ალექსანდრე დიუმა ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში |

ალექსანდრე დიუმა
 იმ დღეს დილიდანვე დიდი მზადება ჰქონდათ ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში. დანიშნული იყო გამოჩენილი ფრანგი რომანისტის შეხვედრა ჟურნალის თანამშრომლებთან.

„ცისკრის“ რედაქტორის ივანე კერესელიძის საკუთარი სახლი (ალექსანდრეს ქუჩაზე), სადაც იმყოფებოდა სტამბაც, განსაკუთრებულად მოირთო ამ დღისათვის.

„მთელი რედაქცია - სწრეს თავის მოგონებაში დიუმა - გამოცხადდა ჩემთან და მთხოვა ვწვეოდი მას ქართულ სადილზე. თუ თბილისში იციან პარიზული კორსეტები, მეტად ვეჭვობ პარიზში იცოდნენ თბილისის ქართული სადილის გემო.

დანიშნულ დროზე გამოვცხადდი მასპინძელთან. ჩემს პატივსაცემად მოიწვიეს სადილზე რამდენიმე წარჩინებულიც. ამათ გარდა, ერთი პოეტი და ერთი მუსიკოსი. პოეტს ეძახდნენ ევანგულას, ხოლო მუსიკოსს კი სათარას“.

წარსულ დროიდან. გამოჩენილი მომღერალი სათარა და მეჭიანურე ევანგულა ტფილისში... [1903 წ.]
სუფრაზე დამსწრეთა შორის, რომელთა რიცხვი თორმეტამდე აღწევდა, მწერლებიდან იყვნენ: ლავრენტი არდაზიანი, გრიგოლ რჩეულიშვილი, დიმიტრი ბერიევი, ალექსანდრე ორბელიანი, ნიკოლოზ ბერძენოვი, დიმიტრი ბაქრაძე და სხვანი.

ამ დროს თბილისში მყოფი გრაფი ვიტტე გადმოგვცემს:
„ჩამოვიდა თუ არა საქართველოში დიუმა, იგი მაშინვე გამოაწყვეს ჩოხაში. ამ ტანსაცმელით დაატარებდნენ მას ყველგან და ასმევდნენ ძალიან ბევრ ღვინოს“.
სჩანს ჟურნალ „ცისკრის“ მიერ გამართულ ლიტერატურულ სადილზე ფრანგი მწერალი ჩოხაში გამოწყობილი მისულა.

„სასადილო ოთახში შესვლისას - მოგვითხრობს დიუმა - პირველი საგანი, რომელმაც გამაკვირვა, იყო უშველებელი საღვინე ჭურჭელი, რომელშიაც ჩადიოდა ას ბოთლამდე ღვინო.

გრძელი ნოხი ეფინა იატაკის მთელ სიგრძეზე. სუფრაზე ეწყო: საინები, დანები, ჩანგლები, კოვზები ჩვენთვის, ვინც ასეთ წვრილმანებს ვართ ჩვეულნი. ქართველებს კი უნდა ეჭამათ ძველებურად - ხელით.

მე დამაჯინეს საპატიო ადგილას სუფრის თავში. ჩემ პირდაპირ მოთავსდა სახლის პატრონი - ივანე კერესელიძე; მუსიკოსი სათარა და პოეტი ევანგულა დასხდნენ სუფრის ბოლოში, და სადილი დაიწყო“.

„ასე გავუმასპინძლდი დიუმასაო, - იტყოდა ხოლმე ივანე კერესელიძე, - გავუშალე სუფრა ჩვენებურად ძირს, ზედ მიყრილ მოყრილი სანოვაგით. მოვიფრთხენით, წავიკაპიწეთ და მივყავით ხელი; იმან ერთი კი შემომხედა და მოიფთხნა ჩვენსავით და დაუწყო მწვანილს ჩვენსავით ხრაშახრუში. გაუსვა ხელი და იმდენი სჭამა, რომ მწვადების მოტანას ვერ ვასწრებდით, ყველას გვაჯობა. ეს თუ აქედან დაუმარცხებელი წავიდა, არ ივარგებს მეთქი, - ვიფიქრე გუნებაში და მივედი ალავერდს ორი დიდი ჭიქით; იმან ჩამომართვა და თვალის დახამხამებაში გამოსცალა. მერე მოითხოვა დიდი, უშველებელი ყანწი, აავსო კახური ღვინით და ისე გადაჰკრა, რომ სული არ ამოუღია; მერე მოვიდა ჩემთანაც ალავერდს, მაგრამ ჩვენ როგორ მოვრეოდით, რომ იმ ყანწში სამი დიდი ბოთლი ჩადიოდა.

მოგვაკაკვინა თითი და სიცილი დაგვაყარა. თუ წერაც ასე იცოდა, როგორც სმა, სწორედ ახირებული საქმე იყო. მომიბრუნდა ჩვენი ლავრენტი არდაზიანი და მეუბნება:

„კაცო, რა შენი საქმეა ქართველობა, მერე მაგასთან ევროპიელთანო? არა, რა გულბაათი შენა ხარ, რომ ალავერდს მიდიხარო?“

თვითონ დიუმა თავის მხრით დასძენს:

„რამდენი ბოთლი გამოვცალე მუსიკოსის და პოეტის შეძახილზე - ესენი სჭამდნენ და სვამდნენ იმპროვიზაციებს შორის! - დანამდვილებით არ მახსოვს.

ჩემ მიერ შესმულ ღვინის ოდენობა საკმაოდ დიდი იყო. სადილის დასასრულს დაისვა საკითხი მოეცათ ჩემთვის მოწმობა ფიზიკური შესაძლებლობის დასადასტურებლად. წინადადება ერთხმად მოიწონეს. აიღეს ქაღალდი და ყველა დასწერა მასზე თავის ატესტაცია. სახლის პატრონა პირველმა ჩასწერა შემდეგი სტრიქონები:

„ბატონმა ალექსანდრე დიუმამ ინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია. მის საპატივცემულოდ გამართულ სადილზე, მან დალია გაცილებით მეტი ღვინო, ვიდრე ქართველებმა.

ქართულ ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი ივანე კერესელიძე, 1858 წ. 28 ნოემბერი.“

რაც შეეხება პოეტ ევანგულას. მან დასწერა ოთხსტრიქონიანი ლექსი ატესტაციის ნაცვლად:

საყვარული მწერალი მოვიდა,
როგორც ხელმწიფე ჩამოვიდა,
გონების შუქთა მფენელი
სვამდა მეტს, ვიდრე ქართველი.

რამდენიმე დღის შემდეგ ივანე კერესელიძემ თავის ჟურნალის მკითხველებს ასე აუწყა ალექსანდრე დიუმას სტუმრობა „ცისკრის“ რედაქციაში:

„ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელიცა იყო ამ ახლოს ხანში ჩვენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაქციისა“.

კიდევ რამდენიმე დღე დაჰყო დიუმამ თბილისში, გაეცნო და დაათვალიერა მხარე, რომელსაც იგი „ზღაპრულ ქვეყანას“ ეძახდა და აქედან დაბრუნდა სამშობლოში.

[იაკობ ბალახაშვილი]
[გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“, 1937 წ.]  

გიორგი ჭეიშვილი