საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება | 26 მაისი 1918 წ.


 საქართველოს ეროვნულ საბჭოს პირველი სხდომა; კვირა, მაისის 26. 1918 წ. ტფილისი. სასახლე. კრებას დაესწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი. 

ლოჟებში და ქანდარებზედ აუარებელი საზოგადოებაა: სხვა და სხვა ერთა წარმომადგენელნი. სხვათა შორის, იმყოფება გერმანიის ჯარის უფროსი აფიცერი გრაფი შულენბურგი, გერმანელ ოფიცერთა თანხლებით.

ლოჟაშია აგრეთვე ტფილისის მიტროპოლიტი ლეონიდე სამღვდელო ამალითურთ და ქართველი მხედრობა.

სასახლის წინა მოედანი და ახლო-მახლო ქუჩები ხალხით არის გაჭედილი.

სასახლის ბანზე ამართულია საქართველოს ეროვნული დროშა.

თავმჯდომარეობს ეროვნულ საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.

პრეზიდიუმში არიან: გიორგი ლასხიშვილი, გრიგოლ ვეშაპელი, პავლე საყვარელიძე.

მდივნად არის ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი.

კრება ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე იწყება.

კრების გახსნა

თავმჯდომარე. საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომას გახსნილად ვაცხადებ.

ნოე ჟორდანიას სიტყვა

მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის და ამავე დროს ტრაღიკულ აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი ახლა, ამავე დარბაზში, ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს.

ამ ორ სახელმწიფოთა შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბადება, შეუძლებელია ყოფილიყო ინტერესთა წინააღმდეგობა.

და თუ ოდესმე პირველი აღდგება მკვდრეთით, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, მათ შორის მუდამ იქნება ინტერესთა თანხმობა. [ტაში]

საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ხალხისა, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ.

მისი მიზანია დღევანდელ ისტორიულ ქარტეხილისგან დაიფაროს თავისი თავი.

და როცა ამას მოახერხებს იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდება დიდ განსაცდელში! [ტაში]

თქვენ კარგად იცით, საქართველო ჩვეულია ბრძოლას თავისი არსებობის დასაცავად. ის საუკუნოებით იბრძოდა, რათა თვისი სულიერი ვინაობა, ნაციონალური ორგანიზმი და ტერიტორია შეენარჩუნებინა. მაგრამ იგი იბრძოდა მხოლოდ თავის დასაცავათ და არ ებრძოდა სხვის არსებობას.

ამასთანავე იგი იბრძოდა არა მარტო ქართველთათვის, არამედ იმ ერებისათვისაც, რომელნიც მოსახლეობენ მის სახელმწიფოებრივ ფარგლებში; მეტსაც ვიტყვი, - ის იბრძოდა თავისი ფარგლების გარეშეც, აგრეთვე სხვების დასაცავად.

ეს დიდი ისტორიული მაგალითი ცხოველ-მყოფელ ანდერძათ დარჩა ქართველ ხალხს და ეს სრული გარანტიაა იმისა, რომ დღევანდელ ქართველ ერს შერჩენილი აქვს მისი ძირითადი ისტორიული მიდრეკილება - შეუსაბამოს ხოლმე თვის ინტერესი სხვა ერთა ინტერესებს.

სწორედ ამიტომ არც ერთი ერი - ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, თუ ჩვენს სახელმწიფოს გარეშე მყოფი, არ უნდა განიცდიდეს ჩვენს გამო რაიმე აღელვებას, სულიერ მტკივნეულობას და წყენას.

და განა დღეს სეიმში არ განაცხადეს, სხვა და სხვა ორატორებმა, რომ არ არის ისეთი ერი, რომელიც ცუდათ იხსენიებდეს ქართველ ერს?!

ეს არის იმის თავდები, რომ ახალი სახელმწიფო, ახალი მთავრობა სავსებით გაამართლებს ამ იმედებს.

ჩვენ გვსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეშე და ჩვენს შორის მყოფ ერებთან.

ჩვენ მივაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე სცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენს გარეშე. ეს არის სომხობა.

ძველს ანდერძს დღევანდელი ქართველობა გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას ჰპოვებს ჩვენში, რომელსაც ჰპოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის! [ხანგრძლივი ტაში]

ჩვენ გვსურს კეთილგანწყობილებაში ვიყოთ ამიერ კავკასიის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან, მუსლიმანებთან. ჩვენ გვინდა, რომ მათ მოგვბაძონ. დაიარსონ ასეთივე სახელმწიფო და შეერთების ხელი გამოგვიწოდონ. [მხურვალე ტაში]

ამასთანავე ეს დამოკიდებულობა ჩვენს გარშემო მყოფ ერებისა იქნება უფრო მკვიდრი საფუძველი, რომელიც გაამაგრებს ჩვენს ნორჩ სახელმწიფოს და აგრეთვე ამ ერებსაც და საშუალებას მოუსპობს ჩვენს საერთო მოქიშპეთ წიხლი ჩაგვცენ და დაგვანგრიონ. ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში მოსახლეობს სხვა და სხვა ერთა უმცირესობა. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლება მოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა - ქართველობა.

ეს ერნი, - შეერთებულნი ერთის დროშის ქვეშ შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომელნიც ჩვენი ქვეყნის ფარგლების გარეშე იმყოფებიან, - და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ, ჩვენს წინაშე, დაღუპულს სახელმწიფოს.

ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერატიული კავშირი. [ხანგრძლივი ტაში მთელს დარბაზში]

ამ რიგად ჩვენი სავალი გზა, ჩვენი იდეალი უნდა იყოს ამ კავშირის შედგენა. ეს კავშირი იქნება ის სახელმწიფოებრივი ორგანიზმი - სახელმწიფოთა კავშირი, - რომელიც საერთო ძალ-ღონე შეკრებილი, მთლიანი წარდგება გარეშე მტერის წინაშე და დაიცავს თავის თავს. [ტაში]

აი მაშინ შეიძლება აღსრულდეს ის, რაც სეიმმა ვერ შექმნა.

და ის, ვინც ახლა შეუგნებლად მიდის ამიერ-კავკასიის ფარგლების გარეშე - შესაძლებელია კვალად მობრუნდეს და საერთო დროშის ქვეშ დადგეს.

ამით დამყარდება ამიერ-კავკასიის ერთობა და აქ მოსახლე ერების ძლიერება! [ხანგრძლივი ტაში და ოვაციები]

ეხლა მომეცით ნება გადავიდეთ იმ საგანზე, რომლისათვისაც ჩვენ აქ შევიკრიბენით.

ჩვენ უკვე გვაქვს შემუშავებული აქტი საქართველოს დამოუკიდებლობისა, რომელიც ახლა იქნება წაკითხული.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი

[ნოე ჟორდანია ნაშუადღევის 5 საათსა და 10 წუთზე კითხულობს დამოუკიდებლობის შემდეგ აქტს]

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროებული საქართველო თავის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდის რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსეთის ჯარმაც დასტოვა ამიერ-კავკასია.

დარჩენ რა თავის ძალ-ღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერ-კავკასიამ თვით თავს იდვეს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანოებიც შეჰქნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზედ-გავლენით ამიერ-კავკასიის ერთა შესაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერ-კავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ აცხადებს:

1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულ-უფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

2. დამოუკიდებელ საქართველოს პოლიტიკური ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკაა.

3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.

4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.

5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველჰყობს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალურ მდგომარეობისა და სქესისა.

6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.

7. დამფუძნებელ კრების მოწვევამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლობით, და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე.

აქტის წაკითხვა აივანზე

[მყუდროების დამყარების შემდეგ თავმჯდომარის წინადადებით ეროვნულ საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი სასახლის აივანზე გადის და იქიდან უკითხავს თავმოყრილ ხალხს დამოუკიდებლობის აქტს.

აივანზე აქტის კითხვის დროს საპატიო დარაჯთა რაზმი სდგას ორის ეროვნულ დროშით.

აქტის თითოეული დებულება ხალხში დიდს ენთუზიაზმს იწვევს. ვაშას ძახილი, ტაში და ოვაციები განუწყვეტელია.]

რუსული თარგმანის წაკითხვა

[ამავე დროს კრების დარბაზში, თავმჯდომარის ამხანაგი გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის წინადადებით, კითხულობს აქტის რუსულ თარგმანს, რასაც მოჰყვება იგივე ტაში და ოვაციები.]

აქტის მიღება და დამტკიცება 

თავმჯდომარე. თანახმა ხართ მიიღოთ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი თუ არა? არავინ. გთხოვთ ასწიოთ ხელი. ვინაა წინააღმდეგი? არავინ. თავი ვინ შეიკავა? არავინ.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად იქნა მიღებული [ხანგრძლივი ტაში. ისმის ხმები: გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს!]

ვთხოვ საბჭოს ყველა წევრებს, რომ კრების შემდეგ მოვიდნენ აქ და აქტს ხელი მოაწერონ.

დროებითი მთავრობის შემადგენლობა

თავმჯდომარე. ეხლა ნება მიბოძეთ გამოვაცხადო ჩვენის დროებით მთავრობის შემადგენლობა, რომლიც შედგენილია აღმასრულებელ კომიტეტის მიერ, ფრაქციების წარმომადგენლებთან შეთანხმებით.

1. მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი.
2. საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.
3. სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე.
4. ფინანსთა და ვაჭრობა მრეწველობის მინისტრი გიორგი ჟურული.
5. განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი.
6. მიწათ-მოქმედების და შრომის მინისტრი ნოე ხომერიკი.
7. იუსტიციის მინისტრი შალვა მესხიშვილი.
8. გზათა მინისტრი ივანე ლორთქიფანიძე.

[ყველა ზემო აღნიშნულ პირთ კრება და დამსწრე საზოგადოება ტაშით და ოვაციებით ეგებება. აკაკი ჩხენკელის გარდა, რომელიც საზავო დელეგაციაში იმყოფება ყველა დანარჩენნი დარბაზში არიან. მინისტრების მთავრობის ადგილს იჭერენ.]

მთავრობის დამტკიცება

[თავმჯდომარის შეკითხვაზე კრება ერთხმათ ამტკიცებს ზემოდ დასახელებულ პირთა მთავრობათ არჩევას.]

არსებულ კანონების დადასტურება

თავმჯდომარე. ახლა საჭიროა, ვიდრე ჩვენ შეუდგებით კანონების გამოცემის მუშაობას, ძალაში დარჩეს ყველა ის კანონი, რომელიც დღემდე არსებობს და საქართველოში მოქმედობს, სხვათა შორის, სეიმის დადგენილებანიც. [კრება ერთხმად იღებს ამ წინადადებას]

ფინანსები

თავმჯდომარე. ამის გარდა, ჩვენ უნდა მივიღოთ წინადადება ფინანსების შესახებ. ვინაიდან საფინანსო საქმე მეტის მეტად რთულია, საჭიროა დროებით დარჩეს ძველი წესი ფულის ბეჭდვისა, სანამ ჩვენი საკუთარი სახელმწიფოებრივი ფულის სისტემა შემუშავდება; ე.ი ამიერ კავკასიას ფულის საერთო სისტემა ექნება, მუსულმანებთან და სომხებთან შეთანხმებით.

გიორგი გვაზავა. [ადგილიდან] ეგ საკითხი გადაიდოს!

თავმჯდომარე. გადადება შეუძლებელია. ფული ყოველ წამს საჭიროა და ჩვენ კი ფულის სისტემას სასწრაფოთ ვერ შევქმნით.

ამასვე თხოულობს მთავრობა.

[კრება ერთხმად იღებს თავმჯდომარის წინადადებას. ფინანსური საქმის შესახებ. ე.ი. დროებით დარჩეს ძველი წესი ფულის სისტემის.]

სამანდატო კომისია

თავმჯდომარე. აგრეთვე საჭიროა ჩვენს შემდეგ კრებას კანონებრივი ხასიათი მივცეთ. გამოვარკვიოთ ვინ არის წევრი და ვინ კანდიდატი. ამისთვის უნდა ავირჩიოთ სამანდატო კომისია, რომელიც შემდეგ სხდომისთვის წარმოგვიდგენს მოხსენებას. გთხოვთ დაასახელოთ. ასახელებენ:

1. თევდროე კიკვაძეს
2. რაჟდენ არსენიძეს
3. შალვა მიქელაძეს
4. იასონ ლორთქიფანიძეს
5. გიზო ანჯაფარიძეს
6. კალენიკ ქავთარაძეს
7. გიორგი გვაზავას

კრება ერთხმად ამტკიცებს ამ შემადგენლობას.

თავმჯდომარე. დღევანდელი წესრიგი დასრულებულია. ამ დღეებში ჩვენი მთავრობა წარმოუდგენს საბჭოს დეკლარაციას.

მისალმებანი

თავმჯდომარე. ახლა ჩვენ უნდა გადავიდეთ კრების საგნის მეორე მხარეზე. აქ იმყოფებიან ერთა წარმომადგენლები, რომელთაც განაცხადეს სურვილი მიესალმონ საბჭოს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო.

მაჰმადიანთა წარმომადგენელის ფატ-ალი-ხანი ხოელის სიტყვა

მაჰმადიანთა ცენტრალ კომიტეტის სახელით მოგილოცავთ, დამოუკიდებელ საქართველოს მოქალაქენო, თქვენს დღევანდელ ბედნიერებას.

100 წელზე მეტია, რაც საქართველო იბრძოდა თავის დამოუკიდებლობისათვისაც და აი დღეს აგისრულდათ ის ნატვრა, რომელიც ჩამარხული იყო ყოველ ქართველ მამულიშვილის გულში.

ამიერ-კავკასიის ერები ცდილობდნენ, რომ შეექმნათ ერთი მთლიანი სახელმწიფო, მაგრამ დღევანდელ პირობებში ჩვენ ეს ვერ შევძელით.

ეხლა ჩვენ ვშორდებით ერთმანეთს, რომ შემდეგში უფრო მტკიცედ შევკავშირდეთ, ჩვენი განშორება არ იქნება ხანგრძლივი. უკვე ახლოა ის დღე, როდესაც ჩვენ სახელმწიფოებრივ ცხოვრებას ერთი მიმდინარეობა მიეცემა.

ჩვენ ვგრძნობდით განშორების აუცილებლობას, მაგრამ ისიც გვწამს, რომ მალე ისევ შევკავშირდებით.

ნება მომეცით, ერთხელ კიდევ მოგილოცოთ ამიერ-კავკასიის ყველა მაჰმადიანის სახელით: გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! [ტაში]

ადგილობრივ პოლონელთა წარმომადგენელის სიტყვა
[თარგმნილია რუსულით]

ჩვენ პოლონეთის შვილები მივესალმებით მებრძოლ საქართველოს თავისუფალ შვილებს და უსურვებთ ყოველივე სიკეთეს.

გაუმარჯოს საქართველოს!

ოსების წარმომადგენელის სიტყვა 

გიორგი გაგლოევი. ამხანაგებო და მოქალაქენო!

ამ ტრიბუნაზე მე განვიცდი იმავე გრძნობას, რომელსაც განიცდით თქვენ. ეს გასაგებიც არის. მე ვარ წარმომადგენელი არა მარტო ოსების, არამედ საქართველოს ეროვნულ საბჭოს წევრიც. თვით ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ამ ორი ერის შორის არის ისეთი რამ კავშირი, რომელიც აერთებთ მათ. ჩვენ გვწამს, რომ საქართველოს დემოკრატია თავის დროშას დაბლა არ დაუშვებს. საქართველოს დემოკრატიასთან ერთად ამ დროშის ქვეშ ივლის ჩვენი დემოკრატიაც.

ამ იმედებით აღჭურვილი მივესალმები ამ კრებას. იმედია საქართველო აიცდენს იმ განსაცდელს, რომელიც მას მოელის გარეშე მტრისაგან.

ქართველ მაჰმადიანთა წარმომადგენელის სიტყვა

ჰაიდარ ბეგ აბაშიძე. ძვირფასო ძმანო! დღეს თქვენი მოძმე ქართველი მაჰმადიანები გილოცავთ საქართველოს განთავისუფლებას. გილოცავთ მრავალტანჯულ საქართველოს დამოუკიდებლობას!

ჩვენი გული ნაღვლით ივსება, როდესაც ვიგონებთ, რომ სამაჰმადიანო საქართველო დღეს თქვენთან არ არის.

მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ სამაჰმადიანო საქართველო დღეს თუ არა ხვალ ჭირშიაც და ლხინშიც თქვენთან იქნება.

მაშ გაუმარჯოს დღეს ამ საქართველოს, შემდეგ კი ეროვნულ ტერიტორიულად შეკავშირებულ საქართველოს!

გერმანიის რწმუნებულის კაიზერის სიტყვა
[თარგმნა გერმანულით გერონტი ქიქოძემ] 

თუმცა მე ჩემი მთავრობისაგან არ მაქვს ოფიციალური დავალება, მაგრამ მე პირადად მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დამყარებას და უსურვებ ახლად დაარსებულ სახელწმიფოს ყოველივე სიკეთეს და წარმატებას!

ამიერ-კავკასიის გერმანელთა წარმომადგენელი
[სთარგმნა გერმანულით გერონტი ქიქოძემ] 

ფრიკი. ულოცავს კრებას საქართველოს დამოუკიდებლობას. გამოსთქვამს სურვილს, რომ საქართველო აღსდგეს ნანგრევებიდან, განახლდეს, როგორც ფენიქსი [ფასკუნჯი] და ბოლოს ერთ ტაძარში გამოსჭედოს თავის ბედი.

გაუმარჯოს საქართველოს რესპუბლიკას!

კრების დახურვა

თავმჯდომარე. კრების სახელით მადლობას უცხადებ მათ, ვინც ჩვენ მოგვილოცა და კრებას ვხურავ.

კრება საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე იხურება.

[გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“]

გიორგი ჭეიშვილი