[გაზეთი „დროება“, 1883 წ.]
★ „ქალაქის ხუროების მამასახლისის, მ. მესხისაგან მივიღეთ ქვემო შენიშვნა დასაბეჭდად:
მადათოვის კუნძულზედ ხურუები შეწუხებულნი ვართ უფარნობის გამო. კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქალაქში არ არის იმისთანა ადგილი, სადაც კი ხალხი ცოტა ბლომად სცხოვრობს, რომ ფარნით განათებული არ იყოს და ამით ღამეში კისრის მტვრევას მოშორებული.
ჩვენ-კი რაღაცა უბედურებაა, ვერ აგვიცილებია ბნელ ღამეში წოწიალი და უშიშრად გავლა-გამოვლა.
დიდი ხანი ვითმინეთ ამ გვარად ყოფნა იმ იმედით, რომ უჩვენოდაც მიაქცევსო ჩვენ მდგომარეობას ქალაქის მმართველობა ყურადღებას, მაგრამ ეს ჩვენი ლოდინი ძლიერ გძელდება, როგორც ვხედავთ. ამიტომაც ვაცხადებთ ეხლა, რომ ვისიც რიგია ყურადღება მიაქციოს ამ საქმეს და გამოგვიხსნას სიბნელისაგან.
რასაკვირველია, ეს ჩვენი შენიშვნა არ უნდა იყოს საწყენი არავისთვის. მშვიდობიანობის დასაცავადაც საჭიროა ამ კუნძულის განათება. ხშირად ხდება, რომ ქურდი, ავაზაკი კაცი, გაჭირვების დროს, აქ მოაშურებს, რომ თავი შეაფაროს ბნელ-ღამეში.
შორს არ წავალ: მოგახსენებთ ერთ შემთხვევას, რომელიც მოხდა წარსული თვის 13-ს. ერთი ქარხნის პატრონი მიდიოდა თავის ბინისკენ; ამ დროს, შუა-გზაზედ, დაეცემიან ავაზაკები და ერთის კეტის დაკვრით წააქცევენ, შემდეგ ვერცხლის ქამარს წაგლეჯენ და წყალში გადაგდებასაც დაუპირებენ იმ ხუროს; დაღუპავდნენ საწყალ კაცს რომ ყვირილზედ სხვა ხუროები არ მოშველებოდენ.
ბევრი ეძიეს მცარცველები, მაგრამ რას ნახავდნენ, როცა ისე ბნელოდა, რომ თვალში თითს ვერ იკრავდა. ეს სულ მერვე საათზე მოხდა.
ბევრი სხვაც მომხდარა ამისთანა შემთხვევები და აწ-კი: იმედია აღარ ვიქმნებით ამ გვარების მოწამე, თუ ინებებენ და მოგვხედავენ“.