კაცმა რომ საათი დასდოს ამ სახლის ფანჯარაზე, იმწამსვე ისარი მოსცილდება და გადავარდებაო, ლურსმები სცვივიან თავის-თავად ამ სახლის ჭერიდამაო, კედლებიდამ რაღაც უჩვეულებრივო ხმაურობა ისმის და სხვ. და სხვ.
ცრუ-მორწმუნე ხალხმა რომ ამისთანა სისულელე დაიჯეროს, გასაკვირველი არ არის; გასაკვირველი ის არის, რომ გიმნაზიის უფროსი კლასების შაგირდები და თვითონ მასწავლებლებიც კი წასულან, სხვათა შორის, ღამე და დაუწყვიათ ყარაულობა - აბა მართლა გამოჩნდება ეს მოვლენა, თუ არაო. მაგრამ სასაცილო და თან გამოსაფხუზლებელი საქმე დამართნიათ ამ ხალხს: პოლიციას შეუნიშნავს ეს ხალხის მოგროვება შუაღამეზე ამ უდაბნო სახლში, პოლიციის აფიცერი მისულა 15 დაიარაღებული კაცით და შემორტყმია იმ სახლს, საცა ჩვენი განმანათლებელნი და იმათი სრულწლოვანი შაგირდები იყვნენ საიდუმლოდ შემწყვდეულნი.
ერთს მასწავლებელთაგანს, შეუნიშნავს თუ არა პოლიცია, გაქცევა მოუნდომებია, მაგრამ იქვე დაუჭირავთ.
ამათ აუხსნიათ პოლიციისათვის ის სამეცნიერო (?!) მიზანი, რომლის გამოსაკვლევად ისინი მოსულან აქ.
პოლიციის აფიცერს ეს ამგვარი მეცნიერული გამოკვლევა როგორღაც ჭკუაზე ახლოს ვერ მოსვლია, თითოეული იმათგანის სახელი და გვარი ჩაუწერია და შემდეგ ყველა გამოუყრია ამ „საიდუმლო ძალების“ საბუდარიდამ...
ამის შემდეგ წადით და დაუწუნეთ ჩვენ გაუნათლებელ-უმეცარ ხალხს იმის ცრუ-მორწმუნეობა. წადით და უთხარით - ჭინკები და მავნე სულები არ არსებობენ დედა-მიწაზედაო!..“
[გაზეთი „დროება“, 1879 წ.]