თბილისის „დინამოს“ პირველი საერთაშორისო მატჩი... |

ბორის პაიჭაძე
1937 წელს, ბასკეთის საფეხბურთო ნაკრებმა საბჭოთა კავშირში ტურნე გამართა, რომლის ფარგლებში 9 მატჩი ჩაატარა. 

ბასკეთის საფეხბურთო ნაკრები - ბასკების ქვეყნის საფეხბურთო გუნდია, რომელსაც ბასკეთის ფეხბურთის ფედერაცია აკონტროლებს. ბასკეთის ფეხბურთის ფედერაცია „ფიფასა“ და „უეფას“ წევრი არ არის, შესაბამისად, არ მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ტურნირებში, როგორებიცაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები.

საბჭოთა კავშირში ჩატარებული ტურნეს ფარგლებში, პირველი მატჩი მოსკოვის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ გაიმართა. მოსკოველები ანგარიშით 1:5 დამარცხდნენ.
1937 წლის 24 ივლისს კი, ლავრენტი ბერიას სახელობის „დინამო“ არენაზე, ბასკეთის საფეხბურთო ნაკრები თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა და 0:2 დაამარცხა მეტოქე. ეს მატჩი თბილისის „დინამოსთვის“ პირველი საერთაშორისო შეხვედრა იყო.
თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა: ალექსანდრე დოროხოვი, შოთა შავგულიძე [კაპ], გიორგი ჭუმბურიძე, ვლადიმერ ჯორბენაძე, მიხეილ მინაევი, გრიგოლ გაგუა, თენგიზ გავაშელი, მიხეილ ბერძენიშვილი, ბორის პაიჭაძე, ლუარსაბ ლოლაძე, მიხეილ ასლამაზოვი [ვლადიმერ ბერძენიშვილი 65]; მწვრთნელი: ალექსეი სოკოლოვი

***

ისიდორო ლანგარა
1937 წლის 30 ივლისით თარიღდება ქართველი პოეტის, ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი - „ფეხბურთი“, რომელიც გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ გამოქვეყნდა:

კვლავ გვეჯიბრება ჩვენ ბასკონია
დღეს გველოდება სხვა ბურთაობა
და ოცნებისთვის მოსაგონია
ანტიურ ქვეყნის სანახაობა.

სჩანს სტადიონი, მზით ანთებული,
მოთამაშეთა მინდორი მწვანე,
ურიცხვ მშრომელთა სავსე კრებული,
აზვირთებული ვით ოკეანე.

ბრწყინავს ვარდებით შეხვედრის წამი...
უეცრად ბურთი ავარდა ცაში,
ამფითეატრის თეთრი კამკამი,
ოლიმპიური დიდი თამაში!

მედგრად იბრძვიან ფეხბურთელები,
სწყურიათ ლელო, არ გრძნობენ დაღლას,
იგერიებენ სწრაფ ქართველები
მძაფრად მოვარდნილ ბასკების ტალღას.

ბურთს გაისვრიან თავით და ფეხით,
რომ იგი სტყორცნონ მიზანს შორეულს,
ესხმიან ურთ-ერთს, ისე ვით მეხი,
გვანან გრიგალს და ზვავს ცეცხლმორეულს.

აი, გაჩაღდა კარებთან ბრძოლა,
დგას დოროხოვი მაღალი ყელით,
ბურთმა იმისკენ გამოიქროლა
სწვდა ბურთს მეკარე ორივე ხელით.

მძიმე ორბივით ბურთი დაფრინავს,
სჩანს სვეტიანი კარები ბადით,
ბურთი სულ ახლოს მიზანთან ბრწყინავს,
მას დაეძგერა ბლასკო სიმარდით. 

ჩვენებმა ბასკებს ბურთი მოსტაცეს,
ლეოპარდივით იბრძვის ლანგარა,
და პაიჭაძე - მძლავრი ოსტატი
ამართულია ფოლადის ფარად.

ორივე გუნდი თავის შეტევით
იწვევს დაძაბულ გრძნობათა ლხენას
არ ჩადიოდეს ეს მზე ნეტავი,
ბინდი არ სწყვეტდეს სხეულთა დენას!

ტაშს ვუკრავთ ბასკებს შეუნელებლად;
ჩვენს წინ იხსნება ძვირფასი მხარე,
სადაც ებრძვიან ესპანელები
ფრანკოს ფაშისტურ და ველურ ჯარებს.

თბილისის „დინამოს“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, რომელშიც ბასკებმა 0:2 იმარჯვეს, ერთი გოლი სწორედ ისიდორო ლანგარას ანგარიშზეა...

გიორგი ჭეიშვილი