოღვაწეთა: დიმიტრი ბაქრაძისა, მიხაილ ყიფიანისა და ივანე კერესელიძისა. დღეს ამავე წმინდა ადგილმა მიიბარა ძვალნი ჩვენის დიდებულის პოეტის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა“.
[XX-ლი, გაზეთი „კვალი“, 1893 წ.]