პეტრე მესხი და იმისი ტალკვესიანი თოფი... |


„გოლოვინის პროსპექტზედ, ბასისტის სათამბაქო მაღაზიის ფანჯარაში სდევს გასასყიდად ძველებური ქართული ტალკვესიანი თოფი, რომელიც სულ მთლად შევერცხულია და იშვიათის ხელოვნებით არის მოსევადებული და ნაკეთები. ლულაც, კონდახიც ვერცხლ-გადაკრულია და ვერცხლში ცურვილი. სალტები წმიდნა ვერცხლისაა. 
კონდახზე რუსული, ქართული, ფრანგული და თათრული ზედ-წარწერებია. ქართულად აწერია: „პეტრე მესხი ვარ“; ფრანგულად: „Naduda Bogdanoff“, რუსულად: „1859 годь, 25 июля. Кавказь. Укръпление Кумухь“. თათრული ზედ-წარწერა ვერ წავიკითხეთ. 
ეს თოფი მიუტანია მაღაზიაში ვიღაც ნიკოლოზ პეტრეს ძეს ვოლსკის, საკონტროლო პალატის სეკრეტარის თანაშემწეს. ფასი თოფისა 120 მანათია. 

ქართულს ზედ-წარწერაში მოხსენებული პეტრე მესხი ამ ჟამად ქართლში სცხოვრებს, ძველებური ქართველი კაცია, ახოვანის ტანისა, რომაულის ცხვირით, მაჯა-ძლიერი, ბევრის ომის მნახველი, მამულისა და სამშობლოს დიდი მოყვარე. ეს ის პეტრე მესხია, რომლის გმირობა და ვაჟკაცობა ქართლში კარგად იციან და რომელმაც შარშან შიშის ზარი დასცა ქართლის ავაზაკებს, რაკი გავარდა ხმა, რომ პეტრე მესხი და მეორე მისივე დოსტი, აწ უკვე მეტად ხნიერი ტარასი თავიანთ ნებით გავიდნენ ავაზაკების შესაპყრობადაო.

პეტრე მესხს ლეკურად აცვია: ლეკური ჩერქესკა, ლეკური დიდი ფაფახი, ლეკური ხმალი. სულ იარაღში ზის. გულმკერდზე მენდალი და ჯვრები აქვს ვაჟკაცობისათვის ბოძებული. იმისს ხმალზე სამი უცნაური სურათია: ვადაზე, შუა წელზე და ბოლოში. ვადაზე ლომია.
- ჩვენც წინად ლომები ვიყავითო, - იტყვის ხოლმე პეტრე მესხი ხშირად და ღრუბელი გადაურბენს სახეზედ. 
აი ასეთის ვაჟკაცის თოფი, საჭურველი და საომარი იარაღი, რომელსაც, ვინ იცის, რამდენი ცეცხლი და ვაება უნახავს, დღეს გასასყიდად არის გამოტანილი ბაზარში!..“

გიორგი ჭეიშვილი