თფილისელ მეფურნეთა შეთქმულების ამბავი | 1880 წ.

„მეფურნეების საქმე გათავდა. თითქმის ყველა დატუსაღებულები გამოუშვეს და დღეს ყველგან პური გამოცხადებულის ტაქციით [ნიხრი] ისყიდება...“, - გაზეთი „დროება“, 6 სექტემბერი, 1880 წ.

მეფურნეების საქმე
ტფილისი, 6 ენკენისთვე [სექტემბერი]


ამ თვის 3-ს თფილისის ყველა მეფურნეებმა შეჰკრეს პირობა და ერთბაშათ დაკეტეს თავის ფურნები. თუ რომ შოთის-პურის მცხობი რაჭველები და მებულკეები არა გვყოლოდა, დამშეული ხალხი, უეჭველია, ერთს რასმე უწესოებას მოახდენდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში, ფურნეებს დაამტვრევდნენ, მეფურნეებს სცემდნენ ან სხვა რამ ამისთანა უწესოებას ჩაიდენდნენ...

მაგრამ ერთის მხრით რაჭველ მეპურეებისა და მებულკეების წყალობით, მეორეს მხრით პოლიციისა და ქალაქის გამგეობის ენერგიულ მოქმედების წყალობით, რადგან იმ საღამოსვე ძალა-უნებურად გააღებინეს ფურნეები, ეს უწესოება ავიცდინეთ თავიდამ და დღეს უდავი-დარაბოთ ვყიდულობთ და ვჭამთ პურს.



„თფილისის თითქმის ყველა მეფურნეებს დღეს [5 სექტემბერი] ძალა-უნებურად გააღებინეს ფურნეები და აყიდვინებენ პურს. რამდენიმე მეფურნე დაჭერილნი არიან და ამის გამო დღეს პურს ამათი შაგირდები აცხობენ და ჰყიდიან. მაგრამ პირველი ხარისხის პური არც დღეს არის თითქმის არც ერთ ფურნეში გასასყიდი, მხოლოდ მეორე ხარისხის [4 კაპეიკათ] პურს ჰყიდიან.

გუშინ, ვერას გარდა, მთელს ქალაქში მთელი დღე ფურნის პური არ იშოვებოდა. ყველა ფურნები დაკეტილი იყო; მხოლოთ რამდენსამე ალაგას პოლიციამ ჩაამტვრია ფურნის კარები, გამოატანინეს პურები და გააყიდვინეს. ხალხი თორნის პურითა და ბულკით გამოდიოდა იოლად. ვერის მეფურნეებმა მხოლოდ შუა დღეზე დაკეტეს თავიანთი ფურნეები, მაგრამ დღეს იმათაც გააღებინეს“, - გაზეთი „დროება“, 1880 წ. 

ამ გვარი შემთხვევები ხშირად მომხდარა ჩვენს ქალაქში; არ მოწონებიათ მეფურნეებს ქალაქის გამგეობისაგან გამოცემული ტაქცია [ნიხრი], ბევრს არ ილაპარაკებენ, აიღებენ და ჰკეტენ თავიანთ დუქნებს. ფეხებზე ჰკიდიათ იმათ, თუ მთელი ქალაქი დაიმშევა - „ზარალი გვაქვსო!“ გაიძახიან.

მაგრამ დღემდინ ყველა მეფურნეებს რომ ერთბაშათ დაეკეტნოსთ ფურნეები და ერთბაშათ მოესპოთ ხალხისთვის პური - არასოდეს არ ყოფილა.

და რადგან ერთხელ გაიგონეს ეს გზა, შესაძლებელია, რომ შემდეგშიაც მოახდინონ ამ გვარი პირის-შეკვრა, შესაძლებელია შემდეგშიაც ერთბაშათ მოგვისპონ ეს უსაჭიროესი საზრდო, და ამის გამო ერთხელ-და-სამუდამოთ, ვისიც ჯერ არს, მიიღოს რაიმე სახსარი, რომ, რამდენიმე კაცის წყალობით, ხალხი ამისთანა მდგომარეობაში არ ჩავარდეს.

ზოგიერთები ამბობენ, რომ მეფურნეები გასამტყუნარი არ არიანო: იმათ დღეში ბევრი-ბევრი სამი-ოთხი მანეთის მოგება აქვსთო, და ეს არ ჰყოფნისთ დუქნის მოჯამაგირეების და სხვ. ხარჯათაო: ტაქციას უნდა მოემატოსო. სხვები ამტკიცებდნენ, რომ თითოეულ მეფურნეს დღეში უკანასკნელი 12-13 მანეთი აქვს მოგებაო, უფრო მომეტებული უნდათო და მხოლოდ სიხარბით მოსდითო, რომ ტაქციის მომატებას თხოულობენო.

ჩვენ არ გვინდა გამოვიკვლიოთ - რომელია მართალი და რომელი მტყუანი. ჩვენი აზრი ის არის, რომ ორი აქლემის წაკიდებით შუაში კოზაკი არ გაიჭყლიტოს; მეფურნეები და ქალაქის გამგეობა ვერ მოთავსდნენ ერთმანერთში, - ხალხი არ გაიჭყლიტოს...

გვიკვირს მხოლოდ ის გარემოება, რომ ამისთანა უბრალო საქმეში ამდენი აყალ-მაყალი რად უნდა ხდებოდეს? რატომ ისე ვერ უნდა მოახერხოს ქალაქის გამგეობამ მეფურნეებთან საქმის გაწყობა, რომ ისინი საკმაო სარგებლობას ხედავდნენ თავის ხელობაში და ეს სარგებლობა იყოს იმის ძალის-დამტანებელი, რომ აცხონ პური და ხალხზე ჰყიდონ?

ფუთი პური როგორ იყიდება, ხომ იციან; იციან აგრეთვე თითო ფუთზე რამდენი ემატება გამოცხობის დროს; ადვილად შეიძლება თითოეულ მეფურნის ხარჯის გამოანგარიშება. ყველა ეს მიიღონ მხედველობაში, გამოიანგარიშონ ერთი-მეორეზე რამდენად დაუჯდება მეფურნეს გირვანქა პური, სარგებელიც ზედ მივიდნენ და ამ გვარად დანიშნონ ტაქცია.

როგორც ყოველ გვარ ვაჭრობაში, რასაკვირველია, პურის ვაჭრობაშიაც მოინახება ისეთი ხალხნი, რომელნიც ცოტა მომატებას არ დასჯერდებიან, ბევრს მოინდომებენ. ქალაქის გამგეობას ყოველთვის შეუძლიან ამისთანა ხალხს ხელი ააღებინოს ვაჭრობაზე და იმისთანაებს მიანდოს ეს საქმე, რომელნიც უეცრად გამდიდრებას არ მოიწადინებენ.

არა-სოდეს არ ვყოფილვართ და არც ვიქნებით ჩვენ ძალ-დატანების მომხრენი. მაგრამ, თუ იმისთანა შემთხვევა მოხდება, როგორც ამ 3 ენკენისთვეს მოხდა, თუ არავითარი პირობა, სიტყვა და კანონი არ გავა მეფურნეებთან, თუ რამდენიმე კაცი, ჯიბრისა და სიხარბის, ანგარების გამო, მთელი ხალხის დამშევას მოინდომებს, მაშინ ძალ-დატანებას ღმერთიც და კაციც აპატიებს მთავრობასა და ქალაქის გამგეობას.

მაგრამ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ადვილად შესაძლებელია, საქმე ისე მოიჩარხოს, რომ არც ხალხი ჩავარდეს უსაზრდოოთ და არც ამგვარი ძალ-დატანება შეიქნეს აუცილებლად საჭიროდ. ვამბობთ, რომ თუ ქალაქის გამგეობა მოინდომებს, ცოტაოდენ ტვინს გაანძრევს, ამ საქმის გარიგებისათვის არავითარი დაბრკოლება წინ არ აღუდგება.

[გაზეთი „დროება“, 1880 წ.]

გიორგი ჭეიშვილი