თბილისის წისქვილები და ახლო-მახლო სოფლების მკვიდრთა გაჭირვება |


„რაც ჩვენს დედა ქალაქს თბილისს სოფლები ახვევია, როგორც მოგეხსენებათ, ყველა იმათი მცხოვრებნი პურს ქალაქის წისქვილებში ფქვენ.

მტკვრის მარცხენა ნაპირზედ თითქმის ოცდა ხუთამდე წისქვილი იქნება გაკეთებული, მაგრამ ეს რიცხვი ვერ აკმაყოფილებს თბილისის ახლო-მახლო სოფლებს. 
მიზეზი ამისა ის გახლავთ, რომ მთელი ზემოხსენებული რიცხვი წისქვილებისა აქვთ აღებული იჯარით ესრედ წოდებულს „ფოდრაჩიკებს“ რამდენისამე წლობით, გარდა ორი წისქვილისა, რომელიც ეკუთვნის მღ. იმნაძეს. 

რასაკვირველია ორს წისქვილს ვერ შეუძლიან დააკმაყოფილოს ყველა თფილისის გარშემო სოფლები და კაცი უნებურად იკითხავს: მაშ როგორ მიდიან იოლას იმოდენა ხალხიო?

აი როგორ: დღეს რომ მე პური ჩამოვიტანო დასაფქვავად - ორიოდ დღეს იქ უნად ვიყო, ვიდრე ჩემი ჯერი მოვა. ხშირად ერთ კვირაზედ მეტს უცდის ზოგიერთი გლეხი სწორედ მკათათვეში; რადგანაც იგი ამდენს ხანს საქონელს ქალაქში ვერ შეინახავს, ამიტომ პურს ქალაქში გაუშვებს და საქონელს წაასხამს სოფელში. მერე ვადაზედ ჩამოვა, დაჰფქვავს, წავა შინ, ჩამორეკს საქონელს და ისე წაიღებს შინისაკენ.

რამდენჯერ მინახავს, რომ ერთი ვირის საპალნე ხორბალს გლეხი ორს და სამს დღეს ვერა ჰფქვავს, რის გამოც უეჭველად შინ ცოლ შვილი რჩება მშიერი და ქალაქში კიდევ თითონაც და ვირი.
აი, ამნაირს გაჭირვებაში არიან თბილისის გარშემო მცხოვრებნი და კაცი არ არის, რომ ამათ გაჭირვებაში დაეხმაროს. მგონი ჩვენი ქალაქის მეთაურების საქმეა, რომ თვალ-ყური ადევნონ „ფოდრაჩიკების“ საქციელს. მართალია, წისქვილი კერძო საკუთრებაა და პატრონი იმას მისცემს იჯარით, ვისგანაც უფრო ბევრი ხეირი აქვს (რასაკვირველია, რომ „ფოდრაჩიკებისაგან“ აქვთ ხეირი, რადგანაც ისინი მთელი წლობით იღებენ წისქვილს და თუ გინდა რომ მოსცდეს კიდეც, პატრონი არასა ჰკარგავს) მაგრამ მაინც შეიძლებოდა როგორმე დაეყოლიებინათ წისქვილის პატრონები, რომ ზოგჯერ სოფლელებს ეხმარათ და ზოგჯერ „ფოდრასჩიკებს“.

აი თუნდ ესე: დღისით რომ „ფოდრაჩიკებს“ ეფქვათ, ღამე სოფლელებს, ან კიდე ესე: წისქვილში ორი ბორბალი ბრუნავს; ერთი ბორბალი გლეხებისთვის ყოფილიყო, მეორე კი „ფოდრაჩიკებისთვის“; თუ ვინიცობაა თავისუფლად დარჩებოდა, ის ბორბალიც ამ უკანასკნელებს ეხმარათ.

ასე რომ არც მეწისქვილე იქნებოდა ზარალში და არც სოფლელებს ექნებოდათ ესეთი გაჭირვება“, - გაზეთი „დროება“, 1885 წ.

გიორგი ჭეიშვილი