თბილისის სურფსარქისის ტაძარი |
★ „წარსულ შაბათს, იანვრის 30-ს, სურფ-სარქისობა იყო. ეს დღესასწაული თფილისში დიდი დღესასწაულია და ხალხი ისე ხდილობს როგორც მთაწმინდობას და კვირაცხოვლობას და უფრო უმეტესათაც.
მთელი კვირის განმავლობაში უწყვეტელათ ხალხი დაიარება, გალავანში ავათმყოფები უთევენ და პარასკევ-შაბათს ხომ თათრის მეიდნიდამ აბანოების გზები და მთელი სეიდაბადის ქუჩები ხალხით სავსეა.
სუბრ-სარქისი სომხის წმინდანია და ძრიელად მიაჩნიათ, როგორც თათრებისგან წამებული. ასე იტყვიან, რომ სურფ-სარქისმა თავის კვირაში უეჭველად ერთი ურჯულოს დახრჩობა იცის ბუქითა, რომ დაუმტკიცოს სომხის სარწმუნეობის სიძლიერეო. ქალაქში ამ წმინდანის ეკლესია სეიდაბადშია (ხარფუხის სოფელში), აბანოების ახლოს.
ქალაქის დღესასწაულობა ძალიან დიდი ხანი არ არის. ამ ეკკლესიის აშენებაზე და ხალხის აქ სიარულზე აი რა შეგვიტყვია:
ტერ-სრაპიონას (რომლის მამა-პაპას კუთვნილება ყოფილა ეს საყდარი) დეიდა ყიზილბაშებს ტყვეთ წაუყვანიათ, მეფე ერეკლეს დროს, და ერთის ხანის სახლში ყოფილა. კარგი ყაისნაღი და ოქრომკედის კერვა სცოდნია, ხანის ქალებს ასწავლიდა თურმე და უვლიდა. ნახა ყმაწვილების ხელში პატარა რაღაც სათამაშო ნაწილის მსგავსი და თურმე ყმაწვილები ამბობენ სურფ სარქისიაო. გამოართვა ამ დედაკაცმა, დაასვენა თახჩაში და სანთელს თურმე უნთებდა. ბოლოს როდესაც ქალები დაიზარდნენ და გაათხოვეს, ტერ-სრაპიონას დეიდა შეეხვეწა ამ ქალებს, რომ აქამდინ თქვენი ოსტატი ვიყავი, აქ დავბერდი, რაც ვიცოდი გასწავლე, და ახლა გაბედნიერდით და მე მოხუცებული რიღას მაქნისი ვიქნები თქვენთვისაო. სთხოვეთ მამა თქვენს ხანსაო, ნება მომცეს ჩემს დედა ქვეყანაში წავიდეო.
ხანმა ქალების თხოვნა მიიღო: რადგან თქვენ გაბედნიერდით, ნება მიმიცია წავიდესო და ფულსაც მივცემო. მოხუცებულმა დედაბერმა ფულზე უარი სთქვა, თუმცა ბევრს აძლევდნენ. მხოლოთ ის სურფ-სარქისის ნაწილი კი სთხოვა.
ქალაქში რომ მოვიდა დედაბერი თურმე, იმ ხანებში საცა ეხლა ეკკლესიაა, სახლობდა საკუთარ ადგილს ტერ-სრაპიონას დედ-მამა და იმათ შეეკედლა. გააკეთა პატარა ნიში და სპარსეთიდამ მოტანილი ნაწილი დაასვენა. ხალხმა დაიწყო თურმე სალოცავათ სიარული მეტადრე სურფ-სარქისობის დღეებში. შემდეგ პატარა ეკკლესია გააკეთეს თურმე.
ამ ათიოდ წლის წინათ პატარა ეკკლესია დააქციეს და ეხლანდელი დიდი ააშენეს. საყდარი რადგანაც ტერ-სრაპიონას მამულში იყო და იმის მამისგან აშენებული, შემოსავალი იმის გვარისა იყო. ამ უკანასკნელ ათიოდ წელში კი ჩამოართვა სომხის სასულიერო მთავრობამ.
ეს დაწვრილებითი ამბავი საინტერესოა იმითი, რომ გვაჩვენებს სახალხო დღესასწაული როგორა ფუძნდება. ტერ-სრაპიონა მოხუცებული კაცი არ არის, იქნებ სამოცისაც არ იყოს. ამ გვარათ ქალაქში ამ დღეობის შემოღება რო ვიანგარიშოთ, ოთხმოცი წელიწადიც არ იქნება.“
[გაზეთი „დროება“, 1876 წ.]