ვანო ხოჯაბეგოვი - მამლების კინკლაობა |
[ყეენობასთან, მუშტის და ქვის კრივებთან, ჭიდაობასთან ერთად, ტფილისის მცხოვრებლები სხვადასხვა გასართობებით იქცევდნენ თავს. მათ შორის იყო ყოჩების ჭიდილი და მამლების კინკლაობა.
ყოჩების დაჭიდებასა და მამლების კინკლაობაზე ცნობები გვხვდება იოსებ გრიშაშვილის - „ძველი თბილისის ლიტერატურულ ბოჰემასა“ და თეიმურაზ ბერიძის წიგნში - „მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი”. თბილისელ მხატვარს - ვანო ხოჯაბეგოვს ამ თემებზე არაერთი ესკიზი აქვს შექმნილი.]
ყოჩების ჭიდილი ბაზრის მოედანზე იმართებოდა სადღესასწაულო ცერემონიალის დროს ან მისი დამთავრების შემდეგ. საჭიდაოდ ყარაჩოხელი საგანგებოდ არჩევდა კარგ ერკემალს. ის სახლში ჰყავდა დაბმული და ასუქებდა. ყოჩაობასაც ასწავლიდა. როცა კარგად გაწვრთნიდა, რქებს გადაუხერხავდა, ქერით დაათრობდა, ყელზე ფერად ბაფთას შეაბამდა, შუბლს ენდროთი შეუღებავდა და მოედანზე დასაჭიდებლად წაიყვანდა. მოედნის შუაგულში ყოჩის პატრონი მეზობელი დუქნიდან საასპარეზოდ იწვევდა მეორე ყოჩის პატრონს. ყოჩებს აყენებდნენ ერთმანეთისაგან დაშორებით. ისინი თავდახრილები ათვალირებდნენ ერთმანეთს. მაყურებლები ყიჟინით აქეზებდნენ მათ. ხალხის ღრიანცელზე ყოჩები ელვასავით სწყდებოდნენ ადგისლ და ერთმანეთს შუბლით ეკვეთებოდნენ.
ყოჩების გარდა ძველ თბილისში აქლემებსაც აჭიდებდნენ, აკინკლავებდნენ მამლებს. საკინკლაო მამალს საგანგებოდ არჩევდნენ. მამლების ჩხუბი ეწყობოდა ბაზარში, ქუჩებში, სახლის ბანზე. მამლების პატრონები ნიძლავდებოდნენ, სანაძლეოს სდებდნენ მაყურებლებიც”, - [თეიმურაზ ბერიძე - „მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი“, გამომცემლობა „ხელოვნება“, 1969წ.]
[ამავე თემაზე - მხეცნი ტფილისისა]
***
ვანო ხოჯაბეგოვი - ყოჩების ჭიდილი, დასაწყისი |
★ „[ტფილისში] იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბრძოლის ხოშის მოსაკლავად ყოჩების, მამლების და აქლემთა ჭიდაობას ეტანებოდნენ. (ძველად, როცა ბაქოდან ნავთი აქლემებით მოჰქონდათ, თბილისის მეთავლეები მართავდნენ ნარ-აქლემთა ჭიდაობას, - აქლემები ჭიდაობდნენ კისრებით).
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
მაგრამ ყველაზე ძლიერ გავრცელებული იყო ყოჩების ჭიდაობა. ჭიდაობის მოყვარულნი დაყოჩებულ ერკემალს სახლში ზრდიდნენ, განსაკუთრებულ მზრუნველობით ექცეოდნენ, პურზედ ინახავდნენ და ჯაჭვითა ჰყავდათ დაბმული, რომ უბრალოდ არავის დასტაკებოდა. ყოჩაობის დროს კი ქერით ათრობდნენ, ყელზედ ფერადმძივებიან საყელოს უკეთებდნენ, ქოჩორს ენდროთი უღებავდნენ და უკანგადატანილ რქის წვერებს კოპწიად გადუხერხავდნენ.
მამლების ძიძგილაობა უფრო დუქნების წინ იმართებოდა, ყოჩების ჭიდაობა კი - გაშლილ ასპარეზზე.
ვანო ხოჯაბეგოვი - ჭიდილი |
ჭიდაობის ადგილას პატრონებს ყოჩები „დროშკებით“ მიჰყავდათ, თან აუარებელი ცნობისმოყვარე ხალხი მისდევდა. ჯერ ითათბირებდნენ, მერე აჭიდავებდნენ; დამარცხებულ ყოჩის პატრონი გაჯავრებული ქეიფობდა.
თუ ჭიდაობა მხარეთა შორის დამარცხების შედეგს არ იძლეოდა, მაშინ ყოჩაობა შემდეგი კვირისათვის გადაიდებოდა ხოლმე.
ჭიდაობას ხელმძღვანელობდნენ ყოჩების პატრონები. ხშირად ყოჩთა ჭიდაობა ძალიან მწვავდებოდა. უკანონობაც ხდებოდა (მაგ., როცა პატრონი თავის ყოჩს ჯაჭვს შეხსნიდა, ამ ჯაჭვს შეუმჩნევლად მოპირდაპირე ყოჩს სახეში მიარტყამდა, - ამას ეძახდნენ „ყოჩის გაფუჭებას“.) ამ ნიადაგზე ბებუთებიც დატრიალებულა.
ვანო ხოჯაბეგოვი - ქეიფი ჭიდილის შემდეგ |
ბოლო მაინც ერთი იყო: ჭიდაობის გათავების შემდეგ, ყველანი „ჩასხდებოდნენ“ მტკვრის პირას ჩარხებთან და იმართებოდა მეგობრული ქეიფი“, - [იოსებ გრიშაშვილი - „ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემა“, გამომცემლობა „საბჭოთა აჭარა“, 1986 წ.]