ტფილისი - ახალ წელს და ნაახალწლევს |


„უჩვეულებრივი მოძრაობა და ხალხის მხიარულება სჩანს ამ დღეებში ჩვენს ქალაქში. მიზეზი, რასაკვირველია, გასული და მომავალი დღესასწაულებია.

კლუბებში და კერძო სახლებში გაცხარებული მასკარადებია, საღამოები და ბალები. ესრედ-წოდებული მაღალი საზოგადოება გულსმოდგინეთ დაიარება და მხიარულებს ამ მასკარადებში და ბალებში...

ქუჩებში ზურნის ხმა დილიდამ საღამომდინ და საღამოდამ დილამდინ. გაუწყნარებელი რახა-რუხი ფაეტონებისა; სამ-სამი კინტო ერთად სხედან და მიაქანებენ...

მაგრამ ეს ქრისტეს შობისა და ახალწლის დღესასწაული ჩვენს ქალაქში ისეთის ვაი-ვაგლახითა და მხიარულებით არ ჩაივლის ხოლმე, როგორც ნათლისღება დღე, რადგან სომხები, რომელნიც აქ მცხოვრებლების მომეტებულ ნაწილს შეადგენენ, ქრისტესშობასაც ამ ჩვენს ნათლიღება დღეს დღესასწაულობენ.

მთვრალების ყაყანი, მუშტი-კრივი, დალურჯებული პირისახეები, ლაზათიანი, თფილისური ლანძღვა-გინება, - ყველა ესენი აუცილებელ კუთვნილებას შეადგნენ ყოველ ამისთანა სახალხო დღესასწაულებისა და ახლა აქაც საკმაოდ არის...“

[გაზეთი „დროება“, 2 იანვარი, 1877 წ.]

***

„ახალწლის დღესასწაულებმა მშვიდობიანათ ჩაიარა ჩვენს ქალაქში. 

მთვრალი, დალურჯებულ-დასისხლიანებული ცხვირ-პირი და გვერდები, მუშტი-კრივი, რასაკვირველია, საკმაოდ იყო, მაგრამ ამას ხო ჩვენში მშვიდობიანობა ჰქვიან.

საქმე იმაშია, რომ ამ დღეების განმავლობაში არცერთი მსხვილი ქურდობა და კაცის კვლა არ მომხდარა“...

[გაზეთი „დროება“, 5 იანვარი, 1877 წ.] 

გიორგი ჭეიშვილი