„სკანდალი“ სასტუმრო „ლონდონში“ - მოწამლულია 15 ადამიანი... |


16 ივლისი, 1899 წ.

„სამშაბათს, 13 ივლისს, საღამოს, „ლონდონის“ სასტუმროში, სხვა მრავალთა შორის სადილობდნენ ტფილისის გუბერნატორი ი.ნ. სვეჩინი, ბ-ნი ტებენკოვი და სხვ. ერთის საათის შემდეგ ყველა მოსადილეებმა მუცელში ტკივილი იგრძნეს, ყველას პირის ღება დააწყებინა და გამოაჩნდათ მოწამვლის ნიშნები. მოწამლულთ მათს ბინებზედ სამკურნალო დახმარება აღმოუჩინეს. 

პოლიციის გამოძიებამ გამოარკვია, რომ აღნიშნულ სასტუმროში იმ დღეს მოიწამლა 15 კაცი, სხვათა შორის, სასტუმროს პატრონიც ბ-ნი რიხტერი. სასტუმროდგან გაგზავნილ იქმნა გამოსაკვლევად სასმელ-საჭმელების ნიმუშები საგუბერნიო გამგეობის სამკურნალო განყოფილებაში და ქალაქის საქიმიო ლაბორატორიაში. მოწამლულნი უკვე იკურნებიან.“


17 ივლისი, 1899 წ.

★ „ლონდონის“ სასტუმროში 15 კაცის მოწამვლის საქმის გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ სასტუმროს პატრონს, რიხტერს, მხოლოდ „კვასი“ დაელია და მითი მოწამლულიყო. ეს სასტუმრო იღებდა კვასს ორ ადგილიდგან: გიორგიევის დუქნიდან [გოლოვინის პროსპექტზე] და ესაიანცის დუქნიდგან [მადათოვის კუნძულზე].

ეს დუქნები დაათვალიერა პოლიცმეისტრის თანამდებობის აღმასრულებელმა, ექიმებთან ერთად, და პირველი დუქანი ყოველ მხრივ სუფთა ჰნახა. აქედგან გამოსაკვლევად წაიღეს კვასის ჭაშნიკი და გიორგიევს დროებით ამ სასმელით ვაჭრობა აუკრძალეს.

ხოლო მეორე დუქანი მეტად ვიწრო და საშინელი უსუფთაო აღმოჩნდა. იქვე გადააქციეს 3 ბოჭკა სასმელად უვარგისი კვასი. დუქანი დაკეტილ იქმნა, სანამ მისი პატრონი უკეთესს სადგომს არ მოსძებნიდეს.“


20 ივლისი, 1899 წ.

★ „15 კაცის მოწამვლას „ლონდონის“ სასტუმროში იმ გარემოებას აბრალებენ, რომ ჭიების წინააღმდეგ სახმარი შხამიანი ნივთიერება სასტუმროს კედლების მოსხურვის დროს ჭურჭელშიაც ჩაცვივნულიყო“.

22 ივლისი, 1899 წ.

„იმ „კვასის“ გამოკვლევამ, რომელიც გიორგიევის დუქნიდგან იყო წაღებული [„ლონდონის სასტუმროში“ 15 კაცის მოწამვლის გამო], აღმოაჩინა, რომ ეს კვასი არავითარ შხამსა და მავნებელ ნივთიერებას არ შეიცავს. ამიტომ გიორგიევს უფლება მიეცა ჰყიდოს თავისი კვასი. 

ხოლო ესეიანცის დუქნიდგან წაღებულ კვასსა და აგრეთვე ხსენებულ სასტუმროდგან წაღებულ სხვა და სხვა გვარ საჭმელებს ჯერ კიდევ იკვლევენ...“

გიორგი ჭეიშვილი