ქალაქის მოსამსახურე ბიჭები |


 „ამბობენ, რომ მარტო იმერლები ქართლ-კახეთში ოც-და-ხუთ ათასამდი არიანო. და ქალაქში იმათი რიცხვი ათი ათასზე ნაკლები არ იქნებაო.

მარტო ქალაქის მოსამსახურე-ბიჭები და უბრალო შეგირდები რომ მივიღოთ მხედველობაში და ზემო-მოყვანილ იმერლებს და სხვა ტომისაც მიუმატოთ, გამოვა, რომ ქალაქში უკანასკნელი 15-20 ათასი მოსამსახურე და შეგირდი ბიჭები მაინც იქნება.

მგონია, ღირს, რომ ამოდენა ხალხზე საზოგადოების ყურადღება იყოს მიქცეული, რომ ამათ მდგომარეობაზე რამე ითქვას.

ვერცერთს დიდს ქალაქში ვერ ნახავთ მოსამსახურეებს ისეთს უპატრონო და ცუდს მდგომარეობაში, როგორც ჩვენში.

„თფილ-ქალაქის“ დიდებისა და სიმდიდრის ამბებით აღტაცებული ახალგაზდა იმერელი გლეხი, ხშირად აზნაურიც, აიღებს თავს, გადმოაბიჯებს კორტოხსა და მობრძანდება ქალაქში. არაფერი განსაზღვრული აზრი იმას არა აქვს; არ იცის, რა საქმეს მოჰკიდოს ხელი, რა გააკეთოს. გაუგონია მხოლოთ, რომ „თფილ-ქალაქში“ დიდი შეძლება არისო, ბევრი ფულების მოგება შეიძლებაო და ამნაირად სიმდიდრის მოპოვების სურვილს ჩამოუყვანია აქ.

კარგია კიდევ, თუ ვინმე ნაცნობი გაუჩნდა, გზა უჩვენა და რამე საქმე აღმოუჩინა. მაგრამ უფრო მომეტებულნი ამისთანა ბედნიერებას მოკლებულნი არიან: ორი-სამი მანეთი, რომელიც იმათ ჩამოჰყვათ იმერეთიდამ, გამოელიათ; დარჩნენ ულუკმა-პუროთ, უთავ-შესაფაროთ, უპატრონოთ და დაიწყეს ქუჩებში ხეტიალი.

ქალაქის მცხოვრებელნი კარგათ იცნობენ იმერელ ხამ ბიჭებს, სტაცებენ ხელს, მიჰყავთ შინ და მოჯამაგირეთ იყენებენ. ახლა იწყება იმათი განსაცდელი: შეუკრავენ პირობას, რომ სამი ან ოთხი წლის განმავლობაში იმას უფლება არა აქვს მოშორდეს აღას, რომელიც წელიწადში ორ-სამ თუმანს აძლევს და ხშირად იმასაც მოუჭრის, თუ რამე მიზეზი უპოვნა: თუ თეფშები გატეხეო, თუ სტაქნები დაიკარგაო, თუ სამოვარი გააფუჭეო და სხვა ამგვარები, რომელსაც დახელოვნებული აღა ყოველთვის ბოლმათ მონახავს.

ბოლოს ამ აღას შორდება, შორდება ისეთივე ჯიბე-ცარიელი, როგორც პირველად იყო. ახლა იწყება ახალი, უკეთესი აღის ძებნა, ხელმეორეთ ხეტიალი ქალაქის ქუჩებში და გაჭირვება. მომეტებულ შემთხვევაში, მეორეც და მესამეც ამისთანა აღა შეხვდება...

ახლა კი ჰხედავს, რომ ამ დალოცვილ „თფილ-ქალაქში“ სრულებით ისე ადვილი არ ყოფილა ფულების შეძენა, როგორც ეგონა.

იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ ეპყრობიან ზოგიერთი ქალაქელი აღები თავიანთ მოსამსახურე და შეგირდ ბიჭებს, მომყავს შემდეგი სურათი, რომელიც „თფილისის მოამბის“ მე-50 ნომერშია აღწერილი:
„მაისის 3-ს ერთი დედაკაცი ერთი მედუქნის ილიას დუქანში შევიდა. აქ შენიშნა იმან ერთი 11 წლის ყმაწვილი, რომელიც ფეხებით იყო ჭერზე ჩამოკიდებული და ასე გრძნობა დაკარგული ეკიდა. 
დედა-კაცმა დაუწყო მედუქნეს თხოვა, რომ ყმაწვილი ჩამოეშვა, მაგრამ მედუქნე გაწყრა და უთხრა იმას, რომ ეს შენი საქმე არ არისო, ერთი აბაზი მომპარა და იმისთვის დავსაჯეო.
დედა-კაცი გამოვარდა ქუჩაში და დაიწყო ყვირილი; შეგროვდა ხალხი; ყმაწვილს შეხსნეს თოკი და ჩამოიყვანეს. იმწამსვე პირიდამ სისხლი წასქდა. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ გრძნობაში მოვიდა და ხალხმა ის მედუქნე და ყმაწვილი ორივე პოლიციაში წაიყვანა, თოკიც თან წაიღეს“.
ეს მხოლოთ ერთი შემთხვევაა, რომელიც გამოაშკარავდა; რამდენი სხვა, ამისთანა ბარბაროსული თუ არა, უმოწყალო ცემა-ტყეპა და უსამართლობა მიეყენება საწყალ ხამ ბიჭებს ზოგიერთი აღებისაგან - ამას ვინ ჩამოსთვლის, ვინ არის ამის გამკითხავი, ვინ დაიცავს ქალაქში უპატრონო ხამ იმერელ ბიჭსა?..“

[ ს. მესხი, გაზეთი „დროება“, 1875 წ. ]

***

[გაზეთი „დროება“, 1879 წ.] ჩვენ მივიღეთ ერთი ხელოსნისაგან შემდეგი წერილი გაზეთში დასაბეჭდათ:

„უ. რედაქტორო! არა ერთხელ თქმულა თქვენს გაზეთში ჩვენი, ხელოსნების მდგმოიარობა და ახლაც მინდა მოგახსენოთ, რომ ერთობ ცუდ მდგომარეობაში არიან ნამეტურ ჩვენი შაგირდები და ქარგლები. ამისათვის გთხოვთ ადგილი მისცეთ ამ ჩემს შენიშვნას თქვენს პატივცემულ გაზეთში:

ჩამოჰყავს რომელიმე გლეხს თავისი 10-11 წლის შვილი და ეძებს, რომელიმე ხელობაზედ მიაბაროს და, რასაკვირველია, იმის ამყვანი ოსტატებიც ბლომათ ჩნდებიან.
„შენი შვილი პატარა არისო! ეუბნებიან ესენი: „პურის ჭამათ არა ღირსო; თუ მოგცემ 6-7 წლით, ხო კარგიო, თუ არა და შენ იციო!“ 
ამაზედ უცოდინარი გლეხი თანხმდება და აძლევს შვილს ამ ვადით. დასწერენ პირობის წერილს შინაობაში, (თუმცა კი რიგია, რომ სახელოსნო უპრავაში დაიწეროს, მაგრამ იციან, აქ ნებას არ მისცემენ ამ გვარად საქმის დაჭერისას) ექვსი ან მეტი წლით აყვანზედ. მაგრამ ბევრჯერ ვადა უსრულდებათ და არც პირობაში მოხსენებულ ტანისამოსს, ან იმისს ფულს აძლევენ შაგირდს, არც რიგიანათ ინახავენ და თუ აძლევენ, იმასაც ისე წვრილ-წვრილათ, რომ არ შეუძლია საწყალს იყიდოს ტანისამოსი, ან სხვა რამე! არც პურის ფულს აძლევენ რიგიანათ, როგორც პირობაში უწერიათ. 

განა შეიძლება ეს ასეთი უღმერთობა? როგორ უნდა ეყოს ამ საცოდავ შაგირდებს ექვს-შვიდ წელიწადს დღეში აბაზი, ან სამი შური? არა სჯობიან, რომ თითონვე ასვას-აჭამოს, თუნდა ცარიელი პური, მაგრამ მაძღრისათ და მცირე ფასის ტანისამოსიც ჩააცვას, რომ ასე ატყუვილებენ და წვრილ-წვრილათ, თითო-ოროლ გროშობით აპარებენ ხელიდამ იმ ცოტა რამეს, რასაც შეჰპირებიან? 

ამ მდგომარებაში 9-10 წლის ბავშვი მეტად იჩაგრება; იმას ორ-სამ წელიწადს არაფერ საქმეს არ აკეთებინებენ, მხოლოდ ხელზედ იმსახურებენ გასაგზავნ-გამოსაგზავნათ. 

ბევრ ამათგანს უჩნდება ისეთი გარყვნილი უფროსი - ხელოსანი, რომ ათრევს დუქნებში, ტრაქტირებში, სადაც ცუდ ქცევისა და ლანძღვა-გინების მეტს ვერას სწავლობენ თავის ტოლებისა და უფროსებისაგან. 

გთხოვ, უ. რედაქტორო, ამაზედ დაგვეხმაროთ იმ ახალ საზოგადოებასთან, რომელიც ეხლა არსდება და სურს ამისთანა უპატრონო ბავშვების დაცვა, რომ იმისი წყალობით ან საკვირაო შკოლაში, ან ხელობაში მიეცეს ეს უსაქმოდ მაწანწალა ბავშვები, რომ ისწავლონ რაიმე და იქცენ კაცებათ, რომ არ ვიყვეთ ყველა ასე ღრმა უმეცრებაში ჩაფლული“. [ვინმე ხელოსანი]

***

 „ღვინის სარდაფების მოსამსახურენი ძალიანა სჩივიან თავიანთს მდგომარეობაზე. მართლაც და, რომ დაუკვირდეს კაცი მათს ყოფა-ცხოვრებას, მეტად უნუგეშო სურათსა ჰნახავს. სარდაფები უფრო მიწაში არიან მომართულნი. იქ მუდამ სინესტეა. ზედ ემატება ღვინის ბუღი. ამ სოროებს თითქმის თავის დღეში არ მოჰხვედრია მზის სხივი. აი სწორედ ამისთანა ადგილებში მსახურობენ ნოქარნი და მოჯამაგირენი. 

მერე თვით სამსახური როგორ მძიმეა, ეს იქიდამა სჩანს, რომ ინათლებს თუ არა, მოჯამაგირე თუ უფროსი ნოქარი, ფეხზე უნდა იყოს, რადგან ვაჭრობა ადრე იწყობა. აქედამ მოკიდებული ღამის 11 საათამდე კანონით და უკანონოდ ხან პირველ საათამდე, ფეხზე დგანან და ემსახურებიან როგორც პატრონს, აგრედვე მუშტარსა. ძილითაც ხომ იქვე, იმ ნოტიო სოროში სძინავთ.

ასეთი დღე ადგათ გამუდმებულად კვირა-უქმეს და საქმის დღეს კვირიდამ კვირამდე, თთვიდამ თთვემდე, წლიდამ წლამდე. ერთის საათით ვერ შეუძლიანთ მოჰშორდნენ ამ ჭაობ ადგილებს, სწორ-ამხანაგებში ვერ გაერევიან, ნათესავებთან ვერ მოიბრუნებენ სულსა, წირვა- ლოცვაზე ვერ დაესწრობიან, რომ გულიანად შეევედრონ ღმერთს თავიანთ მდგომარეობის გაუმჯობესობაზე. წელიწადში აუქმებინებენ მხოლოდ ორს დღეს – აღდგომასა და წყალ-კურთხევას. სხვა დღესასწაული მათთვის არა გაჩენილა- რა.

სარდაფების პატრონები სრულებითაც არა ნაღვლობენ ამ გარემოების შეცვლაზე, თვითონ მოსამსახურეთ კიდევ ხელი არ მიუწვდებათ იქამდის. ამიტომაც ერთის მხრით ძრიელ დიდი შეღავათი იქმნება მათთვის ბ-ნ. გუბერნატორის განზრახვა, რომ სავალდებულო გახდეს ტფილელ ვაჭრებში კვირა-უქმის დღესასწაულობა.“

გიორგი ჭეიშვილი