ქოლერა ტფილისში და ღონისძიებები დაავადების პრევენციისათვის | 1892 წ.

★ „ტფილისის დაბალ ხალხში ჭორები იბადება მუდამ დღე... ხალხში ლაპარაკობენ, რომ ვხედავთ, ქალაქში ხოლერა არ არისო, მაგრამ ნასვამს კაცს ან ცოტად ავადმყოფს რომ ჰხედავენ ქუჩაში, შინ აღარ უშვებენ, პოლიციელები იჭერენ, მიჰყავთ საავადმყოფოში და ექიმები წამალს აძლევენ და ჰკვლენ, მერე იქვე სწვენო. ზოგჯერ ხოლერიან ავადმყოფთან აწვენენ და ძალად ხოლერას ჰყრიანო. საჭიროა, ამ ჭორებს ბოლო მოუღონ და პოლიციამ გააფრთხილოს ხალხიცა და თვის მოხელეებიცა, რომ არავითარი საბაბი არ მისცენ ამ ჭორების გასავრცელებლად...“, - [გაზეთი „ივერია“, 1892 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***
★ „...შვიდის წლის გლეხის ქალი ქადაგად დაეცა; ორი დღე, როგორც ქადაგს შეჰფერის, ავად იყო და სიზმრებსა ჰხედავდა, შემდეგ მრისხანედ გამოუცხადა ხალხს, რომ თქვენ ძველს წესსა და რჯულს გადასცდით, ძველი გზა დაჰკარგეთ, დამახინჯდით, თქვენში აღარც მეგობრობაა, აღარც მოყვრის გატანა, არც ცოლ-ქმრობა გრწამთ, არც და-ძმობა და დედა-შვილობა და ამიტომ მოგივლინეთ ეგ ხოლერაო...“, - [გაზეთი „ივერია“, 1892 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

***

1892 წელს, ტფილისში, ქოლერის ეპიდემიამ იფეთქა. საფრთხის მაქსიმალური პრევენციისთვის, „კავკასიის სამკურნალო ნაწილის გამგეობამ დაბეჭდა დარიგება იმის შესახებ, თუ რა ღონისძიება უნდა იხმაროს კაცმა, რომ ხოლერა არ შეხვდეს”. ამ დარიგებიდგან რამდენიმე ცნობას 1892 წლის გაზეთი „ივერია“ აქვეყნებს:

1) სახლში სისუფთავე უნდა სუფევდეს. თბილს დღეებში ფანჯრები და კარი გააღეთ ხოლმე, რომ ოთახში ჰაერმა იმუშაოს; წვიმიანს დღეს ბუხარი გაახურეთ.

2) ტანთსაცმელი და თეთრეული სუფთად შეინახეთ და თუ შეიძლება ყოველ დღე სადეზინფექციო წამლები ასხურეთ ხოლმე.

3) ტანი სუფთად შეინახეთ, თბილსა ან ცივს წყალში იბანეთ; ხოლო ერიდეთ სიცივეში ბანაობას, მაგალითად, დილით ძლიერ ადრე არ იბანაოთ, ან ღამე ძლიერ გვიან. ამასთან არც უზმოზედ იბანაოთ და არც იმ წამსვე სადილის შემდეგ.

4) წყალი უეჭველად სუფთა სვით და ხოლერის დროს-კი უეჭველად ადუღებული წყალი იხმარეთ სასმელად. კვასსა, ლიმონადს და სხვა ამ გვარს სასმელებს ერიდეთ. ისევ ნელ-თბილი ჩაის სმა სჯობია. ვინც დაჩვეულია, შეუძლიან დალიოს არაყი, ღვინო (ძველი), ლუდი, მაგრამ არ გადააჭარბოს-კი.

5) ყურადღება მიაქციეთ, რომ საჭმელი ახალი და სუფთა იყოს. მოერიდეთ ხოლერის დროს და სრულებით ნუ სჭამთ: ძეხვსა, ღორის ხორცს, მლაშე თევზსა. საზოგადოდ ნაკლებად სჭამეთ მლაშე საჭმელი. რძის სმა კარგია, მაგრამ რძე უეჭველად ახალი და ადუღებული უნდა იყოს. მაწონისა, კიტრისა და ხილის ჭამასაც ერიდეთ.

***
★ „ხაშის მზადება და ხმარება ტფილისში აღკრძალული იქმნა ხოლერის გამო როგორც მძიმე საჭმელი. ეს არის მიზეზი, რომ ტფილისიდგან თითქმის სამოცი მეხაშე წავიდა სოფლად უსაქმობისა გამო“, - [გაზეთი „ივერია“, 1892 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
***

6) სიცივეს ერიდეთ. ცალიერს მიწაზედ არ დაიძინოთ და ნოტიო ადგილებში ნუ ივლით.

7) ძლიერ ერიდეთ ბევრ ღვინის სმას, ქეიფს, ბევრს ნუ იმუშავებთ და აგრეთვე ვნებას არ აჰყვეთ, რადგან დაუძლურებული სხეული უფრო ადვილად გახდება ავად.

8) არამცა და არამც არ დალიოთ სხვა-და-სხვა ვითომდა უებარი ხოლერის წამალი მკურნალის დაუკითხავად.

***
★ „ამ დღეებში ავლაბარში ერთი კინტო გახდა ხოლერით ავად. პოლიციელს წამალი უნდოდა მიეცა, მაგრამ კინტომ უარი სთქვა, არ დავლევო. ავადმყოფს გარშემო ხალხი შემოეხვია და ეუბნებოდნენ, არ დალიო, ეგ წამლები მოგკლავსო. პოლიციელმა დასამტკიცებლად იმისა, რომ წამლები მავნებელი არ არისო, ჯერ თითონ დალია. ამის მნახველი ხალხი დარწმუნდა, რომ ის წამლები საწამლავი არ არისო, და ნება დართო პოლიციელს, ავადმყოფისთვის დაელევინებინა ის წამალი,“ - [გაზეთი „ივერია“, 1892 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]
***

9) თუ ვინიცობაა ხოლერა გაჩნდა, შიშს ნუ მისცემთ თავსა, და თუ ძლიერ საჭირო არ არის, თქვენს საცხოვრებელს ალაგს ნუ გამოიცვლით, რადგან შიში, საჭმელ-სასმელის დაკლება, გზაში გაციება, დაღალვა, ყველა ეს ცუდათ იმოქმედებს სხეულზედ და შეიძლება უფრო ადვილად შეეყაროს კაცს ხოლერა.

10) თუ ვინიცობაა თქვენს თავს ფაღარათობა შეატყეთ, მაშინვე მკურნალს მიმართეთ, რადგანაც, თუ მაშინვე იწამლეთ, უფრო ადვილად მორჩებით.

11) თუ ხოლერით ავად გახდით, ვიდრე მკურნალს ეჩვენებით, შემდეგი საშუალება იხმარეთ:

ა) ფაღარათობის დროს მუცელზედ ცხელი კომპრესები დაიდეთ: ცხელი შვრია და ნაცარი. კარგია გარჩიცის დაკვრაც. სვით ცხელი ჩაი ან ყავა კონიაკით. კარგია აგრეთვე ინოზემცევისა, ბოტკინისა და ტილმანოვსკის კაპლები.

ბ) თუ პირს გასაქმებთ, სუფთა ყუნული ჩაყლაპეთ ხოლმე.

გ) წყურვილის მოსაკლავად კარგია აგრეთვე ყინული, ღვინო და გაციებული ადუღებული წყალი.

დ) თუ ტანი გეკრუნჩხებათ, კამფორის ან გარჩიცის სპირტით დააზელინეთ და თბილს წყალში იბანეთ.

ე) ყუათის მოსაყვანად კარგია: მაგარი ღვინო, ან ხერესი, არაყი, კონიაკი და ვალერიანის ან გოფმანის კაპლები.
P.S. ★ „შარშან, როცა ტფილისში ხოლერა მძვინვარებდა, თათრის მოედანში 600 კაცამდე იმსხვერპლა; მაშინ ეს მოედანი ცოტათი მოასუფთავეს, მაგრამ წელს ისევ ისეთი ბინძურობაა, როგორც უწინ იყო“, - [გაზეთი „ივერია“, 1893 წ. 📘 „1001 ზღაპარი საქართველოზე“, ტომი II [1891-1895 წწ.]

გიორგი ჭეიშვილი