კინტოს აღსარება |

დავით კელბერაშვილი - კინტო
 ნეტავ მითხრათ - ეს რა ღმერთი მიწყრება:
მინდა რამ ვსთქვა, ენა პირში მიშრება!
მეტირება, თვალზედ ცრემლი მიშრება,
მეძინება და გულიც კი მიკრთება!

გავლა მინდა არაქათი არა მაქვს,
შრომა მინდა, ხელში ღონე არა მაქვს,
ლხინი მინდა, გროში ფული არა მაქვს,
ამ გულით ჯოჯოხეთი თან დამაქვს!

შემიბრალეთ, დარდისაგან დამდნარი ვარ,
მე ცოცხალი - დამარხული მკვდარი ვარ!
გრძნობაცა მაქვს, მიხვედრაც და გონება,
ყველა მესმის, მეზიზღება მონება;

მაგრამ ვაი ძონძებში გახვეულსა
ვინ მონახავს, სად ნახავთ მიწვეულსა,
ქოხში ვგდივარ, ლოგინში გახვეული,
ვერც კი ვამბობ, რომ ლხინს ვიყავ ჩვეული!

უნდა ვწყევლო ჩემი ბედი წყეული,
რად შევიქენ ხალხში გამორჩეული?
სადღა მყვანან გულით მისანდობარნი
ამხანაგნი, მოყვასნი, მეგობარნი?

დროს უმზერდნენ, მაშინ იყვნენ მკობარნი,
აწ შეიქმნენ იუდასებრ მგმობარნი!
ვკვდები... მივალ დატვირთულის გულითა,
საფლავს ჩავალ მე აწ სიხარულითა!..

გამოუთქმელს ჩემ გულის აღსარებას,
ამ სოფელში სიღარიბით წვალებას,
ყველა ჩემ დარდს მიწას გავუზიარებ
და იმასთან გულ-ახსნით ვაღვიარებ!

ის გამიტანს, გადამხვევს ძმურად ხელსა,
გამიგრილებს გულის დამწველს ამ ცეცხლსა!..

[კნ. ნინო ორბელიანისა, თფილისი, 24 აპრილი, 1880 წ.]

გიორგი ჭეიშვილი