★ ხელოსნობა დავარდა,
აღარ არის ხეირი.
ვაჭრები ტყავს გვაძრობენ,
მოდით, ნახეთ სეირი!
ღმერთო მომე შეძლება,
ხელში ავიღო ცელი,
გავკაფო გზა და ველი,
გზა გავიყვანო გრძელი!
ამ ფიქრითა მოცულსა
მინდა მეჭამა პური:
მეპურესთან მივედი
და მივაწოდე ფული.
პური რომ ჩამოვართვი,
ვნახე, არ იყო სრული,
უკანვე მოვითხოვე
ჩემი ალალი ფული...
მეპურემ ასე მითხრა:
- ძმაო, გაძვირდა პური!
ყველაფრის სიძვირემა
ლამის გახეთქოს გული!
ვისურვე ღვინის სმაი:
სირაჯსა ვკითხე ფასი.
- თუნგი მანეთად! მითხრა...
იყო რუსული კვასი!
- განა აგრე გაძვირდა,
მანეთი მოგცე ძმარში?!
- ჩვენი ფასი ეს არის
გნებავთ, მიბრძანდით კარში!
ბაყალთანაც მივედი,
უნდა მეყიდა ყველი.
იმანაც მომატყუა:
მომცა მძაღე და ძველი!
ხუთ შაურად გირვანქა,
ამბობს, არ არის ძვირი.
დილით საღამომდისინ
ჰყვირის წალკელი ვირი!
საწყალი ხელოსანი
ლუკმასა სჭამს შრომითა,
ვაჭარი ღიპიანი
ჩაისა სვამს რომითა!
ხელოსნებო გაფრთხილდით,
მისთვისა ვსთქვი შაირი!
იშრომეთ, გაისარჯეთ, -
მოგეცემათ ხეირი...
[ხელოსანი, თფილისი, 25 ნოემბერი, გაზეთი „დროება“, 1878 წ. ]