ქალაქზე ცხვრის გატარება... |


„ჩვენ საყოველთაოდ ვაცხადებთ დღევანდელ ნომერში ჩვენს გაზეთში იმ მემალე ცხვრის პატრონებს, რომელნიც ზაფხულში მანგლისის მთაზე რეკამენ ცხვრის ფარებსა, რომ არც დღისით - შუადღისას გაატარონ ქალაქში და არც ღამე.

დღისით იმიტომ, რომ ხიდზე საშინელი ვიწროობა არის და მტვერი ვარდება და მეფაიტონებიც დაუდევრათ ეკდიებიან და სრისამენ და ჩხუბი იმართება. ჩვენ თვითონ ვნახეთ, რა ცემა-ტყეპა გაიმართა ამ თვის ოცდა სამს ხიდზე, მეცხვრებსა და მეფაიტონებს შუა.

ღამე იმიტომ ნუ გაატარებენ, რომ ამ თვის ოცდა ოთხსა ღამეს გაატარეს თუ არა ქალაქში ცხვრები, - სოლოლაკის გორაზე საათის თორმეტზე დაეცნენ ავაზაკები და თითქმის ოცამდინ ცხვრები დასტაცეს; შეექნათ საშინელი ყვირილი მეცხვარებსა, მაგრამ შველა არა იქნებოდა-რა; ხუთმეტი მეტი ავაზაკები იყო და თითო-თითო ცხვარს მიარბევინებდა.

ამისათვის ვურჩევთ, რომ შემდეგ დილით ადრეან გაატარონ თფილისში, რადგან მაშინ არც მეფაიტონები დაუსრესამენ და არც ავაზაკები დაეცემიან, რადგან დილით სინათლეა...“, - გაზეთი „დროება“, 1876 წ.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - ეტლი ვერის ჯვართან
„ჩვენ მოგვივიდა რამოდენიმე საჩივარი ცხვრის ფარის პატრონებისაგან, რომ ისე ცხვარი ვერ გაგვიტარებია ქალაქის ქუჩებზე, რომ ხუთი-ექვსი მაინც არ დაგვეკარგოს თითო ფარიდამაო. თუ მედუქნეები და თუ კინტოები წაავლებენ ხელს, ჩააგდებენ სარდაფებში და თუ შევნიშნეთ, ხო კარგი, იქნება ერთის ჩხუბითა და ვაი-ვაგლახით უკან დავიბრუნოთ და თუ არა, ის არის დაიკარგაო.

ეს ამბავი ჩვენ სრულიადაც არ გვაკვირვებს, და არ გვაკვირვებს იმიტომ, რომ ამ რამდენიმე დღის წინათ ჩვენ თვითონ ვიყავით მოწამე, რომ ცეცხლის კამანდის მოსამსახურეებმა სამი ცხვარი მოიტაცეს ფარიდამ, რომელიც დილის 10-ს საათზე ჩამოატარეს აქ, ამ გამოჩენილს ადგილზე; ამ სამი ცხვარიდამ ორი როგორც იყო დაიბრუნეს მწყემსებმა და ერთი კი მტაცებლებმა სადღაც მიმალეს პოლიციის დიდს ეზოში ისე, რომ იმის კვალიც გაჰქრა. 

თუ კი ცეცხლის კამანდის მოსამსახურენი თითქმის შუადღეზე, ამისთანა საქმეს ჰბედავენ, კინტოებსა და სხვ. ამ გვარ ხალხს რაღა მოეთხოვება? რაღათ გაგვიკვირდება, რომ იმათ შუაღამეზე სადმე მივარდნილ, მიყრუებულ ალაგას თითო-ოროლა ცხვარი მოიტაცონ?“, - გაზეთი „დროება“  1876 წ.

***

ვანო ხოჯაბეგოვი - სააღდგომო ბაზრობა
„გამოზაფხულდა და ჩვეულებრივად ცხვრის ფარამ დენა დაიწყო ჩვენს ქალაქზე. ყოველთვის ამ დროს და შემოდგომაზე განუწყვეტელი ჩივილი ისმის ცხვრის ფარის მეპატრონეებისა, რომ ქალაქის ბიჭები ქუჩებში ცხვარს გვპარავენ და გვტაცებენო.

ამგვარ უწესოებასა და ჩივილს, უეჭველია, არაერთხელ წელსაც გავიგონებთ, თუ პოლიციამ ახლავე ერთი რამ საშუალება არ იხმარა, რომ როგრმე ამ ავაზაკი ხალხისაგან დაიფაროს მეცხვარეები“, - გაზეთი „დროება“, 1877 წ. 


„31 იანვარს, მუხრანის ხიდის „პარომთან“, ორმა გლეხმა მოლალა ექვსი სული ცხვარი. ცხვრების და თავის გადასაყვანში გლეხებმა გადაიხადეს ორი შაური. გლეხები ჩიოდნენ - ნეტავი ექვსი შაური გამოერთმიათ და მიხაილოვის ხიდზე კი მოეცათ ნება გაგვეტარებინა ცხვარიო. 

ეს უბრალო და კერძო ამბავია, რომელზედაც არა ღირს, კაცმა ხმა ამოიღოს; მაგრამ როდესაც ამისთანა „უბრალო“ ამბავს მიუმატებ დღეში ათსა და ოცს ამისთანავე ამბავს, მაშინ ასეთი ბუჩუღებისაგან სდგება კარგა ბარაქიანი გარემოება, რომელიც საშინლად ავიწროებს ცხვრისა და ძროხის მომრეკს.

ორთაჭალის ხიდის გარდა, არც ერთს ხიდზე არ ატარებენ არც ცხვარსა და არც ძროხას. ამისთანა განკარგულება, მგონი, უფრო იმაზეა აშენებული, რომ ხიდებზე ვიწროობა არ იყოსო და თანაც, რაკი ორთაჭალის ხიდზე ქალაქს მებაჟე უყენია, რომელმაც 5 ცხვარზე ორი კაპეიკი უნდა ახდევინოს და თითო ძროხაზე თითო კაპეიკი, - ამიტომ თუ არ ორთაჭალის ხიდი, სხვაგან გატარება აკრძალულია. წარმოიდიგნეთ, ეს განკარგულება რამოდენ შევიწროებას აყენებს ცხვრის და ძროხის მომრეკს.
ვთქვათ, ვერაზე მორეკეს 30 ცხვარი და უნდათ გარეკონ კუკიაში. მორეკეს მიახილოვის ხიდთან. იქ მაშინვე წინ გადუდგება „გოროდოვოი“ და არ უშვებს - თქვენთვის ორთაჭალაშია გაკეთებული ხიდი, იქ წაასხით ცხვარიო. ხიდიდამ მოკიდებული, მიუდის მემცხვარეს, ვაითა და ვაგლახით, თავისი ცხვარი შუა ქალაქის ვიწრო ქუჩებში და ჩადის ნაჩვენებ ხიდზე, შემდეგ დიდი წვალებისა. იქიდამ ისევ ისეთი სივიწროე და დავიდარაბით ერეკება კუკიისაკენ, მირზოევის ბაკებში. 
იქ მეცხვარემ, ვთქვათ, გაყიდა 27 სული. სამი ცხვარი არ იყიდება. უნდა სოფელში გაირეკოს, მეტი გზა არ არის. მიხაილოვის ხიდზე კიდევ არ გაატარებენ. უნდა ჩავიდეს იმავე წვალებით ორთაჭალას, იქიდამ შუა ქალაქში ამოიაროს, გავიდეს ვერაზე და იქიდამ სოფელში წავიდეს.

ცალკე დრო იკარგება, ცალკე ათასი წვალება და შევიწროება. ძალიან კარგი იქნება, რომ, ვისიც რიგია, მიაქციონ ამ გარემოებას ყურადღება და ოც-და-ათამდის ცხვარი მაინც გაატარებინონ მომრეკთ შუა ქალაქის ხიდებზე და მხოლოდ ფარების გატარება იყოს აკრძალული, თორემ ძალიან საცოდაობა და შევიწროება ადგიათ მომრეკთ“, - გაზეთი „დროება“, 1884 წ. 

გიორგი ჭეიშვილი