კინტო აღდგომა დღეს |


„ქრისტე აღსდგა! იმისი მადლი შეგეწიოთ, ძმებოჯან! იცით ქრისტე რა, ან ვინ იყო? ვა, ვა, სული იყო რაღა თურმე, ბიჭო, სული! სხვებსავით-კი ნამარდი არ იყო. ისეთი სამოთხის ნუგბარი რამ იყო თურმე, რომ ძმა-ბიჭებისთვის სიყმე რა არის, სიყმე, სიყმეს არ დაიშურებდა.

ერთხელ თურმე ჩვენისთანა ბიჭს ქორწილი ჰქონდა. შუა ლხინში რომ არიან და ჯიხვები, ხელადები, ყანწები, კულები და აზარფაშები ართურმასა და მიჭკამალაყს გადადიან, ამ დროს, ბიჭებოჯან, თურმე ერთი „ნესჩასტია“ არ მოუვიდათ... ღვინის კოლოტი დაცარიელდა. მაშინვე ყველანი თამადას მიეხვივნენ: ჰა, თამადავ, სუფრის მამა ხარ, შენ უნდა გვიშველო რამეო! მაგრამ თამადა რას უშველიდა. ყველანი აქეთ-იქით ეცნენ, არ იციან უღვინოდ რა ჰქნან.
ამ დროს შებრძანდა თურმე იესო ქრისტე ლოცვითა და კურთხევით, გადასწერა პირჯვარი ყველას, შეიტყო იმათი დარდი. მერე, ძმებოჯან, მოატანინა ექვსი რუმბი და მტკვრის წყლით გაავსებინა; ჯერ ეშმაკი დასწყევლა და შეაჩვენა, მერე სამჯერ პირჯვარი გადასწერა თურმე რუმბებს, ვენაცვალე ქრისტეში, და მტკვრის წყალი წითელ კახურ ღვინოდ გარდააქცია... მაშა... კახურ ღვინოდ, იესო ქრისტეს გეფიცებით!
ყველას სიკეთეს უშვრებოდა თურმე ქრისტე, კაი კაცობის ჩახმახი იყო; იმის დროს ავი და ნამარდი კაცი სირცხვილით ქუჩაში თავს ვერა ჰყოფდა. ყველას უნდოდათ დაეჭირათ, მოეკლათ, ჯვარზე ეცვათ, რადგან ჩვენისთანა საწყალს ბიჭს ქომაგობას უწევდა. ისეთი მადლიანი იყო თურმე, რომ ბრმებს თვალებს უხელდა, კოჭლებს ფეხებს უმთელებდა, ქაჩლებს თმას ამოუყვანდა, კუტებს ფეხზედ წამოაყენებდა და ათას სხვა ამ გვარს სასწაულს და სიკეთეს სთესავდა. იმ ექიმებს-კი არა ჰგვანდა, ცხრა თთვე რომ წამლით გაგხეთქავენ და მერე უზიარებლად ამოგართმევენ სულსა; არა, იესო ქრისტე ერთს შეუბერავდა, ისეთი მადლიანი იყო, და მკვდარს კაცს ფეხზედ დააყენებდა! იუდა ისკარიოტელი ვიყო, თუ ვსტყუოდე...

ახლა, ბიჭებო-და, იუდა-კი იცით რა ჯეელი და ვინ იყო. ერთი ჯოჯოხეთის მაშხალა, ერთი ქრისტეს ფეხის მომჭმელი, ვირის თავ-ფეხა, მოუკუპრავი ტიკი, სახრჩობელას ბოძი, ჯორცხენას ალიკაპი, ვირის აბანოს „სტაროსტა“, ჯიგრიანის საწმენდელი ფეშტამალი, ქალამნის კალაპოტი, ყასაბხანის კუნძი, ერთი... ერთი... ისეთი ვირ-ეშმაკა, რომ მახათას გორაზე ჩამოსაკიდი რაღა, ვა!

იესო ქრისტეს თორმეტი შეგირდა ჰყვანდა, რომელთაც ჭკუასა და მადლიანის საქმის გაკეთებას ასწავლიდა. იუდა ისკარიოტელიც, - უჰ, იმის ფათრეთი-კი დაიქცა, აჰაი, - იესო ქრისტეს შეგირდებში ერია. როცა ქრისტეს დაეძებდნენ და ვერ ეპოვნათ, მაშინ იუდას ფული აჩუქეს, „აჩიშჩენია“ გადააკვრევინეს რაღა, და იმან უჩვენა თურმე: აი, იესო ქრისტე ესა-და-ეს კაცია და თუ „ტრიცეტკა“ არაყს დამალევინებთ, რაც გინდა უყავით, მე რა მენაღვლებაო. იმათაც ჩაახეთქეს თურმე არაყი და იესო ქრისტე-კი დაიჭირეს და ბოძზე გააკრეს; ხელ-ფეხი დაულურსმეს თურმე და სულ წვალებით სული ამოართვეს.

მაგრამ ქრისტეს რა მოჰკლავდა, ღმერთი იყო, ვენაცვალე ქრისტე-ღმერთში; მესამე დღზედ, როცა დაჰმარხეს და დიდი ქვა დაადეს, ეშინოდათ არ ამოვიდესო, ზეციდგან ფრთიანი ანგელოზები გადმოფრინდნენ თურმე კელეპტარით ხელში, ლოდი გადააგორეს საფლავიდგან და ცოცხალი ქრისტე-კი გამობრძანდა, ფეხზედ წამოდგა რაღა.

მაშინვე კვერცხები შეჰღებეს და მიულოცეს თურმე ერთმანეთს ქრისტეს წამოდგომა. ურიები თურმე პირ-ქვე დაემხვნენ და სირცხვილით მზეს ვეღარ უყურებდნენ იესო ქრისტეს წვალებისა და ტანჯვისათვის.

მეორმოცე დღეს იესო ქრისტემ, რა-კი ისე აწყენინეს დედამიწაზე, ხელები გაჰშალა და მტრედისავით მაღლა-მაღლა წავიდა, პირდაპირ სამოთხეში.
დღევანდელი დღე იესო ქრისტეს საფლავიდან ადგომისა და იმის მტანჯველების პირ-ქვე დამხობის დღეა, ძმებო-ჯან! ამიტომ არის, რომ ყველა ქრისტიანი-ძე ფეხზე წამომდგარა, პირი ღვთისაკენ მოუბრუნებია და ტარტაროზის ლოცვა-კურთხევისათვის თავი დაუნებებია. 
ვა, ვა, ერთი ქვეყანას შეხედეთ, ლოთებო, და!..“

ალუბლის ხე წითლად შეკოკრებულა,
ცოცავს, დიდის ზედ ლოთი ჭიანჭველა;
იაფერი ტურფად შეხამებულა,
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

ცა ვარსკვლავით მოჭედილა, კაშკაშებს,
შემოუკრავს ჩიხტ-კოპად ცისარტყელა,
წყალთ ჩუხჩუხი დამწვარს გულს ანუგეშებს,-
ფეხზედ ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

ორთაჭალის კარები გაღებულა,
იქ შეყრილან საქუა, არაქელა...
ჭია-ფერად კვერცხი აგორებულა, -
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

დამხობილა პირ-ქვე კაცი ნამარდი,
ვინც სხვას სტაცა, სხვის კერა დაანელა,
ტანჯულთ ტურფად გარდაშლიათ გულს ვარდი,
ფეხზედ ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

გასცვეთია ლილა ბოროტებასა,
ობოლთ ცრემლით ქვეყანა დაასველა,
ჰკმარა, აწ-კი გილოცავთ აღდგომასა!
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

გაიშალეთ წელში, დატანჯულებო,
კმარა, რაც რომ მტერმა გვცარცვა და გვწყევლა,
გაიხედეთ, ძმა-ბიჭებო, სულებო:
ფეხზედა ჰსდგას საპყარი, კუტი, - ყველა!

[ორ-ანი, გაზეთი „ივერია“, 1888 წ.]

გიორგი ჭეიშვილი