თფილისში ქართული წიგნის მაღაზია გაიხსნა... |


„ამ თვის 15-ს გაიხსნა თფილისში [გრიგოლ ჩარკვიანის] ქართული წიგნის მაღაზია, სადაც მსურველთ შეუძლიანთ მოიპოვონ ყოველგვარი ქართული ძველი და ახალი წიგნები.

მაღაზია იმყოფება ქაშვეთის ეკლესიის ქვემოთ დუქნებში, #2.

გარეშე მცხოვრებთ შეუძლიანთ დაიბარონ ყოველგვარი ქართული წიგნები შემდეგის ადრესით...“

[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***


„ჩვენს გაზეთში დაბეჭდილის განცხადებიდამ შეიტყობდა მკითხველი, რომ გასული მაისის [1878 წ.] 15-ს თფილისში გაიხსნა ქართული წიგნის მაღაზია.

ეს გარემოება ძალიან სასიამოვნო გარემოებად უნდა ჩაითვალოს ყველა ქართველისათვის, რომელთაც კი თავის სამშობლო ლიტერატურის წარმატება რამედ მიაჩნიათ. გასაკვირველი-კია, მაგრამ ეს ნამდვილია, რომ წიგნის მაღაზიის გახსნას მართლა უეჭველი წარმატების მიცემა შეუძლიან ქართული მწიგნობრობისათვის:
თითქმის უპირველესი დამაბრკოლებელი მიზეზი ჩვენი მწიგნობრობის სუსტად მსვლელობისა ის არის, რომ წიგნები არ ვრცელდება, არ ვრცელდება იმიტომ კი არა, რომ წამკითხველები მაინც-და-მაინც ნაკლებათ იყვნენ ჩვენში, - არა, მხოლოთ იმიტომ, რომ კითხვის მსურველს წიგნი ვერ შეუძენია.


დღემდინ ქართული წიგნის ყიდვის მსურველს ყველა წიგნის მაღაზიები უნდა დაევლო, წიგნის გამომცემელთან უნდა მისულიყო რამდენიმეჯერ და ბოლოს იქნება, როგორც იყო, შეეძინა წიგნი.

ახლა ხსენებულ მაღაზიის საშუალებით, წიგნის შეძენის ღონის-ძიება გაადვილებული იქნება, რადგან ამ მაღაზიაში იქნება გასასყიდლად დაწყობილი ყოველ-გვარი ქართული წიგნები, რომელიც კი თფილისში ან სხვაგან სადმე დაბეჭდილია ან დაიბეჭდება.

გრიგოლ ჩარკვიანი - ქართველი გამომცემელი, საზოგადო მოღვაწე
ვისურვოთ, მაშ, რომ ამ მაღაზიის გამხსნელებმა კარგათ, სინდისიანათ და საქმის ცოდნით წაიყვანონ ეს საქმე და ამ გვარად სარგებლობა მოუტანონ ჩვენს საზოგადოებას“. 

[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***


„დიდი ხანია არ გვინახავს ჩვენს ტიპოგრაფიებში ასე სუფთად და შნოიანათ გამოცემული წიგნი, როგორიც გამოუციათ მიხელსონის სტამბაში უ.უ.ი. ვაჩნაძეს და გ. ჩარკვიანს - თ. რაფ. ერისთავისაგან გადმოთარგმნილი კრილოვის „იგავ-არაკნი“. 

მხოლოთ სათაური აუშნოებს წიგნს; დანარჩენი ყველაფერი კარგია: ქაღალდი, სუფთა ბეჭედი, ახალი ასოები და სხვ.

რაიცა შეეხება თვითონ თარგმანს, მომეტებული ნაწილი იგავებისა (სულ 42-ია) ჩინებულის, მსუბუქის და ნამდვილი ქართული ენით არის ნათარგმნი და ჰაზრიც დედნისა ყველგან კარგათ არის ქართულად გადაღებული.

ჩვენ წაგვიკითხავს რამდენიმე თარგმანი კრილოვის იგავებისა (მაგ. თ. აკაკი წერეთლის, თ. გრ. ორბელიანის), რომელნიც, მართალია, უფრო მარჯვედ და ცოცხლად არიან ნათარგმნი, ვინემ თ. რაფ. ერისთავისა, მაგრამ არ შეიძლება არა ვსთქვათ, რომ ესეც ჩინებულ შეძინებას შეადგენს ჩვენი მწიგნობრობისა და საყმაწვილო ლიტერატურისათვის.

ამბობენ, ეს წიგნი ქართულ თეატრისგან მოგროვილ ფულებით დაიბეჭდაო. თუ ეს მართალია, გვიკვირს - რატომ გამომცემლები არ აცხადებენ ამას“.

[გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***


***

„იგავ-არაკნი კრილოვისა, გადმოთარგმნილნი და გადაკეთებულნი რუსულიდგან ქართულად და გალექსილნი თავ. რაფიელ ერისთავისაგან. გამოცემული ი. ვაჩნაძისა და გ. ჩარკვიანისაგან. თფილისი, 1878 წ.

ეს ახალი წიგნი ჩვენის პოეტისა ბევრათ სჯობია „სიბრძნე სიცრუის წიგნიდგან გამოკრებულთა იგავ-არაკთა“. ახალს იგავებში აღარ ვპოვებთ სიტყვის გადაჭარბებას და გაპრტყელებას; ამის ენა მარტივი და წმინდაა; სურათები ცოცხლად და ნამდვილად არიან გამოხატულნი; ლექსი ტკბილ-ხმოვანი და სიტყვა-წყლიანი. შეხედეთ რა რიგათ მოგვითხრობს თ. რ. ერისთავი „ბაყაყთა მეფის“ მოსვლას:

„დაეშო ზეცით ხე-მეფე მსხვილი
მორი ვერხვისა, ცუდათ გათლილი,
დიდის შხუილით,
დიდის ზუილით,
და ისე მტკიცეთ ჩაეცა ჭყანტში,
თვისს სამეფოში ლულ-ჭილიანში,
რომ სახელმწიფომ შექმნა ზანზარი.
ბაყაყებს შიშით ეცათ თავს-ზარი...
სულ მიიმალნენ აქეთ-იქითა,
თავს ვერა ჰყოფენ მეფის შიშითა...

რა ცხადათ იხატება ამ მოკლე სიტყვაში სურათი ხე-მეფის სასაცილო დიდებისა, მის სახელმწიფოის სიმშვენისა და ქვეშევრდომთა შიშისა! ამასა ჰქვიან ირონია! ასრედ წერა მოიგავის უაღრესი ოსტატობაა!..

ამ მაგალითს არ დაუვარდება სხვა იგავ-არაკებიც დიდის ხელოვნობით გადმოღებულნი კრილოვის ღირსეულ მთარგმნელის-მიერ.

მაგრამ რისთვის ახდენს პატივცემული პოეტი თავის მშვენიერს თხზულებას? რისთვის სწყვეტს ხოლმე მოთხრობას და ჩაურთავს ერთს რაიმე უშნოს, უადგილოს და ზოგჯერ უაზროს? რისთვის არის საჭირო ეს დამატება ქვემოყვანილ ლექსში (იხილე „წუნია სარძლო“):

... „ესეც იცოდეთ, საქმროს რჩევაში
იმათ კიცხვაში, ამორჩევაში
ეს ქალი იყო დიდი წუნია...
(ამ თქმით მგონია არ მიმტყუნია)
ასე ამბობდა
(თუ კიდეც ჰგრძნობდა):
„რათ ვარგანანო ეს საქმროები...“

და სხვ.

ან კიდევ ეს (იხილე „ყვავი და მელა“):

„ერთხელ ერთ ყვავსა,
შივ-ჭრელსა(?) ავსა
(რომელიც არის წიწილის მტერი)
სადღაც ეშოვნა ყველის ნაჭერი.

და სხვ.

ჩინებული ლექსია, მაგრამ, საუბედუროთ, ფრჩხილებში ჩასხმული სტრიქონები სრულებით ამახინჯებენ. ამგვარი შენიშვნები თითქმის ყოველ იგავში არიან ჩართულნი და ტაეპის სისრულის მეტი სხვა არაფრის მაქნისანი არ არიან.

[ა. გაზეთი „დროება“, 1878 წ.]


***


„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი. რომანი ლ. არდაზიანისა. გამოცემული ი. მელიქიშვილისა და გ. ჩარკვიანისაგან. თფილისი, 1878 წ.

ეს რომანი ახალი არ არი ქართულ წიგნობრობაში, ადრე იყო დაბეჭდილი „ცისკარში“.
დიდი მადლობის ღირსნი არიან გამომცემელნი, რომ მონახეს და ამოაჩინეს ეს მარგალიტი ქართულ მწერლობისა. არდაზიანის რომანი ნიჭიერობით შეედრება „კაცია, ადამიანს“ და „გლახის ნაამბობს“. ამ რომანის შემთხზველმა იგივე ადამიანის გულის ცოდნა გამოაჩინა, როგორიც „კაცია, ადამიანის“ ავტორმა.
სოლომონ მეჯღანუაშვილი თავის ცხოვრების ამბავს თავისის დაბადებიდამ იწყობს. დიდის ჯაფით და ტანჯვით იბრძოდა ცხოვრების ასპარესზე მეჯღანუაშვილი და ბოლოს ყოვლის კეთილისაც და უსამართლო ღონის-ძიებით დიდი სიმდიდრე შეიძინა და მოინდომა დიდკაცური ცხოვრება; უნდოდა უზრუნველათ და ბედნიერათ გაეტარებინა თავისი სიცოცხლე თავისის ცოლ-შვილით. იყიდა სახლი და შეამკო ძვირფასის მებილითა; ფულს არ ზოგავდა, რომ ნებიერათ და მხიარულათ გაეტარებინა დროება. მეჯღანუაშვილის უაღრესი ნატვრა იყო თავისი ქალი თამარ თ. ალექსანდრე რაინდიძისთვის მიეთხოვებინა, მაგრამ ვერ აუსრულდა ეს ნატვრა და ეს იყო მეჯღანუაშვილის და იმის სახლობის უბედურობის მიზეზი. ალექსანდრე რაინდიძეს სხვა ქალი უყვარდა, რომელიც ჭკუით და სილამაზით ბევრად სჯობდა მზითვიანს, მაგრამ გაუზდელს, თამარს; და ალექსანდრემ ის სხვა ქალი შეირთო. ამ უბედურებამ თამარ დააჭლერქა და აი რა ფიქრები მოსდის სოლომონ მეჯღანუაშვილს, როდესაც ქალი უკვდება:

- „ოჰ! ნეტავი მწყემსათ გავზდილიყავ, სიმდიდრე, პატივი და დიდება არა მქონოდა, და ჩემს გულს არა ჰყოლოდა მტერი - ცოდვა!..“

ეს არის რომანის მოძღვრება. მართალია, ეს მოძღვრება ყველამ ზეპირად იცის, და თვით ქვეყანსავით ძველია, მაგრამ კაცს რამდენჯერაც ავიწყდება, იმდენჯერ უნდა მოაგონონ.

სოლომონ მეჯღანუაშვილის რომანი, საერთოთ, ადვილის და უბრალო ენით არის დაწერილი, და გარდა ზოგიერთ ადგილისა, სასიამოვნო საკითხავია; ასე რომ, თუ კაცმა კითხვა დაიწყო, წიგნს თავს არ ანებებს, სანამ არ გაათავებს. ახლავე მიგვიქცევია მკითხველის ყურადღება შემდეგ თავებზე რომანისა: I, II, IV, X, XI, XIII, XIV, XVI, და XVIII.“

[ა. გაზეთი „დროება“, 1878 წ.]

***

★ P.S. „გრ. ჩარკვიანის და ამხ. ქართული წიგნის მაღაზია ამ მოკლე ხანში სტამბის გახსნას აპირებს, რომლისთვისაც ასოები, დაზგა და სახლი უკვე მზადა აქვს; მაშასადამე საქმე მხოლოდ მმართველობის ნება-რთვაზე ყოფილა დამოკიდებული.

ამ სტამბას, როგორც გვითხრეს, თითქმის მარტო ქართულის წიგნების გამოსაცემად აფუძნებს ზემოხსენებული მაღაზია, რომ ამითი უფრო იაფად დაიჯდინოს თავის საკუთარი გამოცემანი და ხალხსაც უფრო იაფად მიჰყიდოს.

კარგი მიზანია, თუ კი ღმერთმა ჰქნა და მარტო მაღაზიის საკუთარის და ზოგიერთა სხვების ქართულ გამოცემაებით გასძლო ამ სტამბამ“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ.

გიორგი ჭეიშვილი